Facebook Twitter

საქმე Nას-49-2022 15 აპრილი 2022 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი – ზ. კ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)

II კასატორი – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. კ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ზ. კ-ემ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“, „I კასატორი”) სარჩელი აღძრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოწინააღმდეგე მხარე“, „აპელანტი“, „II კასატორი“) მიმართ და მოითხოვა იძულებითი განაცდურის - 98 140 ლარის ანაზღაურება.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. 2013 წლის პირველი თებერვლიდან, ზ. კ-ძე დაინიშნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციაში არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ცენტრის საშტატო განრიგის შესაბამისად, რომელიც შეადგენდა თვეში 1000 ლარს.

2.2. 2013 წლის 3 აპრილს, მოპასუხემ გამოსცა №… ბრძანება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კონკურსის ჩატარების შესახებ. კონკურსში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელემაც.

2.3. 2013 წლის 16 დეკემბრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის №..სხდომის ოქმის საფუძველზე, ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის №.. ბრძანებით, მოსარჩელე 2013 წლის 31 დეკემბრიდან გათავისუფლდა თანამდებობიდან. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსარჩელე არ დაეთანხმა და აღძრა სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 16 დეკემბრის №.. ოქმის ბათილად ცნობა, კონკურსის შედეგების გაუქმება, დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის №.. ბრძანების ბათილად ცნობა და თანამდებობაზე აღდგენა.

2.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, გაუქმდა როგორც სადავო ოქმი, ასევე ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ზ. კ-ძე აღდგა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციაში არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.

2.5. 2021 წლის 09 თებერვალს, ზ. კ-ემ აღძრა სარჩელი, სადაც მიუთითებდა, რომ მოპასუხის უკანონო ბრძანების საფუძველზე მას იძულებით მოესპო შრომითი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა, რის საფუძველზეც მას წარმოეშვა 2014 წლის მარტიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო. მოსარჩელემ, როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი ასევე, მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტზე, რის გამოც მოითხოვა მოსარჩელე ზ. კ-ვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3.2. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელემ მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ ზ. კ-ძე უკანონოდ გათვისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა აღდგენილიყო ცენტრის ადმინისტრაციაში არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობზე. არქივარიუსის პოზიციის არარსებობის გათვალისწინებით მოსარჩელესა და ცენტრს შორის მიღწეული შეთანხმებით, ზ. კ-ემ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაიკავა ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახურში სპეციალისტის თანამდებობა.

3.3. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე წარმოიშვა ცენტრის მიერ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებით, შესაბამისად, მისი ყოველი მოთხოვნა, რომელიც ამ გათავისუფლების საკითხს უკავშირდება, სასამართლოში ერთდროულად, ერთი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, უნდა წარდგენილიყო.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, ზ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ზ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 9 თებერვლიდან 2020 წლის 16 ნოემბრამდე, პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური ხელფასის - 1400 ლარის ოდენობით. ზ. კ-ის სარჩელი, დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. ზ. კ-ისა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

5.2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ მოპასუხის მიერ ზ. კ-ის გათავისუფლება იყო უკანონო. შესაბამისად, გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სამართლებრივი შეფასება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხის უკანონო და ბრალეული მოქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რადგან იგი 2014 წლის 1 იანვრიდან ვერ იღებდა კუთვნილ ანაზღაურებას, რაც თავისი არსით წარმოადგენდა იძულებით განაცდურს და სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

5.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია მოპასუხის მტკიცებით, სარჩელი ხანდაზმული იყო, რადგან მოსარჩელემ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2013 წლის 25 დეკემბრის ბრძანების გაცნობიდან შეიტყო და სწორედ ამ დღიდან უნდა ათვლილიყო იძლებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაციის სამწლიანი ვადა, თუმცა შრომის კოდექსის 74-ე მუხლი, რომელსაც შესაგებელი ეყრდნობოდა და რომელიც ხანდაზმულობის ერთწლიან ვადას აწესებდა სადავო სამართალურთიერთობის დროს არ მოქმედებდა, რის გამოც იგი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად ვერ გამოდგებოდა.

5.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ზ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა სრულად ხანდაზმული იყო და აღნიშნა, რომ ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის გათავისუფლების თაობაზე 2014 წლის 1 იანვრისთვის უკვე ცნობილი იყო, აღნიშნული მას არ უსპობდა შესაძლებლობას სამსახურში აღდგენის მოთხოვნისგან დამოუკიდებლად, მოგვიანებით ცალკე ედავა სხვა უფლებებში აღდგენის შესახებ, მათ შორის იძლებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.

5.5. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი, 2018 წლის 9 თებერვლიდან 2020 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდისთვის არ იყო ხანდაზმული. შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

5.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით ზ. კ-ემ და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გაასაჩივრეს.

6. I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. ზ. კ-ძე („მოსარჩელე“, „I კასატორი“) ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

6.2. I კასატორი მიუთითებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს იძულებითი განაცდურის სამართლებრივი ბუნება, კერძოდ, ის არასწორად დაუკავშირეს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რადგან იძულებითი განაცდური არის მუშაკის თანამდებობაზე აღდგენამდე ყოველთვიურად გადასახდელი ხელფასის ჯამი და იგი უნდა ანაზღაურდეს ერთიანად, მაშინვე როგორც კი, თანამდებობაზე აღდგენის პროცესი წარმატებით დასრულდება, ამიტომ მისი პერიოდულ შესასრულებელ ვალდებულებად დაკვალიფიცირება კანონის მიზნებიდან არ გამომდინარეობს.

6.3. კასატორის აზრით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა ასევე არასწორედ შეაფასეს შრომის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებაც. შრომის ხელშეკრულება განსხვავებული მიდგომით ხასიათდება და არ შეიძლება მისი განხილვა სხვა სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების მსგავსად. კერძოსამართლებრივ ხელშეკრულებას ახასიათებს ჰორიზონტალური და მხარეთა თანასწორობაზე აგებული ურთიერთობანი ხოლო, შრომითი ურთიერთობების დროს, დამახასიათებელია ვერტიკალური ურთიერთობები და შრომის ორგანიზაციული მოწესრიგება. აღნიშნული თავისებურებების გამო, კასატორის აზრით, სასამართლოებს დავის მოწესრიგების მიზნებისთვის არ უნდა გამოეყენებინათ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განმტკიცებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან ეს მუხლი მხოლოდ სამოქალაქოსამართლებრივ ხელშეკრულებებს ეხება და არა შრომით ურთიერთობებს. კასატორის მტკიცებით, შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების მიზნებისთვის, მიუხედავად ნორმის ძალაში შესვლის თარიღისა, გამოყენებულ უნდა იქნას შრომის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები. კერძოდ, ზ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა დაეფუძნოს შრომის კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთწლიან ვადას.

6.4. კასატორი განმარტავს, რომ ზ. კ-ძე, 2020 წლის 13 ნოემბერს, აღადგინეს ტოლფას თანამდებობაზე, რა დროსაც შეწყდა მისი იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება და ამ დროიდან მის მიმართ ამოქმედდა ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა (ამ პერიოდისთვის უკვე ძალაში იყო შესული შრომის კოდექსის ახალი რედაქცია). ვინაიდან იძულებითი განაცდური აქცესორული უფლებაა და იგი დამოუკიდებლად არ არსებობს, ამიტომ კასატორის აზრით, იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება მხარეს სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდგომ - 2020 წლის 15 ოქტომბერს, წარმოეშვა. ზ. კ-ემ სარჩელი წარადგინა 2021 წლის 09 თებერვალს, ანუ ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის დაცვით, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7. II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

7.1. II კასატორი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7.2. II კასატორი აღნიშნავს, რომ ზ. კ-ძე თანამდებობიდან გათავისუფლდა ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის N… ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, მხარეთა შორის ამ კონკრეტულ დავაზე ფაქტობრივ გარემოებათა შესასწავლად და საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის იმ რედაქციით (27.09.2013), რომელიც ძალაში იყო მხარეთა შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის მომენტში. 2013 წლის 27 სექტემბერს მოქმედი შრომის კოდექსის 38-ე მუხლი არეგულირებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესს და მისი მერვე ნაწილი განსაზღვრავდა, რომ „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი არ იცნობდა იძულებითი განაცდურის ცნებას და მისი ანაზღაურების შესაძლებლობას. თუმცა, შრომის კოდექსის 2013 წლის 27 სექტემბრის რედაქციის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავდა, რომ „თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით“. კასატორი უთითებს, რომ სწორედ აღნიშნული ნორმით ხელმძღვანელობდა იმ პერიოდში სასამართლო სისტემა და შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობების არსებობისას ახდენდა იძულებითი განაცდურის დამსაქმებლისათვის დაკისრებას.

7.3. მხარის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გარდა მოსარჩელის მხრიდან იძულებითი განაცდურის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობისა, გასათვალისწინებელია ის, რომ მან სასამართლოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2021 წლის 09 თებერვალს, მაშინ როცა იგი სამსახურიდან გათავისუფლებულდა ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის ბრძანება N…-ის თანახმად. ამდენად, მისთვის ცენტრის ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა 2013 წლის 25 დეკემბერს. მოსარჩელისათვის ამ გადაწყვეტილების გაცნობის საკითხი არ არის სადავო, რაც დასტურდება თავად მოსარჩელის თავდაპირველი 2014 წლის 31 იანვრის სარჩელითა და ამ საქმის წარმოებისას ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით. შესაბამისად, II კასატორის აზრით, ზ. კ-ეს სწორედ რომ 2013 წლის 25 დეკემბრის N… ბრძანების გაცნობიდან წარმოეშვა მისი „დარღვეული უფლებიდან“ გამომდინარე იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება და მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, რის გამოც მოსარჩელის მიერ 2021 წლის 09 თებერვალს აღძრული სარჩელი ხანდაზმულად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

7.4. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბერს მიღებული განჩინებით შევიდა. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, სრულიად ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის დანაწესსა და დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. რადგან შეუძლებელია, რომ პირები დაელოდნონ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას და მათი მოთხოვნების ნაწილის დაკმაყოფილების შემდეგ წარმოეშვათ ამ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების დაყენების უფლება. ზ. კ-ემ მისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო მისი გათავისუფლების ბრძანებით, ხანდაზმულობა კი იწყება მოთხოვნის წარმოშობიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამიტომ, კასატორის მტკიცებით, არამართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასება ხანდაზმულობის ვადის დაწყების გამოთვლის თაობაზე.

7.5. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 2013 წლის 27 სექტემბრის რედაქცია არ ითვალისწინებდა ხანდაზმულობის ზოგად ვადას შრომით უფლებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, განსაზღვრული არ იყო არც შრომის კოდექსის (27.09.2013 წ. რედაქციის მიხედვით) 32-ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. თუმცა, შრომის კოდექსის (27.09.2013 წ. რედაქციის მიხედვით) პირველი მუხლის მეორე ნაწილი იმპერატიულად ადგენდა, რომ „შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (24.12.2013 წლის რედაქციის მიხედვით), 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა _ ექვს წელს“, 130-ე მუხლი კი იმპერატიულად ადგენდა, რომ „ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ“. ამდენად, კასატორი უთითებს, რომ ვინაიდან ზ. კ-ძე ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის N… ბრძანებით 2013 წლის 31 დეკემბრიდან სამუშაოდან განთავისუფლდა, შესაბამისად მან სწორედ ამ ბრძანებით შეიტყო უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ და ცენტრის მიმართ მოთხოვნები ცენტრის 2013 წლის 25 დეკემბრის ბრძანების გაცნობიდან წარმოეშვა. შესაბამისად, კასატორის აზრით, ზემოთმოცემული ნორმების საფუძველზე, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა გავიდა 2016 წელს. მოსარჩელემ კი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2021 წლის 09 თებერვალს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, II კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან გაშვებულ იქნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

7.6. II კასატორი ამტკიცებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არა მხოლოდ ხანდაზმულია, არამედ მისი კანონით დადგენილ დროში წარდგენის შემთხვევაში კი, მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები არ იარსებებდა ვინაიდან, ზ. კ-ძე არ იყო დანიშნული არქივარიუსის თანამდებობაზე, არამედ იგი იყო არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებელი. სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არქივარიუსის თანამდებობაზე, პირი უნდა დანიშნულიყო კონკურსის წესით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 2012 წლის 9 ივლისიდან ცენტრს ავალდებულებდა პირის თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, რომელიც კონკურის წესით უნდა შეივსოს. მოსარჩელე კონკურსის წესით შესავსებ თანამდებობაზე არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა 2013 წლის 1 თებერვალს. ამასთან, ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავდა, რომ დროებით მოვალეობის შემსრულებელი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე - არა უმეტეს 3 თვის ვადით. იმავე თანამდებობაზე დაუშვებელია განმეორებით დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ეს დანაწესი ამოქმედდა 2013 წლის 1 ივლისიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლმა იმპერატიულად დააწესა, რომ იმ თანამდებობებზე, რომლებზეც დანიშნულნი იყვნენ დროებითი მოვალეობის შემსრულებლები, პირები კონკურსის წესით უნდა დანიშნულიყვნენ 2014 წლის პირველ იანვრამდე. ზ. კ-ძე დანიშნული იყო კონკურსის წესით შესავსებ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად, შესაბამისად მას უშუალოდ კანონმდებელმა ხელშეკრულების მოქმედების ვადად განუსაზღვრა არაუმეტეს 2013 წლის 31 დეკემბრისა, ვინაიდან 2014 წლის 1 იანვრიდან არქივარიუსის თანამდებობა უნდა დაეკავებინა კონკურსის წესით არჩეულ პირს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ცენტრის დირექტორს რომ არ გამოეცა ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე, მას თავად კანონი ათავისუფლებდა დაკავებული თანამდებობიდან, რამდენადაც იგი არ იყო კონკურსის წესით დანიშნული. ამდენად, კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაშიც, რომ მიემართა სასამართლოსათვის (რაც ვერ განახორციელა და გაუშვა ხანდაზმულობის ვადა) იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, მისი მოთხოვნა მაინც არ დაკმაყოფილდებოდა. შესაბამისად, მხარის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში, ასევე არსებობდა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლის გაზიარების წინაპირობებიც.

7.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სადავოდ ხდის ასევე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობასაც და მიუთითებს, რომ ეს თანხა არის სრულიად შეუსაბამო, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი წელი გაგრძელდა სასამართლო პროცესი და რა დრო დასჭირდა გადაწყვეტილების აღსრულებას, მოხდა ამ თანხების შეუსაბამოდ გაზრდა. მხარის აზრით, ამ ოდენობის თანხის დაკისრება სრულიად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ცენტრს, რის გამოც მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7.8. II კასატორი აცხადებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცენტრის მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ამავე სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბერს მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც განუხილველი დარჩა ცენტრის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის განჩინება, 2020 წლის 15 ოქტომბერს შევიდა კანონიერ ძალაში. ამიტომ, მხარისთვის გაუგებარია სასამართლომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის სასარგებლოდ (მხოლოდ მისი ინტერესების გათვალისწინებით) ვადა, რატომ აითვალა ჯერ კიდევ კანონიერ ძალაში არ შესული სასამართლო გადაწყვეტილებიდან ანუ 2018 წლის 08 ოქტომბრიდან, მაშინ, როცა აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

12. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- ზ. კ-ძე 2013 წლის პირველი თებერვლიდან დაინიშნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციაში არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე;

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2013 წლის 3 აპრილის №… ბრძანებით დანიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ზ. კ-ემ. 2013 წლის 16 დეკემბრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის №.. სხდომის ოქმის საფუძველზე ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის №… ბრძანებით, მოსარჩელე 2013 წლის 31 დეკემბრიდან გათავისუფლდა თანამდებობიდან და კომპენსაციის სახით მიეცა ორი თვის შრომის ანაზღაურება და 2013 წლის გამოუყენებელი შვებულების შესაბამისი ანაზღაურება;

- ზ. კ-ემ გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 16 ნოემბრის №.. სხდომის ოქმი, კონკურსის შედეგები და ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის №… ბრძანება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის №… ბრძანება ზ. კ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ. კ-ძე აღდგენილ იქნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციაში არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე;

- ხსენებული დავის ფარგლებში, ზ. კ-ეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება არ მოუთხოვია;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, 2020 წლის 13 ნოემბრის №… შრომითი ხელშეკრულებით ზ. კ-ძე აღდგენილ იქნა უფლებებში და დაიკავა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახურში სპეციალისტის თანამდებობა;

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არქივარიუსის თანამდებობაზე ხელფასის ოდენობა 2013 წლის მარტიდან - პირველ აგვისტომდე შეადგენდა თვეში 950 ლარს, 2013 წლის პირველი აგვისტოდან - 2017 წლამდე თვეში 1000 ლარს, 2017 წელს - თვეში 1320 ლარს, 2018 წლიდან - 2020 წლის პირველ თებერვლამდე თვეში - 1400 ლარს, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არქივარიუსის ფუნქციების შესასრულებლად ყოველთვიურად მიეცემა 1400 ლარი;

- მოსარჩელე ზ. კ-ძე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის №… ბრძანებით, უკანონოდ იქნა გათავისუფლებული არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, შესაბამისად იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება მას წარმოიშვა 2014 წლის 1 იანვრიდან;

- ზ. კ-ემ, წინამდებარე სარჩელით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2021 წლის 9 თებერვალს, რასაც წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე უპირისპირდება ხანდაზმულობაზე მითითებით.

13. I კასატორის (ზ. კ-ძე) საკასაციო საჩივარი უმთავრესად იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმას შეეხება. კასატორის აზრით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს იძულებითი განაცდურის სამართლებრივი ბუნება, კერძოდ, ის არასწორად დაუკავშირეს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რადგან იძულებითი განაცდური არის მუშაკის თანამდებობაზე აღდგენამდე ყოველთვიურად გადასახდელი ხელფასის ჯამი და იგი უნდა ანაზღაურდეს ერთიანად. ამ მოტივით კასატორი აცხადებს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, მას იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების შემდგომ - 2020 წლის 15 ოქტომბრიდან, საიდანაც უნდა აითვალოს ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის დინება და რადგან იძულებითი განაცდურის მოთხოვნის შესახებ სარჩელი წარდგენილი იქნა 2021 წლის 09 თებერვალს, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად (სადავო შრომითი ურთიერთობის მოშლის დროს მოქმედი რედაქცია), თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით (ტომი I, ს.ფ. …) დასტურდება, რომ დამსაქმებელმა გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას და კანონსაწინააღმდეგოდ გაათავისუფლა დასაქმებული სამსახურიდან, შესაბამისად, მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია დასაქმებულის იძულებითი მოცდენა, რაც ზოგადად განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის წარმატებაზე მიუთითებს, თუმცა, I კასატორის საკასაციო საჩივრის ფარგლებში გადასაწყვეტია ის საკითხი, თუ მოპასუხეს რა დროიდან უნდა დაკისრებოდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ იძულებითი განაცდურის მოთხოვნა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების თანმდევია, არსებობს მყარი პრეზუმფცია მასზედ, რომ პირმა იძულებითი განაცდურის მოთხოვნის არსებობის შესახებ სწორედ უკანონოდ გათავისუფლების მომენტიდან იცის/უნდა იცოდეს.

16. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდაა დადგენილი და I კასატორს მის გასაქარწყლებლად დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, რომ მან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს წარუდგინა 2021 წლის 09 თებერვალს, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ თბილისის სააპელაციო პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, რადგან იძულებითი განაცდურის მოთხოვნა თავისი არსით პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მის მიმართ მოქმედებს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ყოველი ვალდებულების შესრულებისთვის თავიდან აითვლება, ამიტომ, გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება მასზედ, რომ წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე არსებული იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება ხანდაზმულია და დაკმაყოფილებას ექვემდებარება მხოლოდ 2018 წლის 09 თებერვლიდან ზ. კ-ის სამსახურში აღდგენამდე (2020 წლის 16 ნოემბერი) პერიოდის იძულებითი განაცდური (იხ. საქმე საქმე №ას-1068-2021, 2022 წლის 18 მარტი, საქმე №ას-566-2019, 2019 წლის 28 ივნისის განჩინება; საქმე №ას-1937-2018, 2019 წლის 15 მარტის განჩინება; საქმე №ას-1867-2018, 2019 წლის 15 მარტის განჩინება).

17. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ იძულებითი განაცდური სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირისათვის ერთჯერადად მისაღები ფულადი თანხის ოდენობაა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იძულებითი განაცდური იმ მისაღებლისგან შედგება, რომელსაც ხელფასის სახით, დასაქმებული ყოველთვიურად მიიღებდა, სამსახურიდან უკანონოდ რომ არ გათავისუფლებულიყო. შესაბამისად, მართალია იძულებითი განაცდური გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე ერთჯერადად გადაიხდება, თუმცა იგი თავისი არსით სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის ხანდაზმულობის ვადის გამოთვლაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით უნდა მოხდეს. ამ ნორმის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. (იხ. საქმე საქმე №ას-1068-2021, 2022 წლის 18 მარტი, საქმე №ას-566-2019, 2019 წლის 28 ივნისის განჩინება; საქმე №ას-1937-2018, 2019 წლის 15 მარტის განჩინება; საქმე №ას-1867-2018, 2019 წლის 15 მარტის განჩინება).

18. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიუთითეს, რომ ორგანული კანონის- საქართველოს შრომის კოდექსის 74-ე მუხლის რეგულაცია (რომელიც ერთწლიან ხანდაზმულობის ვადას ადგენს ისეთი მოთხოვნების მიმართ, რომელთათვისაც სპეციალური ხანდაზმულობის ვადა შრომის კანონმდებლობით არ არის დადგენილი), არ მოქმედებდა სადავო სამართალურთიერთობის დროს. შესაბამისად, სახეზე იყო მოსარჩელის ისეთი მოთხოვნა, რომელზეც დავის წარმოშობის დროს მოქმედი კანონმდებლობა სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას არ აწესებდა. უფრო მეტიც, დავის წარმოშობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადების გამოყენების თაობაზე აკეთებდა მითითებას. ამ პირობებში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სადავო საკითხების მოსაწესრიგებლად მართებულად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ხანდაზმულობის ვადებს მიემართება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და I კასატორმა ვერ წარმოადგინა იმგვარი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელის საკასაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მულით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის თაობაზე წარმოდგენას შეუქმნიდა, რის გამოც ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.

20. რაც შეეხება II კასატორის (სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ წარმოდგენილ ვრცელ საკასაციო საჩივარს, მხარე მასში ძირითადად სამ სადავო საკითხს გამოყოფს, კერძოდ: კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველი სარჩელის საფუძველი საერთოდ არ არსებობს, რადგან სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების მოთხოვნა იმგვარადაა დაკავშირებული იძულებითი განაცდურის მოთხოვნასთან, რომ მათი ცალ-ცალკე სასარჩელო წარმოებით მოთხოვნა დაუშვებელია, II კასატორი ასევე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ზ. კ-ის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი არასწორად იქნა დადგენილი, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცენტრის დირექტორი არ მიიღებდა სადავოდ გამხდარ ბრძანებას, კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით მაინც მოხდებოდა მისი გათავისუფლება, ამიტომ მისთვის იძულებითი განაცდურის დაკისრების საფუძვლებიც არ არსებობდა. და ბოლოს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორად მოხდა, როგორც ხანდაზმულობის ვადის გასავრცელებელი პერიოდის გამოყენება, ასევე ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილის დადგენა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გახდეს.

21. საკასაციო პალატა, მეორე კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მიკუთვნების (სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის გარეშე) წინაპირობების არსებობა.

22. ნიშანდობლივია, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის აღიარებით ვლინდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესებს შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე, უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი მის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად რეალიზაციაზე.

23. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად მიიჩნევს, რომ მართალია საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე უკეთესია ერთმა მხარემ მეორის მიმართ არსებული ურთიერთდაკავშირებული მოთხოვნები ერთ სასარჩელო წარმოებაში გააერთიანოს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ზ. კ-ეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა საერთოდ არ ჰქონია დაყენებული სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ დავისას, პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში, ამგვარი საპროცესო დაცვის სტრატეგია დასახა და ასეთი სახით განკარგა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება. ამიტომ, მხოლოდ საპროცესო ეკონომიის არგუმენტი ვერ გააქარწყლებს მხარისთვის კანონით მინიჭებული უფლების დაცვაზე უარის თქმას, რის გამოც პალატა ვერ გაიზიარებს მეორე კასატორის ზემოთ მითითებულ არგუმენტს.

24. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მოყვანილ მსჯელობას ზ. კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების თუ უკანონობის შესახებ, საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ასეთია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ ზ. კ-ის გათავისუფლება იყო უკანონო და დამსაქმებელს დაეკისრა მისი სამსახურში აღდგენის ვალდებულება. ამიტომ, ვინაიდან საქმის მასალებში არსებობს შეუცილებადი და ამასთანავე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ზ. კ-ის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ცნობის შესახებ, ასევე ვინაიდან წინამდებარე სასარჩელო წარმოების ფარგლებში მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა განიხილება, უადგილო და არარელევანტურია II კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მოყვანილი ვრცელი მსჯელობა მოსარჩელის სამსახურიდან კანონიერად გათავისუფლების შესახებ, ამიტომ ამ არგუმენტს საკასაციო პალატა არსებითად არ შეაფასებს.

25. რაც შეეხება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ამ მიმართებით მსჯელობა საკასაციო პალატამ წინამდებარე განჩინების მე-13-მე-18 პუნქტებში განავითარა, რომელიც II კასატორის მოთხოვნების იდენტურია. თუმცა საკითხის სრულად ამოწურვის მიზნით, საკასაციო პალატა მხარეს დამატებით განუმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, როგორც ეს საკასაციო საჩივარშია მითითებული ჯერ კიდევ კანონიერ ძალაში შეუსვლელი განჩინებიდან კი არ დაუწყია, არამედ განსახილველი სარჩელის აღძვრის დღიდან - 2021 წლის 09 თებერვალი, სასამართლომ, უკუსვლით, გამოაკლო სამი წელი და დასაკმაყოფილებელი მოთხოვნის (როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების) საწყის ათვლის წერტილად სწორედ 2018 წლის 09 თებერვალი დაადგინა. რაც შეეხება იძულებითი ანაზღაურების მოთხოვნის ათვლის ბოლო წერტილს, პალატის აზრით, სასამართლომ იგი მართებულად დაუკავშირა ზ. კ-ის სამსახურში აღდგენის თარიღს - 2020 წლის 16 ნოემბერს, ამიტომ ამ ნაწილშიც საკასაციო საჩივარი არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში მითითებულ წინაპირობებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.

პროცესის ხარჯები

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 500 ლარის (საგადახდო დავალება N…, გადახდის თარიღი 16/12/2021), 70% – 350 ლარი; რაც შეეხება ზ. კ-ეს, იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;

2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;

3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 500 ლარის (საგადახდო დავალება N…, გადახდის თარიღი 16/12/2021), 70% – 350 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე