საქმე №ას-639-2022 7 სექტემბერი , 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ზამბახიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი-ტ მ-ტი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ი-ტ მ-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ დავალიანების - 14 712.65 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 18 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს უნდა გაეწია სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურება მოპასუხის შემდეგი დანაყოფებისათვის: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, შსს მიგრაციის დეპარტამენტი, შსს გენერალური ინსპექცია, შსს საექპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტი. ხელშეკრულების მიხედვით, ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.
3. 2020 წლის პირველ მაისსა და 2020 წლის 5 მაისს მოსარჩელემ მიმართა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, წარუდგინა შესრულებული სათარჯიმნო მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები, მოითხოვა შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და სათარჯიმნო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 4224.83 ლარისა და 10487.82 ლარის ოდენობით. 4224.83 ლარის მომსახურება არის ზეპირი თარგმანის მომსახურება, ხოლო 10 487.82 ლარის მომსახურება წარმოადგენს წერილობით შესრულებულ მომსახურებას.
4. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მოპასუხეს თანხა არ ჩაურიცხავს. 2020 წლის ნოემბერში მოსარჩელეს ჩაბარდა 03.06.2020 წლის და 17.11.2020 წლის ორი წერილი, სადაც მიეთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის N424 ბრძანების მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვითაც ვადაგადაცილებულ დავალიანებას არ აანაზღაურებენ, რადგან მოსარჩელის მიერ მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარდგენილა, თუმცა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა არ მიუთითა, თუ რატომ არის ვადაგადაცილებულად წარდგენილი მოთხოვნა. წერილში არ ასახულა, მოსარჩელეს რა დროს უნდა წარედგინა და არ წარადგინა მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები. გაწეული მომსახურების დამადასტურებელი მასალების წარდგენის ვადა ხელშეკრულებით განსაზღვრული არ იყო და მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები მოსარჩელემ წარადგინა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. შესაბამისად, გაურკვეველი და დაუსაბუთებელია მოპასუხის ბრალი და რატომ მოხდა მისი ინტერესების შელახვა. მოსარჩელემ სცადა მოლაპარაკების გზით გადაეწყვიტა მოცემული საკითხი, თუმცა მის მიმართვებს დღემდე შედეგი არ მოჰყოლია.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვადის დარღვევით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები თანხის ანაზღაურების შესახებ, შესაბამისად აღნიშნული მომსახურების თანხის ანაზღაურება აღარ მოხდა. ამასთან, საქმის მასალებიდან არ ირკვევა, თუ რა თანხაა მოთხოვნილი, საიდან არის დაანგარიშებული მიღებული დავალიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 14 712.65 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მისი შეფასების საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის შეფასება, მოსარჩელის მხრიდან გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, არსებობდა თუ არა მოპასუხის მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულება.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობა ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომელიც, როგორც ორმხრივ მავალდებულებელი გარიგება, ერთი მხრივ, გამოიხატება მენარდის ვალდებულებაში - შეასრულოს შეთანხმებული სამუშაო, ხოლო, მეორე მხრივ, შემკვეთის ვალდებულებაში - გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სწორედ რომ ეს ორი ვალდებულებაა ნარდობის ხელშემკვრელ მხარეთათვის პირველადი ინტერესის საგანი, რომელიც უნდა შესრულდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად - ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 361.2. მუხლი).
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმშობილია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. უნდა განიმარტოს, რომ სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის კი, მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სსკ-ს 361.2 მუხლი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (სსკ-ს 427-ე მუხლი). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს. სწორედ ასეთი მოქმედება წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს. სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია მისი არსებითი პირობების განსაზღვრა, ის თუ ხელშეკრულების ფარგლებში, რა უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ მხარეებს იმ არსებითი პირობების მიხედვით, რაზეც მოხდა მხარეთა ნების (ოფერტისა და აქცეპტის) თანხვედრა და რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების დადებას (სკ-ს 327-ე მუხლი). უნდა განიმარტოს, რომ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება მოიცავს ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულებასაც. თავად ვალდებულების შესრულების ვადა კი, წარმოადგენს ხელშეკრულების იმ არსებით პირობას, რომელზედაც სავალდებულოა მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენა. ნების ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების დროს განსაზღვრავენ ვალდებულების სუბიექტები. სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს, საკუთარი ნებისა და თავიანთი ინტერესების შესაბამისად, შეუძლიათ დაადგინონ შესრულების დრო კონკრეტული ვალდებულებისთვის, რომელიც უკვე წარმოშობილია ან/და მომავალში წარმოიშობა მათ შორის.
11. განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე. აღნიშნულს არაკვალიფიციური შედავებით აპელანტი არ დაეთანხმება და ჩათვალა, რომ ვინაიდან ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, იგი თანხის გადახდისაგან გათავისუფლდა.
12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებები და განმარტა, რომ სამუშაოების დათქმულ ვადაში შესრულების საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების ფორმალური გარემოების - მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა, არამედ სამუშაოების რეალურად შესრულება. იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მხარეების მიერ შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შესრულების ფაქტი, თუნდაც ის გარემოება, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით მიღების ფორმაზე, მაგრამ არ შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, ვერ გახდება ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან ვალდებულების შესრულება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენასთან არ არის დაკავშირებული.
13. მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ მიუხედავად მხარეების მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით მიღების ფორმაზე შეთანხმებისა, აქტი წარდგენილ იქნა დაგვიანებით - არ ნიშნავს იმას, რომ ვალდებულება ვადაში არ შესრულებულა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი უტყუარად დადასტურებულია როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, ისე მოპასუხის მხრიდან აღნიშნულის დადასტურებით.
14. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, სახეზეა ნარდობის ხელშეკრულების შემადგენლობა. ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გზით.
15. ნარდობა, თავისი იურიდიული ბუნებით, ორმხრივი ხელშეკრულებაა. ორმხრივი ხელშეკრულების ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ ამ ტიპის ხელშეკრულებაში თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს გააჩნია უფლებებიც და მოვალეობებიც, ე.ი ორმხრივ ხელშეკრულებაში შესასრულებელი ვალდებულებების ობიექტები ერთმანეთთან გარკვეულ ურთიერთკავშირში იმყოფებიან. შესაბამისად, მიღება-ჩაბარების გაფორმება ითვალისწინებს ხელშეკრულების მონაწილე პირთა ორმხრივ ვალდებულებას, კერძოდ, მიმწოდებლის ვალდებულებას - დადგენილ დროს წარადგინოს სამუშაოს შესრულების დოკუმენტაცია, ხოლო შემსყიდველის ვალდებულებას, მოახდინოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
16. შესაბამისად, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ჯეროვნად შესრულდა. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ ვერ გამოდგება მოპასუხის მითითება 2014 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ფინანსთან მინისტრის N424 ბრძანებაზე და მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, თანხის გადახდისგან გათავისუფებულია, ვინაიდან აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ იქნა გათვალისწინებული მომდევნო წლების ბიუჯეტით.
17. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 105-ე მუხლით დადგენილი წესით საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური ანალიზის საფუძველზე სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო.
18. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, რომელიც არ შეიცავდა მითითებებს სარჩელში ასახული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო გარემოებებზე და არ იყო წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. ასეთი შესაგებელი განიხილება, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შტეფან შმიტი, ჰარალდ რიხტერი „მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში“).
19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი გარემოებების დადასტურება, რაც მოსარჩელის წინაშე მისი ვალდებულების არსებობას გამორიცხავდა, თუმცა აპელანტ მხარეს ასეთი მტკიცება სააპელაციო სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
21. კასატორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურების სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთი ვერ განახორციელა და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინა კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაგვიანებით, კერძოდ, 2014 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ფინანსთან მინისტრის სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესების გათვალისწინებით, ბუღალტრული ანგარიშგების მონაცემებით რიცხული ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვა ხორციელდება ორგანიზაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში დავალიანების დაფარვის გზით წინა წლის სისტემაში. ორგანიზაციას ვალდებულებების რეგისტრაციის საშუალება ეძლევა ბუღალტრული/ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებამდე, მაგრამ არაუმეტეს მიმდინარე წლის 01 აპრილისა. აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ კავშირშია წლიური ანგარიშგების წარდგენის ვადასთან. მოსარჩელემ კი მიღება-ჩაბარების აქტები წარადგინა ამ ვადის დარღვევით, კერძოდ, 2020 წლის 01 მაისს, შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხილა ასანაზღაურებლად მათ მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
24. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და სსკ-ის 648-ე მუხლი (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას) (შდრ: სუსგ-ები №ას-1374-2021, 15 აპრილი, 2022, პ.68-69; №ას-968-2021, 17 დეკემბერი, 2021, პ.32; Nას-1194-2020, 05.03.2021, პპ:34, 35).
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.
26. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება. მოსარჩელემ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესრულებული სამუშაოს მიღება წარმოშობს შემდეგ სამართლებრივ შედეგებს: ა) იწყება შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა; ბ) შემკვეთმა უნდა გადაუხადის მენარდეს საზღაური; გ) თუ შემკვეთი გადააცილებს საზღაურის გადახდის ვადას, მას შეიძლება დაეკისროს დამატებითი პასუხისმგებლობა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ.); დ) შემკვეთზე გადადის შესრულებული სამუშაოს შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების რისკი; ე) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშობა სსკ-ის 633-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ვ) თუ შემკვეთი დროულად არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს, მენარდეს წარმოეშობა სსკ-ის 634-ე მუხლით გათვალისწინებული გირავნობის უფლება (დამატებით იხ: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება - თეორია და პრაქტიკა, თბილისი, 2016, გვ. 308).
28. ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებსა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, კანონის რომელიმე დანაწესი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას იმპერატიულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას არ უკავშირებს. (იხ. სუსგ-ები: 01.12.2011წ., საქმე №ას-323-307-2011; 15.04.2022 წ. №ას-1374-2022, 29.09.2021წ.; №ას-1252-2020, 27.02.2019 წ.)
29. სააპელაციო სასამართლომ მიერ დადგენილია, ხოლო კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით ვერ უარყო ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ ვადაში ჯეროვნად შეასრულა. მოპასუხეს ამის საწინააღმდეგოდ კვალიფიციური შესაგებლი არ წარუდგენია. ( იხ. წინამდებარე განჩინების პ.18.).
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).
31. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
32. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 2. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 3. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
35. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
36. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.). კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
38. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობად ვერ შეფასდება კასატორის პრეტენზია საქართველოს ფინანსთან მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების საფუძველზე საბიუჯეტო დავალიანებების გაცემის წესში ასახული ვადის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 18.04.2019 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მენარდის მიერ შესრულებულია ჯეროვნად ( იხ. წინამდებარე განჩინების პ. 16), შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსკ-ის 648-ე და 649-ე მუხლების საფუძველზე, მენარდის მოთხოვნის უფლება შემკვეთის მიმართ სადავო თანხის ანაზღაურების შესახებ წარმოშობილია, ნამდვილია და განხორციელებადია ( სსკ-ის 129 I მუხლი).
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე განჩინება.
41. შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
მირანდა ერემაძე