საქმე №ას-772-2022 29 აგვისტო, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ო-ლი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მ-სო ო-ია „ბ-ლი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ო-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს მ-სო ო-ია „ბ-ის“ მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა ნოტარიუს ხ. ბ-ის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს №---- სააღსრულებო ფურცლის 7.2 პუნქტში და აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 56 608.84 ლარი, აქედან სესხის ძირი თანხაა - 50 000 ლარი, ასევე, მსესხებლის მიერ დარჩენილი გადასახდელი სარგებელი - 4608.84 ლარი და აგრეთვე პირგასამტეხლოს - 2000 ლარი; აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 145.47 ლარი. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ხ. ბ-ის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს №---- სააღსრულებო ფურცლის 7.2 პუნქტში და აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 56 622.02 ლარი, აქედან სესხის ძირი თანხაა - 50 000 ლარი, ასევე, მსესხებლის მიერ დარჩენილი გადასახდელი სარგებელი - 4622.02 ლარი და აგრეთვე პირგასამტეხლოს - 2000 ლარი; აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 141.70 ლარი. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ხ. ბ-ის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს №--- სააღსრულებო ფურცლის 7.2 პუნქტში და აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 56 622.03 ლარი, აქედან სესხის ძირი თანხაა - 50 000 ლარი, ასევე, მსესხებლის მიერ დარჩენილი გადასახდელი სარგებელი - 4622.03 ლარი და აგრეთვე პირგასამტეხლოს - 2000 ლარი; აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 141.11 ლარი. ცვლილება ასევე შევიდა ნოტარიუს ხ. ბ-ის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს №---- სააღსრულებო ფურცლის 7.2 პუნქტში და აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 16 917.44 ლარი, აქედან სესხის ძირი თანხაა - 15 000 ლარი, ასევე, მსესხებლის მიერ დარჩენილი გადასახდელი სარგებელი - 1417.44 ლარი და აგრეთვე პირგასამტეხლოს - 500 ლარი; აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 141.11 ლარი. 2018 წლის 17 აგვისტოს №---, №---, №---- და №--- სააღსრულებო ფურცლები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ო-მა და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით თ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ო-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელ გ. ს-ლს და ჩაბარდა 2022 წლის 27 ივნისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ო-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელ გ. ს-ლს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2022 წლის 27 ივნისს (ტ.2, ს.ფ.118). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 28 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 4 ივლისს, ვინაიდან 2-3 ივლისი იყო დასვენების დღეები - შაბათი-კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ო-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი