Facebook Twitter

საქმე №ას-547-2022

14 ივლისი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ.ქ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ქ–ა (მოპასუხე)

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - სარჩელის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ქ–ამ სარჩელი აღძრა ა.ქ–ას მიმართ და მოითხოვა 2020 წლის 10 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მდებარე: ქ. ზუგდიდი, ......., მესაკუთრედ თ.ქ–ას აღრიცხვა.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თ.ქ–ას და ა.ქ–ას შორის 2020 წლის 10 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონების მდებარე: ქ. ზუგდიდში, ......, მესაკუთრედ აღირიცხა თ.ქ–ა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ა.ქ–ამ გაასაჩირა, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და თ.ქ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ქ–ამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

5. 2022 წლის 08 ივნისის განჩინებით, თ.ქ–ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. 2022 წლის 22 ივნისს, კასატორმა თ.ქ–ამ, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც წარმოდგენილი სარჩელის გამოხმობა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ.ქ–ას სარჩელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

8. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება დისპოზიციურობის პრინციპს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრონციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის/განმცხადებლის უფლება, გამოიხმოს სარჩელი/განცხადება.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე (იხ. სუსგ Nას-431-431-2018 (ბ), 22.06.2018წ.; №ას-398-398-2018, 25 დეკემბერი, 2018, პ.21). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.

10. 2022 წლის 22 ივნისს, კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც წარმოდგენილი სარჩელის გამოხმობა მოითხოვა. 2022 წლის 08 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოწინააღმდეგე მხარემ ა.ქ–ამ, სადაც მიუთითა, რომ იგი თანახმაა თ.ქ–ას სარჩელი განუხილველად დარჩეს.

11. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სარჩელის გამოხმობის პროცესუალური წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა და განუხილველად დატოვოს მისი სარჩელი, თუ მოპასუხე თანახმაა აღნიშნულზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოწინააღმდეგე (მოპასუხე) მხარე დაეთანხმა კასატორის განცხადებას და განაცხადა თანხმობა სარჩელის გამოხმობაზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ.ქ–ას საკასაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი აქვს 2022 წლის 14 აპრილს, 300 ლარი და 2022 წლის 01 ივნისს - 450 ლარი. ამიტომ, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 750 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ქ–ას შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე N2/336-2021) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის N2ბ-491-2021 გადაწყვეტილება;

3. თ.ქ–ას სარჩელი დარჩეს განუხილველი;

4. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ.ლ–ძის (პ/ნ 53001058481) მიერ, თ.ქ–ას საკასაციო საჩივარზე, სს „საქართველოს ბანკში“, 2022 წლის 14 აპრილს, №13104048327 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი და გ.ლ–ძის (პ/ნ .....) მიერ, თ.ქ–ას საკასაციო საჩივარზე, სს „საქართველოს ბანკში“, 2022 წლის 01 ივნისს, №13465217239 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 ლარი;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე