Facebook Twitter

24 მაისი 2022 წელი

№ას-1074-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლი

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ა–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების უვადოდ აღიარება, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, გამოსაცდელი ვადის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, შეფასების ფორმის ბათილად ცნობა, დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.ა–ძემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობის უვადოდ, განუსაზღვრელი დროით დადებულად აღიარება;

1.2. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის - ს.გ–ძის 2020 წლის 1 აპრილის 249/კ ბრძანების ბათილად ცნობა.

1.3 2020 წლის 3 იანვრის N16/კ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მოპასუხის საზოგადოებრივ ცენტრებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების დანიშვნის თაობაზე ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებებში ცვლილების შეტანის შესახებ იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვის გამოსაცდელ ვადად ჩათვლას;

1.4. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის მიერ მიღებული გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსარჩელის შეფასების ფორმის ბათილად ცნობა;

1.5. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 18 მარტის N309/ს და N310/ს ბრძანებების ბათილად ცნობა, მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ;

1.6. მოსარჩელის აღდგენა გათავისუფლებამდე არსებულ ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალისტის (ოპერატორის) პოზიციაზე;

1.7. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, 2020 წლის 01 აპრილიდან მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად დაუბეგრავი 750 ლარის ოდენობით.

1.8. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სამუშაოზე აღდგენის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი ურთიერთობა აღიარებულ იქნა უვადოდ, განუსაზღვრელი დროით დადებულად. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2020 წლის 3 იანვრის ბრძანება N16/კ ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების დანიშვნის შესახებ ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვის გამოსაცდელ ვადად ჩათვლას. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის მიერ მიღებული გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლის - მოსარჩელის შეფასების ფორმა. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის - ს.გ–ძის 2020 წლის 1 აპრილის N249/კ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 18 მარტის N309/ს და N310/ს ბრძანებები მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 7500 ლარის ოდენობით. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ყოველთვიური დაუბეგრავი 750 ლარის ოდენობით) 2020 წლის 1 აპრილიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გამოუყენებელი შვებულების თანხა (20 სამუშაო დღის).

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2010 წლის 11 მაისს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარესა და მოსარჩელეს შორის 3 თვის ვადით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე დაინიშნა სააგენტოს ლანჩხუთის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომაც მოსამსახურე გააგრძელებდა საქმიანობას და დამქირავებელს არავითარი პრეტენზია არ ექნებოდა, ხელშეკრულების ვადა გაგრძელებულად ჩაითვლებოდა განუსაზღვრელი ვადით (იხ. ტომი 1, ს.ფ 45-48).

5.2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლანჩხუთის სამსახურის მთავარ სპეციალისტს - მოსარჩელეს, 11.08.2010 წლიდან 6 თვის ვადით გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა (იხ. ტომი 1, ს.ფ 50).

5.3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 03 თებერვლის ბრძანებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლანჩხუთის სამსახურის მთავარ სპეციალისტს - მოსარჩელეს, 11.02.2011 წლიდან 11.05.2011 წლამდე გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა (იხ. ტომი 1, ს.ფ 51).

5.4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 მაისის ბრძანებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლანჩხუთის სამსახურის მთავარ სპეციალისტს - მოსარჩელეს, 11.05.2011 წლიდან 11.08.2011 წლამდე გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა (იხ. ტომი 1, ს.ფ 52).

5.5. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 10.08.2011 წლის ბრძანებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლანჩხუთის სამსახურის მთავარ სპეციალისტს -მოსარჩელეს, 11.08.2011 წლიდან განუსაზღვრელი ვადით გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა (იხ. ტომი 1, ს.ფ 53).

5.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 16.07.2012 წლის ბრძანებისა და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლანჩხუთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, 2012 წლის 16 ივლისიდან განუსაზღვრელი ვადით (იხ. ტომი 1, ს.ფ 54-58).

5.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 18.04.2018 წლის ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში ოპერატორად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 04 მაისიდან 2019 წლის 04 მაისამდე (პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადით), პირადი განცხადების საფუძველზე (იხ. ტომი 1, ს.ფ 59).

5.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 19.04.2019 წლის ბრძანებით, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორს - მოსარჩელეს, 2019 წლის 04 მაისიდან 2020 წლის 04 მაისამდე გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა (იხ. ტომი 1, ს.ფ 60).

5.9. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის სახელზე დაწერილი განცხადების თანახმად, მოსარჩელე ითხოვდა 2020 წლის 01 იანვრიდან დაენიშნათ ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში (იხ. ტომი 1, ს.ფ 61).

5.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 17.12.2019 წლის ბრძანებით, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრის ოპერატორს - მოსარჩელეს, შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და 2020 წლის 01 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ 62).

5.11. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 31.12.2019 წლის ბრძანებით, მოსარჩელე 2020 წლის 01 იანვრიდან დაინიშნა ს.ს.ი.პ. „იუსტიციის სახლის“ ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალისტის (ოპერატორი) თანამდებობაზე, არამუდმივ ამოცანათა შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით, ერთი წლის ვადით. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 750 ლარით. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნისას მოსარჩელეს რაიმე კონკურსი არ გაუვლია (იხ. ტომი 1, ს.ფ 63).

5.12. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 03.01.2020 წლის ბრძანებით ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების დანიშვნის შესახებ ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის N1 დანართით განსაზღვრული ბრძანებების (მათ შორის, მოსარჩელის ბრძანებაშიც) სარეზოლუციო ნაწილს დაემატა მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „4. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვე ჩაითვალოს გამოსაცდელ ვადად“ (იხ. ტომი 1, ს.ფ 66-72).

5.13. სამუშაო აღწერილობის თანახმად, ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალისტის (ოპერატორის) ფუნქციებია: სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულებით/მემორანდუმით, საზოგადოებრივი ცენტრებისათვის განსაზღვრულ სერვისებზე დადგენილი პროცედურისა და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად განცხადებების მიღება და უფლებამოსილი პირებისათვის მზა დოკუმენტების გადაცემა; მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა და მათ მიერ მოთხოვნილ სერვისებზე დადგენილი პროცედურისა და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პროგრამაში სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი მონაცემებისა და რეკვიზიტების ასახვა; მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, კანონის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირებისათვის განმარტება; მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში, სკანირება და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად გადაგზავნა; დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა; უფლებამოსილების ფარგლებში ანგარიშებისა და სტატისტიკური მონაცემების მომზადება და შესაბამისი სამსახურებისათვის წარდგენა; ცენტრში არსებული მატერიალური დოკუმენტების გადაცემა შესაბამისი ორგანიზაციებისათვის, დადგენილი პერიოდულობით; მომსახურების პროცესისათვის აუცილებელი ბლანკებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგის ამოწურვის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ან/და უფლებამოსილი პირის დროული ინფორმირება; ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი პროგრამული უზრუნელყოფის საშუალებითა და დადგენილი წესის შესაბამისად, ხელმოწერითა და ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება; მომსახურების დარბაზში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში საინფორმაციო ბროშურებისა და კორპორატიული ატრიბუტიკის განთავსება; უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე; პასუხისმგებელი პირის არ ყოფნის/არ არსებობის შემთხვევაში, ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის შესაბამის საზოგადოებრივ ცენტრში არსებული ქონების დაცვა, შენახვა და მოვლა-პატრონობა; უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება (იხ. ტომი 1, ს.ფ 73-74).

5.14. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტის - მოსარჩელის მიმართ 13.03.2020 წელს განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნის თანახმად: ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის სამსახურმა განახორციელა სამსახურებრივი შემოწმება ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტის - მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. შემოწმებას საფუძვლად დაედო შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის ელექტრონული მართვის სისტემაში (DCM) ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მიერ მიღებული განცხადებების მონიტორინგისას გამოვლენილი გარემოება, კერძოდ: ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტის მოსარჩელის მიერ 2020 წლის 21 თებერვლს DCM-ის პროგრამაში მიღებული იყო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ არასრულწლოვანი პირის მ.მ. საქმე. აღნიშნულ საქმეზე დართული იყო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი უცხო სახელმწიფოში გაცემული მ.მ.-ს დაბადების მოწმობა, საოჯახო ამონაწერი და მამის თანხმობა, რომლებიც არ იყო სათანადო წესით - აპოსტილით დამოწმებული. აღნიშნულ საქმეზე სსგს-ს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის მიერ დადგინდა ხარვეზი და 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტების წარმოდგენა.

5.15. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხზე უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლს შორის გაფორმებული N02/08/20-46 ხელშეკრულების N5 დანართის პირველი და მე-14 პუნქტების თანახმად, ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლში დასაქმებული პირის ვალდებულებაში შედის ფიზიკური პირისათვის ძირითადი ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნილი მომსახურების მისაღებად საჭირო მოქმედებებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება - არის თუ არა წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტები. იმ შემთხვევაში თუ არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, განმცხადებლისათვის ზეპირი განმარტების მიცემა დოკუმენტის წარმოუდგენლობით გამოწვეული შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ. იმავე ხელშეკრულების N5 დანართის მე-18 პუნქტის თანახმად, ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლში დასაქმებული პირი ვალდებულია განცხადების მიღებისას მოქალაქის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობისას, ასევე განცხადებასთან დაკავშირებით ხარვეზის დადგენის ალბათობის თაობაზე უფლებამოსილი პირის გაფრთხილების შესახებ სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში საქმესთან დაკავშირებით გააკეთოს შესაბამისი კომენტარი.

5.16. მოსარჩელემ განმარტა, რომ მ.მ. საქმის მიღების დროს, არასრულწლოვნის დედა გააფრთხილა დოკუმენტების დამოწმების საჭიროების შესახებ. თუმცა, მოქალაქემ მოითხოვა მის ხელთ არსებული დოკუმენტებით განცხადების ჩაბარება. მოქალაქემ დამოწმებული დაბადების მოწმობა წარმოადგინა 09.03.2020 წელს, ხოლო მამის დამოწმებული თანხმობას წარმოადგენდა მოგვიანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დადგინდა, რომ მოსარჩელემ 2020 წლის 21 თებერვალს DCM-ის პროგრამაში დაარეგისტრირა არასრულწლოვანი პირის განცხადება, რომელსაც დაურთო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი უცხო სახელმწიფოში გაცემული მ.მ-ის დაბადების მოწმობა, საოჯახო ამონაწერი და მამის თანხმობა, რომლებიც არ იყო სათანადო წესით-აპოსტილით დამოწმებული. მოსარჩელემ განმარტა, რომ ასეთი სახით დოკუმენტები და განცხადება ჩაიბარა მოქალაქის მოთხოვნით. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მოსარჩელის განმარტება არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან განცხადების მიღების დროს სპეციალისტის პროგრამაში არ ჰქონდა შესაბამისი კომენტარი დატოვებული, რისი ვალდებულებაც მას გააჩნდა ხელშეკრულების N5 დანართის მე-18 პუნქტის თანახმად. ამდენად, დადგინდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი“ (იხ. ტომი 1, ს.ფ 95-96).

5.17. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 18.03.2020 წლის N310/ს ბრძანებით, ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის ელექტრონული მართვის სისტემაში (DCM), ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მიერ მიღებული განცხადებების მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი გარემოების საფუძველზე განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დადასტურებულად ჩაითვალა ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტის (ოპერატორი) - მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა და დასაქმებულის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის დარღვევისა და სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების გამო, შეეფარდა დისციპლინური სახდელი - შენიშვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ 89).

5.18. 16.03.2020 წელს ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტის მოსარჩელის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნის თანახმად: „2020 წლის 31 იანვარს, მოსარჩელემ „საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე“ მოთხოვნით მიიღო მოქალაქეების ზ.ფ. (მინდობილი პირი: ნ.ლ.) და ა.ლ. განცხადება, რომლითაც წარმოდგენილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულება და მინდობილობა, რომელიც ინახებოდა N882019384941 საქმეზე. 2020 წლის 10 იანვარს მარეგისტრირებლის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მინდობილობის) მიხედვით, წარმომადგენელს არ ჰქონდა უფლება გაესხვისებინა უძრავი ქონება. შიდა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა განცხადებაზე თანდართული მინდობილობა და დაადგინა, რომ მინდობილ პირს ჰქონდა უფლებამოსილება: ეწარმოებინა სამემკვიდრეო საქმე, განეხორციელებინა გაყოფა/გამიჯვნისათვის საჭირო პროცედურები და დაედო გარიგება საკუთარ თავთან - გადაეფორმებინა საკუთარ სახელზე. 2020 წლის 03 თებერვალს, მოქალაქემ შეჩერების აღმოსაფხვრელად დამატებით წარმოადგინა კორექტირებული ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონების მესაკუთრემ თავად მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც, 2020 წლის 07 თებერვალს სარეგისტრაციო წარმოება განახლდა და იმავე დღეს დასრულდა გადაწყვეტილებით.

5.19. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლის პროგრამაში აღნიშნულ განცხადებაზე მოსარჩელეს არ ჰქონდა დატოვებული სამსახურებრივი კომენტარი. შიდა აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, 2020 წლის 02 მარტს წარმოდგენილ განმარტებით ბარათში მოსარჩელემ განმარტა, რომ მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია მინდობილობის გამო განცხადების შესაძლო დახარვეზებასთან დაკავშირებით, მაგრამ მათ მაინც მოითხოვეს ასეთი სახით განცხადების რეგისტრაცია. ამდენად, მან დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები“ (იხ. ტომი 1, ს.ფ 97-106).

5.20. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 18.03.2020 წლის N309/ს ბრძანებით, ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, ს.ს.ი.პ. საჯარო რეესრის ეროვნულ სააგენტოსა და ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული N2020/10/010 ხელშეკრულების N2 დანართით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის საფუძველზე განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დადასტურებულად ჩაითვალა ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტის (ოპერატორი), მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა და დასაქმებულის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის დარღვევისა და სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების გამო, შეეფარდა დისციპლინური სახდელი - შენიშვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ 90).

5.21. 31.03.2020 წელს გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსარჩელის შეფასების ფორმის თანახმად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მისი შეფასება სხვადასხვა კომპონენტებში საბოლოოდ განისაზღვრა 2.44 ქულით, რაც 5 ქულიანი შეფასების სისტემის გათვალისწინებით წარმოადგენდა დაახლოებით საშუალო და არადამაკმაყოფილებელ შეფასებას (იხ. ტომი 1, ს.ფ 76-78).

5.22. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 03.04.2020 წლის ბრძანებით მოსარჩელე 2020 წლის 01 აპრილიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველი გახდა გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლის 31.03.2020 წლის შეფასება (იხ. ტომი 1, ს.ფ 79).

5.23. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 2010 წლის 11 მაისიდან 2020 წლის 01 აპრილამდე მოსარჩელის მიერ მუდმივად ერთ თანამდებობაზე მუშაობის ფაქტი, რომლის დროსაც არ შეცვლილა მისი სამსახურებრივი ფუნქციები, ამასთან, მოსარჩელე სამსახურში 2010 წელს დასაქმდა სწორედ გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შედეგად, ხელმეორედ ამ ვადის დაწესება 2020 წლის დასაწყისში, ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, ხოლო კანონის მოთხოვნის ამ უხეში დარღვევის ფარგლებში (ე.წ. „გამოსაცდელი ვადის“ ფარგლებში) გამოვლენილ და დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ შემდგომ ქმედებებს: შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნებიდან გამომდინარე დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებასა და „არადამაკმაყოფილებელ“ შეფასებას - არ უნდა მისცემოდა სამართლებრივი შეფასება.

5.24. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (სსგს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირია (სსიპ) და ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. ასევე, სააგენტო 2012 წელს ს.ს.ი.პ. სამოქალაქო რეესტრის ბაზაზე დაარსდა, ხოლო „იუსტიციის სახლი“ კი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული. იუსტიციის სახლი მოქალაქეებს აწვდის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ს.ს.ი.პ-ების, სხვადასხვა საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის სერვისებს, რომლის მიზანია მომხმარებლისათვის, ერთი ფანჯრის პრინციპით, სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება, სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზება, რითაც იუსტიციის სახლი მნიშვნელოვნად ამარტივებს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობასა და მოქალაქეების ურთიერთობას საჯარო სექტორთან;

5.25. 2020 წლის იანვრიდან საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი და მმართველი ორგანო ს.ს.ი.პ. სერვისების განვითარების სააგენტო შეიცვალა ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლით, რომელიც ისევე როგორც სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. იუსტიციის სახლი მასზე დაკისრებული ფუქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტრული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების - ფილიალებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, მათ შორის არის ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრი. იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციები ფაქტობრივად იდენტურია სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციებთან, იუსტიციის სამინისტრო საჯარო სამართლის ორივე პირის მეშვეობით ახორციელებდა და ახორციელებს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებს, საქართველოს ეროვნული არქივის სერვისებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებზე განცხადებების მიღებასა და დოკუმენტების გაცემას და ა.შ. ამდენად, სახელმწიფო, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი ორგანოს - იუსტიციის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თავდაპირველად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის, ხოლო შემდგომ „იუსტიციის სახლის“ დაქვემდებარებაში გადაცემული საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ახორციელებს ერთიდაიგივე სახის სერვისებს და ემსახურება მოქალაქეებს.

5.26. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა შრომითი სფეროდან გამომდინარეობდა. ამ დავის ფარგლებში შესაფასებელი იყო იმყოფებოდა თუ არა მოსარჩელე ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლთან უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში და ჰქონდა თუ არა დამსაქმებელს უფლება დაეწესებინა დასაქმებულისათვის გამოსაცდელი ვადა. შესაბამისად, არსებობდა თუ არა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

5.27. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. შრომითი ურთიერთობა ემყარება ხელშემკვრელი მხარეების განსაკუთრებულ ნდობას და ურთიერთგაგებას. დასაქმებულისათვის ხელმისაწვდომი, ხშირად კონფიდენციალური ინფორმაციის გათვალისწინებით, მხარეები შედიან ერთმანეთთან ნდობაში და იღებენ პასუხისმგებლობასაც. პასუხისმგებლობის ფარგლები დამოკიდებულია დასაქმებულის თანამდებობაზე. მართალია, შრომითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ისეთ ურთიერთობას, რომელშიც დამსაქმებელი ყოველთვის წარმოადგენს ხელშეკრულების ე.წ. „ძლიერ“ მხარეს და შესაბამისად, ამ ურთიერთობათა მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული სამართლის წყაროები მნიშვნელოვანწილად უფრო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. თუმცა, აღნიშნული მიდგომები აბსოლუტურად გამოუსადეგარი და მცდარი იქნება, თუ გონივრულობის ფარგლებში არ მოვთხოვთ დამსაქმებელს დასაქმებულთა უფლებების დაცვას. მოთხოვნები დამსაქმებლების მიმართ არ უნდა იყოს გადამეტებულად მკაცრი, არაგონივრული და არაადეკვატური. დამსაქმებელი უფლებამოსილია აკონტროლოს შრომის ნაყოფიერების ხარისხი, შრომით მოვალეობათა შესრულების თანმიმდევრულობა და ასეთის არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს მკაცრი სანქციები. თუ დამსაქმებელი ვერ იქნება უფლებამოსილი, რომ წაახალისოს დაქირავებული კარგი მუშაობისათვის, ხოლო ცუდი მუშაობისათვის დასაჯოს იგი, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი სივრცე გარკვეულწილად აღმოჩნდება არაბუნებრივ მდგომარეობაში;

5.28. 2010 წლის 11 მაისიდან 2020 წლის 01 აპრილამდე, მოსარჩელე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლში, მას შრომითი ურთიერთობა წარმოეშვა დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებების საფუძველზე, რომელიც უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

5.29. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით მოსარჩელე 2020 წლის 01 აპრილიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საფუძვლად მიეთითა 2020 წლის 31 მარტის გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლის შეფასების ფორმა.

5.30. საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მოშალოს შრომითი ხელშეკრულება, თუმცა მხარეთა შორის უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენის პირობებში, უნდა შეაფასებულიყო სამართლებრივი თვალსაზრისით, რამდენად დასაშვები იყო მოსარჩელესთან გამოსაცდელი ვადის დანიშვნა;

5.31. „შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში;

5.32. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა რომ მოსარჩელე 2010 წლის 11 მაისიდან თანამშრომლობს დამსაქმებელთან - იუსტიციის სამინისტროსთან. ფაქტობრივად, იუსტიციის სამინისტრო თავის ამოცანებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, შესაბამისად, ეფექტური ფუნქციონირებისათვის, სამინისტრო უფლებამოსილია კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობის შესრულება ერთი ს.ს.ი.პ-ის ნაცვლად დააკისროს მეორეს ან საერთოდ შექმნას ალტერნატიული სამსახური სხვა ს.ს.ი.პ-ის განსატვირთად ან სხვა მიზნისათვის. ამდენად, კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს დებულების შესაბამისად.

5.33. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანებაში ცვლილების შესაბამისად, კონკრეტულ რაიონებში შეიქმნა საზოგადოებრივი ცენტრები, რომელთაც დაეკისრათ კონკრეტული ამოცანების შესრულება იუსტიციის სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის/მოპასუხის პოზიცია, რომ ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლი არის სხვა დამსაქმებელი და მოსარჩელის განწესება თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით ლეგიტიმური იყო. აპელანტის/მოპასუხის მითითება იმ გარემოებაზე, რომ იუსტიციის სახლს გააჩნდა განსხვავებული ფუნქცია-მოვალეობები არ შეესაბამება რეალობას, რადგან ორივე ს.ს.ი.პ-ს გააჩნია საერთო ძირეული ამოცანები.

5.34. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ს.ს.ი.პ. „იუსტიციის სახლი“ ახორციელებს სწორედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მიწოდებას მომხმარებლისათვის. მათ შორის საქმეში წარმოდგენილი ორივე ს.ს.ი.პ. ახორციელებდა და ახორციელებს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებს, საქართველოს ეროვნული არქივის სერვისებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებზე განცხადებების მიღებასა და დოკუმენტების გაცემას, მოქალაქეთა განცხადებების განხილვას, მათ ინფორმირებას კონკრეტულ საკითხებზე და ა.შ.

5.35. დადგენილი იყო, რომ 2010 წლის 11 მაისიდან 2019 წლის დეკემბრამდე 30 თვეზე მეტი ვადით, მოსარჩელე უწყვეტად მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და შემდეგში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში ოპერატორის თანამდებობაზე. სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების ვადა ყოველ ჯერზე უგრძელდებოდა გარკვეული ან განუსაზღვრელი ვადით 2020 წლის 01 იანვრამდე. თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა 30 თვეზე მეტი ვადით, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, მიიჩნეოდა, რომ მხარეებს შორის დადებული იყო არა ვადიანი, არამედ უვადო შრომითი ხელშეკრულება. ამდენად, მოსარჩელე სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრში ითვლება უვადოდ დასაქმებულ პირად.

5.36. თავად მოსარჩელეს პირადი, თუმცა ფორმალური, განცხადების საფუძველზე, შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და 2020 წლის 01 იანვრიდან იგი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის - ს.გ–ძის 2019 წლის 31 დეკემბრის N1149/კ ბრძანებით, ასევე პირადი განცხადების საფუძველზე, დაინიშნა ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალისტის (ოპერატორის) თანამდებობაზე, შრომითი ხელშეკრულებით 01 წლის ვადით. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უვადოდ დასაქმებულ პირს და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება მისდამი დაქვემდებარებული ს.ს.ი.პ-ებს შორის ფუნქცია-მოვალეობათა ახლებურად გადანაწილება ვერ გამოიწვევდა დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნას ან მის დანიშვნას სხვა პოზიციაზე გამოსაცდელი ვადით.

5.37. ამასთან, 30 თვიანი შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევისათვის, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ სხვა დასაქმებულთან დასაქმების ვადა იმ შემთხვევაში არ ჩაითვლება, როცა დასაქმებული თავისი ნებით იცვლის სამუშაო ადგილს და შრომით ურთიერთობაში შედის სხვა პირთან, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო.

5.38. ვინაიდან, მოსარჩელის განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან დათხოვნის შესახებ განპირობებული იყო სწორედ უფლებამოსილებების ახლებური განაწილებით, შესაბამისად, არ გამოხატავდა მოსარჩელის ნამდვილ ნებას. აღნიშნულს ადასტურებდა ის გარემოებაც, რომ მოკლე დროში (იმავე დღესვე) განწესდა ისევ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სტრუქტურულ დანაყოფში, ამდენად, მოსარჩელეს რეალურად არ შეუცვლია სამუშაო ადგილი, პოზიცია, ფუნქციები, ძირითადი უფლება-მოვალეობანი და იგი წარმოადგენდა ერთი და იმავე დამსაქმებელთან დასაქმებულ პირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს უფლება მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ დანაყოფთა შორის ფუნქცია-მოვალეობების ახლებური განაწილების შესახებ, შესაძლოა წარმოადგენდეს იარაღს არასასურველი კადრების თანამდებობიდან დათხოვნისათვის. ასეთ შემთხვევაში, ვერ იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლება, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, დაცული იყოს შრომის თავისუფლება, დაცული იყოს სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლებისაგან.

5.39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 01 იანვრამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ. სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრში უვადოდ დასაქმებული პირი, 2020 წლის 01 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ცენტრი გადავიდა საქართველოს იუსტიციის სახლის სისტემაში და გახდა მისი ტერიტორიული ორგანო, დამსაქმებელთან ასევე იმყოფებოდა უვადო შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში.

5.40. პალატამ აღნიშნა, რომ შრომის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა წერილობითი ფორმით.

5.41. როდესაც დამსაქმებელი აპირებს პირის სამუშაოზე მიღებას გამოსაცდელი ვადით, ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს სამუშაოს შეთავაზების განცხადებაში, რადგან გამოსაცდელი ვადით დასაქმება უკავშირდება ისეთ არსებით პირობას, როგორიცაა ხელშეკრულების ვადა, რაც საქართველოს შრომის კოდექსის მე-5 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ასახული უნდა იყოს შეთავაზებაში. სამუშაოს შეთავაზების შესახებ განცხადებაში ასახული ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს შრომითი ხელშეკრულების ჩამოყალიბებაში. განსახილველ შემთხვევაში კი, დამსაქმებელმა კანონის უხეში დარღვევით სადავო ბრძანებაში მიუთითა „გამოსაცდელ ვადაზე“. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „გამოსაცდელი ვადა“ არის შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით დათქმული ვადა, რომელიც შესაძლებელია დასაქმებულთან დაიდოს მხოლოდ ერთხელ არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.

5.42. საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ბათილია დასაქმებულთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას, ამავე კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5.43. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დამსაქმებლის სურვილი, გამოსცადოს შეეფერება თუ არა დასაქმებული შესასრულებელ სამუშაოს, ამართლებს ვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას. თუმცა „გამოცდას“ შეიძლება, ორმხრივი მნიშვნელობა ჰქონდეს და დასაქმებულის ინტერესებშიც შედიოდეს. აუცილებელი წინაპირობაა, რომ გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს შრომითი ურთიერთობის დასაწყისი. არ შეიძლება, რომ უკვე დაწყებულ შრომით ურთიერთობას მოსდევდეს გამოსაცდელი ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დადგება გამოსაცდელი ვადის მიზნის არსებობა.

5.44. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა რომ „გამოსაცდელი ვადა“ დამსაქმებელისა და დასაქმებულის ურთიერთშეცნობისა და შეფასების ვადაა. კანონი ნათლად ადგენს, რომ გამოსაცდელი ვადა მხოლოდ ერთჯერადი ხასიათისაა და ის გამოიყენება მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომელთა შრომითი უნარ-ჩვევები უცხოა დასაქმებულისათვის. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე დამსაქმებელთან იმყოფებოდა უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში, შესაბამისად, არ არსებობდა რაიმე სამართლებრივი საფუძველი მისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესებისა და ამ მიზნით მისი შეფასებისა, რის გამოც სადავო გადაწყვეტილება სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილია.

5.45. მოსარჩელე 2010 წლიდან მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ს.ს.ი.პ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, შემდეგ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. იგი დანიშნული იყო გამოსაცდელი ვადითაც და ამ ვადის გასვლის შემდეგ გააგრძელა დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით მოსარჩელე 2020 წლის 01 იანვრიდან დაინიშნა ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალისტის (ოპერატორის) თანამდებობაზე, შრომითი ხელშეკრულებით 01 წლის ვადით და 2020 წლის 03 იანვრის N16/კ ბრძანებით შეტანილი ცვლილებით, მოსარჩელესთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობის პირველი სამი თვე განისაზღვრა გამოსაცდელ ვადად. გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებელმა თვითნებურად და ცალმხრივად შეცვალა ხელშეკრულების პირობები და დასაქმებულთან შეთანხმების გარეშე შეიტანა ცვლილება ხელშეკრულებაში, რაც ასევე მიუთითებს მიღებული გადაწყვეტილების არალეგიტიმურ ხასიათზე და მის საფუძველზე შემდგომში მიღებულ გადაწყვეტილებებს უკარგავს კანონიერ და სამართლებრივ საფუძველს.

5.46. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში ერთგვარ ალტერნატივას სთავაზობს სასამართლოს, სახელდობრ, მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის, ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ან სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით კომპენსაციის მიკუთვნების შესახებ. დადგენილი იყო, რომ ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში ვაკანტური პოზიცია არ არსებობდა. ამასთან, მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მას უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე და მის ნაცლად დამსაქმებელს კომპენსაციის სახით დაეკისრა 7500 ლარის (ყოველთვიური ხელფასი 750 ლარი x 10 თვეზე) ანაზღაურება, არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, ამ გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა კომპენსაციის დაკისრების თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

5.47. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. ამ ნორმის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და სწორად იქნა დაკმაყოფილებული.

5.48. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ ვაკანტური პოზიციის არარსებობის გამო, არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, რის გამოც მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის გადახდა. სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობა კი, თავის მხრივ, გამორიცხავდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ გაითვალისწინა კასატორის განმარტებები, რამაც გამოიწვია საქმეზე სამართლებრივად არასწორი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ძირითადი საკითხი, რომელიც შეეხება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ხასიათს, კერძოდ კი - მის ვადას. სწორედ აღნიშნული არასწორი შეფასებიდან გამომდინარეობს ყველა სხვა დანარჩენი მტკიცება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

6.2. სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ 2010 წლიდან გათავისუფლების თარიღამდე დასაქმებულის ფუნქციები არ შეცვლილა, რაც ცალსახად არ შეესაბამება სიმართლეს.

6.3. ლანჩხუთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტისა და ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის დასაქმებულის ფუნქციები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. სამოქალაქო რეესტრის სპეციალისტის უფლებამოსილებები მოიცავს მხოლოდ ერთი მიმართულებით (სახელმწიფო სერვისების განვითარებას სააგენტოს, სამოქალაქო რეესტრის სერვისები) განცხადებების მიღებას და განხილვას, ხოლო საზოგადოებრივ ცენტრებში დასაქმებულთა უფლებამოსილებები მეტად მრავალმხრივია და ითვალისწინებს საზოგადოებრივი ცენტრის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადების მიღებასა და რეგისტრაციას, გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისთვის ინფორმაციის გადაცემასა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევას. საზოგადოებრივ ცენტრებში დასაქმებულები ახორციელებენ 5 სხვადასხვა სახელმწიფო უწყების (სახელმწიფო სერვისების განვითარებას სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეროვნული არქივი, სოციალური მომსახურების სააგენტო. ციფრული მმართველობის სააგენტო) 300-მდე სხვადასხვა სერვისის მიწოდებას. მითითებული უფლებამოსილებები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად, გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული არგუმენტები, გაურკვეველი და არასწორია.

6.4. დასაქმებულის ფუნქციები 2010 წლის მაისიდან 2018 წლის 4 მაისამდე (როდესაც მოსარჩელე დაინიშნა ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში) და 04.05.2018 წლიდან 01.04.2020 წლამდე (ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმების პერიოდი) მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მართალია საზოგადოებრივ ცენტრში მუშაობის პერიოდში მოსარჩელის უფლებამოსილების სფერო ძირითადად არ შეცვლილა და თითქმის იგივე დარჩა, თუმცა, შეიცვალა მისი ვალდებულებები, რომელიც გამომდინარეობდა ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის მიერ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომლებშიც დეტალურად არის გაწერილი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მიერ შესასრულებელი ვალდებულებები (მათ შორის, ასეთი ხელშეკრულება გაფორმებულია მოსარჩელის ყოფილ დამსაქმებელთან, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან).

6.5. საზოგადოებრივი ცენტრების მართვა დაექვემდებარა ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის კონტროლს, შესაბამისად, განხორციელდა დამსაქმებლის ცვლილება, ს.ს.ი.პ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რაიმე სამართლებრივ ბმაში აღარ არის მის ყოფილ თანამშრომლებთან. უტყუარი ფაქტია, რომ მოსარჩელე ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 31 დეკემბრის №1149/კ ბრძანების საფუძველზე, ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლად დაინიშნა 2020 წლის 01 იანვრიდან. ამ შემთხვევაში, იუსტიციის სახლი წარმოადგენდა ახალ დამსაქმებელს და მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოიშვა ახალი შრომითი ურთიერთობა.

6.6. მოსარჩელემ დასაქმების მიზნით 2019 წლის 10 დეკემბერს მიმართა ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლს და იმავე დღეს ხელწერილით დაადასტურა, რომ გაეცნო ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის შინაგანაწესს, რომლითაც დეტალურად არის მოწესრიგებული დასაქმებულის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხები. შესაბამისად, მოსარჩელისათვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ მისი დანიშვნა კასატორთან განხორციელდებოდა გამოსაცდელი ვადის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ, მან მოპასუხეს დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართა, შესაბამისად, დასაქმებულის მხრიდან არსებობდა თანხმობა თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით.

6.7. მოსარჩელეს არასდროს გაუხდია სადავოდ ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა მისი დანიშვნის ბრძანებაში და მუშაობის პირველი სამი თვე განისაზღვრა გამოსაცდელ ვადად, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელე მას დაეთანხმა.

6.8. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მოსარჩელის შეფასება, ისე მიიჩნია ის ბათილად.

6.9. სააპელაციო სასამართლო თავისივე გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ კომპენსაციასთან ერთად იძულებითი განაცდურის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, თუმცა მიუხედავად სასამართლოს აღნიშნული მსჯელობისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა სრულად უცვლელად.

6.10. დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება შვებულების გამოუყენებელი დღეების ანაზღაურების თაობაზე. დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე. შრომის კოდექსის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქცია ზუსტად განსაზღვრავდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის იმ საფუძვლებს, რომელი საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაშიც, დასაქმებული უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჩამონათვალი არ ითვალისწინებდა იმ საფუძველს, რომელმაც გამოიწვია მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების მოშლა (გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი შეფასება), შესაბამისად, მოთხოვნა არაკანონიერია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. შვებულების გამოუყენებელი დღეების ანაზღაურების საკითხთან მიმართებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა გათავისუფლების დროს მოქმედი შრომის კოდექსის შესაბამისი რედაქციით, რომელიც გამორიცხავდა შვებულების ანაზღაურებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია იმყოფებოდნენ თუ არა მხარეები ერთმანეთთან შრომით ურთიერთობაში განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და გააჩნდა თუ არა მოპასუხეს უფლება 31.12.2019 წლის შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელისათვის დაეწესებინა გამოსაცდელი ვადა.

10. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2010 წლის 11 მაისს, მოსარჩელე 3 თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლანჩხუთის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, რის შემდეგაც 11.08.2010 წლიდან განუსაზღვრელი ვადით გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა; 2012 წლის 16 ივლისიდან მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლანჩხუთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით; 2018 წლის 04 მაისიდან 2020 წლის 04 მაისამდე (პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადით) მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში ოპერატორად, საიდანაც პირადი განცხადების საფუძველზე 2020 წლის 01 იანვრიდან გათავისუფლდა და დაინიშნა ს.ს.ი.პ. „იუსტიციის სახლის“ ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალისტის (ოპერატორი) თანამდებობაზე, ერთი წლის ვადით, პირველი სამი თვის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 750 ლარს; მოსარჩელე ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 03.04.2020 წლის ბრძანებით 2020 წლის 01 აპრილიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელ ვადში მიღებული უარყოფითი შეფასების საფუძველზე.

11. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან დასაქმებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. ამ კუთხით საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნტის მიხედვით, იუსტიციის სახლი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების (ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და მობილური იუსტიციის სახლების) მეშვეობით. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 დეკემბრის №481 ბრძანებით, ცვლილება შევიდა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ” იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში და იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრების ჩამონათვალში მიეთითა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრი. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, პირები, რომლებიც 2019 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით დასაქმებულები იყვნენ საზოგადოებრივ ცენტრებში, სსიპ იუსტიციის სახლში მათი გადანიშვნა შესაძლებელი იყო მენეჯერ-ოპერატორისა და ოპერატორის თანამდებობაზე. მენეჯერ-ოპერატორის თანამდებობა გაუთანაბრდა დებულებით გათვალისწინებულ უფროსი სპეციალისტის თანამდებობას, ხოლო ოპერატორის თანამდებობა _ სპეციალისტის თანამდებობას. უდავოა, რომ ორივე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციონირების პრინციპები და მიმართულებები იდენტურია და მოსარჩელე ჯერ სერვისების სააგენტოს მიერ მართული საზოგადოებრივი ცენტრის, ხოლო შემდგომ იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოს - საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით უზრუნველყოფდა ერთიდაიმავე ფუნქციის შესრულებას. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე 2010 წლის 11 მაისიდან 2020 წლის 01 იანვრამდე, 30 თვეზე მეტი ვადით უწყვეტად იყო დასაქმებული ერთიდაიმავე ფუნქციით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ერთი და იგივე დანიშნულების მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-13 ნაწილიდან გამომდინარე (ამჟამად მოქმედი შკ-ის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილი) მხარეებს შორის დადებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება.

12. სადავო პერიდში მოქმედი შრომის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (ამჟამად მოქმედი შკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი) შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. კანონი ნათლად ადგენს, რომ გამოსაცდელი ვადა მხოლოდ ერჯერადი ხასიათისაა და ის გამოიყენება მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომელთა შრომითი უნარ-ჩვევები უცხოა დამსაქმებლისათვის (იხ. სუსგ. №ას-419-2022, 27.05.2022 წ.) აუცილებელი წინაპირობაა, რომ გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს შრომითი ურთიერთობის დასაწყისი. არ შეიძლება, რომ უკვე დაწყებულ შრომით ურთიერთობას მოსდევდეს გამოსაცდელი ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დადგება გამოსაცდელი ვადის მიზნის არსებობა. „გამოსაცდელი ვადა“ დამსაქმებელისა და დასაქმებულის ურთიერთშეცნობისა და შეფასების ვადაა.

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან მოსარჩელე დამსაქმებელთან 2010 წლიდან იმყოფებოდა უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში და მას ერთხელ უკვე გავლილი ჰქონდა გამსაცდელი ვადა, არ არსებობდა მისთვის 2020 წელს გამოსაცდელი ვადის განმეორებით დაწესების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ბათილია დასაქმებულთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას, ამავე კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან მართებულად იქნა მიჩნეული კანონსაწინააღმდეგოდ შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომლითაც მოსარჩელეს დაუწესდა გამოსაცდელი ვადა.

13. ვინაიდან, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო უკანონოდ დაწესებულ გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებული შეფასება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მართებულად იქნა ცნობილი ბათილად.

14. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით (29.09.2020, #7177 ცვლილებამდე), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31.05.2019წ.; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.) მითითებულ ნორმასთან მიმართებით, საკასაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც უნდა გათვალისწინებულ იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალის განჩინება, №ას-536-2021, 2021 წლის 21 სექტემბერის განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდ იყო დადგენილი, რომ ლანჩხუთის საზოგადოებრივ ცენტრში ვაკანტური პოზიცია არ არსებობდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დამსაქმებელს მართებულად დაეკისრა კომპენსაციის სახით 7500 ლარის (ყოველთვიური ხელფასი 750 ლარი x 10 თვეზე) ანაზღაურება.

15. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას კომპენსაციასთან ერთად იძულებით განაცდურის დაკისრების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, რადგან სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, იძულებითი განაცდურის დაკისრება დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის თანმდევ სამართლებრივ შედეგად განიხილებოდა. ამგვარადვე იყო ფორმულირებული მოსარჩელის მოთხოვნაც 2020 წლის 04 ივნისს სასამართლოში წარდგენილ სარჩელშიც და შემდეგ, 2020 წლის 11 აგვისტოს წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელშიც, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას სამუშაოზე აღდგენამდე. მართალია, საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ამავე კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით (ცვლილება: №7177, ძალაშია: 05.10.2020-დან) განისაზღვრა დასაქმებულის უფლება _ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2020 წლის 01 აპრილიდან. საქართველოს შრომის კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით, კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა და შესაბამისად, 2020 წლის 29 სექტემბერს კანონში განხორციელებული ცვლილებები ვერ გავრცელდება სადავო პერიოდზე. მართალია, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითებს, რომ კომპენსაციასთან ერთად იძულებითი განაცდურის დაკისრების საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს აღნიშნული მსჯელობისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.

ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან სამუშაოზე აღდგენის სანაცვლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებულ კომპენსაციასთან ერთად მოპასუხისათვის იძულებით განაცდურის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რაც აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის მოთხოვნის ნაწილში ე.ა–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში, ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის სააპელაციო საჩივარში, საჩივრის ფასი მითითებულია 35152.17 ლარი, რაც მოიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლებს: სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული კომპენსაციის თანხას _ 7500 ლარს, დაკისრებულ იძულებითი განაცდურის თანხას ყოველთვიურად 750 ლარს სამ წელზე გაანგარიშებით _ 27000 ლარს და 20 დღის გამოუყენებელ შვებულებას _ 652.17 ლარს. სარჩელის ფასის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოში გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 35152.17 ლარის 4% _ 1406.08 ლარის ოდენობით.

კასატორმა სრულად გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საკასაციო საჩივრის ფასი მიუთითა 25500 ლარი, რის შესაბამისადაც გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 5% - 1275 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის მიხედვით, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლების მხედველობაში მიღებით, როგორც სააპელაციო სასამართლოში, ისე საკასაციო სასამართლოში საჩივრის ფასი შეადგენს 17152 ლარს და 17 თეთრს (7500+9000+652.17), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 686 ლარით და 08 თეთრით (17152.17 ლარის 4%), ხოლო საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი განისაზღვრება 857 ლარით და 60 თეთრით (17152.17 ლარის 5%). ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 1406.08 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 720 ლარი, ხოლო ე.ა–ძეს ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 360 ლარის (იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში საჩივრის ფასის _9000 ლარის 4%) გადახდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. ასევე, ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 1275 ლარიდან, უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 857.60 ლარი, ხოლო ე.ა–ძეს ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 450 ლარის (იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში საჩივრის ფასის _9000 ლარის 5%) გადახდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის

2021 წლის 20 აპრილის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ე.ა–ძის სარჩელი ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის მიმართ იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. ე.ა–ძეს ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის სასარგებლოდ დაეკისროს 810 (რვაასათი) ლარის გადახდა სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

6. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1406.08 ლარიდან), დაუბრუნდეს 720 ლარი (თარიღი: 03.02.2021, საგადასახადო მოთხოვნა: #03118; სააბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 300183150).

7. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1275 ლარიდან), დაუბრუნდეს 857 ლარი და 60 თეთრი (თარიღი: 07.06.2021, საგადასახადო მოთხოვნა: #14111; სააბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 300773150).

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია