Facebook Twitter

07 აპრილი 2021 წელი

№ას-1085-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ გ.ჭ–ია, გ.ჩ–ძე (მოსარჩელეები)

მოპასუხე _ რ.კ–ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ავტოავარიის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.ჭ–იამ და გ.ჩ–ძემ სარჩელი აღძრეს რ.კ–ძის და ს.კ–ძის მიმართ მატერიალური ზიანის _ 7292 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით. ასევე, გ.ჩ–ძის სასარგებლოდ რ.კ–ძისა და ს.კ–ძისათვის მატერიალური ზიანის _ 2000 ლარისა და მორალური ზიანის _ 2000 ლარის დაკისრების თაობაზე. ამასთან, მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლეს რ.კ–ძის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით, გ.ჭ–იასა და გ.ჩ–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე რ.კ–ძეს (პ/ნ ......) აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონებების მდებარე: ქ.თბილისში, ........ მდებარე #67 ბინის (ს/კ # ......, ფართი 94.90 კვ.მ.) და ქ.თბილისში, .......... მდებარე სხვენის (მე-3 სართულის თავზე) (ს/კ # ........., ფართი 49.40 კვ.მ.) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ჭ–იასა და გ.ჩ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ს.კ–ძეს გ.ჭ–იას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 7282 ლარის გადახდა. ს.კ–ძეს გ.ჩ–ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით _ 858.43 ლარისა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით _ 2000 ლარის გადახდა. ს.კ–ძეს გ.ჭ–იას სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 218.46 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა. ს.კ–ძეს გ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 85.75 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა. ს.კ–ძეს გ.ჭ–იასა და გ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 405.61 ლარის გადახდა. სარჩელი რ.კ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. ს.კ–ძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. გ.ჭ–იამ და გ.ჩ–ძემ კი _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის რ.კ–ძის ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით გ.ჭ–იასა და გ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ს.კ–ძის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინება მომზადდა 2021 წლის 06 აგვისტოს, გაეგზავნათ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს. გ.ჩ–ძის და გ.ჭ–იას წარმომადგენელს განჩინება ჩაბარდა 2021 წლის 30 სექტემბერს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ს.კ–ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინებით ს.კ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

2021 წლის 16 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რ.კ–ძის წარმომადგენელმა ლ.უ–ძემ, რომელმაც სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით რ.კ–ძის წარმომადგენლის ლ.უ–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება _ მოპასუხე რ.კ–ძისათვის ქ.თბილისში, ....... (ს/კ #......, ფართი 94.90 კვ.მ) და ქ.თბილისში, ...... მდებარე სხვენის (ს/კ #....., ფართი 49.40 კვ.მ) გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ _ შეიცვალა უზრუნველყოფის მეორე სახით _ ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 11000 ლარის განთავსებით (16.12.2021, სალაროს შემოსავლის ორდერი #211216131520905, ს.ს. ,,თ.ბ–ი"). გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რ.კ–ძეს (პ/ნ ......) აეკრძალა ქ.თბილისში, ........ მდებარე #67 ბინის (ს/კ #.........., ფართი 94.90 კვ.მ) და ქ.თბილისში, ........ მდებარე სხვენის (ს/კ #.........., ფართი 49.40 კვ.მ) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 მარტის განჩინებით ს.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ჭ–იას და გ.ჩ–ძის სარჩელი რ.კ–ძის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინება გ.ჭ–იას და გ.ჩ–ძეს ჩაბარდათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და მათ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ მოპასუხე ს.კ–ძის მიერ. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება რ.კ–ძის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 11000 ლარის განთავსებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1991-ე 264.2-ე,284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის №ას-1085-2021 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რ.კ–ძის მიერ ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 11000 ლარის განთავსების შესახებ (შეტანის თარიღი: 16.12.2021, შემომტანი: რ.კ–ძე, სალაროს შემოსავლის ორდერი #211216131520905, ს.ს. ,,თ.ბ–ი") და ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა - 11000 (თერთმეტიათასი) ლარი დაუბრუნდეს რ.კ–ძეს (პ/ნ .....)

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია