საქმე №ას-26-2021 26 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.11.2020 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.02.2019 წლის გადაწყვეტილებით ს.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 01.01.2015 წლიდან 01.12.2018 წლამდე იძულებით განაცდური დროის ხელფასის სახით 58656 ლარის ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. მოსარჩელე მოპასუხის დირექტორის 15.09.2014 წლის №2353-კ ბრძანების საფუძველზე, 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის წარმოების პროცესში პროდუქციის ხარისხის შემოწმების სამმართველოს უფროსი კონტროლიორის თანამდებობაზე. მხარეთა შორის 15.09.2014 წელს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იგი იმავე პირობებით, გარდა 3-თვიანი გამოსაცდელი ვადის პირობებისა, ავტომატურად გაგრძელდებოდა 31.12.2014 წლამდე, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე უარს არ განაცხადებდნენ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 1248 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). სამთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა იმავე წლის 31 დეკემბრამდე. მოპასუხის 31.12.2014 წლის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 01.01.2015 წლიდან, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება მოსარჩელეს ჩაჰბარდა 16.01.2015 წელს.
1.2. მოსარჩელემ 03.02.2015 წელს სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.03.2016 წლის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.11.2015 წლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. მოსარჩელემ 07.09.2017 წელს წარდგენილი „დაზუსტებული სარჩელით“ თავდაპირველად წარდგენილ მოთხოვნებთან ერთად, მოითხოვა, მოპასუხისათვის იძულებით განაცდური ხელფასის დაკისრება 01.01.2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1248 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.11.2017 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.05.2018 წლის გადაწყვეტილებით აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.11.2018 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.05.2018 წლის გადაწყვეტილების ნაწილობრივი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის გენერალური დირექტორის 31.12.2014 წლის №36863 ბრძანება მოსარჩელისათვის შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხის შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურების სახით, 01.01.2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1248 ლარის დაკისრების შესახებ დარჩა განუხილველად.
1.3. განსახილველ დავაში, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის საფუძვლით და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ 31.01.2015 წელს სარჩელის შეტანით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის ნაწილში, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის დენა გაგრძელდა, შესაბამისად, რამდენადაც ხანდაზმულობის ვადა დაიწყო მოსარჩელისათვის დათხოვნის საფუძვლების წერილობითი დასაბუთების ჩაბარებიდან (22.01.2015წ.), ამ ვადის გაშვების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 138-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტილად მიჩნევა. ასევე, ადგილი არ აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 275-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევას, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაშიც, მოსარჩელე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს განმეორებით.
1.4. სასამართლოს განმარტებით, განაცდურის ანაზღაურება თავისი არსით ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს და ასეთი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 32-ე მუხლის პირველ პუნქტთან ერთად, წარმოადგენს ამავე კოდექსის 44-ე მუხლი, სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი და 411-ე მუხლი. რამდენადაც მოთხოვნა, განაცდურის ანაზღაურების შესახებ, წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან წარმოშობილ ზიანს, ასეთ მოთხოვნაზე გამოყენებული უნდა იქნეს არა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი (30-დღიანი), არამედ სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 01.01.2015 წელს - დათხოვნის დღიდან, ანუ როდესაც შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად, ამ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა იწურებოდა 01.01.2018 წელს. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.11.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელის განუხილველად დატოვების შემდეგ, მოსარჩელემ 6 თვის ვადაში - 13.12.2018 წელს - შემოიტანა ახალი სარჩელი, რომელიც წარმოებაში იქნა მიღებული, შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა პირველი (დაზუსტებული) სარჩელის წარდგენის მომენტიდან - 07.09.2017 წელს. ამრიგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ ხანდაზმული არ იყო.
1.5. სასამართლოს მითითებით, ფაქტობრივი გარემოება 01.01.2015 წლიდან მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის შრომითი ხელშეკრულების კანონდარღვევით შეწყვეტის შესახებ დადგენილია ამავე მხარეებს შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.11.2018 წლის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, უდავოა, რომ დასაქმებულის იძულებითი მოცდენა გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალით. ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე დღემდე არ აღუდგენიათ სამუშაოზე, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 01.01.2015 წლიდან 01.12.2018 წლამდე იძულებით განაცდური დროის ხელფასის სახით 58656 ლარის ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.11.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სარჩელი ხანდაზმული არ იყო.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ 03.02.2015 წელს სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ, ხოლო 07.09.2017 წელს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით, თავდაპირველად წარდგენილ მოთხოვნებთან ერთად, მოითხოვა, მოპასუხისათვის იძულებით განაცდური ხელფასის დაკისრება. უდავოდაა დადგენილი ისიც, რომ მითითებულ საქმეზე 16.11.2018 წელს საკასაციო სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის გენერალური დირექტორის 31.12.2014 წლის №36863 ბრძანება მოსარჩელისთვის შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და დადგინდა მისი სამუშაოზე აღდგენა, ხოლო დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ დარჩა განუხილველად (იხ. ტ.1, ს.ფ. 33-39). წინამდებარე საქმეში, მოსარჩელე ითხოვს იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების საფუძველზე. ამრიგად, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
9. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.
10. კასატორის პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულობას შეეხება. იგი მიუთითებს სშკ-ის 38-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოსარჩელეს იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღეში არ წარუდგენია, მან გაუშვა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს არა იმ ბრძანების მართლზომიერება და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების კვლევა, რომლის მიმართაც ვრცელდება სშკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით (დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ) დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, არამედ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის უკანონო გადაწყვეტილებით გამოწვეული იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, რომელთან მიმართებითაც სშკ არ აწესებს სპეციალურ ნორმას. საკასაციო პალატა სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე (შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით) მითითებით განმარტავს, რომ ვინაიდან სახელფასო ანაზღაურება წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სასარგებლოდ ყოველთვიურად შესასრულებელ ვალდებულებას, მასზე სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაცია გავრცელდება, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია (შდრ. სუსგ №ას-567-538-2014, 30.12.2014წ; №ას-1937-2018, 15.03.2019წ., პ.18; №ას-1068-2021, 18.03.2022წ., პ.35; №ას-49-2022, 15.04.2022წ.).
12. მოსარჩელეს მოპასუხის 31.12.2014 წლის ბრძანების საფუძველზე შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 01.01.2015 წლიდან (იხ. ტ.1, ს.ფ.20). იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დაზუსტებული სარჩელი მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ 3-წლიან ვადაში - 07.09.2017 წელს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.11.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელის განუხილველად დატოვების შემდეგ, მოსარჩელემ 6 თვის ვადაში - 13.12.2018 წელს - შემოიტანა ახალი სარჩელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 2-8). შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა პირველი (დაზუსტებული) სარჩელის წარდგენის მომენტიდან - 07.09.2017 წელს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს შეუზღუდავად შეუძლია, ახალი სარჩელის აღძვრა, თუ აღმოიფხვრება სარჩელის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. სწორედ ასეთი შემთხვევისათვის ადგენს სსკ-ის 140-ე მუხლი, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება, მაგრამ, თუ პირი განუხილველად დატოვებიდან 6 თვის განმავლობაში აღძრავს ახალ სარჩელს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს და განიხილავს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის წარდგენის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-652-2019, 27.12.2019წ., პ. 6.1.3; №ას-291-2021, 29.04.2021წ., პ. 34). ამრიგად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის და არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 2932.80 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 2052.96 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დ–ას“ (ს/კ .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2932.80 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #05314, გადახდის თარიღი 15.03.2021წ.) 70% – 2 052.96 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია