საქმე №ას-547-2020 14 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „ტ.გ–ი“, პ.გ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ტ.გ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და პ.გ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად - „მოსარჩელეები“ ან „კასატორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფის მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს:
1.1. მოპასუხის მიერ, 20.01.2017 წელს, პირად „ფეისბუკის“ („Facebook“-ის) გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან შემდეგი წინადადებების უარყოფა: 1) „შემდეგ ვთხოვეთ სტატიკური ბანერის დამზადება, რომლის ფასი პრაისში იყო 50 დოლარი, თუმცა ლივინგსტოუნმა ფასი შეცვალა და 150$ მოითხოვა“; 2) „შევახსენეთ მოწოდებულ ფასებზე. პასუხი ასეთი იყო - მაშინ არ გვიღირს“, მოპასუხის მიერ პირად „ფეისბუკის“ გვერდზე საჯარო განცხადების განთავსების გზით.
1.2. 20.01.2017 წლის განცხადების კომენტარებში მოპასუხის მიერ დაწერილი შემდეგი წინადადებების უარყოფა: 1) „ორი კლასის განათლება არ აქვთ არც კლიენტთან ურთიერთობაში, არც სეილსა და მარკეტინგში“; 2) „პავლესავით 2 კლასის customer servise - ით არ ვეურთიერთობები ჩემს კლიენტებსა თუ პაციენტებს“, და გამოქვეყნებული ცნობების გამო, მოპასუხის მიერ მეორე მოსარჩელისათვის ბოდიშის მოხდა, მოპასუხის მიერ პირად „ფეისბუკის“ გვერდზე საჯარო განცხადების გამოქვეყნებით.
1.3. მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული განცხადებების საჯაროდ გამოქვეყნება, განცხადებების გამოქვეყნების თარიღით, თავის ამჟამინდელ (https:www.facebook.com/k.m.) და სამომავლო „ფეისბუკ“ გვერდზე (რომელსაც უნდა ჰყავდეს მინიმუმ იმავე რაოდენობის გამომწერი) სულ მცირე სამი თვის მანძილზე, აგრეთვე, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოპასუხის მიერ საჯაროდ დაწერილ განცხადებებში ცვლილების განუხორციელებლობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.11.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. პირველი მოსარჩელე წარმოადგენს სარეკლამო ბაზარზე მოქმედ კომპანიას, რომელიც საქმიანობს კუთვნილი სასაქონლო ნიშნით „ლივინგსტოუნი“. იგი არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მიღებული აქვს საერთაშორისო ფესტივალის, კანის ლომების არაერთი პრიზი. 2016 წელს შავი ზღვის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე პირველი მოსარჩელე დასახელდა საუკეთესო ქართულ სააგენტოდ.
2.2. მეორე მოსარჩელე არის პირველი მოსარჩელის ციფრული რეკლამის განყოფილების დირექტორი, აქვს სხვადასხვა კომპანიაში საქმიანობის, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე, ხანგრძლივი გამოცდილება, მიღებული აქვს უმაღლესი განათლება მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით, ფლობს არაერთ სერტიფიკატს.
2.3. 19.01.2017 წელს შპს „ნ.ლ.ჯ–ის“ წარმომადგენელი, ს.უ–ა s@n.com ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა მეორე მოსარჩელეს ელექტრონულ მისამართზე p@l.com, აცნობა, რომ სურდა კომპანიისთვის სტატიკური ბანერის დამზადება და აინტერესებდა მომსახურების ფასი. ბანერზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო მათი კომპანიის ლოგო (რაც მითითებული იყო ბმულში), ასევე - ბავშვის სურათი და ტექსტი: „Surrogacy worldwide“, „New Live Global Network“. მეორე მოსარჩელემ დააზუსტა ბანერის ზომები, ასევე ის ფაქტი, ჰქონდათ თუ არა კილობაიტების შეზღუდვა ან რაიმე დამატებითი პარამეტრები, რაც უნდა გაეთვალისწინებინათ. მეორე მოსარჩელემ განმარტა, რომ სტატიკური ბანერის ფასი იყო 150 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე, რომელშიც შედიოდა სამი ზომა და მოითხოვა კონკრეტული ვადის დაზუსტება, რათა გაერკვია, რამდენად შეძლებდნენ მის დამზადებას. ამის საპასუხოდ, ს.უ–ამ დააზუსტა, რომ ბანერი უნდა ყოფილიყო ნიმუშად გაგზავნილის ზომის (მხარეთა განმარტებით, 330-110 პიქსელის ზომა), ხოლო კილობაიტებში ან პარამეტრებში შეზღუდვა არ ჰქონდათ. ვადასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ესაჭიროებოდათ, თუმცა იქამდე უნდა გადაემოწმებინა ფასი. იმავე დღეს ელექტრონული წერილით ს.უ–ამ შეატყობინა მეორე მოსარჩელეს, რომ ესაუბრა მენეჯერს, რომლისგანაც მიიღო ინფორმაცია, რომ ასეთ ბანერზე 50 აშშ დოლარზე მეტს არცერთი კომპანია არ ართმევდა და შესთავაზა, თუ შეძლებდნენ ამ ფასად (50 აშშ დოლარად) ბანერის დამზადებას. მეორე მოსარჩელემ ს.უ–ას გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ ამ ზომის ბანერზე მუშაობა საერთოდ არ ღირდა მათი მხრიდან, იმდენად მცირე ზომის იყო, არანაირი კრეატივის საშუალებას არ იძლეოდა, როცა ლოგო და ტექსტიც დასატანი იყო. მხოლოდ ტექნიკურად ბანერის შესრულება მათთვის არ იყო საინტერესო არც 150 აშშ დოლარზე შეთანხმების შემთხვევაში, რადგან დიზაინერს არ ჰქონდა საშუალება თავისი ხედვა წარმოეჩინა.
2.4. იმავე დღეს, შეკვეთის მიღებაზე უარის შემდეგ, მეორე მოსარჩელეს ელექტრონულ ფოსტაზე შპს „ნ.ლ.ჯ–ის“ წარმომადგენელმა - მოპასუხემ გაუგზავნა შემდეგი შინაარსის წერილი: „ბატონო პ–ე, მოგესალმებით. სრულიად მესმის თქვენი პასუხი ბანერის კრეატიულ დიზაინთან დაკავშირებით, მაგრამ იმედია გესმით კარგად, კლიენტის მოთხოვნა უპირველესია და პლიუს ამას სამხატვრო დიზაინერულ კონკურსს არ ვატარებთ, არამედ გარკვეული კონკრეტული მიზნისათვის ზუსტად ასეთი, არაკრეატიული ბანერია საჭირო ჩვენთვის ამ ეტაპზე. თქვენმა პასუხმა კი, როგორც მარკეტინგული კომპანიიდან პასუხმა, სრულიად დაგვშოკა. შესაძლოა, ბანერი არ გიღირდეთ, მაგრამ ლოიალური კლიენტების შეძენა უნდა გიღირდეთ ... იქნებ ბანერის გარდა რა სერვისებს გიკვეთავთ კიდევ სამომავლოდ, ხომ? თქვენ თქვენი პასუხით როგორ მესიჯს აგზავნით საზოგადოებაში, როგორც მარკეტინგული კომპანია? მარკეტინგი ქართულად! წარმატებებს გისურვებთ, მე კი ამ ამბავს აუცილებლად გავასაჯაროვებ, რათა ხალხმა იცოდეს, რომ ყველაზე არამარკეტინგული მესიჯებით ეურთიერთობებით ხალხს მარკეტინგული კომპანიის სახელით.“ აღნიშნულთან დაკავშირებით მეორე მოსარჩელემ უპასუხა მოპასუხეს: „არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ ჩემი მიდგომა ასეთია - ნებისმიერი პროექტი, რასაც ვაკეთებთ, საინტერესო უნდა იყოს ორივე მხარისათვის. მხოლოდ ფინანსური ინტერესი ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არაა. ვერც იმაში დაგეთანხმებით, რომ კლიენტს რაც სურს, შემსრულებელმა აუცილებლად უნდა შეასრულოს. რაც შეეხება ამ ამბის გასაჯაროვებას, თქვენი ნებაა.“ მეორე დღეს, 20 იანვარს გაგზავნილ წერილში მოპასუხემ აღნიშნა, რომ ეს იყო მარკეტინგი ქართულად, ინდოელი მარკეტოლოგი იმავე ბანერს 10 დოლარად უმზადებდა, თუმცა, კომპანიამ მათი სახით საკმაოდ მნიშვნელოვანი კლიენტი დაკარგა. 150 აშშ დოლარად შეეძლოთ მათი სურვილის შესრულება და 50 აშშ დოლარად აღარ უღირდათ, რაზეც მეორე მოსარჩელემ გამოთქვა გაკვირვება, თუ რატომ გადაწყვიტეს, რომ 150 აშშ დოლარად უღირდათ.
2.5. 20 იანვარს, 15:03 საათზე მოპასუხემ პირად „ფეისბუკის“ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც შეეხებოდა შპს „ნ.ლ.ჯ–ას“ და პირველ მოსარჩელეს შორის განხორციელებული მიმოწერის შინაარსს, კერძოდ, აღნიშნა: „კომპანია ლივინგსტოუნს ვთხოვეთ ფასების გადმოგზავნა მათ სხვადასხვა სერვისებზე... შემდეგ ვთხოვეთ სტატიკური ბანერის დამზადება, რომლის ფასი პრაისში იყო 50 დოლარი, თუმცა ლივინგსტოუნმა ფასი შეცვალა და 150 დოლარი მოითხოვა. შევახსენეთ მოწოდებულ ფასებზე. პასუხი ასეთი იყო: „მაშინ არ გვიღირს“. ჩვენ კი ახლა ინდოელი მარკეტოლოგი მაგ ბანერს 10 აშშ დოლარად გვიმზადებს, მაგრამ ეს მარკეტინგი ქართულად არ მესმის, როდესაც შენი ლოიალური კლიენტების ბაზა ვერ შეგიქმნია და საკუთარი თავის მარკეტინგი ვერ გაგიკეთებია, სხვას რა მარკეტინგი უნდა გაუკეთო. ნუ სიტყვის ფასის არცოდნაზე აღარაფერს ვამბობ. მოკლედ, ერიდეთ ლივინგსტოუნს და ვისაც გსურთ ნებისმიერი მარკეტინგული სამუშაო, ვებ გვერდების დამზადებიდან, SEO, content writing, digital marketing, banner etc მომწერეთ მე, დაგაკავშირებთ ბევრად ხარისხიან ხალხს 1/10 ფასებში.“ განცხადებას მოჰყვა სხვადასხვა პირთა კომენტარი მათი შეფასებებისა თუ პირადი გამოცდილებების გაზიარების სახით, ასევე იმ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რომელმაც მოპასუხეს დაბალ ფასად დაუმზადა ბანერი და სხვა. მოპასუხის განცხადებაზე კომენტარი დატოვა მეორე მოსარჩელემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი მონათხრობი არ შეესაბამებოდა რეალობას და ამ ამბის სწორი ინტერპრეტაციისათვის გაგზავნა „ლივინგსტონის“ პასუხი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხემ მეორე მოსარჩელესთან მიმართებით კომენტარებში დაწერა შემდეგი: ა) 21 იანვარს, 11:47 საათზე: „რა უნდა ელაპარაკო ამათ თ–ნ ხომ ხედავ ორი კლასის განათლება აქვთ არც კლიენტებთან ურთიერთობაში არც სეილსა და მარკეტინგში“. ბ) 21 იანვარს, 11:21 საათზე: „უი უი გენათალე შენა, ლა პატალა ბიჭი ყოფილხარ ეხლა ვნახე შენი ფოტოები. მეც არავთქვი მარკეტინგ კომპანიის დირექტორიო და მოვინდომე ჰაი ფაივ სერვისი“. გ) 21 იანვარს, 11:33 საათზე: „მე ზუსტად ვიცი ვერ ჩამანაცვლებენ უცხოელები, რადგან პ–სავით 2 კლასის customer servise - ით არ ვეურთიერთობები ჩემს კლიენტებსა და პაციენტებს.“
2.6. სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) მე-18 მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომელიც, თავის მხრივ, მიუთითებს „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში „სპეციალური კანონი“) დადგენილი წესით პირადი უფლების დაცვის შესაძლებლობაზე.
2.7. სპეციალური კანონის მე-13 მუხლით პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება. ამავე კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გაანდო. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადების მოპასუხის მიერ საჯაროდ გავრცელების ფაქტი სადავო არ არის.
2.8. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. იმავე მუხლის „ე“ პუნქტით, ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ პუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება. ამდენად, იმისათვის, რომ დადგინდეს ცილისწამების არსებობა, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, შეფასდეს, სადავო განცხადება და მასში გადმოცემული გამონათქვამები აზრის, შეხედულების გამოხატვაა თუ დადასტურებადი ან უარყოფადი ფაქტების შემცველი ცნობის გავრცელება, რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
2.9. გავრცელებული სადავო განცხადებები სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით. ამასთან, მათი შეფასებისა და ფაქტისა თუ აზრის სტატუსის მინიჭებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს სპეციალური კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
2.10. უდავოა, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება კონკრეტული დაკვეთის შესრულების (პირველი მოსარჩელის მიერ სარეკლამო სტატიკური ბანერის დამზადების) მიზნით, მსჯელობის საგანს წარმოადგენდა კონკრეტული პირობები - ბანერის ფორმის, ზომის, შესრულების ვადის, მათ შორის, მომსახურების ღირებულებაზე შეთანხმების საკითხი. დამკვეთისათვის მიუღებელი აღმოჩნდა შემსრულებლის მიერ დასახელებული ღირებულება, რის სანაცვლოდაც მან შესთავაზა სამჯერ დაბალ ფასად ბანერის დამზადება. საბოლოოდ, შემსრულებელმა უარი განუცხადა დაკვეთის მიღებაზე, რაც აუხსნა იმით, რომ ბანერის დამზადება, მისი ზომის გათვალისწინებით, ფასის მიუხედავად, არ იყო საინტერესო შემოქმედებითი თვალსაზრისით და არ იძლეოდა კრეატივისა და დიზაინერის მხრიდან მისი ხედვის წარმოჩენის შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო განცხადებები წარმოადგენს მოპასუხის სუბიექტურ დამოკიდებულებას, შეფასებით მსჯელობას მოსარჩელეთა შესახებ, მისივე კომენტარს პიროვნებისა და მოვლენის მიმართ (აზრი). განცხადებები არ შეიცავს მტკიცებითი ფორმით გადმოცემულ უარყოფად ან დადასტურებად ფაქტებს, როგორც ობიექტურ მოცემულობას, არამედ არის კომენტარი და შეთანხმების მიუღწევლობის შესახებ მიზეზის თაობაზე იმ მომხმარებლის წარმოდგენის შედეგად შექმნილი მოსაზრება, რომელმაც საბოლოოდ ვერ მიიღო მომსახურება. რაც შეეხება მეორე მოსარჩელესთან დაკავშირებულ კომენტარებს, ისინიც მოკლებულია ობიექტურ (ფაქტობრივ) სიცხადეს და არ გააჩნია ობიექტური წამკითხველის თვალში პირის შესახებ წარმოდგენის შექმნის (მათ შორის, ღირსების შელახვის) უნარი. აქაც ადგილი აქვს უფრო სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებულ აზრის გადმოცემას, ვიდრე ობიექტურ მოცემულობას და მისი გამოხატვის არცთუ მისაღები ფორმის მიუხედავად, არ წარმოშობს სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, რადგან აზრის გამოხატვა მიუხედავად მისი სუბიექტურობისა, მცდარობისა, საფუძვლიანობისა თუ უსაფუძვლობისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ჩარევისაგან.
2.11. ფაქტი, განსხვავებით აზრისგან, რეალური შედეგის გადმოცემას წარმოადგენს. მასში იგულისხმება რეალური გარემოებები ან/და საგნები, რომელთა მტკიცებულებით დადასტურება შესაძლებელია. საეჭვო ქმედება, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულება/ინფორმაციის წყარო, არ ჩაითვლება უტყუარ ფაქტად. მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადების შინაარსი არ ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხემ გაავრცელა მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაცია, რაც, თავის მხრივ, ვერც ზიანის მომტანი ვერ იქნება მხარისათვის. ამასთან, ბანერის დამზადების ფასსა და კლიენტებთან მარკეტინგული მომსახურების ხარისხზე მსჯელობა წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. ვინაიდან მომსახურება რეალურად არ გაუწიეს, მას ჩამოუყალიბდა შეხედულება, აზრი, აღნიშნული სუბიექტის/სუბიექტების მიმართ, რაც გამოხატა საჯაროდ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, შეურაცხმყოფელად არ არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს.
2.12. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებები, გამონათქვამის კონტექსტის გათვალისწინებით, წარმოადგენს სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებული აზრის გამოხატვას (შეფასებას) და არა ობიექტურ მოცემულობას. შეფასების ნამდვილობის დამტკიცების მოთხოვნის შესრულება კი შეუძლებელია და ის არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლების არსს, რაც დაცული უფლების ფუნდამენტური ნაწილია. სადავო განცხადებებს არ გააჩნია, ცილისწამებისათვის მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი - ადგილი არა აქვს მოსარჩელეთა შესახებ ფაქტების გადმოცემას, რომელთა სინამდვილესთან შესაბამისობის ან მცდარობის დადასტურება/უარყოფაც შესაძლებელი იქნებოდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხის აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევისა და გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
5.1. სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სპეციალური კანონი. აზრის აბსოლუტური თავისუფლება არ მოიაზრებს აზრის აბსოლუტურად თავისუფლად გამოხატვის უფლებას. სხვათა უფლებების დასაცავად, რომელთა შორის იგულისხმება პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, შეიძლება შეიზღუდოს ნებისმიერი აზრად შეფასებული გამონათქვამი.
5.2. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად იკვეთება მოპასუხის მიზანმიმართული ქმედება - შელახოს მოსარჩელეთა საქმიანი რეპუტაცია, მცდარი ცნობების მტკიცებით ფორმაში, საჯარო განცხადების გავრცელებით. მტკიცებით ფორმაში ამბის გადმოცემა შესაძლებელია, შეფასდეს როგორც ფაქტი. სადავოდ გამხდარი წინადადება წარმოადგენს ფაქტს და არა აზრს. რა იყო მომსახურების საფასური და რის გამო თქვა კომპანიამ უარი შეკვეთაზე, ეს არის ფაქტი, რადგანაც ამის გადამოწმება შესაძლებელია.
5.3. მოპასუხემ პირველ მოსარჩელეს დასწამა ცილი, რომ კომპანიის ნდობა არ შეიძლებოდა, რადგან მომსახურების ფასებს ცვლიდა და ათამაშებდა. მოპასუხემ საჯაროდ გაავრცელა ცილისმწამებლური ინფორმაცია, რომელიც ზიანს აყენებდა კომპანიის საქმიან რეპუტაციას. სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებებიდან დასტურდება, რომ მოპასუხის განცხადებას აკომენტარებდნენ ადამიანები, რომლებმაც ამ განცხადების გამო გადაწყვიტეს, მიემართათ სხვა კომპანიისთვის, რაც, რა თქმა უნდა, ცხადყოფს, რომ შეილახა „ლივინგსტონის“ საქმიანი რეპუტაცია და მიადგა ზიანი.
5.4. სასამართლო გადაწყვეტილების მთავარ საფუძვლად მიუთითებს გამოხატვის თავისუფლებაზე, თუმცა, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური. აზრად თუ ფაქტად შეფასებული განცხადება შეიძლება შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად. სწორედ ამ მიდგომას უჭერს მხარს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში კონვენცია) მე-10 მუხლი, რომელშიც ხაზგასმულია, რომ უფლების შეზღუდვა დასაშვებია „სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად“, იგივე იდეაა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლშიც. მოპასუხის განცხადება კრიტიკას არ ემსახურება, მას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ შეელახა კომპანიის საქმიანი რეპუტაცია, ემოქმედა პოტენციური კლიენტების ნებაზე, არ ეთანამშრომლათ კომპანიასთან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
8.1. პირველი მოსარჩელე წარმოადგენს სარეკლამო ბაზარზე მოქმედ კომპანიას, რომელიც საქმიანობს კუთვნილი სასაქონლო ნიშნით „ლივინგსტოუნი“. იგი არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
8.2. მეორე მოსარჩელე არის პირველი მოსარჩელის ციფრული რეკლამის განყოფილების დირექტორი, აქვს სხვადასხვა კომპანიაში საქმიანობის, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე, ხანგრძლივი გამოცდილება, მიღებული აქვს უმაღლესი განათლება მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით, ფლობს არაერთ სერტიფიკატს.
8.3. 19.01.2017 წელს შპს „ნ.ლ.ჯ–ის“ (დამკვეთი) წარმომადგენელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა მეორე მოსარჩელეს პირველი მოსარჩელისათვის (შემსრულებელი) სტატიკური ბანერის დამზადებასთან დაკავშირებით. მხარეებს შორის გაიმართა მოლაპარაკება კონკრეტული შეკვეთის შესრულების მიზნით. მოლაპარაკების საგანს წარმოადგენდა - ბანერის ფორმა, ზომა, სამუშაოს შესრულების ვადა, ანაზღაურების ოდენობა. დამკვეთისათვის მიუღებელი აღმოჩნდა შემსრულებლის მიერ დასახელებული ღირებულება, რის სანაცვლოდაც მან შესთავაზა სამჯერ დაბალ ფასად ბანერის დამზადება. საბოლოოდ, შემსრულებელმა უარი განაცხადა სამუშაოს შერულებაზე, რაც ახსნა იმით, რომ ბანერის დამზადება, მისი ზომის გათვალისწინებით, ფასის მიუხედავად, არ იყო საინტერესო შემოქმედებითი თვალსაზრისით და არ იძლეოდა კრეატივის გამოვლენის შესაძლებლობას.
8.4. 20.01.2017 წელს, 15:03 საათზე მოპასუხემ პირად „ფეისბუკის“ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც შეეხებოდა შპს „ნ.ლ.ჯ–ას“ და პირველ მოსარჩელეს შორის განხორციელებული მიმოწერის შინაარსს, კერძოდ, აღნიშნა: „ვთხოვეთ ფასების გადმოგზავნა მათ სხვადასხვა სერვისებზე... შემდეგ ვთხოვეთ სტატიკური ბანერის დამზადება, რომლის ფასი პრაისში იყო 50 დოლარი, თუმცა ლივინგსტოუნმა ფასი შეცვალა და 150 დოლარი მოითხოვა. შევახსენეთ მოწოდებულ ფასებზე. პასუხი ასეთი იყო „მაშინ არ გვიღირს“, ჩვენ კი ახლა ინდოელი მარკეტოლოგი მაგ ბანერს 10 დოლარად გვიმზადებს, მაგრამ ეს მარკეტინგი ქართულად არ მესმის, როდესაც შენი ლოიალური კლიენტების ბაზა ვერ შეგიქმნია და საკუთარი თავის მარკეტინგი ვერ გაგიკეთებია, სხვას რა მარკეტინგი უნდა გაუკეთო. ნუ სიტყვის ფასის არცოდნაზე აღარაფერს ვამბობ. მოკლედ ერიდეთ ლივინგსტოუნს და ვისაც გსურთ ნებისმიერი მარკეტინგული სამუშაო, ვებ გვერდების დამზადებიდან, SEO, content writing, digital marketing, banner etc მომწერეთ მე დაგაკავშირებთ ბევრად ხარისხიან ხალხს 1/10 ფასებში.“ განცხადებას მოჰყვა სხვადასხვა პირთა კომენტარები მათი შეფასებებისა თუ პირადი გამოცდილებების გაზიარების სახით, ასევე - იმ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რომელმაც მოპასუხეს დაბალ ფასად დაუმზადა ბანერი და სხვა.
8.5. მოპასუხის განცხადებაზე კომენტარი დატოვა მეორე მოსარჩელემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მოპასუხის მონათხრობი არ შეესაბამებოდა რეალობას და ამბის სწორად ინტერპრეტაციისათვის გააგზავნა „ლივინგსტოუნის“ პასუხი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ მეორე მოსარჩელესთან მიმართებით კომენტარებში დაწერა შემდეგი: ა) 21 იანვარს, 11:47 საათზე - „რა უნდა ელაპარაკო ამათ თ–ინ ხომ ხედავ ორი კლასის განათლება არ აქვთ არც კლიენტთან ურთიერთობაში არც სეილსა და მარკეტინგში“. ბ) 21 იანვარს, 11:21 საათზე - „უი უი გენათალე შენა, ლა პატალა ბიჭი ყოფილხარ ეხლა ვნახე შენი ფოტოები. მეც არავთქვი მარკეტინგ კომპანიის დირექტორიო და მოვინდომე ჰაი ფაივ სერვისი“. გ) 21 იანვარს, 11:33 საათზე - „მე ზუსტად ვიცი ვერ ჩამანაცვლებენ უცხოელები, რადგან პ–სავით 2 კლასის customer servise - ით არ ვეურთიერთობები ჩემს კლიენტებსა თუ პაციენტებს.“
9. საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია, მოპასუხის მიერ პირად „ფეისბუკის“ გვერდზე საჯაროდ გავრცელებული ცნობები არის თუ არა მოსარჩელეთა სსკ-ის მე-18 მუხლით (სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი: პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან) დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. სხვაგვარად, წარმოადგენს თუ არა მოპასუხის გამონათქვამები ცილისწამებას, რომელმაც შელახა მოსარჩელეების - სარეკლამო კომპანიისა და მისი თანამშრომლის საქმიანი რეპუტაცია, ასევე - მეორე მოსარჩელის პატივი და ღირსება, მოპასუხის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა აუცილებელია თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსარჩელეების უფლებების დასაცავად.
10. მოცემული დავის გადაწყვეტისას, მოსარჩელეთა მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც სამოქალაქო კოდექსის, ასევე - სპეციალური კანონის ნორმები. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა (სპეციალური კანონის მე-13 მუხლი). ამრიგად, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამები შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას (რაც სსკ-ის 18.2. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია), უნდა გაირკვეს, მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „არსებითად მცდარ ფაქტს“, თუ ის „აზრის“ კატეგორიას განეკუთვნება.
11. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „აზრი“ განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან, როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (სუსგ №ას-1278-1298-2011, 20.02.2012წ; №ას-790-739-2017, 17.01.2018წ; №ას-928-868-2017, 17.01.2018წ.). სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ №ას-1477-1489-2011, 03.04.2012წ; №ას-569-540-2014, 11.03.2016წ; №ას-1366-2019, 06.04.2020წ.).
13. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან სადავოდაა გამხდარი შემდეგი წინადადებები: „შემდეგ ვთხოვეთ სტატიკური ბანერის დამზადება, რომლის ფასი პრაისში იყო 50 დოლარი, თუმცა ლივინგსტოუნმა ფასი შეცვალა და 150$ მოითხოვა“, „შევახსენეთ მოწოდებულ ფასებზე. პასუხი ასეთი იყო - მაშინ არ გვიღირს“. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამების აზრისა თუ ფაქტისადმი კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია მთლიანი განცხადების შინაარსის მხედველობაში მიღების გარეშე. მოპასუხის განცხადების ცალკეულ სიტყვებსა და წინადადებებს კონტექსტის გარეშე ვერ მიენიჭება მნიშვნელობა, ვინაიდან მათი განცალკევებულად განხილვა გამოიწვევს გამონათქვამის შინაარსის დაკარგვას. შინაარსს კი სიტყვებსა და წინადადებებთან შედარებით უპირატესი ძალა აქვს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოსარჩელეთა მიერ მითითებული ამონარიდების შეზღუდული კონტექსტით ვერ შემოიფარგლება და მათ განცხადებასთან ერთიანობაში განიხილავს. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ განცხადების გამოქვეყნებამდე კონკრეტული შეკვეთის შესრულებასთან დაკავშირებით (სტატიკური ბანერის დამზადებასთან დაკავშირებით) მხარეთა შორის წარმოებდა მოლაპარაკება. მოპასუხის მიერ გამოქვეყნებული განცხადება გამოხატავს მის სუბიექტურ დამოკიდებულებას, რომელიც მას პირველი მოსარჩელისადმი აღნიშნული მოლაპარაკების შედეგად ჩამოუყალიბდა. განცხადების ტექსტი გადმოსცემს მოპასუხის შთაბეჭდილებებს პირველი მოსარჩელის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, იგი შეფასებითი ფორმისაა და გამოხატავს განაწყენებული დამკვეთის პოზიციას, რომელსაც შემსრულებელმა გარკვეული მიზეზების გამო უარი უთხრა დაკვეთის შესრულებაზე. შესაბამისად, სადავო გამონათქვამები, მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, არ იძლევა მათი ფაქტის კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს.
14. მოპასუხის მიერ მეორე მოსარჩელესთან მიმართებით გაკეთებული, სარჩელით სადავოდ გამხდარი კომენტარები: „ორი კლასის განათლება არ აქვთ არც კლიენტთან ურთიერთობაში, არც სეილსა და მარკეტინგში“, „პავლესავით 2 კლასის customer servise - ით არ ვეურთიერთობები ჩემს კლიენტებსა თუ პაციენტებს“, ასევე უნდა შეფასდეს თავდაპირველ განცხადებასთან ერთობლივად, ვინაიდან ისინი სწორედ მასში განხილულ საკითხს მიემართება. აღნიშნული გამონათქვამები არ ადასტურებს, რომ მოპასუხე მეორე მოსარჩელის განათლებისა თუ კვალიფიკაციის შესახებ ფლობდა უტყუარ ინფორმაციას და კომენტარები „ფაქტების“ გავრცელების მიზანს ემსახურებოდა. პირიქით, სადავო გამონათქვამები მკითხველზე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი მოპასუხის პირადი მოსაზრებაა. სადავო კომენტარები წარმოჩნდება, როგორც სუბიექტური ელემენტით დატვირთული შეფასებები. ამასთან, განსხვავებით ფაქტის მტკიცებისაგან, მათში კომენტარის სახით გამოხატული მოპასუხის ნეგატიური დამოკიდებულება მეორე მოსარჩელისადმი, შეუძლებელია, შეფასდეს რეალურ თუ მცდარ გარემოებად.
15. ფაქტის მტკიცებას ახასიათებს - მტკიცებულებით დადასტურებადი - ობიექტური კავშირი გამოთქმულსა და სინამდვილეს შორის, მაშინ, როდესაც, აზრის/მოსაზრების მაკვალიფიცირებელია პოზიციის ან რწმენის ელემენტი. ბერლინის უმაღლესმა სამხარეო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მოსარჩელის პიროვნების დამამცირებელი სუბიექტური ელემენტით დატვირთული კომენტარები მიიჩნია შეფასებად და განმარტა, რომ კომენტარების ფორმით გამოხატული ზიზღი და უპატივცემულობა, ვერც ერთად აღებული და ვერც ფაქტის შემცველი ე.წ. ფაქტობრივი ელემენტის მეშვეობით, ვერ შეფასდება ჭეშმარიტობის ან მცდარობის კრიტერიუმით (შდრ. ბერლინის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს 11.03.2020წ. გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში დიფამაციის თემაზე, №10 W 13/20, §22, იხ. ჟურნალში შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 11/2021, სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, გვ. 155, თამარ ერგემლიძის თარგმანი (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „ბერლინის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს 11.03.2020წ. გადაწყვეტილება №10 W 13/20“)).
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (სუსგ №ას-179-172-2012, 01.10.2014წ; №ას-1366-2019, 06.04.2020წ.). პალატას მიაჩნია, რომ სადავო გამონათქვამები ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. ისინი სრულად თავსდება სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტში მოცემული „აზრის" დეფინიციაში, რომელიც დაცულია „აბსოლუტური პრივილეგიით“ (სპეციალური კანონის 4.1 მუხლი), რაც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლების საფუძველია (სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ფ“ პუნქტი) (შდრ. სუსგ №ას-1366-2019, 06.04.2020წ., §128). რაც შეეხება სპეციალური კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულ ზიანს, სარჩელი არ შეიცავს სარწმუნო მტკიცებულებებით გამყარებულ დასაბუთებას სადავო გამონათქვამებით მოსარჩელეთათვის კონკრეტული ზიანის მიყენების შესახებ, რაც სწორედ მოსარჩელეთა მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა (სუსგ №ას-938-2020, 18.03.2021წ., პ.75).
17. საკასაციო პალატა მიუთითებს ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის თანახმად, აზრის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი და პროგრესისა და ინდივიდუალური თვითრეალიზაციის მთავარი პირობაა. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ სასურველ, უწყინარ ან ნეიტრალურ „ინფორმაციებსა“ და „იდეებს“, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი ან შემაშფოთებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და გონიერების მოთხოვნები, ურომლისოდაც „დემოკრატიული საზოგადოება“ ვერ იარსებებს (Nilsen and Johnsen v. Norway (საჩივარი №23118/93), 25.11.1999წ., §43; Matalas v. Greece (საჩივარი №1864/18), 25.03.2021წ., §38). აზრის გამოხატვის თავისუფლებაში მოიაზრება ისეთი განცხადებისა და გამოთქმის უფლებაც, რომელიც შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი და შემაწუხებელია (Castells v. Spain (საჩივარი №11798/85), 23.04.1992წ., §42). ამდენად, კონვენციის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, კერძო პირის რეპუტაციის დასაცავად შეურაცხმყოფელი გამონათქვამების შეზღუდვა, ევროსასამართლოს მიერ, აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად ფასდება. ეს არ გულისხმობს იმას, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის სარგებლობს უპირატესობით სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან ან საზოგადოებრივ ინტერესებთან დაპირისპირებისას. ასეთი მიდგომა გამოხატვის თავისუფლებას აბსოლუტურ უფლებად აქცევდა, თუმცა პიროვნების შეურაცხყოფის საქმეების განხილვის დროს სასამართლოს წინაშეა მთავარი კითხვა: იყო თუ არა აღნიშნული განცხადება „გადაჭარბებული“? ევროსასამართლოს განმარტებით, განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანი ელემენტია, რამდენად შეიცავს იგი შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ასევე, მათი შინაარსი და გავლენა საზოგადოებაზე (Chauvy and others v. France (საჩივარი №64915/01), 29.06.2004წ.). ამდენად, შესაფასებელია გამოხატვის ფორმა და ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა (შდრ. სუსგ №ას-569-540-2014, 11.03.2016წ.). საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი გამონათქვამები მათი მიზნისა და იმ ზემოქმედების გათვალისწინებით, რაც მას საზოგადოებაზე შესაძლოა, მოეხდინა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმდენად გადაჭარბებულად, რომ გამართლებული იყოს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.
18. სოციალურ ქსელში დიფამაციის თემაზე ბერლინის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს განმარტების თანახმად, ერთი მხრივ, პირის ღირსებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით და, მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებით დაცული კონსტიტუციური გარანტიების ურთიერთწინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, როგორც წესი, პირველ რიგში უნდა მოხდეს აწონ-დაწონვა, რომლის ფარგლებშიც, პიროვნულ უფლებებზე ზემოქმედების სიმძიმეს დაუპირისპირდება აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის მიყენებული ის დანაკარგი, რასაც მისი აკრძალვა ან შეზღუდვა გამოიწვევს. მაგრამ ეს წესი არ მოქმედებს, შეურაცხმყოფელი და პატივის შემბღალავი გამონათქვამების შემთხვევაში, როდესაც ისინი წარმოადგენენ ფორმალურ შეურაცხყოფას ან უხამს ლანძღვას. გამოხატვის თავისუფლების პრიმატის უგულებელყოფისთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორი ითხოვს, რომ მკაცრი სტანდარტები იყოს გამოყენებული ფორმალური შეურაცხყოფისა და უხამსი კრიტიკის ან უხამსი ლანძღვის არსებობის დადგენისთვის (იხ. ბერლინის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს 11.03.2020წ. გადაწყვეტილება №10 W 13/20, §23).
19. ზოგადი პრინციპის თანახმად, უხამსი კრიტიკის ან უხამსი ლანძღვის დადგენა არ ხდება, როდესაც აზრი გამოთქმულია საკითხის განხილვის კონტექსტში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამოხატვის შეურაცხმყოფელი ხასიათი იმდენად მძიმე და დიდია, რომ იგი, ნებისმიერ შესაძლო წარმოსახვით კონტექსტში, მარტოოდენ შეურაცხყოფის მიყენებად აღიქმება და, აქედან გამომდინარე, მისი კონკრეტული კონტექსტის მიუხედავად, ყოველთვის განხილულ უნდა იქნეს პირადად შეურაცხმყოფელ უხამსობად, რასაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებით მძიმე სალანძღავი სიტყვების გამოყენებისას... გარდა ამისა, გამართლებულად ვერ ჩაითვლება ასევე ისეთი გამოხატვები, რომელიც არანაირ კავშირში არ არიან კონკრეტულ საკითხთან და წარმოადგენენ „უკიდურესად გადაჭარბებულ შეფასებას“ („Wertungsexzess“). შედარებით მაღალი მოთხოვნები წაეყენება ადამიანის ღირსებაზე თავდასხმის დაშვების შემთხვევებს. ადამიანის ღირსების შელახვა არ შეიძლება გამართლებული იქნეს აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე დაყრდნობით. თუმცა აქაც ადამიანის პატივის ყოველგვარი შელახვა იმთავითვე ადამიანის ღირსებაზე თავდასხმასთან არ უნდა გაიგივდეს. ღირსების შელახვის დადგენისათვის აუცილებელია, რომ კონკრეტულ პირს ეზღუდებოდეს ამ სახელმწიფო საზოგადოებაში სხვათა თანასწორად, სხვათა თანაბარი მნიშვნელობისა და თანაბარი ღირებულების მატარებელ სუბიექტად არსებობის უფლება, და მას, როგორც მნიშვნელობის არმქონე არსებას (არარაობას), ისე ეპყრობოდნენ. ამდენად, თავდასხმა მიმართული უნდა იყოს მისი პიროვნების ადამიანური ღირსების მსაზღვრელი უმთავრესი ბირთვისადმი და არა, მარტოოდენ მისი ცალკეული პირადი უფლებების წინააღმდეგ (იხ. ბერლინის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს 11.03.2020წ. გადაწყვეტილება №10 W 13/20, §23, 24).
20. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მეორე მოსარჩელესთან მიმართებით გაკეთებული სადავო გამონათქვამები წარმოადგენს კონკრეტული შეკვეთის (სარეკლამო ბანერის დამზადების თაობაზე) მიღება-არმიღების საკითხზე გამართული მოლაპარაკების პროცესში გამოთქმულ შეფასებებს - ანუ აზრი გამოთქმულია საკითხის განხილვის კონტექსტში. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ სადავო წინადადებები მოპასუხემ სწორედ 20.01.2017 წლის განცხადების კომენტარებში დაწერა განცხადებასთან დაკავშირებით სხვადასხვა პირთა, მათ შორის მეორე მოსარჩელის, კომენტარების საპასუხოდ. ამრიგად, სადავო გამონათქვამები ვერ შეფასდება კონტექსტს აცდენილ, იმგვარ მძიმე ხასიათის შეურაცხყოფად, რომელიც გამოხატვის თავისუფლების პრიმატს უგულებელყოფდა.
21. პალატა მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განისაზღვროს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ დადასტურდეს. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (საჩივარი № 5493/72), 7.12.1976წ.; Stoll v. Switzerland ([GC] (საჩივარი №69698/01), 10.12.2007წ., §101; Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] (საჩივარი №48876/08), 22.04.2013წ., §100; Morice v. France [GC] (საჩივარი №29369/10), 23.04.2015წ., §124; Balaskas v. Greece (საჩივარი № 73087/17), 05.11.2020წ., §36) (შდრ. სუსგ №ას-625-593-2014, 20.05.2016წ.). აზრის თავისუფლების დაცვის სტანდარტის ხაზგასასმელად აღსანიშნავია, რომ თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Lingens v. Austria (საჩივარი №9815/82), 08.07.1986წ., §46) და „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Oberschlick v. Austria (საჩივარი №11662/85), 23.05.1991წ., §63) სტრასბურგის სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირდეს, მაშინ, როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს, ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს, ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, (საჩივარი №19983/92), 24.02.1997წ., §42) (შდრ. სუსგ №ას-938-2020, 18.03.2021წ.).
22. მოცემულ შემთხვევაში, დავა გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, სხვაგვარად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შეზღუდვა ხელყოფდა შეხედულებების თავისუფლების არსს იმის გათვალისწინებითაც, რომ სადავო გამონათქვამები ერთმნიშვნელოვნად სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებული აზრის გამოხატვაა (შდრ. სუსგ №ას-569-540-2014, 11.03.2016წ.).
23. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნები არ შეესაბამება სპეციალური კანონით განსაზღვრულ მოწესრიგებას. მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია მოპასუხის იძულება, მოიხადოს ბოდიში. ამრიგად, სპეციალური კანონი პირდაპირ ადგენს ცილისწამების შემთხვევაში უფლების დაცვის მატერიალურსამართლებრივ შედეგს, რომელიც დამოკიდებულია სასამართლოში აღძრული დავის საგნის სწორ ფორმულირებაზე. სასამართლო ამოწმებს მოთხოვნის შესაბამისობას უფლებადამცავ ნორმებთან, ამავდროულად, იგი მოკლებულია შესაძლებლობას - დაეხმაროს მხარეს არასწორი მოთხოვნის სწორად ფორმულირებაში. სხვაგვარად საქმე გვექნება სსსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევასთან, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები ითხოვენ არა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, არამედ გავრცელებული ცნობების მოპასუხის მიერ უარყოფას, ასევე - მეორე მოსარჩელისათვის ბოდიშის მოხდას, რაც არ გამომდინარეობს სპეციალური კანონით დადგენილი საფუძვლებიდან, შესაბამისად, მოთხოვნა თავშივე უსაფუძვლოა (შდრ. სუსგ №ას-1084-1034-2014, 11.05.2015წ.).
24. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო კასატორებმა მოპასუხის განცხადებისათვის „ფაქტის“ სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, ვერ წარმოადგინეს დასაბუთებული პრეტენზია. აქედან გამომდინარე, სადავო გამონათქვამები, როგორც შეფასებითი მსჯელობა, ცილისწამებად ვერ მიიჩნევა.
25. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
26. საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ.გ–ისა“ და პ.გ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2020წ. განჩინება.
3. კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე