№ას-807-2022 12 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.03.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ.ბ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა 16 280.27 ლარის დაკისრება.
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 12.03.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 000 ლარის გადახდა; გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა მოპასუხისთვის 6000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 85-92). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.03.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ.178-189). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.07.2022 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კასატორს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე მის შესავსებად (ტ.2, ს.ფ.229-232). კასატორმა დაწესებული ხარვეზი შეავსო ნაწილობრივ, კერძოდ, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე სასამართლოს 28.07.2022 წლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის სრულად შესავსებად ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღით. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.2, ს.ფ.259-261).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
6. დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.07.2022 წლის განჩინება გაეგზავნა კასატორს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა მის თანამშრომელს - იურიდიული სამსახურის უფროსს 03.08.2022წ. (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.2, ს.ფ.263).
7. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 04.08.2022 წელს და ამოიწურა 08.08.2022 წელს. ამდენად, კასატორს ხარვეზი 08.08.2022 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-765-2022, 28.07.2022წ.; №ას-789-2022, 25.07.2022წ.; №ას-261-2022, 11.07.2022წ.; №ას-715-2022, 27.06.2022წ.).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ უკან დაუბრუნდეს შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედი ფილიალის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 650 ლარი (საგადახდო დავალება N008, გადახდის თარიღი 26.07.2022წ.), შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე