Facebook Twitter

საქმე №ას-1329-2019 12 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – სს „ს.ბ–ი“, შპს „პ.კ.ე–ი“ (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ფ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.05.2019 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და შპს „პ.კ.ე–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“ ან „კასატორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში რ.ფ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვეს მისთვის პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 170 000 აშშ დოლარისა და 35 000 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 1 093 453,08 აშშ დოლარის დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

2.1. 30.09.2011 წელს პირველ მოსარჩელეს, შპს „რ.ა–სა“ და „A. S.A“-ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება №GCL000001198. საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 100 000 000 აშშ დოლარით, მოქმედების ვადა - 240 თვით.

2.2. 24.06.2015 წელს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ №CAS000106604 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 30.09.2011 წლის №GCL000001198 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე მოპასუხე თავდებად დაუდგა შპს „რ.ა–სა“ და „A. S.A“-ს, ბანკის უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, 14 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში.

2.3. 23.09.2016 წელს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით, პირველმა მოსარჩელემ მოთხოვნის უფლება დაუთმო მეორე მოსარჩელეს. ფულადი მოთხოვნის ღირებულება შეადგენდა 1 093 453.08 აშშ დოლარს, მოვალეების - შპს „რ.ა–ისა“ და „A. S.A“-ს მიმართ.

2.4. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დ.გ.ც–ის“ 05.10.2016 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პირველი და მეორე მოსარჩელეების საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხეების - შპს „რ.ა–ისა“ და „A.S.A.“-ს მიმართ; შპს „რ.ა–სა“ და „A. S.A.“-ს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 170 000 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 35 000 ლარის გადახდა. შპს „რ.ა–სა“ და „A.S.A.“-ს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1 093 453,08 აშშ დოლარის გადახდა.

2.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.11.2016 წლის განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დ.გ.ც–ის“ 05.10.2016 წლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: ა) შპს „რ.ა–სა“ და „Agrochim S.A“-ს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 170 000 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა - 168 559,64 აშშ დოლარი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 1440,36 აშშ დოლარი) და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 35 000 ლარის გადახდა; ბ) შპს „რ.ა–სა“ და „A. S.A“.-ს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1 093 453.08 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა) გადახდა.

2.6. 18.08.2016 წლის შედარების აქტით დადგენილია, რომ 30.09.2011 წლის №GCL000001198 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „რ.ა–ისა“ და „A.S.A.“-ს ჯამური დავალიანება პირველი მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 77 857 735.44 აშშ დოლარს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფილი საგნები აუქციონზე ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით გაიყიდებოდა. შპს „თ.ს.ს–ის“ მიერ, შეძლებისდაგვარად ერთ ლოტად. საწყისი ფასი უნდა განსაზღვრულიყო ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებებისა და აღსრულებასთან/აუქციონთან დაკავშირებული ხარჯის მოცულობით.

2.7. 22.08.2016 წელს პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შპს „თ.ს.ს–ს“. შპს „თ.ს.ს–მა“ გაზეთ „სიტყვა და საქმეს“ 2016 წლის 24-25 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა განცხადება პირველი საჯარო აუქციონის შესახებ შპს „,რ.ა–ის“ კუთვნილი ქონების რეალიზაციის მიზნით. ქონება გაიტანეს ერთ ლოტად, საწყისი ფასი განისაზღვრა 199 328 134 ლარითა და 40 თეთრით. პირველივე აუქციონზე ქონება შეიძინა სს „ე უ ი–მა“, 235 078 134 ლარად და 40 თეთრად.

2.8. „Grant Thorton“-ის 2016 წლის მარტით დათარიღებული შეფასების ანგარიშით (შეფასება შესრულებულია 31.12.2015 წლის მდგომარეობით) დადგენილია, რომ შპს „რ.ა–ის“ ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენდა 930 390 000 ლარს (388 488 000 აშშ დოლარს).

2.9. 24.06.2015 წელს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 4.3.1 და 4.3.2. პუნქტების მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია, მოსთხოვოს თავდებს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული ბანკის მიერ, ან/და თუ ვალი ვადამდე იქნა გამოთხოვილი ბანკის მიერ და იგი არ გადახდილა (4.3.1), ბანკი ვალდებულია, ხელშეკრულების საფუძველზე თავდებისათვის მოთხოვნის წაყენებამდე აცნობოს 4.3.1 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის თაობაზე, ხოლო თავდების მოთხოვნის მიღების შემთხვევაში მიაწოდოს მას ცნობები მოვალის ვალის მდგომარეობის შესახებ (4.3.2.).

2.10. მოსარჩელეები მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებენ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დ.გ.ც–ის“ 05.10.2016 წლის გადაწყვეტილებას პირველ მოსარჩელეს, შპს „რ.ა–სა“ და „A.S.A“-ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.11.2016 წლის განჩინებას არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ.

2.11. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დ.გ.ც–ის“ 05.10.2016 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პირველი და მეორე მოსარჩელეების საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხეების - შპს „რ.ა–ისა“ და „A. S.A.“-ს მიმართ. დადგენილია, რომ საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებელი შპს „რ.ა–სა“ და „A.S.A.“-ს არ წარუდგენიათ და არც საქმის განხილვაში არ მიუღიათ მონაწილეობა. რაც შეეხება თავდებ პირს - მოპასუხეს, მისთვის უცნობი იყო სადავო გარემოებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარედ არ მონაწილეობდა. არბიტრაჟის გადაწყვეტილებასა და სასამართლოს განჩინებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ ექნება საქმისათვის და ვერ გავრცელდება მოპასუხის მიმართ. მოპასუხეს, როგორც თავდებს, უფლება აქვს, წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები და არ დაუკარგავს შესაგებლის უფლება იმის გამო, რომ ძირითადმა მოვალემ უარი თქვა მასზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 899-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

2.12. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით, ასევე - ამავე კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 302-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით, 3064 მუხლის მე-2 ნაწილით და მიუთითა: 18.08.2016 წლის შედარების აქტით დადგენილია, რომ 30.09.2011 წლის №GCL000001198 გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „რ.ა–ისა“ და „A. S.A.“-ს ჯამური დავალიანება პირველი მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 77 857 735.44 აშშ დოლარს. დავალიანების დაფარვის მიზნით, პირველი მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, აუქციონზე ერთ ლოტად გავიდა იპოთეკით დატვირთული შპს „რ.ა–ის“ უძრავი ქონება და გირავნობის საგნები, ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა 199 328 134 ლარითა და 40 თეთრით, ქონება გასხვისდა 235 078 134 ლარად და 40 თეთრად. შპს „თ.ს.ს–ის“ განკარგულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის თანხიდან 35 859 376 ლარი და 43 თეთრი გადაირიცხება ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით, დაკავებული იქნება სააუქციონო მომსახურების საზღაური და დანარჩენი ჩაერიცხება პირველ მოსარჩელეს უზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

2.13. შპს „რ.ა–ის“ იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 235 078 134.40 ლარი, აღემატებოდა პირველი მოსარჩელის მიმართ არსებულ შსპ „რ.ა–ისა“ და „Agrochim S.A.“-ს ჯამურ დავალიანებას - 77 857 735.44 აშშ დოლარს (01.09.2016წ. მდგომარეობით 1 აშშ დოლარი - 2.3062 ლარი). პირველ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ რა თანხა ჩაურიცხა შპს „თ.ს.ს–მა“ კრედიტორს და დარჩა თუ არა ძირითად მსესხებელს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ის დავალიანება, რასაც მოსარჩელეები მოპასუხისგან ითხოვენ. სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობა აქცესორული უფლებაა, თავდების ვალდებულება წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტისას. იმ შემთხვევაშიც კი, პირველ აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კრედიტორის ვალდებულება რომ ვერ დაფარულიყო, არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თავდების მიმართ მოთხოვნის საფუძველი არ შეიძლება გახდეს აუქციონზე ნივთის საწყისი ფასის სსკ-ის 3064 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის დარღვევით განსაზღვრა. თუ აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი მითითებული ნორმის დარღვევით არ განსაზღვრულა, როგორც ამას მოსარჩელეები მიუთითებენ, მაშინ ეს გარემოებაც ადასტურებს, რომ კრედიტორის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა მოვალის ქონების რეალიზაციით.

2.14. რაც შეეხება პირველი მოსარჩელის მიერ მეორე მოსარჩელისთვის მოთხოვნის დათმობას, სსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა შეუძლია მოთხოვნის მფლობელს. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ პირველ მოსარჩელეს ჰქონდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა. ამასთან, სარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეები მიუთითებენ არბიტრაჟის 05.10.2016 წლის გადაწყვეტილებასა და სასამართლოს განჩინებას (სხვა მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი). მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება მოსარჩელეებს შორის გაფორმებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებამდე - 23.09.2016 წელს.

2.15. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად - სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი და განმარტა: შპს „რ.ა–ის“ ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენდა 930 390 000 ლარს (388 488 000 აშშ დოლარს). პირველი მოსარჩელის ვალდებულების დაფარვის მიზნით, მოვალის ქონება გავიდა აუქციონზე. ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა 199 328 134 ლარით და 40 თეთრით, გასხვისდა 235 078 134 ლარად და 40 თეთრად, რაც აღემატებოდა ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ მითითებული თანხა არ არის საკმარისი კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული ცნობა და არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომელ დავაშიც მოპასუხე მხარე არ იყო (თავად ძირითად მსესხებლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა), მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველი ვერ გახდება, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.05.2019 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. მოსარჩელეთა მითითებით, ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემდგომ, 30.09.2011 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება კვლავაც დარჩა შესასრულებელი, კერძოდ, შპს „რ.ა–სა“ და „A.S.A.“-ს, ამჟამად, მეორე მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად ერიცხებათ საკრედიტო დავალიანება - 1 093 453,08 აშშ დოლარი, ხოლო პირველი მოსარჩელის წინაშე - 166 034.07 აშშ დოლარი (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი) და 35 000 ლარი.

4.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მითითება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მისი ვალდებულების არსებობის შესახებ და აღიარა ასეთი ვალდებულება. არ დასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოება, თუ რა მოცულობის ვალდებულება დარჩა შესასრულებელი მოვალეს, რომელზედაც პასუხი უნდა აგოს თავდებმა.

4.3. 18.08.2016 წლის შედარების აქტით უდავოდ დგინდება, რომ 30.09.2011 წლის №GCL000001198 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „რ.ა–ისა“ და „A. S.A“-ის ჯამური დავალიანება პირველი მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 77 857 735.44 აშშ დოლარს. უდავოდ დადგენილია ისიც, რომ შპს „რ.ა–ის“ ქონება აუქციონზე გასხვისდა 235 078 134 ლარად და 40 თეთრად. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ აუქციონზე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დავალიანების თანხას, სადავო პერიოდში ვალუტის გაცვლის კურსის გათვალისწინებით. ამრიგად, მოსარჩელეს უნდა წარედგინა დაუფარავი მოთხოვნების შესახებ სარწმუნო მტკიცებულებები.

4.4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, 895-ე მუხლით, 899-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის 11 ნაწილით და მიუთითა, რომ მოსარჩელეთა განმარტებით, აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა საკმარისი არ არის კრედიტორის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დაუფარავი მოთხოვნებისა და მათი მოცულობის შესახებ თუმცა რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორებმა ასევე იშუამდგომლეს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის საქმის გადაცემაზე უარის თქმის დასაბუთება:

7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემის თაობაზე კასატორების შუამდგომლობაზე. სსსკ-ის 3911 მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმ სანიმუშო ჩამონათვალს, რა შემთხვევაში შეუძლია საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

8. კასატორების განმარტებით, ვინაიდან წინამდებარე საქმის პირველი ინსტანციით განმხილველი მოსამართლე ამჟამად უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოში, საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მიმართ (იხ. შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ, ტ.2, ს.ფ.498-504). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსამართლედ ასარჩევი პირის კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით, ქმნის პრეზუმფციას, რომ მოსამართლე არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი (ე.გასიტაშვილი, იურიდიული ეთიკა /ე.გასიტაშვილი, თ. ზამბახიძე, ი. კორძახია, ა. ლორია. ქ. მესხიშვილი, ჯ. მოლიტერნო, თ. ხუბულური/ თბილისი, 2021, გვ.554). მიუკერძოებელი მოსამართლის მიერ საქმის განხილვის პრინციპის დაცვას ემსახურება მოსამართლის აცილების პროცესუალური ინსტიტუტი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო ინსტანციაში საქმის განმხილველ მოსამართლეთა თვითაცილების წინაპირობა არ არსებობდა, არც რომელიმე მხარეს მოუმართავს აცილების შუამდგომლობით. წარმოდგენილი შუამდგომლობა არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებას, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სსსკ-ის 3911 მუხლით გათვალისწინებული საქმის დიდი დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის რომელიმე წინაპირობად, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. თავდებობა მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებითსამართლებრივი და პიროვნული საშუალებაა, რომელიც საკრედიტო ურთიერთობებში ინტენსიურად გამოიყენება (იხ. ლ. ჭანტურია, "კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი", თბილისი, 2012, გვ. 182). მოპასუხისთვის, როგორც თავდები პირისთვის საკრედიტო დავალიანების დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 891.1 (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე) მუხლები.

12. თავდებობის აქცესორული ბუნება განმტკიცებულია სსკ-ის 893-ე (თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება) და 899-ე (თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები... თავდები არ კარგავს შესაგებლის უფლებას იმის გამო, რომ ძირითადმა მოვალემ უარი თქვა მასზე) მუხლებში. ძირითადი მოვალის შესაგებლების წარდგენის უფლების თავდებისათვის მინიჭების საფუძველი ისაა, რომ თავდებობა სხვის ვალდებულებას უზრუნველყოფს და კრედიტორი თავდების წინააღმდეგ საკუთარი მოთხოვნის განხორციელებისას არ უნდა იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე იქნებოდა მოვალის მიმართ მოთხოვნის განხორციელებისას.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თავდებობა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სამოქალაქო ბრუნვაში. მისი თავისებურება ისაა, რომ თავდებობის თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას, პასუხის აგოს კრედიტორის წინაშე, მესამე პირის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავებით, თავდებობა კრედიტორს თავდების რაიმე კონკრეტულ ქონებაზე, რაიმე უპირატესი დაკმაყოფილების უფლებას კი არ ანიჭებს, არამედ თავდებობის ძალით კრედიტორი მოვალესთან მიმართებით არსებულ ძირითად მოთხოვნასთან ერთად, ასევე, დამატებით ვალდებულებითსამართლებრივ მოთხოვნას იძენს თავდების მიმართ. შესაბამისად, სანივთო უზრუნველყოფისაგან განსხვავებით, თავდებობა პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებად გვევლინება, რომლის დროსაც კრედიტორის შესრულების ინტერესის უზუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა თავდების გადახდისუნარიანობას ენიჭება (სუსგ №ას-726-2019, 05.07.2019წ.).

14. 24.06.2015 წელს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე 30.09.2011 წელს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე, თავდებად დაუდგა შპს „რ.ა–სა“ და „A.S.A“-ს, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, ბანკის უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად, 14 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში (ტ.1, ს.ფ.75-79). 23.09.2016 წელს პირველ და მეორე მოსარჩელეს შორის გაფორმდა 1 093 453.08 აშშ დოლარის ღირებულების მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ.80-90).

15. მოსარჩელეები ითხოვენ 30.09.2011 წლის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აუნაზღაურებელი დავალიანების მოპასუხისთვის - როგორც თავდებისთვის დაკისრებას. აღნიშნულს მოპასუხე არ ეთანხმება - უარყოფს მოთხოვნის არსებობას (უთითებს აუქციონზე ამონაგები თანხით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე).

16. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ დადგენილია და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ: შედარების აქტის შესაბამისად ჯამური დავალიანება შეადგენდა 77 857 735.44 აშშ დოლარს (ტ.1, ს.ფ.150-151); პირველი მოსარჩელის განცხადების საფუძველზე აუქციონზე ერთ ლოტად გავიდა უზრუნველყოფის საგნები, რისი საწყისი ფასიც იყო 199 328 134 ლარი და 40 თეთრი (ტ.1, ს.ფ.152-157); ქონება გასხვისდა 235 078 134 ლარად და 40 თეთრად (ქონების აუქციონზე გასხვისების დღის, კერძოდ, 01.09.2016წ. მდგომარეობით 1 აშშ დოლარი შეადგენდა 2.3062 ლარს) (ტ.1, ს.ფ.152-156); ამონაგები თანხიდან 35 859 376 ლარი და 43 თეთრი გადაირიცხა ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით, დაკავებულ იქნა სააუქციონო მომსახურების საზღაური, დანარჩენი კი ჩაერიცხა პირველ მოსარჩელეს უზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით - მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ აუქციონზე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატებოდა საკრედიტო ხარშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას და ვალდებულება შეწყდა. რაიმე სარწმუნო მტკიცებულება დაუფარავი მოთხოვნების შესახებ საქმეში წარმოდგენილი არ არის. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს დასკვნას მასზე, რომ სსკ-ის 199-ე მუხლის თანახმად მოთხოვნის დათმობა შეუძლია მხოლოდ მოთხოვნის მფლობელს, რაც არ დადასტურდა. შესაბამისად, მართებულად ეთქვა უარი როგორც პირველი, ისე მეორე მოსარჩელის მოთხოვნებს.

17. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48).

18. მხარეები მოქმედებენ რა დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპის ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სახის სარჩელი აღძრან სასამართლოში, რომელ ფაქტებს დაამყარონ თავიანთი მოთხოვნა, რა ტიპის შესაგებელი დაუპირისპირონ სასარჩელო მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომა ფაქტების მითითების დროს, შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ შეცდომას სასამართლო ვერ გამოაწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს თუ შესაგებელს (სსსკ-ის მე–4 მუხლი) (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო პროცესუალური სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 214). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. მხარეები, სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს უფლებამოსილებაა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა (სუსგ Nას-1152-2021, 31.01.2022წ). შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის შეჩერების ან გაქარწყლების საფუძველს(ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, "სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა," თბ., 2003, გვ.67).

19. რაც შეეხება მუდმივმოქმედი არბიტრაჟი „დ.გ.ც–ის“ 05.10.2016 წლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, ასევე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.11.2016 წლის განჩინებას (ტ.1, ს.ფ. 240-249; 91-94), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მათი კანონიერი ძალა ვრცელდება მხოლოდ შესაბამის საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, ისინი ვერ იქნება გამოყენებული წინამდებარე დავის მოპასუხის მიმართ, რომელიც ზემოაღნიშნული საქმის მონაწილე სუბიექტი არ ყოფილა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეებს საარბიტრაჟო განხილვაში საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებელი არ წაუდგენიათ და არც ზეპირ განხილვაში არ მიუღიათ მონაწილობა, სარჩელზე შედავების უფლებას არ უკარგავს თავდებს, რომელიც საარბიტრაჟო სარჩელში მოპასუხედაც კი არ იყო დასახელებული. როგორც უკვე აღინიშნა, სსკ-ის 898-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავდები არ კარგავს შესაგებლის უფლებას იმის გამო, რომ ძირითადმა მოვალემ უარი თქვა მასზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (სსსკ-ის 102-ე მუხლი), საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი ანალიზის შედეგად (სსკ-ის 105-ე მუხლი) დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები და თავდებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ გააბათილეს სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – თითოეულს - 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ისა“ და შპს „პ.კ.ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სს „ს.ბ–ისა“ და შპს „პ.კ.ე–ის“ შუამდგომლობა საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის განსახილველად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

3. სს „ს.ბ–ს“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება №33623, გადახდის თარიღი 05.07.2019წ.) 70% – 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. შპს „პ.კ.ე–ს“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება №066, გადახდის თარიღი 23.10.2019წ.) 70% – 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია