საქმე Nას-268-2022
14 ივნისი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.წ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს.წ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, გამოთხოვილ იქნა მოპასუხის, გ.მ–ის უკანონო მფლობელობიდან ს.წ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. დედოფლისწყარო, ......, საკადასტრო კოდი N ...... და მოსარჩელეს ქონება გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში; მოპასუხე გ.მ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა;
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ.მ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა გ.მ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. ამავე განჩინებთ გ.მ–ს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და მისი შევსების მიზნით დაევალა, ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
4. 2021 წლის 02 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გ.მ–მა წარადგინა განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ მას არა აქვს უძრავი ქონება, ცხოვრობს შვილის, მ.მ–ის სოციალური დახმარების იმედად და ამ საფუძვლით ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება. მხარემ განცხადებას დაურთო ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, სადაც არ ფიქსირდება აპელანტის სახელი და გვარი. აპელანტმა განცხადებას ასევე დაურთო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 22 ნოემბერს გაცემული დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც გ.მ–ის და მისი შვილის მ.მ–ის სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტ გ.მ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე და მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 14 (თოთხმეტი) დღით. ვადის ათვლა დაიწყებოდა ამ განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან.
6. აპელანტის მიერ ხარვეზი შევსებული არ იქნა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
8. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აღნიშნულის შესახებ აპელანტი გაფრთხილებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინებით. ვინაიდან, აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 14 დღიან საპროცესო ვადაში არ შეავსო ხარვეზი, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ.მ–მა და მოითხოვა მითითებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
10. კერძო საჩივრის ავტორი საჩივარში აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ არის უმუშევარი, და, რომ მის სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება, რომ არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული და აპელანტი არ გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით გ.მ–ს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
50. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
14. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რომლის საფუძველს წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს იმ არგუმენტზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონისმიერი წინაპირობები, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი და 368-ე მუხლი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
16. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება გადაიხადოს სასამართლო ხარჯები. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თვითონ მხარეს, რომლის საფუძველზეც სასამართლო შეძლებს მსჯელობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხზე.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018, 02.06.2022წ საქმე №ას-448-2022 )
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარზე არ არის გახდილი სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო სასამართლო, ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს გ.მ–ის სააპელაციო საჩივარზე, სადაც მითითებულია მხოლოდ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, თუმცა შუამდგომლობას არ ერთვის მხარის გადახდისუუნარობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინების (ხარვეზის დადგენის შესახებ) საპასუხოდ, 2021 წლის 02 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გ.მ–მა წარადგინა განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ მას არა აქვს უძრავი ქონება, ცხოვრობს შვილის, მ.მ–ის სოციალური დახმარების იმედად და ამ საფუძვლით ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება. მხარემ განცხადებას დაურთო ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, სადაც ოჯახის უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მ.მ–ი, რომელიც დარეგისტრირებულია დედოფლისწყაროს რაიონში, ..... (ყოფილი .....) ქუჩა №..და ოჯახის წევრთა ჩამონათვალში, არ ფიქსირდება აპელანტის სახელი და გვარი. აპელანტმა განცხადებას ასევე დაურთო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 22 ნოემბერს გაცემული დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც გ.მ–ის და მისი შვილის მ.მ–ის სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება.
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ გ.მ–ის მიერ წარმოდგენილი დასაბუთება არ არის საკმარისი საფუძველი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შუამდგომლობის გაზიარებისთვის. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად უარყო წარმოდგენილი შუამდგომლობა. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში არ არსებობის ფაქტი, ვერ ჩაითვლება გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი სრულად არ ასახავს პირის ქონებრივ მდგომარეობას და არ გამორიცხავს შემოსავლის სხვა წყაროს არსებობის შესაძლებლობას. (ფლობდეს სამეწარმეო სუბიექტს, გააჩნდეს აქციები, საბანკო ანაბარი და ა.შ)
21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აპელანტს მისი ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად არ დაუდასტურებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
22. საქმის მასალების თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, აპელანტს გაუგრძელდა დადგენილი ხარვეზის ვადის შესავსებად, ვადა. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 06 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. განჩინება ჩაბარდა შვილს მ.მ–ს, 2021 წლის 20 დეკემბერს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორისთვის ხარვეზის შევსების 14 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 21 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 10 იანვარს. ვინაიდან, ხარვეზის შევსების ბოლო დღე 2022 წლის 4 იანვარი გამოცხადებული იყო უქმე დღედ (უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ 2021 წლის 24 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილებით №608 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 – 9 იანვარი განისაზღვრა უქმე დღეებად.) საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება არ წარმოუდგენია.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-455-2022, 06.06.2022წ., №ას-347-2022 , 16.05.2022, №ას-451-2022, 10.05.2022წ.).
25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. საქმის მასალების თანახმად, გ.მ–მა არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, ხოლო ხარვეზის დადგენის ლეგიტიმურ საფუძველს, სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენს. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.გ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022
წლის 17 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3.განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე