Facebook Twitter

საქმე №ას-288-2022

ქ. თბილისი 16 მაისი 2022 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი ( მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ფ.გ–ნი (მ.გ–ის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ა. „?“-ის თ. მ.ლ–ძე, თ.ა–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ბ.ა. „№“-ის, 2017 წლის 25 იანვრის, კრების ოქმი N3, რომლის საფუძველზეც, საჯარო რეესტრში N ..... საკადასტრო კოდით თ.ა–ის საკუთრებად დარეგისტრირდა საერთო საკუთრებაში არსებული 13.8 კვ.მ. ფართი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ......, კორპუსი 17 (ტომი I, ს.ფ 185-191).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ.ა–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით, თ.ა–ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა. მ.გ–ის (უფლებამონაცვლე - ფ.გ–ნი) სარჩელი ბ.ა. „?“-ის 2017 წლის 25 იანვრის კრების N3 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველი (ტომი II, ს.ფ. 106-112).

4. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობას, ე.ი. ბათილად აღიარებას ითხოვდა. შესაბამისად, მას აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი საერთო ფართით სარგებლობის უფლების მინიჭებაში მდგომარეობდა, სააპელაციო პალატამ აღნიშნული არ მიიჩნია საკმარისად და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებას, იმ ფარგლებში როგორც ეს სასარჩელო მოთხოვნით იყო ჩამოყალიბებული მოსარჩელისთვის საჭირო შედეგი არ მოჰყვებოდა. კერძოდ, სადავოდ გამხდარი კრების ოქმის ბათილად ცნობა საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთას არ გამოიწვევდა და ამ საკითხის გადასაწყვეტად ახალი სამართალწარმოება გახდებოდა საჭირო, ასეთი დავის დაწყების უფლება კი, სასამართლოს აზრით, მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ე.ი. კრების ოქმის ნამდვილობის დადგენის შემთხვევაშიც აქვს, რაც აღიარებითი სარჩელის მთავარი ელემენტის - იურიდიული ინტერესის არარსებობას ნიშნავდა.

5. 2022 წლის 04 მარტს, ფ.გ–ნმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება (ტომი II, ს.ფ. 116-119).

6. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ მ.გ–ი (რომლის უფლებამონაცვლესაც კერძო საჩივრის ავტორი წარმოადგენს) იყო ბ.ა. „?“-ის წევრი. ამავე ამხანაგობის 2017 წლის 25 იანვრის, კრების ოქმი N3-ის საფუძველზე, ამხანაგობის საერთო ქონება გადაეცა თ.ა–ს. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ საერთო სარგებლობის ფართის განკარგვა მოხდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევით, რადგან კრებას არ ესწრებოდა ამხანაგობის ყველა - 28 წევრი. მოსარჩელე წარმოადგენდა, რა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სრულუფლებიან წევრს, პირად სარგებლობაში და განკარგვაში ჰქონდა ის საერთო ქონება, რომელიც კრების ოქმით საკუთრებაში გადაეცა თ.ა–ს.

7. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებლად იქნა განუხილველად დატოვებული, რადგან მას დავის მიმართ გააჩნია დაცვის ღირსი, ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებაში მდგომარეობს და რაც, სადავოდ გამხდარი უკანონო კრების ოქმის ბათილად ცნობის გზით უნდა განხორციელდეს, რათა მას კვლავაც მიეცეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის (ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის საჭირო მოწყობილობის განთავსება) უფლება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განჩინებით. ფ.გ–ნის კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ბინათმესაკუთრეთა კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, დარჩა განუხილველი.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზის შედეგია და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ისიც დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) – საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით მხარე გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ №ას-148-138-2015, 2015 წლის 27 ნოემბერი).

13. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია გაირკვეს, ხომ არ ვლინდება მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია საპროცესო ეკონომიის პრინციპიც, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ [დიდი პალატა] გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ-ებები: #ას-937-887-2015, 10.11.2015; #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; #ას-773-730-2015, 08.09.205წ.; #ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; #ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

15. საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად, დამატებით აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუსგ №ას-17-14-2015, 2015 წლის 1 ივლისი).

16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ამხანაგობის კრების იმ ოქმის ბათილად ცნობა, რომელის საფუძველზეც ამხანაგობამ განკარგა საერთო საკუთრებაში არსებული ფართი მოპასუხეზე. როგორც სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებიდან, ასევე კერძო საჩივრის ტექსტიდან ირკვევა, რომ ფ.გ–ნი (მოსარჩელე მ.გ–ის უფლებამონაცვლე) პრეტენზიას აცხადებს საკუთრების უფლებაზე/საერთო საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამესაკუთრის/თანამფლობელობის უფლებების დაცვის მიზნით, აღძრულ უნდა იქნას არა მხოლოდ აღიარებითი, არამედ მიკუთვნებითი სარჩელიც. როგორც აღინიშნა კერძო საჩივრის ავტორი ფაქტობრივად პრეტენზიას საკუთრების უფლების ხელშეშლაზე აცხადებს, ამ ინტერესის დაკმაყოფილება/მიზნის მიღწევა კი, შეუძლებელია მხოლოდ აღიარებით სარჩელის აღძვრის პირობებში, რადგან როგორც ეს სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობა (სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში) მოპასუხის მხრიდან საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას ავტომატურად ვერ გამოიწვევს და ამ საკითხის გადასაწყვეტად ახალი სამართალწარმოება გახდება საჭირო. შესაბამისად, აღძრული სასარჩელო მოთხოვნის პირობებში, არ იკვეთება მოსარჩელის დაცვის ღირსი ინტერესი, რადგან სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის პირდაპირი შედეგი ვერ იქნება დარღვეული მფლობელობის უფლების აღდგენა. მიკუთვნებითი სარჩელის ფარგლებში კი, შეფასების საგანი იქნება საერთო საკუთრებაში არსებული საგნის განკარგვის კანონიერება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მხრიდან და შეფასდება განკარგულ ქონებაზე რამდენად გააჩნდა მფლობელობის უფლება მოსარჩელეს, რაც თავის მხრივ, შეიძლება წარმოადგენდეს ხელშეშლის აღკვეთის სამართლებრივ წინაპირობას.

17. ამდენად, საკასაციო პალატა ადგენს, რომ მოსარჩელის მიერ დასახული მიზნის მიღწევის საშუალებას მიკუთვნებითი სარჩელი წარმოადგენს, სასამართლო კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ აღიარებითი სარჩელი, განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელია.

18. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პათოსს მასზედ, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნდა იურიდიული ინტერესი, აღნიშნული საკითხი სააპელაციო პალატის მიერ არც ყოფილა უგულებელყოფილი, არამედ სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი, იმ ფორმითა და ფორმულირებით, როგორც ეს იყო წარმოდგენილი ვერ იქნებოდა დავის გადაწყვეტის საუკეთესო და ერთადერთ საშუალება.

19. მოცემულ შემთხვევაში, ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ.გ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე