საქმე №ას-1227-2018 15 თებერვალი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–ი-?“ (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „გ–ი-?“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.05.2018წ. გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.12.2014 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „I საკასაციო საჩივრის ავტორი“, „მეიჯარე“) სარჩელი შპს ”გ–ი-?”-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „II საკასაციო საჩივრის ავტორი“, „მოიჯარე“, I საკასაციო საჩივრის ავტორთან ერთად - „კასატორები“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება - ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2017 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 03.01.2011 წლიდან 01.04.2014 წლამდე (სამინისტროს მიერ მოთხოვნის წაყენების დრო) 12 142 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 01.04.2014 წლიდან 15.12.2014 წლამდე მიწით სარგებლობისათვის 9817.5 ლარი, შენობა-ნაგებობით სარგებლობისათვის 4330.4 ლარი - სულ 14 477 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის გამოთავისუფლებამდე ყოველდღიურად 16.12.2014 წლიდან მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის 37.9 ლარი, ხოლო შენობა-ნაგებობით სარგებლობისათვის 16.7 ლარი, (სულ 54.6 ლარი ყოველდღიურად 16.12.2014 წლიდან).
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.10.2017 წლის განჩინებით საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2017 წლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.05.2018 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის იანვრიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდისათვის იჯარის თანხა ჯამში 7036 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (ხელშეკრულების დროისათვის არსებული კურსით), ასევე 13.05.2014 წლიდან ქონების მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარაბამდე ყოველწლიური 19 973.60 ლარი (ანუ ყოველდღიური 53.7 ლარი). გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
6.1. ქალაქი ბათუმში, ....... დასახლებაში არსებული 1322,10 კვ.მ. შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 9869 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ .....) საქართველოს მთავრობის 14.12.2010 წლის N1612 განკარგულების საფუძველზე, 03.01.2011 წლიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
6.2. 24.04.2014 წელს მოსარჩელის კომისიამ დაათვალიერა უძრავი ნივთი და და შეადგინა აქტი მოპასუხის არამართლზომიერად მფლობელობის ფაქტზე. აქტის თანახმად, მოპასუხე 2009 წლის მაისიდან არამართლზომიერად ფლობს და სარგებლობს 2310 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 719,25 კვ.მ. შენობა-ნაგებობას.
6.3. 13.05.2014 წლის №01-10/21968 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ 03.01.2011 წლიდან მოსარჩელის უძრავი ნივთის არამართლზომიერად ფლობის გამო უნდა გადაიხადოს თანხა. ე.ი. მოთხოვნა მოსარჩელემ მოპასუხეს წაუყენა 13.05.2014 წელს.
6.4. 15.05.2004 წელს მოპასუხემ შპს ”.......თან” გააფორმა იჯარის ხელშეკრულება 5 წლის ვადით, 15.05.2009 წლამდე (ხელშეკრულების 1.2. პუნქტი). საიჯარო ქირის ყოველწლიური ოდენობა შეადგენდა საიჯარო ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების 10 %-ს, ანუ 1889 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში; ფერმის შენობის მიერ დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირა შეადგენდა 222 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში (ხელშეკრულების 2.1.- 2.2. პუნქტები).
6.5. მოიჯარე მოსარჩელის უძრავი ნივთით სარგებლობას აგრძელებდა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომაც, ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის დროსაც და დღემდე.
6.6. შპს აუდიტორული კომპანია ”ი.ა.კ–ის” 20.03.2014 წლის აუდიტორული დასკვნის თანახმად (რომელიც სადავო არაა მხარეთა შორის), მოსარჩელის შენობა-ნაგებობით სარგებლობის საფასური შეადგენს 11237,85 ლარს (1კვ.მ. შენობა-ნაგებობის წლიური სარგებლობის საფასური - 8 ლარსა და 50 თეთრს), 9869 კვ.მ. მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური კი - 59214 ლარს (1კვ.მ. მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური - 6 ლარს).
6.7. მოპასუხის მფლობელობაშია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან 2310
კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 719,25 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. მითითებულ უძრავ ქონებას იგი იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის.
6.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 581-ე, 559-ე, 561-ე მუხლებზე და განმარტა, რომ 2009 წელს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, შპს „.......“ არ შეუტყობინებია მოიჯარისთვის საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, სსკ-ის 559-ე მუხლის თანახმად საიჯარო ხელშეკრულება არ ითვლება შეწყვეტილად ვადის გასვლით. ხელშეკრულება გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით. 03.01.2011 წლიდან უძრავ ქონებას ჰყავს ახალი მესაკუთრე, მოსარჩელის სახით, სწორედ ამ დროიდან მან ჩაანაცვლა უვადოდ გაგრძელებულ საიჯარო ურთიერთობაში შპს „გ–ო“ (სსკ-ის 572-ე მუხლი). მოსარჩელეს არ მიუღია საიჯარო ქირა. დადგენილია, რომ მოპასუხე 2014 წლის მაისიდან, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტიდან დღემდე, მართლზომიერი საფუძვლის გარეშე ფლობს და სარგებლობს მოსარჩელის სახელზე რიცხული სადავო უძრავი ნივთით.
6.9. 13.05.2014 წლის №01-10/21968 წერილი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, უვადოდ გაგრძელებული იჯარის ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადებად უნდა იქნეს მიჩნეული. ხელშეკრულების მოშლამდე მხარეები ერთმანეთთან იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.
6.10. გამომდინარე აღნიშნულიდან, თავდაპირველი მეიჯარის ჩანაცვლების დროიდან 2014 წლის მაისამდე (მოთხოვნის წარმოშობის დროიდან) პერიოდში, რაც შეადგენს 3 წელსა და 4 თვეს (ჯამში 40 თვეს), მოპასუხეს უნდა გადახდეს მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირა ყოველწლიური 222 აშშ დოლარი, ხოლო შენობა -ნაგებობისათვის ყოველწლიური 1889 აშშ დოლარი, რაც 40 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 7036 აშშ დოლარს ((222 : 12=18.5; 18.5x40 = 740) + (1889:12=157.4; 157.4 x40=6296); (740+6296= 7036)).
6.11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულების მოშლის შემდგომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს უძრავ ქონებას, სახეზეა კონდიქციური ვალდებულება.
6.12. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 982-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხე 2014 წლის მაისიდან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, (ანუ ფლობს ისე, რომ მოსარჩელესთან არ იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში), იგი უძრავ ქონებას იყენებს კომერციული დანიშნულებით და ფართით სარგებლობისათვის მოსარჩელისათვის რაიმე თანხა არ გადაუხდია, მან ამ გზით დაზოგა სარგებლობის საფასური. შესაბამისად, ის გამდიდრდა უსაფუძვლოდ დაზოგილი თანხით, რაც ექვემდებარება დაბრუნებას. იმისათვის, რომ დადგინდეს რა ოდენობის თანხით გამდიდრდა მოპასუხე, უნდა გაირკვეს, რას შეადგენდა სადავო პერიოდში ფართით სარგებლობის საფასური, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული აუდიტის დასკვნით, რომელიც სადავო არაა მხარეთა შორის. აუდიტის დასკვნის თანახმად, არამართლზომიერად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე წლიური საფასური შეადგენს: მიწის ნაკვეთზე 13860 ლარს (2310x6=13860), ხოლო შენობა-ნაგებობაზე 6113.625 ლარს (719.25x8.50=6 113.625) ლარს, რაც საბოლოო ჯამში წლიურად შეადგენს 19 973.60 ლარს.
6.13. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 03.01.2011 წლიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდისთვის იჯარის თანხა ჯამში 7036 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (ხელშეკრულების დროისათვის არსებული კურსით), ასევე, 13.05.2014 წლიდან ქონების მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარაბამდე ყოველწლიურად 19 973.60 ლარი.
საკასაციო საჩივრების მოთხოვნა:
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისთვის საიჯარო ქირის და იჯარის ხელშეკრულების მოშლის შემდეგ საიჯარო ქონების უკანონო სარგებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების (გამდიდრების გათანაბრება) კანონიერება.
12. იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის გადახდაა (სსკ-ის 581-ე მუხლი). შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნით სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი (სუსგ. Nას-294-294-2018 , 08.05.2018წ.).
13. სსკ-ის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილით იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581– 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იჯარის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები საიჯარო ურთიერთობის ფაქტობრივად გაგრძელების მარეგულირებელ სპეციალურ დანაწესს არ შეიცავს, ამასთან, არ ადგენს არც ამგვარი ურთიერთობის ამკრძალავ დებულებას. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა იქნას სსკ-ის 559-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, თუ ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით.
14. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ 15.05.2004 წელს ხუთი წლის ვადით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მიუხედავად მოპასუხის მიერ საიჯარო საგნის ფლობისა, შპს „.......“ არ შეუტყობინებია მოიჯარისთვის საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, დგინდება, რომ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელებას არ შედავებია თავდაპირველი მეიჯარე და იგი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა (სსკ-ის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
15. სსკ-ის 572-ე მუხლის თანახმად, თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები. დადგენილია და შედავებული არ არის, რომ 03.01.2011 წლიდან საიჯარო საგანს ჰყავს ახალი მესაკუთრე, მოსარჩელის სახით. სწორედ ამ დროიდან მან ჩაანაცვლა უვადოდ გაგრძელებულ საიჯარო ურთიერთობაში შპს „გ–ო“. ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლით მართებულია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, საიჯარო ქირის დაკისრება ხელშეკრულების მოშლამდე პერიოდისათვის (შდრ. სუსგ №ას-257-245-2017, 19.05.2017წ.).
16. სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დაადგინა მოსარჩელის, როგორც მოიჯარის მიერ ხელშეკრულების მოშლის დრო და რადგან სადავო არ გამხდარა ამ პერიოდის შემდგომ უწყვეტად მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობა, ასევე იმსჯელა მოპასუხის კონდიქციურ ვალდებულებაზე.
17. ამდენად, 2014 წლის მაისიდან მხარეები აღარ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს უძრავ ქონებას და იყენებს მას კომერციული დანიშნულებით. შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან მოპასუხის მიმართ თავს იჩენს სსკ-ით განმტკიცებული ხელყოფის კონდიქციის შემადგენლობა, ვინაიდან ცალსახაა, რომ მოპასუხე არ არის სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ქონების ფლობას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განაგრძობს, ამასთან, არც ქონებით სარგებლობისთვის არ გადაუხდია შესაბამისი საფასური. ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1 მუხლი (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) (შდრ. სუსგ Nას-172-161-2017, 29.06.2017წ.). აღნიშნული ნორმის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (სუსგ №ას-472-448-2013, 05.12.2013წ., №ას-275-2020 , 16.11.2021წ.).
18. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ აუდიტის დასკვნის საფუძველზე სწორად განსაზღვრა არამართლზომიერად დაკავებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასური და მართებულად დააკისრა მოპასუხეს მისი გადახდა ქონების მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარაბამდე. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას აუდიტორულ დასკვნის სადავოობასთან მიმართებაში, პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ემყარება რა შეჯიბრებითობის პრინციპს, ამავე კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, სწორედ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა საპირისპირო დასკვნის წარდგენა, რაც მას არ განუხორციელებია (იხ.: სუსგ Nას-774-723-2017, 11.10.2017წ., ტ.2, ს.ფ. 110-122).
19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს II საკასაციო საჩივრის ავტორის მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეს ამ საკითხზე არც შესაგებელში და არც საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად წარდგენამდე არ მიუთითებია (მხარე თავადვე აღნიშნავს, რომ მან სასამართლო სხდომაზე გააჟღერა ხანდაზმულობის საკითხი), საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდგომ კი ამგვარი მითითება ეწინააღმდეგება სსკ-ის 201.4, 219.1, 380-ე და 407-ე მუხლების მოთხოვნებს (იხ. წინამდებარე საქმეზე მიღებული სუსგ Nას- 774-723-2017, 11.10.2017წ. (ტ.2, ს.ფ. 110-122)).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას საკასაციო სასამართლოს მითითებების შესაბამისად (იხ. წინამდებარე საქმეზე მიღებული სუსგ Nას-774-723-2017, 11.10.2017წ. (ტ.2, ს.ფ. 110-122)) დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სამართლებრივად შეაფასა. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ გააბათილეს სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, I საკასაციო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, II საკასაციო საჩივრის ავტორს სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის ანგარიშში 105 აშშ დოლარისა და 54 ცენტის ეკვივალენტი ლარის, ასევე, 898 ლარისა და 81 თეთრის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „გ–ი-?“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. შპს „გ–ი-?“-ს (ს/ნ: ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის ანგარიშში 105 აშშ დოლარისა და 54 ცენტის ეკვივალენტი ლარის, ასევე, 898 ლარისა და 81 თეთრის გადახდა;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე