22 ივნისი 2022 წელი
№ას-161-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
გიორგი მიქაუტაძე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.დ–ა
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ძ–ვა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ე.ძ–ვამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დ.დ–ას მიმართ არასრულწლოვანი შვილების: ვ. დ–ას, შ. დ–ას, ნ. დ–ას და შ. დ–ას რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით ყოველთვიურად, თითოეულ ბავშვზე 500-500 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მან განმარტა, რომ არ არის დასაქმებული, ამასთან, მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და შესაძლებელია საპატიმრო სასჯელი შეეფარდოს. ოჯახური და ფინანასური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ გადაიხდის ალიმენტის თანხას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ალიმენტის სახით გადასახდელად გონივრული ოდენობის თანხა დაეკისრება, შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების: ვ. დ–ას (დაბადებული 2005 წლის 26 ივლისს), შ. დ–ას (დაბადებული 2007 წლის 13 ივლისს), ნ. დ–ას (დაბადებული 2009 წლის 21 იანვარს) და შ. დ–ას (დაბადებული 2010 წლის 15 იანვარს) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა დაეკისრა, თითოეულ შვილზე ყოველთვიურად 250-250 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2020 წლის 23 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5.1. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
5.1.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი: ვ. დ–ა (დაბ. 26.07.2005წ.), შ. დ–ა (დაბ. 13.07.2007წ.), ნ. დ–ა (დაბ.21.01.2009წ.) და შ. დ–ა (დაბ.15.01.2010წ.).
5.1.3. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან (მოსარჩელესთან).
5.1.4. მოსარჩელეს 01.01.2020 წლიდან 24.03.2021 წლამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი არ დაუფიქსირდა.
5.2. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
5.2.1. 2016 წლის 26 ივლისის მონაცემებით უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ........... გამზირი N23, ს/კ ......., ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეუნეო, დაზუსტებული ფართობი 370,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1- განაშენიანების ფართი 174,15 კვ.მ, მოპასუხის საკუთრებად ირიცხებოდა. ამასთან, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო იჯარის ხელშეკრულებები (იხ. ს.ფ 58-59).
5.2.2. საქმეში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონების ფართიდან, 174,15 კვ.მ-დან 65 კვ.მ ფართი იჯარით აღებული ჰქონდა ს.ს. „ს.ბ–ს“ 2016 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე და ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 900 აშშ დოლარს (იხ. ს.ფ 62-77).
5.2.3. მოსარჩელემ განსახილველი სარჩელით სასამართლოს 23.10.2020 წელს მიმართა (იხ. ს.ფ. 2).
5.2.4. 2020 წლის 27 ოქტომბერს, სარჩელის წარდგენიდან ოთხ დღეში, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, 2020 წლის 09 ნოემბერს აღირიცხა მოპასუხის დის - დ. დ–ას საკუთრებად. უძრავ ქონებაზე კვლავ რეგისტრირებული იყო იჯარის ხელშეკრულებები, მათ შორის, ს.ს. „ს.ბ–თან“. ასევე, 35,00 კვ.მ. ფართზე 01.08.2028-მდე რეგისტრირებული იყო ტიანწუ ლინთან 20.07.2020წ. დადებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, საიჯარო ყოველთვიური ქირა განისაზღვრა 500 აშშ დოლარით (იხ. ს.ფ. 60-61, 78-85).
5.2.5. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, 24.03.2021 წლის მდგომარეობით, ი/მ „დ.დ–ას“ მიერ 01.01.2020 წლიდან 24.03.2021 წლის ჩათვლით პერიოდში მიღებული შემოსავალი შეადგენდა - 25 226.25 ლარს. აღნიშნული შემოსავალი მიღებულია საიჯარო ქირიდან (იხ. ს.ფ 103-105).
5.2.6. მოპასუხემ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებით 300 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო (იხ. 15.11.2021წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 12:22-12:24 სთ.).
5.2.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა შვილის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობებიდან, რაც მდგომარეობს შვილის რჩენის მიზნით ალიმენტის გადახდევინებაში. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ) და 1214-ე (ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენააღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას) მუხლები მიუთითა.
5.2.8. სააპელაციო პალატის დასკვნით, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისა და მხარეთა პრეტენზიების მართებულობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანი იყო გარკვეულიყო, აქვს თუ არა მოპასუხეს შემოსავალი და შესაბამისად განსაზღვრულიყო არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის გონივრული ოდენობა და მისი გადახდის პერიოდი.
5.2.9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მშობლის ვალდებულება, არჩინოს შვილები, არ არის დამოკიდებული მის ფინანსურ მდგომარეობაზე. მშობელს თუნდაც არ გააჩნდეს საკმარისი სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის სრულყოფილად და გონივრულ ფარგლებში რჩენის ვალდებულებისაგან. ამ თვალსაზრისით, აპელანტის მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ მას არ აქვს შემოსავალი, არ წარმოადგენდა მშობლის უშუალო მოვალეობის - შვილისათვის სათანადო მატერიალური დახმარების „შემსუბუქების“ საფუძველს.
5.2.10. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული, რომელიც ფასდება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
5.2.11. არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის „ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან). კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
5.2.12. კონტინენტური სამართლის ქვეყნების, საკანონმდებლო სივრცის თუ პრაქტიკის, გაიდლაინების გათვალისწინებით განსხვავებულია ალიმენტის ოდენობის გამოთვლა. ასეთი შეიძლება უკავშირდებოდეს მშობლის შემოსავლის დონეს ან ბავშვისათვის განკუთვნილ აუცილებელ ხარჯებს, შესაძლებელია ერთობლივი შეფასებაც, მხედველობაში შეიძლება მიღებულ იქნეს ბავშვების ასაკი და მათი რაოდენობა, მაგალითად, გერმანიის სასამართლოები სარგებლობენ „დუსელდორფის ცხრილით“ და ა.შ.
5.2.13. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი მიუთითებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მას ემუქრება საპატიმრო სასჯელი, შესაბამისად, იგი ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას, ამასთან, ალიმენტის ოდენობაც არაგონივრულია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული აღნიშნული გარემოება ვერ გახდებოდა ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინადან, პირის სისხლის სამართლის პახუხისგებაში მიცემა უტყუარად არ ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი ან/და გამოყენებული იქნება საპატიმრო სასჯელი. ამდენად, ამ ვითარებაში, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია ამ მოტივით შვილის მიმართ მშობლის მოვალეობისაგან-ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება.
5.2.14. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ის გარემოება, რომ მოპასუხეს აქვს საკმაოდ მაღალი შემოსავალი, რაც უფიქსირდება შემოსავლების სამსახურში დაცული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ერთი წლის განმავლობაში, კერძოდ, 01.01.2020 წლიდან 24.03.2021 წლის ჩათვლით პერიოდში მიღებული შემოსავალი 25 226.25 ლარი იყო. ამასთან, დადგენილი იყო, რომ მოპასუხემ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებით მიიღო 300 000 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს მის აქტივს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს გააჩნია საკმაოდ დიდი ოდენობის აქტივი, შესაბამისად, მისი პოზიცია, რომ ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას, დაუსაბუთებელი იყო. აღსანიშნავი იყო ისიც, რომ სარჩელის წარდგენიდან ოთხ დღეში მოპასუხემ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება მიჰყიდა დას, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ იგი ალიმენტის გადახდისაგან თავის არიდებას ცდილობდა.
5.2.15. სააპელაციო პალატის დასკვნით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და აპელანტის არგუმენტები არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ სასამართლოს განესაზღვრა არაგონივრულად მცირე ალიმენტი ან/და არასრულწლოვანი ბავშვები დაეტოვებინა აუცილებელი საარსებო მინიმუმის გარეშე.
5.2.16. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტი იყო გონივრული ოდენობის. შესაბამისად, არასრულწლოვნები: ვ., შ., ნ. და შ. დ–ების ასაკის გათვალისწინებით (16 წლის, 14 წლის, 12 წლის, 11 წლის) მათი არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხისათვის ყოველთვიურად 250-250 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება მართებული იყო და ვერ დაედებოდა საფუძვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ იგი უმუშევარია და არ აქვს შემოსავალი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არაგონივრულია. ამასთან, სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ კასატორი მიცემულია სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში და მას ემუქრება პატიმრობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას.
11. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).
14. საკასაციო სასამართლოს კასატორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისი მატერიალური მდგომარეობა, დაუსაბუთებლად მიაჩნია. ამ თვალსაზრისით, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა შეისწავლეს მოპასუხის შემოსავლები, დადებული გარიგებები და მის სახელზე რიცხული ქონება, გამოკვლეულ იქნა ასევე არასრულწლოვნების საჭიროებებიც.
15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლებისა და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, არასრულწლოვნების სასარგებლოდ ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა ყოველთვიურად 250-250 ლარი და არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.
16. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვების ასაკიც, კერძოდ, რომ არასრულწლოვნები არიან 16, 14, 12 და 11 წლის, შესაბამისად, მათ მცირეწლოვან ბავშვებთან შედარებით მომეტებული საჭიროებები გააჩნიათ, ასაკის ზრდასთან ერთად კი, კიდევ უფრო იზრდება მათი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯიც.
შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის 250-250 ლარის შემცირების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი ვერ იქნება არათუ ბავშვების აუცილებელი საჭიროება, არამედ ელემენტარული პირობებიც კი და მათ აღზრდა-განვითარებას შეექმნება საფრთხე.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 420 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.დ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. დ.დ–ას (პ/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 600 ლარის (გადახდის თარიღი: 28/03/2022, საგადასახადო დავალება: 12926105441, გადამხდელის ბანკი: ს.ს. ,,ს.ბ–ი“) 70% – 420 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
გიორგი მიქაუტაძე
ამირან ძაბუნიძე