05 ივლისი, 2022 წელი
№ას-144-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ვ.ქ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. “მ.ქ.კ–ი”
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ს. „მ.ქ.კ–ი“-მ სარჩელით მიმართა მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ვ.ქ–ვისა და რ.ქ–ვის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: მარნეული, სოფელი ......., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2140.00კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, ს/კ .....) გამოთხოვისა და ამ ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი -......, ს/კოდით .... და უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ.ქ–ვმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. უძრავი ქონება, მდებარე - მარნეული, სოფელი ....., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2140.00კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, ს/კ ....., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.
5.2. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხე ვ.ქ–ვი ფლობს მარნეულში, სოფელ ..... მდებარე მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ს/კ N ......).
5.3. აპელანტი სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს, მას აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
5.4. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს კომლის საკუთრებას, სადაც ის ჯერ კიდევ რეფორმის პერიოდამდე ცხოვრობდა, განსახილველ დავაში, არ ადასტურებდა მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ სადავო ფაქტობრივ გარემოებას - სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის შესახებ. ამასთან, აპელანტის პრეტენზია, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა იძულებითი აუქციონი, რომელიც კანონის დარღვევით ჩატარდა, პალატის დასკვნით განსახილველი დავის ფარგლებში ვერ გახდებოდა შეფასების საგანი, აღნიშნულის თაობაზე მოპასუხის აპელირება არარელევანტური იყო და სააპელაციო სასამართლო მას ვერ გაიზიარებდა.
5.5. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე და 312-ე-312-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ სადავო ქონებას ფლობს კანონიერად და არ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რისი დადასტურებაც მას კანონის თანახმად ეკისრებოდა. შესაბამისად, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
5.6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2021 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით მოპასუხე მხარის შუამდგომლობა მოცემულ სამოქალაქო საქმეში მესამე პირის სტატუსით აგიგატ და მამედ ქარიმოვების ჩართვის შესახებ მართებულად არ დაკმაყოფილდა. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელის, ანუ მესაკუთრის მიერ ვინდიკაციური სარჩელი წარდგენილი იქნა მხოლოდ ორი პირის მიმართ, საიდანაც მხოლოდ ერთია ამ ეტაპზე აპელანტი, შესაბამისად, მოსარჩელეს სწორედ მითითებული პირების მიმართ აქვს პრეტენზია. შესაძლებელია სადავო უძრავ ქონებაში მოპასუხეთა გარდა ნამდვილად ცხოვრობდა და ცხოვრობენ სხვა პირები, თუმცა მათ მიმართ სარჩელი არ იყო წარდგენილი და მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს მათ უფლებებსა თუ ვალდებულებებზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეზე იყო, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მათთან ერთად სხვა პირებიც ცხოვრობენ და ისინი მესამე პირის სტატუსით უნდა იქნენ ჩაბმულნი, საკმარის საფუძველს არ წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ აგიგატ და მამედ ქარიმოვებს წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, არ აქვთ შემხებლობა როგორც უძრავ ქონებასთან, ასევე - მხარეებთან. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტის შუამდგომლობა განსახილველ სამოქალაქო საქმეში მესამე პირების ჩართვასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ქ–ვმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სადავო უძრავი ქონება კომლის თანასაკუთრებაა და არა კონკრეტულად ორი პირის - მოპასუხეების კუთვნილი ქონება. სადავო საცხოვრებელ სახლში გარდა მოპასუხეებისა ცხოვრობენ სხვა პირები, რომელთაც მფლობელობით მოპოვებული აქვთ საკუთრების უფლება. ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი, რომელიც კანონის დარღვევით ჩატარდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
13. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ასევე, დადგენილია, რომ კასატორი სადავო ქონების მფლობელია.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).
15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას, ხოლო ის გარემოებები რასაც კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, საკასაციო სასამართლოს არარელევანტურად მიაჩნია, მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების სამტკიცებლად. ამდენად, არ არსებობს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან აღნიშნული ქონების გამოთხოვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ებები: №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ქ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ვ.ქ–ვს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (გადახდის თარიღი: 05/03/2022, საგადახდო დავალება: #12758333007 გადამხდელის ბანკი: ს.ს. "საქართველოს ბანკი") 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი