Facebook Twitter

საქმე №ას-1677-2018 5 ივლისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ბ-ის ნ-ლი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ-ლ ჯ-ია“ (მოსარჩელე)

მესამე პირი - შპს „ო-ლ ლ-იკ ს-სი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ლ-ლ ჯ-ას“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი შპს „ნ-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ქმედების დავალდებულების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა, მოსარჩელის კუთვნილი ნავთობპროდუქტი, კერძოდ 1 088 327 კგ არაეთილირილებული ბენზინი …..-… და იგი მოსარჩელეს მფლობელობაში გადაეცა; მოსარჩელის კუთვნილი ზემოხსენებული ნავთობპროდუქტის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის მფლობელობაში გადაცემის მიზნით, დავალდებულდა მოპასუხე, მის მფლობელობაში არსებული რეზერვუარებიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩაეტვირთა მოსარჩელის კუთვნილი 1 088 327 კგ არაეთილირილებული ბენზინი …-….

2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. შპს „ო---ლ ლ---კ ს-სი“ (შემდეგში: მესამე პირი ან ექსპედიტორი) არის, ბათუმის ნ-ში საექსპედიტორო მომსახურების განმახორციელებელი კომპანია, რომლის მომსახურების სფეროში შედის ტანკერებიდან ნავთობპროდუქტების ნავთობტერმინალის რეზერვუარებში ჩამოტვირთვა, რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში გადატვირთვა და პირიქით, ასევე საბაჟო პროცედურების განხორციელება. თავისი საქმიანობის განხორციელებისას, ექსპედიტორი იყენებს მოპასუხე კომპანიის მომსახურებას, რაც უკავშირდება ნავთობპროდუქტების გადატვირთვა-ჩატვირთვის პროცედურებს, რა დროსაც გამოიყენება მოპასუხე კომპანიის პერსონალი, მატერიალური ბაზა და რეზერვუარები. ექსპედიტორს მოპასუხესთან გაფორმებული ჰქონდა შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება;

2.2. მოსარჩელე იყო ექსპედიტორის ერთ-ერთი კლიენტი, რომელიც იყენებს ექსპედიტორი კომპანიის მომსახურებას. მათ შორის შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2016 წლის 13 ოქტომბერს, რაც ძალაში იყო 2017 წლის 31 დეკემბრამდე;

2.3. შვეიცარიულმა კომპანია „L----O ….“-მ, 2017 წლის 19 ივნისს, კომპანია L---l N---m B---s-ისაგან ბულგარეთში შეიძინა ნავთობპროდუქტები, მათ შორის 12 976 357 კგ არაეთილირილებული …..-…. ბენზინი და ტანკერ … N----c H---e-ს მეშვეობით მოახდინა მისი ტრანსპორტირება საქართველოში, კერძოდ ბათუმის პორტში, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. „L----O …“-ს მიერ ბულგარეთიდან საქართველოში ტრანსპორტირებული ზემოაღნიშნული ნავთობპროდუქტი უნდა შეეძინა მოსარჩელეს, მაგრამ, მოცემული ნავთობპროდუქტის განბაჟებამდე, აუცილებელი იყო გემიდან ქ. ბათუმის ნავთობტერმინალში მისი ჩამოტვირთვა;

2.4. „L-----O ….“-სა და ექსპედიტორ კომპანიას შორის 2017 წლის 26 ივნისს, გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ექსპედიტორმა აიღო ვალდებულება, როგორც ზემოაღნიშნული ნავთობპროდუქტების ტანკერიდან ბათუმის ნავთობტერმინალში ჩამოტვირთვის ორგანიზებაზე, ასევე მოცემული ნავთობპროდუქტის საქართველოში დროებით შემოტანისა და ნავთობტერმინალში შესანახად განთავსების მიზნით, საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. მოცემული ვალდებულების შესრულების მიზნით ექსპედიტორმა კომპანიამ მინდობილობა შპს „ნ……უ ო……ლ ტ…..ს კ…..ზე“ გასცა;

2.5. „L------O ….“-ს კუთვნილი 12 976 357 კგ არაეთილირილებული …. ბენზინის საქართველოში დროებით შესანახად შემოტანაზე და მოპასუხე კომპანიის რეზერვუარებში განთავსებაზე, 2017 წლის 10 ივლისს, შევსებული იქნა საბაჟო დეკლარაცია. დეკლარაციაში დეკლარანტად მითითებული იყო ექსპედიტორი კომპანია. დეკლარაციის შევსებას წინ უძღოდა მოცემული ნავთობპროდუქტის ჩამოტვირთვა მოპასუხე კომპანიის რეზერვუარებში, რის თაობაზეც შედგენილი იქნა აქტი N-----. აქტში, მესამე პირთან ერთად, მითითებული იყო, რომ ნავთობპროდუქტი ეკუთვნოდა „L-----O …“-ს. მოცემული ნავთობპროდუქტის ტანკერიდან ჩამოტვირთვის პროცედურები მოპასუხემ განახორციელა, რის საფუძველსაც წარმოადგენდა ექსპედიტორსა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება;

2.6. „L---O …“-ს კუთვნილი 12 976 357 კგ არაეთილირილებული ….-… ბენზინის შემძენი უნდა ყოფილიყო მოსარჩელე, რომელიც „L----O …“-სთან შეთანხმებით, ზემოაღნიშნული ნავთობრპოდუქტის შეძენას ახორციელებდა ნაწილ-ნაწილ, პერიოდულად. მოცემული სამუშაოების ორგანიზებას ახორციელებდა ექსპედიტორი კომპანია მოსარჩელე საწარმოსთან 2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; უშუალოდ მოსარჩელის მიერ იმპორტირებული ნავთობპროდუქტის რეზურვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვას ახორციელებდა მოპასუხე კომპანია, ექსპედიტორსა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

2.7. იმპორტირებული ნავთობპროდუქტის მოპასუხე კომპანიის რეზერვუარებიდან გატანაზე მოსარჩელე საწარმოს პრობლემები 2017 წლის 4 აგვისტომდე არ შექმნია. მოსარჩელემ 2017 წლის 4 აგვისტოს შეიძინა „L----O ….“-ს კუთვნილი და მოპასუხის რეზერვუარებში შენახული ნავთობპროდუქტის, კერძოდ არაეთილირილებული ….-… ბენზინის, დარჩენილი ნაწილი - 3 000 000 კგ, რაზედაც „L----O …“-მ მოსარჩელეზე გასცა ინვოისი. იმავდროულად, მოსარჩელემ ექსპედიტორს დაავალა, მისთვის მოპასუხე კომპანიაში დასაწყობებული 3 000 000 კგ არაეთილირილებული ….-…ბენზინი გადაეცა. თავის მხრივ, არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დაავალა ექსპედიტორს, ორგანიზება გაეკეთებინა საბაჟო პროცედურებისთვის და შეძენილი ნავთობპროდუქტის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვისათვის, რათა მოსარჩელეს შეძენილი ნავთობპროდუქტი გაეტანა მოპასუხე კომპანიიდან;

2.8. მესამე პირმა (ექსპედიტორმა) მოპასუხეს წარუდგინა რეზერვუარებში არსებულ 3 000 000 კგ არაეთილირილებული ….-… ბენზინზე მოსარჩელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოსთხოვა მოცემული ნავთობპროდუქტის ვაგონცისტერნებში ჩატვირთვა. მოპასუხე კომპანიის ხელმძღვანელობამ ზეპირსიტყვიერად უარი განაცხადა მოცემული ქმედების განხორციელებაზე და ექსპედიტორს განუმარტა, რომ არ მოხდებოდა მოპასუხის რეზერვუარებიდან ზემოაღნიშნული 3 000 000 კგ არაეთილირილებული …- …ბენზინის გატანა, ვიდრე ექსპედიტორი მასთან დავალიანებას არ გაასწორებდა;

2.9. მოსარჩელე საწარმომ 2017 წლის 9 აგვისტოს წერილით მიმართა მოპასუხე კომპანიას და მოსთხოვა, უმოკლეს ვადაში განეხილა წარმოქმნილი პრობლემა და შესაბამისი სამსახურებისათვის გაეცა ბრძანება, დაეწყოთ მათი კუთვნილი ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა და გაგზავნა. მოსარჩელეს მოპასუხისგან აღნიშნულ წერილზე პასუხი არ მიუღია;

2.10. მოსარჩელემ 2017 წლის 11 აგვისტოს მოპასუხეს წერილობით კვლავ მიმართა და მოითხოვა მოსარჩელის კუთვნილი ნავთობპროდუქტის რკინიგზის ცისტერნებში ჩატვირთვა. მოპასუხეს არც აღნიშნული წერილის მიღების შემდეგ არ ჩაუტვირთავს მოსარჩელის კუთვნილი ნავთობპროდუქტი საკუთარი რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში;

2.11. მოპასუხეს 2017 წლის 10 აგვისტოს წერილით ექსპედიტორი კომპანიის (მესამე პირის) დირექტორმაც მიმართა, რომლითაც აცნობა, რომ ტვირთი არ არის მისი საკუთრება, იგი მოსარჩელის საკუთრებაა და, რომ მოპასუხესა და მესამე პირს შორის არსებული დავა მოსარჩელეს არ უნდა შეეხოს. ანალოგიური შინაარსის წერილებით მესამე პირმა მოპასუხეს 2017 წლის 11 და 14 აგვისტოსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ;

2.12. სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხემ ნება დართო მოსარჩელეს, ექსპედიტორი კომპანიის მეშვეობით, დაეწყო სადავო 3 000 000 კგ საწვავის - ბენზინი ….-…-ის გატანა და მას შესაბამის მომსახურებას უწევდა, მოცემული ნავთობპროდუქტის ნავთობტერმინალის რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვის თვალსაზრისით;

2.13. მოსარჩელის მიერ 1 911 673 კგ საწვავის - ბენზინი …-….-ის ნავთობტერმინალის რეზერვუარებიდან წაღების შემდეგ (მოცემული ოდენობის ნავთობპროდუქტის გატანა განხორციელდა 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით), მოპასუხე კომპანიამ კვლავ უარი განაცხადა დარჩენილი სადავო ნავთობპროდუქტის მისი კუთვნილი რეზერვუარებიდან გატანაზე;

2.14. ამჟამად 3 000 000 კგ საწვავის ნაცვლად, მოპასუხის მფლობელობაშია 1 088 327 კგ არაეთილირილებული ბენზინი ….-…., რომელიც განთავსებულია მოპასუხე კომპანიის რეზერვუარებში. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხის რეზერვუარებიდან ნავთობპროდუქტების რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვა ხორცილდება, მხოლოდ უშუალოდ მოპასუხე კომპანიის პერსონალის მიერ, ტერმინალის მატერიალური ბაზის გამოყენებით. შესაბამისად, ერთადერთი პირი, ვისაც შეუძლია სადავო 1 088 327 კგ არაეთილირილებული …-… ბენზინის მოპასუხის რეზერვუარებიდან რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვა განახორციელოს არის მოპასუხე;

2.15. მესამე პირს (ექსპედიტორ კომპანიას) მოპასუხის მიმართ 48 255.6 აშშ დოლარის ვადაგადაცილებული დავალიანება გააჩნდა. აღნიშნული დავალიანება არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ კომპანია „L----O ….“-საგან შეძენილ ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებულ ვალს. ექსპედიტორი კომპანიის დავალიანების შესახებ ცნობით დასტურდება, რომ 48 255.6 აშშ დოლარი დავალიანება, მესამე პირს გააჩნდა, ჯერ კიდევ 2017 წლის 2 მაისისათვის, ანუ მაშინ როდესაც „L----O …“-ს კუთვნილი 12 976 357 კგ არაეთილირილებული ……ბენზინი საქართველოში საერთოდ არ იყო შემოტანილი;

2.16. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ 2017 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით დგინდება, რომ დაკმაყოფილდა მოპასუხე კომპანიის მოთხოვნა და ექსპედიტორ კომპანიას დაეკისრა 74 355.6 აშშ დოლარის გადახდა. ექსპედიტორს, გარდა ძველი დავალიანების -48 255.6 აშშ დოლარისა, აღნიშნული ბრძანებით დაეკისრა 2017 წლის 18 ოქტომბრამდე მოპასუხე კომპანიაში არსებული 3 000 000 კგ საწვავის ბენზინი …-…-ის მოპასუხის რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში გადატვირთვის ღირებულებაც - 26 100 აშშ დოლარი.

3. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე, 730-ე, 731-ე, 732-ე, 709-ე, 715- ე, 716-ე, 740-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-2, მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით იხელმძღვანელა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნავთობპროდუქტის მესაკუთრე არის მოსარჩელე, აღნიშნული 1 088 327 კგ არაეთილირილებული ბენზინი ….-…. ამჟამად იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და იგი უარს აცხადებს ნავთობპროდუქტის მოსარჩელისათვის გადაცემაზე. ამდენად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მოპასუხის უმოქმედობით ხდება მისი საკუთრების ხელყოფა და იგი ვერ სარგებლობს მისი კუთვნილი ქონებით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე საწარმოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 26 100 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მოპასუხე კომპანიის მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის კუთვნილი ნავთობპროდუქტი, კერძოდ, 1 088 327 კგ არაეთილირილებული ბენზინი …-… და მოსარჩელეს გადაეცა; მოსარჩელის კუთვნილი ნავთობპროდუქტის, კერძოდ, 1 088 327 კგ არაეთილირილებული ბენზინის, …-….-ის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გადაცემის მიზნით, მოპასუხეს დაევალა, მის მფლობელობაში არსებული რეზერვუარებიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩაეტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 1 088 327 კგ არაეთილირილებული ბენზინი ….-….; მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრისა და 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მოპასუხე კომპანიასა და ექსპედიტორს შორის 2016 წლის 5 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა, დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, საბოლოოდ 2017 წლის 31 ივლისამდე განისაზღვრა. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ, მის ხელთ არსებული სიმძლავრეებისა და მისადგომების მეშვეობით, იკისრა ვალდებულება, ექსპედიტორისათვის გაეწია ტვირთის გადატვირთვის მომსახურება ბათუმის ნავსადგურში ხელშეკრულების მოქმედების ვადის მანძილზე, მათ შორის: ტვირთის ტანკერებიდან დაცლა; ტვირთის საცავებში დაგროვება და შენახვა; ტვირთის ჩატვირთვა ტერმინალის რეზერვუარებიდან ტანკერებში და ვაგონ-ცისტერნებში ან ავტოცისტერნებში; აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება ტერმინალებზე არსებული საქონლის მოცულობისა და მისი ცვლილებების შესახებ კომპანიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ანგარიშსწორების პირობები, წესი და ტარიფები განისაზღვრა ხელშეკრულების 11.1-11.11 პუნქტებით და ხელშეკრულების დანართით, რომლის მიხედვითაც, ექსპედიტორ კომპანიას უნდა დაეფარა წინასწარი ინვოისი სამი დღით ადრე, დატვირთვა/გადმოტვირთვის შეთანხმებულ ტარიფამდე;

5.2. მოსარჩელესა და ექსპედიტორს შორის 2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, საბოლოოდ 2017 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა. ხელშეკრულების თანახმად, ექსპედიტორმა იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის გაეწია ტვირთის გადატვირთვის მომსახურება ბათუმის ნავსადგურში მის ხელთ არსებული სიმძლავრეებისა და მისადგომების მეშვეობით ხელშეკრულების მოქმედების ვადის მანძილზე. მათ შორის: ტვირთის ტანკერებიდან დაცლა; ტვირთის საცავებში დაგროვება და შენახვა; ტვირთის ჩატვირთვა ტერმინალის რეზერვუარებიდან ტანკერებში და ვაგონ-ცისტერნებში ან ავტოცისტერნებში; აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება ტერმინალებზე არსებული საქონლის მოცულობის და მისი ცვლილებების შესახებ კომპანიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

5.3. კომპანია „L-----O ---“ -სა და ექსპედიტორს შორის 2017 წლის 26 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ექსპედიტორმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 ივლისამდე, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, კომპანია „L-----O …“-თვის გაეწია მომსახურება ბათუმის ნავთობტერმინალში ტვირთის გადატვირთვაზე, კერძოდ: ტვირთის ტანკერებიდან დაცლა; ტვირთის საცავებში დაგროვება და შენახვა; ტვირთის ჩატვირთვა ტერმინალის რეზერვუარებიდან ტანკერებში და ვაგონ-ცისტერნებში ან ავტოცისტერნებში; აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება ტერმინალებზე არსებული საქონლის მოცულობის და მისი ცვლილებების შესახებ კომპანიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

5.4. მესამე პირის (ექსპედიტორის) მოთხოვნით მოპასუხე კომპანიის გემიდან, 2017 წლის 9 ივლისს, გადმოიტვირთა და ტერმინალის რეზერვუარებში ჩაიტვირთა შვეიცარული კომპანიის „ L----O …“-ს მიერ გამოგზავნილი, 12 976 357 კგ არაეთილირილებული ბენზინი ….-….;

5.5. მოპასუხე კომპანიაში ჩატვირთული კომპანია „ L----O …“-ს მიერ გამოგზავნილი,12 976 357 კგ არაეთილირილებული ბენზინს …….-ს მოსარჩელე ნაწილ-ნაწილ ჰყიდულობდა, ხოლო შეძენილ პროდუქტს მოპასუხის რეზერვუარებიდან ვაგონ-ცისტერნებში მოპასუხე ტვირთავდა ექსპედიტორთან გაფორმებული 2016 წლის 5 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე;

5.6. მოსარჩელემ 2017 წლის 7 აგვისტოს შეიძინა კომპანია „L-----O …“-ს კუთვნილი და აპელანტი კომპანიის რეზერვუარებში ჩატვირთული ნავთობპროდუქტის დარჩენილი ნაწილი - 3 000 000 მეტრული ტონა (კგ) არაეთილირილებული ბენზინი ….-.., რაზედაც კომპანია „L-------o ….“-მ ორდერი გასცა;

5.7. მოსარჩელემ 3 000 000 კგ ნავთობპროდუქტის ნაწილი - 1 911 673 კგ საწვავი 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით გაიტანა, ხოლო დარჩენილი ნაწილის 1 088 327 კგ საწვავის - ბენზინი ……-ის ნავთობტერმინალის რეზერვუარებიდან გატანისა და გადაზიდვის მიზნით მომსახურების გაწევაზე მოპასუხემ უარი განაცხადა;

5.8. მოპასუხის მიერ გაცემული ცნობისა და მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ მესამე პირს (ექსპედიტორ კომპანიას), მოპასუხის მიმართ გააჩნია დავალიანება, რაც, 2017 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით, 74 355,60 აშშ დოლარს შეადგენს. მითითებული დავალიანებიდან 26 100 აშშ დოლარი წარმოადგენს მოსარჩელე საწარმოს მიერ შეძენილი 3 000 000 კგ ნავთობპროდუქტის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების (ტერმინალის რეზერვუარებში ჩატვირთვა და რეზერვუარებიდან მოსარჩელის ვაგონცისტერნებში ჩატვირთვა) ღირებულებას, ხოლო 48 255 აშშ დოლარი ექსპედიტორის დაკვეთით ტვირთების შენახვის (მიბარების) საფასურს, რაც საქმის განხილვის დროისათვის, მოპასუხისათვის გადახდილი არ არის;

5.9. კომპანია “L-O ….” მიერ გამოგზავნილი 12 976 357 კგ არაეთილირილებული ბენზინი ….-…-ის მოპასუხე კომპანიის რეზერვუარებში შენახვა უსასყიდლო იყო და, აპელანტსა და ექსპედიტორს შორის 2016 წლის 5 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იყო მხოლოდ ამ ტვირთის გადმოტვირთვა - ჩატვირთვის მომსახურების საფასურის გადახდა;

6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა სანივთო უფლებიდან გამომდინარეობდა, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა, მოპასუხის მფლობელობიდან მისი საკუთრების - 1 088 327 კგ საწვავის - არაეთილირებული ბენზინი ….-….-ის გამოთხოვას და ტვირთის გადაცემასთან დაკავშირებით უფასო მომსახურების განხორციელებას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 168-ე, 170.1-ე, 172.1-ე მუხლები წარმოადგენდა;

6.1. მოპასუხემ მოსარჩელის მოთხოვნის უარსაყოფად მიუთითა მოთხოვნის შემაფერხებელ გარემოებებზე, კერძოდ, მისი მტკიცებით, სადავო ნივთზე (1 088 327 კგ საწვავი) მფლობელობა მოიპოვა ექსპედიტორმა (შემკვეთმა) 2016 წლის 5 ოქტომბერს დადებული ნარდობის (მომსახურების) ხელშეკრულების საფუძველზე და ვიდრე არ იქნებოდა გადახდილი შემკვეთის (ექსპედიტორის) მოთხოვნით განხორციელებული ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის მომსახურების საფასური, მოპასუხე კომპანიას უფლება ჰქონდა, დაეკავებინა და უარი განეცხადებინა მის გადაცემაზე. ამდენად, მოპასუხის მითითების სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 629.1-ე, 634-ე, 648-ე, 163.3-ე მუხლები წარმოადგენს;

6.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კომპანია „L-O ….“-ს მიერ 2017 წლის 7 აგვისტოს გაცემული ორდერი რეალურად ნასყიდობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა, რომლითაც მოსარჩელე საწარმომ შეიძინა კომპანია „L----O …“-ს კუთვნილი და მოპასუხის რეზერვუარებში ჩატვირთული ნავთობპროდუქტის დარჩენილი ნაწილი - 3 000 000 მეტრული ტონა (კგ) არაეთილირილებული ბენზინი …-…. ამდენად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (სსკ-ის 477-ე მუხლი) წარმოადგენს ამ ტვირთის მესაკუთრეს და, სსკ-ის 168-ე, 170.1-ე, 172.1-ე მუხლების შესაბამისად, უფლება აქვს, მოითხოვოს მისი გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მფლობელს გააჩნია ამ ნივთის ფლობის უფლება;

6.3. იმისთვის, რომ გაირკვეს, მოპასუხე კომპანიას აქვს თუ არა მოსარჩელის კუთვნილი ნივთის (ნავთობპროდუქტის) ფლობის ან/და დაკავების უფლება, უნდა შეფასდეს რა სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დაეუფლა მოპასუხე სადავო პროდუქტს;

6.4. მოპასუხის მიერ შედგენილი N----- აქტის (ტ.1, ს.ფ.151), მოპასუხესა და მესამე პირს (ექსპედიტორს) შორის 2016 წლის 5 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებისა და მხარეთა განმარტებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მესამე პირი ნარდობის (მომსახურების) სახელშეკრულებო ურთიერთობაში (სსკ-ის 629.1-ე მუხლი) იმყოფებოდა, როგორც აპელანტთან, ისე კომპანია „L-----O …“-თან და მოსარჩელე საწარმოსთან. ამასთან კომპანია „L-----O ….“-სთან და მოსარჩელესთან მიმართებით ექსპედიტორი კომპანია წარმოადგენდა შემსრულებელს (მენარდეს, მომსახურების გამწევს), ხოლო მოპასუხესთან მიმართებით - შემკვეთს. შესაბამისად 2017 წლის 9 ივლისს ნავთობტერმინალის რეზერვუარებში კომპანია „L-----O ..“-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტის ჩატვირთვის სამუშაოები მოპასუხემ განახორციელა ექსპედიტორი კომპანიის დაკვეთით, რაც აისახა კიდეც მოპასუხის მიერ 09.07.2017 წ. შედგენილ N---- აქტში; ამდენად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ სადავო ნავთობპროდუქტზე, მოპასუხემ მფლობელობა მოიპოვა ექსპედიტორ კომპანიასთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, რომლის შესაბამისი ანაზღაურება მიღებული არ აქვს;

6.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის პირობებში არსებობს სანივთო და სახელშეკრულებო (ნარდობის) ურთიერთობიდან წარმოშობილი უფლებები. ამასთან, სადავო ნივთის მფლობელთან - აპელანტთან ხელშეკრულების მხარეს ნივთის მესაკუთრე - მოსარჩელე არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სანივთო უფლებას (სსკ-ის 168-ე მუხლი), რომელიც აბსოლუტური უფლებაა. შესაბამისად, საქონლის მესაკუთრის მოთხოვნა, მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს და გადაეცეს კუთვნილი 3 000 000 კგ ნავთობპროდუქტის დარჩენილი ნაწილი - 1 088 327 კგ არაეთილირილებული ბენზინი ……., საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

6.6. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას კუთვნილი ნივთის (ნავთობპროდუქტი) გადაცემა და რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთვა (მომსახურება) მოპასუხემ საკუთარი პერსონალის, ტერმინალის მატერიალური ბაზის გამოყენებით, უსასყიდლოდ განახორციელოს, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან ასეთი მომსახურება მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაკუთრისათვის (მოსარჩელე) ნივთის გადაცემა უნდა განხორციელდეს, მოპასუხისათვის, ამ ნივთის გადაცემასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების სანაცვლოდ (სსკ-ის 326-ე, 629.1, 630-ე მუხლები); შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაევალა, უსასყიდლოდ განეხორციელებინა მოსარჩელისათვის ამ უკანასკნელის კუთვნილი ნავთობპროდუქტის გადაცემა, როგორც დაუსაბუთებელი, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო არაა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე საწარმოს კუთვნილი და მოპასუხე კომპანიის რეზერვუარებში ჩატვირთული ნავთობპროდუქტის - 3 000 000 კგ არაეთილირილებული ბენზინი ….-ს გადმოტვირთვა-ჩატვირთვის ღირებულება 26 100 აშშ დოლარს შეადგენს, რაც ამ სამუშაოს შემსრულებელს - აპელანტს (მოპასუხეს) მიღებული არ აქვს, სასარჩელო მოთხოვნა კუთვნილი ნივთის (ნავთობპროდუქტის) დარჩენილი ნაწილის გადაცემის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ აპელანტის (მოპასუხის) მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ნავთობპროდუქტის, კერძოდ, 1 088 327 კგ არაეთილირილებული ბენზინი ….-ის გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა უნდა განხორცილდეს 26 100 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ;

6.7. ამ მოქმედების განხორციელების მიზნით, მოპასუხეს უნდა დაევალოს, 26 100 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ, მის მფლობელობაში არსებული რეზერვუარებიდან, საკუთარი პერსონალის, ტერმინალის მატერიალური ბაზის გამოყენებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნებში ჩატვირთოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 1 088 327 კგ არაეთილირილებული ბენზინი ……;

6.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხის) მითითება იმის თაობაზე, რომ მესამე პირთან დადებული 05.10.2016 წ. ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული მომსახურების მთლიანი დავალიანების ანაზღაურებამდე, მას ნივთის დაკავების უფლება აქვს. მართალია, სსკ-ის 634-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უფლება აქვს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნივთთან დაკავშირებით გაწეული მომსახურეობის საფასურის მიღებამდე დააკავოს ნივთი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, ნივთის დაკავების უფლება შემსრულებელს (მოპასუხეს) გააჩნია ექსპედიტორთან (მესამე პირთან) მიმართებით, როგორც ხელშეკრულების მხარესთან - შემკვეთთან და არა მესაკუთრესთან (მოსარჩელესთან). გარდა ამისა, მხარეთა მიერ სადავო არაა ის ფაქტი, რომ მთლიანი დავალიანებიდან - 74 355.6 აშშ დოლარიდან, მხოლოდ 26 100 აშშ დოლარია მოსარჩელის კუთვნილი და მოპასუხის რეზერვუარებში ჩატვირთული 3 000 000 კგ ნავთობპროდუქტის მომსახურების თანხა. ამდენად, ექსპედიტორის დავალიანება, რაც დაკავშირებული არ არის მოსარჩელის კუთვნილი ქონების მომსახურებასთან, ვერ გახდება მოსარჩელის საუთრებაში არსებული ნივთის დაკავების საფუძველი.

7. სსსკ-ის 377.3-ე მუხლის თანახმად, 2017 წლის 25 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა: სსსკ-ის 205.1-ე და 207.1-ე მუხლების დანაწესის მიხედვით, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია, მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი განხილვისათვის, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად მოპასუხეს ჩაჰბარდა 2017 წლის 13 სექტემბერს (ტ. 1, ს.ფ. 199), ხოლო შესაგებელი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2017 წლის 22 სექტემბერს (ტ. 1, ს.ფ.203). სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნული იქნა 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, რომლითაც სხდომის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 13 ოქტომბერი 14:00 საათი (ტ. 1, ს.ფ.226). 13.10.2017 წ. სხდომის დღის თაობაზეც მოპასუხეს ეცნობა 2017 წლის 5 ოქტომბერს, 8 დღით ადრე (ს.ფ. 229). იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის შესაგებელში დაყენებული იქნა შუამდგომლობა, მხოლოდ არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლასთან დაკავშირებით და სხვა რაიმე შუამდგომლობა, ასევე დავის მორიგებით დასრულების თაობაზე მოსაზრება დაფიქსირებული არ ყოფილა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 205.1-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, რისთვისაც მიზანშეწონილად ჩათვლიდა მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას. შესაბამისად, მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან მესამე დღეს (25.09.2017წ.) გამოტანილი განჩინება სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე სრულად გამომდინარეობს სსსკ-ის 207.1-ე მუხლის მოთხოვნებიდან და სხდომაზე მოწვევის თაობაზე სასამართლო უწყების ჩაბარებიდან სასამართლო სხდომამდე არსებული დრო - 8 დღე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საკმარისია მხარეთათვის ზეპირი შეჯიბრებისათვის მოსამზადებლად. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული და არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

8. 2017 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე აპელანტის (მოპასუხე კომპანიის) მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა: სსსკ-ის 2.1, 3.2 და 84.1 მუხლების თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. სასამართლოს, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით, საქმის შეუწყვეტლად, შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ თავად წარმოადგენდა სადავო ნავთობპროდუქტის მესაკუთრეს და როგორც მესაკუთრე ითხოვდა ხელშეშლის აღკვეთას. ის საკითხი, მოსარჩელეს მოთხოვნას გააჩნდა თუ არა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, საქმის არსებითად განხილვის შედეგად გადასაწყვეტია და არ წარმოადგენს სსსკ-ის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების გამოყენების წინაპირობას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, სრულად გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან და არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისი სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის უარყოფა, შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის პრეტენზია პროცესუალურსამართლებრივ საკითხსაც ეხება, კერძოდ, ის ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმების შესახებ და არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 13 ოქტომბრის სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე; ასევე, კასატორის მიერ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის ნაწილის - 120 ლარის გადახდა.

9.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად არსებითად განსახილველად სსსკ-ის 391- ემუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რადგან საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ამასთან, შესაძლოა სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

9.3. საკასაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენით (დისტანციურ რეჟიმში) გამართულ 2022 წლის 30 მაისის სხდომაზე მხარეებს განესაზღვრათ დრო მორიგების პირობების შესათანხმებლად, თუმცა, ამავე წლის 17 ივნისის სხდომაზე (დისტანციურ რეჟიმში), მათ დაადასტურეს, რომ ვერ იქნა მიღწეული მორიგება. საკასაციო სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები და კოლეგიური შემადგენლობის მხრიდან დასმული შეკითხვების პასუხად წარდგენილი პოზიციები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების დისტანციური განხილვის გზით მოსმენის, შეფასებისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე კომპანიის საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

12. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მის მიერ კომპანია „L-O ….”-სგან 2017 წლის 7 აგვისტოს შეძენილ და მოპასუხის რეზერვუარებში შენახული ნავთობპროდუქტის, კერძოდ არაეთილირილებული …. ბენზინის, დარჩენილი ნაწილის გამოთხოვას მოპასუხისაგან, ვინაიდან ის ამ ქონების მესაკუთრეა, შესაბამისად, მოპასუხე საწარმოს არ აქვს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის დაკავების უფლება მესამე პირის (ექსპედიტორის) მიერ შესასრულებელი ვალდებულების გამო, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი იმყოფება მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში და არა - მოსარჩელე, მოსარჩელის კუთვნილი ქონება (ნივთი) არ შეიძლება დაკავებული იქნეს კრედიტორის წინაშე მესამე პირის მიერ შესასრულებელი ვალდებულების - საზღაურის გადახდამდე (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 1-22).

13. თავის მხრივ, მოპასუხე (კასატორი) საწარმო ამტკიცებს, რომ მოსარჩელე კომპანიასა და მესამე პირს შორის არსებული ურთიერთობის შინაარსი განსაზღვრავს აღძრული სარჩელის უსაფუძვლობას. სსკ-ის 730.1-ე მუხლზე „ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია”. მოპასუხის მტკიცებით, მესამე პირი მოსარჩელესთან მიმართებით არის ექსპედიტორი კომპანია, მის მიერ ტვირთის გადაზიდვა იმას ნიშნავს, რომ მესამე პირებთან ურთიერთობაში ის არის ტვირთის მფლობელი, მესამე პირებთან ურთიერთობაში თვითონვე იღებს ტვირთთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე პასუხისმგებლობას. სსკ-ის 740-ე მუხლის თანახმად „ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის ბრალი“. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მესამე პირს (ექსპედიტორს) მოპასუხე კომპანიის მიმართ გააჩნია ვადაგადაცილებული გადაუხდელი ვალი და გამოვლენილია დასახელებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევა. რაც შეეხება მოსარჩელე საწარმოს, ის არ არის ურთიერთობის მონაწილე მხარე და არც ნავთობპროდუქტის მესაკუთრეა. საექსპედიტორო მომსახურების ფარგლებში მესამე პირს მოპასუხე კომპანიასთან დადებული აქვს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის სანაცვლოდაც მესამე პირი, კომპანია „L----O ….” -სა და მოსარჩელის ხარჯზე, იღებს მოპასუხე კომპანიის მომსახურებას და არ უხდის მას ღირებულებას. მოსარჩელეს რატომღაც მოპასუხის მიმართ გაუჩნდა პრეტენზია და არა კომპანია „L-----O ….” -ს ან ექსპედიტორის მიმართ. რეალურად მოსარჩელეს ან გამყიდველისადმი უნდა წაეყენებინა მოთხოვნა ნასყიდობის საგნის ნაკლოვანი მიწოდების ან ექსპედიტორი კომპანიისადმი (მესამე პირისადმი), რომელმაც ვერ უზრუნველყო საექსპედიტორო მომსახურების სათანადოდ გაწევა (იხ. მოპასუხის შესაგებელი- ტ.1, ს.ფ. 203-222). მოპასუხის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ არის სადავო ნივთის მესაკუთრე, რადგან ექსპედიტორმა კომპანიამ მოპასუხეს მიაბარა სადავო ნავთობპროდუქტი, ხოლო მიბარების ხელშეკრულებისათვის სამართლებრივად უმნიშვნელოა, თუ ვინ მიაბარებს ნივთს - მესაკუთრე თუ მფლობელი, რადგან ნივთის მიბარების მომენტიდან მოპასუხეს წარმოეშვა მართლზომიერი მფლობელობის უფლება (კასატორი უთითებს სუსგ-ზე N ას-1085-1042-2016; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საქმე სრულიად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება და განჩინებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი კონოსამენტის შინაარსის დამატებით გამოსაკვლევად). მოპასუხე კომპანიას მიაჩნია, რომ მესამე პირს დაგროვილი აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება მოპასუხისადმი და უშუალოდ სადავო საქონლის გადატვირთვისა და შენახვის შედეგად, ხოლო მოსარჩელე ვერ იქნება იზოლირებული წარმოშობილი ვალისაგან, რადგან მესამე პირი ექსპედიციას ახორციელებს მხოლოდ მოსარჩელისა და „L------O ….” -ს მიმართ. იმ დაშვებითაც, რომ მოსარჩელემ სადავო ნივთი შეიძინა, მოსარჩელე ვერ გამოითხოვს მას მოპასუხისაგან, რადგან ამ უკანასკნელს ექსპედიტორისაგან აქვს ქონება მიბარებული, ხოლო მისი გამოთხოვა მხოლოდ ექსპედიტორს შეუძლია, რომელსაც, თავის მხრივ, მოთხოვნის უფლება არავისთვის გადაუცია (იხ. მოპასუხის დაზუსტებული შესაგებელი- ტ.1, ს.ფ. 230-263).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის ძირითადად სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1- 5.9 ქვეპუნქტები), არამედ კასატორი დავობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ მოტივაციაზე და საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს საკასაციო პრეტენზიებზე, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის იურიდიული შეფასებისას გამოყენებულ მატერიალურ ნორმებს ეხება და ასევე- საპროცესო დარღვევაზე, რომელმაც, მისი მტკიცებით, მოპასუხის უფლების ხელყოფით, დავის შედეგზე იქონია გავლენა.

15. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სავსებით საკმარისად მიიჩნევს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში რამდენიმე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთვალდებულებები იკვეთება, ხოლო, სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის პირობებში, მოსარჩელის პასუხისმგებლობის დაყენება მესამე პირის (ექსპედიტორი) კომპანიის მიერ კრედიტორის (მოპასუხე საწარმოს) წინაშე შესასრულებელი ვალდებულებისათვის დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან. სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“ (შეად. ირმა გელაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 319, ველი 8, თბილისი, 2019); ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (იხ. სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ. 103). საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია. შეთანხმება გულისხმობს მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისაკენ. სახელშეკრულებო სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების მომენტის განსაზღვრას, რადგან სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვებათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით (შეად. ეკატერინე ბაღიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 327, ველი 3, თბილისი, 2019; სუსგ N ას-680-2021, 26.01.2022წ.).

16. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა:

16.1. მოსარჩელესა და ექსპედიტორს (მესამე პირს) შორის 2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება და მისი ვადა, დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, 2017 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა;

16.2. მოპასუხესა და ექსპედიტორს (მესამე პირს) შორის 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება და მისი ვადა, დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, 2017 წლის 31 ივლისამდე განისაზღვრა;

16.3. კომპანია „L-----O … -სა და ექსპედიტორს (მესამე პირს) შორის 2017 წლის 26 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში ექსპედიტორმა აიღო ვალდებულება 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 ივლისამდე, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, ტვირთის გადატვირთვაზე (იხ. 5.3 ქვეპუნქტი);

16.4. დადგენილია, რომ მოსარჩელემ კომპანია „L------O …..”-სგან 2017 წლის 7 აგვისტოს შეიძინა ნავთობპროდუქტი, რის თაობაზეც, გამყიდველმა კომპანიამ („L------O….”-მ) გასცა ორდერი, რომელშიც მითითებულია, რომ 3 000 000 მეტრული ტონა არაეთილირებული ბენზინი ….. უნდა გაიცეს მოსარჩელე საწარმოზე, ორდერი ეფექტურია 7.08.2017-დან და მოქმედებს „L------O….”-ს მიერ მის გაუქმებამდე.

16.5. დადგენილია, რომ მოპასუხე საწარმოს მოსარჩელისათვის, ამ უკანასკნელის მიერ „L-----O….”-საგან შეძენილი 3 000 000 კგ ნავთობპროდუქტის ნაწილ-ნაწილ გატანაზე პრობლემა 2017 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით არ შექმნია; მოსარჩელემ ნავთობპროდუქტის ნაწილი - 1 911 673 კგ საწვავი 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით გაიტანა, ხოლო დარჩენილი ნაწილის - 1 088 327 კგ საწვავის - ბენზინი …..-ის ნავთობტერმინალის რეზერვუარებიდან გატანისა და გადაზიდვის მიზნით მომსახურების გაწევაზე მოპასუხემ უარი განაცხადა იმ დასაბუთებით, რომ მის მიმართ ექსპედიტორ კომპანიას (მესამე პირს) ერიცხებოდა 48 255.6 აშშ დოლარის ვადაგადაცილებული დავალიანება; აღნიშნული დავალიანება არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ კომპანია „L-----O ---“-საგან შეძენილ ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებულ ვალს. ექსპედიტორი კომპანიის დავალიანების შესახებ ცნობით დასტურდება, რომ 48 255.6 აშშ დოლარი დავალიანება, მესამე პირს გააჩნდა, ჯერ კიდევ 2017 წლის 2 მაისისათვის, ანუ მაშინ როდესაც „L-----O ----“-ს კუთვნილი 12 976 357 კგ არაეთილირილებული …… ბენზინი საქართველოში საერთოდ არ იყო შემოტანილი; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა ექსპედიტორსა (მესამე პირსა) და კომპანია „L-----O ---“- ს შორის, მათ შორის ხელშეკრულება 2017 წლის 26 ივნისს დაიდო, ისევე როგორც ამ დროისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობაში არც ექსპედიტორი და მოპასუხე (კასატორი) კომპანია არ არიან, მათ შორის ხელშეკრულება 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა (იხ. წინამდებარე განჩინების 16.2-16.3 ქვეპუნქტები).

17. კასატორის ძირითადი არგუმენტი ემყარება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე საწარმოს სავინდიკაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რადგან მოპასუხე საწარმოს კუთვნილ რეზერვუარებში „L------O ---“-სგან შეძენილი ნავთობპროდუქტი, რომელიც გვაროვნულ ნივთს წარმოადგენს, ჩაიტვირთა მოპასუხე კომპანიის რეზერვუარებში, შესაბამისად, მოპასუხესა და ექსპედიტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ექსპედიტორმა ნავთობპროდუქტი მიაბარა მოპასუხეს; საქონელი არ იყო მოსარჩელის საკუთრება და რეალურად მოპასუხესა და ექსპედიტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას, ის შერეული ტიპის ხელშეკრულებაა და როდესაც მოპასუხის კუთვნილ რეზერვუარებში მოთავსდა სადავო საქონელი, ამ ეტაპიდან ის არის მიბარებული საქონელი, რომლის დაკავების უფლებაც (სსკ-ის 776-ე მუხლი ადგენს, რომ „კუთვნილი საზღაურის მიღებამდე და შენახვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე შემნახველს შეუძლია უარი თქვას მიბარებული ნივთის დაბრუნებაზე“) გააჩნია მოპასუხეს კუთვნილი საზღაურის გადახდამდე, რადგან ექსპედიტორი მისი მოვალეა.

18. საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ხელშეკრულების ცალკეული ელემენტების განმარტებისათვის აუცილებელია ხელშეკრულების მთელი შინაარსი იქნეს გაანალიზებული, რათა დადგინდეს, თუ რისი მიღწევა სურდათ მხარეებს ნების გამოვლენისას, რა იურიდიულ და ეკონომიკურ ინტერესებს გულისხმობდნენ ისინი ვალდებულების შესრულებაში და კონკრეტულ შემთხვევაში, რომელი ვალდებულების შეუსრულებლობაზე დავობენ ისინი (იხ. სუსგ N ას-1244-1503-2009, 10.06.2010წ.). „ბოლო წლებში ტვირთის გადამზიდველებს, ექსპედიტორებს და სასაქონლო საწყობში შემნახველებს სულ უფრო მეტი ისეთი ვალდებულებების შესრულება უწევთ, რაც სცილდება მათი ძირითადი საქმიანობის სფეროს. თუ აღნიშნული ლოჯისტიკური ვალდებულებების შესრულება ხდება გარკვეული ხელშეკრულებების კომბინაციით, საქმე ეხება შერეული ტიპის ხელშეკრულებებს და ამგვარი ვალდებულებების მიმართ შერეული ხელშეკრულებების წესები უნდა იქნას გამოყენებული. შესაძლოა ხელშეკრულებაში შერეული იყოს გადაზიდვის, საქონლის დატვირთვა-გადმოტვირთვის, სასაქონლო საწყობში საქონლის გადაცემის ვალდებულებები” (იხ.მართლმსაჯულება და კანონი; N 5/48; თამარ ზარანდია- სასაქონლო საწყობში მიბარების ხელშეკრულების არსი, ელემენტები და პრინციპები; გვ.32-33). სსკ-ის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. ექსპედიტორსა (მესამე პირი) და მოპასუხეს შორის 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება (იხ. ტ.1, ს.ფ. 58-91) სააპელაციო სასამართლომ ნარდობის ხელშეკრულებად შეაფასა, სადაც მესამე პირი შემკვეთია, ხოლო მოპასუხე - მენარდე (შემსრულებელი), რომელიც ექსპედიტორ კომპანიას უწევს ტვირთის გადაზიდვის მომსახურებას ბათუმის ნავსადგურში მის ხელთ არსებული სიმძლავრეებისა და მისადგომების მეშვეობით. ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრულია, რომ გადატვირთვის მომსახურება მოიცავს: ა) ტვირთის ტანკერებიდან დაცლა; ბ) ტვირთის საცავებში დაგროვება და შენახვა; გ) ტვირთის ჩატვირთვა ტერმინალის რეზერვუარებიდან ტანკერებში და ვაგონ-ცისტერნებში ან ავტოცისტერნებში; დ) აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება ტერმინალებზე არსებული საქონლის მოცულობისა და მისი ცვლილებების შესახებ კომპანიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (იხ. ხელშეკრულება- ტ.1, ს.ფ.63). ანგარიშსწორების პირობები, წესი და ტარიფები განისაზღვრა ხელშეკრულების 11.1-11.11 პუნქტებით და ხელშეკრულების დანართით, რომლის მიხედვითაც, კომპანიას უნდა დაეფარა წინასწარი ინვოისი სამი დღით ადრე, დატვირთვა/გადმოტვირთვის შეთანხმებულ ტარიფამდე. დადგენილია, რომ სადავო ნივთის მფლობელთან - მოპასუხე კომპანიასთან მოსარჩელე საწარმო, როგორც ნივთის მესაკუთრე, არ იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში. რაც შეეხება კასატორის მთავარ არგუმენტს, რომ ის ნივთის მართლზომიერი მფლობელი გახდა ექსპედიტორი კომპანიის მიერ ნავთობპროდუქტის მოპასუხის რეზერვუარებში მოთავსების შემდეგ, შესაბამისად, მოპასუხეს, როგორც ნივთის შემნახველს, წარმოეშვა მიბარებული ნივთის დაკავების უფლება სსკ-ის 776-ე მუხლის (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში) საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხესა და ექსპედიტორ კომპანიას შორის 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება შერეული ტიპის ხელშეკრულებაა (სსკ-ის 340-ე მუხლი), რომელიც მიბარების ელემენტებსაც მოიცავს, უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ „გადაზიდვისას განხორციელებული დასაწყობება სახეზეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას მჭიდრო კავშირი აქვს სატრანსპორტო საშუალებით ტრანსპორტირებასთან და ეს კავშირი იმდენად არსებითია, რომ გადაზიდვა, როგორც ასეთი, ხელშეკრულების მთავარ საგანს წარმოადგენს, ხოლო მიბარება სასაქონლო საწყობში მხოლოდ ამ ხელშეკრულების დანამატია“ (იხ.მართლმსაჯულება და კანონი; N 5/48; თამარ ზარანდია- სასაქონლო საწყობში მიბარების ხელშეკრულების არსი, ელემენტები და პრინციპები; გვ.21), რაც შეეხება ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობების შინაარსს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა შორის მიღწეული კონსენსუსის შედეგის მიხედვით ცხადია, რომ გადატვირთვის მომსახურება მოიცავს როგორც ტვირთის (ამ შემთხვევაში ნავთობპროდუქტის) ტანკერებიდან დაცლას, ისე მის საცავებში დაგროვებას და შენახვას, ჩატვირთვას ტერმინალის რეზერვუარებიდან ტანკერებში და ვაგონ-ცისტერნებში ან ავტოცისტერნებში; შესაბამისად, ეს მომსახურების ერთიანი პროცესია, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი - ტვირთის საცავებში დაგროვება და შენახვა- მას მიბარების ხელშეკრულებად ვერ აქცევს.

19. 2016 წლის 5 ოქტომბრის ხელშეკრულების მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი კომპანია (მოპასუხე, კასატორი), რომელიც ხელშეკრულების მიხედვით „ოპერატორად“ იწოდება, გადატვირთვის მომსახურებას გაუწევს ექსპედიტორს (ტვირთის გადამტვირთავს), რაც ხორციელდება ბათუმის ნავსადგურში მოპასუხის ხელთ არსებული სიმძლავრეებისა და მისადგომების მეშვეობით. ხელშეკრულება, მისი შესრულების მიზნებისათვის, ტერმინების განსაზღვრებას ადგენს და სხვა ტერმინებს შორის განმარტებულია, რომ სიმძლავრეები არის „ყველა ტექნიკა ტვირთის დასაცლელად ვაგონცისტერნებიდან, შენახვის საცავი, საცავი შიდა მილსადენები, სატუმბი მოწყობილობა, მისადგომები, ასევე წსმ“ (იხ. ხელშეკრულება- ტ.1, ს.ფ.58-91). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ჩამოტვირთული საქონლის შენახვის საცავში მოთავსება მოპასუხის მიერ ექსპედიტორი კომპანიისათვის გასაწევი მომსახურების განუყოფელი ნაწილია, რადგან „არის შემთხვევები, როდესაც საქონლის დასაწყობება მგზავრის გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის ფარგლებში ხდება. ამ შემთხვევეაში, სახეზეა ე. წ. ტრანსპორტირებით გამოწვეული დასაწყობება. ტრანსპორტირებით გამოწვეული დასაწყობება დროებითია, რადგან იგი მჭიდრო კავშირშია თავად გადაყვანა/გადაზიდვასთან“ (იხ.მართლმსაჯულება და კანონი; N 5/48; თამარ ზარანდია- სასაქონლო საწყობში მიბარების ხელშეკრულების არსი, ელემენტები და პრინციპები; გვ.22).

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხე და ექსპედიტორი ერთმანეთთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან, სადაც ექსპედიტორი შემკვეთია, ხოლო მოპასუხე- მენარდე, მომსახურების გამწევი, ამასთან, მოპასუხეს (კასატორს) არც გირავნობის უფლების გამოყენება შეუძლია სსკ-ის 634-ე მუხლის თანახმად, რადგან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, როგორც ეს მართებულად აღნიშნა სააპელაციო სასამართლომ (იხ. წინამდებარე განჩინების 6.14 ქვეპუნქტი), გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დამატებით იმასაც აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის პირობებში დამატებით იქნებოდა შესაფასებელი, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, სსკ-ის 634-ე მუხლის „მენარდეს თავისი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად შეუძლია გამოიყენოს გირავნობის უფლება მის მიერ დამზადებულ ან შეკეთებულ მოძრავ ნივთზე, თუ ეს ნივთი დამზადების ან შეკეთების მიზნით მენარდის მფლობელობაში იმყოფება“ გამოყენების წინაპირობა, რადგან მენარდეს გირავნობის უფლების გამოყენება მის მიერ დამზადებულ ან შეკეთებულ ნივთზე გააჩნია.

21. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ შემნახველი უფლებამოსილია დააკავოს ნივთი მაშინაც, როდესაც მიმბარებელმა ეს ნივთი გაასხვისა. ნივთის დაკავების უფლება ქონებრივი ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებაა და აქედან გამომდინარე დაკავებული ნივთის მიმართ მხარეები იყენებენ გირავნობის შესაბამის ნორმებს (იხ. სუსგ N ას-1147-1394-05, 18.04.2006წ.). სსკ-ის 776-ე მუხლის კომენტირებისას მითითებულია, რომ ნივთის შეჩერება-დაკავების უფლება ქონებრივი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა და გამოიხატება შემნახველის (კრედიტორის) მიერ მიმბარებლის (მოვალის) ქონების დაკავება-შეჩერებაში იმ მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, რომელთა შესრულების ვადა უკვე დადგა. ამიტომ დაკავებული (შეჩერებული) ნივთის მიმართ მხარეები გამოიყენებენ გირავნობის შესაბამის ნორმებს იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რაც კოდექსის ამ თავითაა დადგენილი (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II, გვ. 59-60; ჭანტურია ლადო, მთავარი რედაქტორი; თბილისი, 2001).

22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ექსპედიტორთან დადებული მომსახურების (ნარდობის) ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს მოპასუხე (კასატორი) კომპანია მის მიერ რეზერვუარებში ჩატვირთულ ნავთობპროდუქტს, თუმცა, მას არ აქვს მისი დაკავების უფლება, რადგან მხარეთა შორის არ არის მიბარების სამართლებრივი ურთიერთობა, ამასთან, მოვალის, რომელიც განსახილველ შემთხვევაში, ექსპედიტორი კომპანიაა, დავალიანება წარმოიშვა გაცილებით ადრე, ვიდრე „L------O ….“ საქართველოში შემოიტანდა, ხოლო შემდეგ მისგან მოსარჩელე ნაწილ-ნაწილ შეიძენდა სადავო ნავთობპროდუქტს ან თუნდაც ნავთობპროდუქტის შემომტანსა და ექსპედიტორს, ასევე ამ უკანასკნელსა და მოპასუხეს შორის გაფორმდებოდა მომსახურების ხელშეკრულებები (იხ. 16.5 ქვეპუნქტი). საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მესამე პირს (ექსპედიტორს) მოპასუხის მიმართ 48 255.6 აშშ დოლარის ვადაგადაცილებული დავალიანება გააჩნდა. ეს დავალიანება არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ კომპანია „L-------O …..“-საგან შეძენილ ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებულ შეუსრულებელ ვალდებულებას. ექსპედიტორი კომპანიის დავალიანების შესახებ ცნობით დასტურდება, რომ მას 48 255.6 აშშ დოლარის დავალიანება ჰქონდა ჯერ კიდევ 2017 წლის 2 მაისის მდგომარეობით, ანუ იმ დროს, როდესაც „L------O ….“-ს კუთვნილი 12 976 357 კგ არაეთილირილებული ….. ბენზინი საქართველოში საერთოდ არ იყო შემოტანილი. მხარეთა შორის არც ისაა სადავო, რომ მთლიანი დავალიანებიდან მხოლოდ 26 100 აშშ დოლარია, მოსარჩელის კუთვნილი და მოპასუხის რეზერვუარებში ჩატვირთული 3 000 000 კგ ნავთობპროდუქტის მომსახურების თანხა. ამდენად, ექსპედიტორის დავალიანება, რაც დაკავშირებული არ არის მოსარჩელის კუთვნილი ქონების მომსახურებასთან, ვერ გახდება იმ ნივთის დაკავების საფუძველი, რაც მოსარჩელის საკუთრებაა.

23. კასატორს მიაჩნია, რომ სსკ-ის 776-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს მიჩნეული, რომ კონკრეტული მიბარებიდან გამომდინარე წარმოეშვება შემნახველს თავისი კანონიერი ინტერესების დასაცავად მიბარებული ნივთის დაკავების უფლება, ამასთან, შემნახველი ვის საქონელსაც იბარებს, ის ითვლება მიმბარებლად და ამის მიღმა არ იკვლევს, ნივთი ვისი საკუთრებაა. კასატორის მითითებით, ეს შემთხვევა იმითაცაა საყურადღებო, რომ მოსარჩელემ ერთიანად მოინდომა საქონლის გატანა, რადგან მანამდე ნავთობპროდუქტი ეტაპობრივად გაჰქონდა და მოპასუხის რეზერვუარებში სულ იყო მოთავსებული გარკვეული საქონელი, როგორც მოპასუხის მიერ ექსპედიტორისათვის გაწეული მომსახურების უზრუნველყოფის საშუალება; ერთი გარიგების ფარგლებში გვაროვნული საქონლის გატანა პერიოდულად ხორციელდებოდა, რამაც მოპასუხეს, მისი მტკიცებით, სსკ-ის 776-ე (იხ. მე-17 პუნქტი) და 796.1-ე “შემნახველს შენახვის ხარჯების გამო წარმოეშობა საქონლის გირავნობის უფლება მანამდე, სანამ იგი მის მფლობელობაშია” მუხლების საფუძველზე საკუთარი უფლების დაცვის წინაპირობა წარმოუშვა. კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მოთხოვნა უნდა წაუყენოს საქონლის გამყიდველს ნაკლიანი ნივთის გაყიდვისათვის ან ექსპედიტორს.

24. კასატორის არგუმენტების საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მესამე პირსა (ექსპედიტორს) და მოპასუხეს შორის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ჩამოტვირთული ნავთობპროდუქტის შენახვასაც მოიცავს და ეს არ წარმოადგენს მიბარების ხელშეკრულებას, ამასთან, შენახვის საფასური არ არის გათვალისწინებული მხარეთა შეთანხმებით. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ შესაძლოა მოსარჩელეს მოთხოვნა გააჩნდეს საქონლის გამყიდველის -“L------O ---” -ს მიმართ, უსაფუძვლოა, რადგან დადგენილია, რომ ექპედიტორის დავალიანება მოპასუხის წინაშე წარმოიშვა მანამდე, სანამ სადავო ნავთობპროდუქტს გამყიდველი “L-----O ----” საქართველოში შემოიტანდა. ექსპედიციის ხელშეკრულებაზე ვრცელდება დავალების წესები (სსკ-ის 730-ე მუხლი), შესაბამისად, სამართლებრივად დაუსაბუთებელი და იმავდროულად არასამართლიანია მოპასუხის მტკიცება (იხ. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის სხდომის ოქმი).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 776-ე მუხლის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანია განიმარტოს, თუ რას ნიშნავს კრედიტორის (შემნახველის) მიერ კუთვნილი საზღაურის მიღებამდე და შენახვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე მიბარებული ნივთის დაკავების უფლება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით კანონმდებლის მიერ სსკ-ის 776-ე მუხლის სახით რეგლამენტირებული დანაწესის იმგვარი გაფართოებული განმარტება, რომ შემნახველს უფლება აქვს მიმბარებელს უარი უთხრას ისეთი ნივთის დაბრუნებაზე, რომელიც არა ამ უკანასკნელს, არამედ მესამე პირს ეკუთვნის, სამოქალაქო ბრუნვას შეუქმნის საფრთხეს და კეთილსინდისიერი მოქმედების სტანდარტს უგულებელყოფს. საკასაციო სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია კრედიტორის წინაშე შესასრულებელი ვალდებულებისათვის შემნახველთან (კრედიტორთან) სახელშეკრულებო ურთიერთობაში არმყოფი მესამე პირის კუთვნილი ნივთის დაკავება (შეჩერება), რომელიც მიმბარებელს არ ეკუთვნის. კასატორისეული მტკიცების გაზიარების შემთხვევაში, თუკი მიმბარებელს შესასრულებელი აქვს შემნახველისადმი ვალდებულება და გადასახდელი აქვს საზღაური ან ნივთის შენახვისათვის გაწეული ხარჯებია ასანაზღაურებელი, შესაძლებელი გახდება ნებისმიერი მესამე პირის კუთვნილი ნივთის დაკავება (შეჩერება), ანუ მესამე პირის საკუთრების უფლებას ჩაენაცვლება შემნახველის მფლობელობის უფლება და შემნახველის მხრიდან ნივთის მართლზომიერად ფლობის პირობებში დასაშვები იქნება იმ ნივთის დაკავება-შეჩერებაც, რომელიც უშუალოდ მიმბარებლის საკუთრებას არ წარმოადგენს, მაგრამ მიმბარებლის ხელთ აღმოჩნდა სხვა კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე. სამართლებრივი შედეგის სახით მიმბარებლის მიერ შემნახველის სასარგებლოდ შესასრულებელი ვადამოსული ვალდებულებისათვის გამოყენებული იქნება მესამე პირის ქონება ისე, რომ ეს უკანასკნელი შემნახველის კონტრაჰენტი არასოდეს ყოფილა, რაც დაუშვებელია. ცხადია, სსკ-ის 776-ე მუხლის მიზნებისათვის მიბარება ყოველთვის არ გულისხმობს მესაკუთრის მიერ ნივთის მიბარებას. „ქონების შესანახად გადაცემას უპირველესად მისი მესაკუთრე განახორციელებს, მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ასეთი უფლება მხოლოდ მესაკუთრისათვის მიგვეცა. მიმბარებლის უფლებამოსილება მესაკუთრის თანაბრად უნდა ეკუთვნოდეს არამესაკუთრესაც, რომელიც ამ ქონების მფლობელია“(იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი II, გვ. 27; ჭანტურია ლადო, მთავარი რედაქტორი; თბილისი, 2001). „მიმბარებელი ჩვეულებრივ ქონების მესაკუთრეა, მაგრამ გამორიცხული არ არის იყოს სხვა პირიც, რომელიც ფლობს ნივთს კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე“ (იხ. ზურაბ ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, გვ.203; მეორე გამოცემა, თბილისი, გამომცემლობა „სამართალი“). მიმბარებლის უფლებამოსილება, რომ საკუთარი თუ სხვისი ტვირთი მიაბაროს შემნახველს, ამ უკანასკნელს არ წარმოუშობს კუთვნილი საზღაურის მიღებამდე სხვისი ნივთის დაკავების (შეჩერების) უფლებას, როდესაც მისთვის ცნობილია, რომ სადავო ნივთი არ ეკუთვნის მიმბარებელს-ხელშეკრულების კონრაჰენტს, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობაში არმყოფი მესამე პირის საკუთრებაა.

26. იურიდიული დოქტრინა მხარს უჭერს იმას, რომ „სასაქონლო საწყობში შემნახველის კონტროლის ვალდებულებას აგრეთვე, მიეკუთვნება იმ პირების უფლებამოსილების შემოწმება, რომლებიც საქონლის მათთვის გადაცემას მოითხოვენ. ჩვეულებრივ, შემნახველმა არ უნდა შეასრულოს მესამე პირის მითითებები, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც მიმბარებელმა ასეთი მითითებების გაცემის მიზნით, მიანიჭა სათანადო უფლებამოსილება ან მათი უფლებამოსილება სხვაგვარად გამომდინარეობს სასაქონლო საწყობში მიმბარებლის უფლებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ მიმბარებელი უთმობს უფლებას მესამე პირს, განსაკუთრებით საქონლის გადაცემის მოთხოვნას, უფლების დათმობის მიმართ გამოიყენება სსკ-ის 198-ე და შემდგომი მუხლები“ (იხ.მართლმსაჯულება და კანონი; N 5/48; თამარ ზარანდია- სასაქონლო საწყობში მიბარების ხელშეკრულების არსი, ელემენტები და პრინციპები; გვ.29) და, რაც მთავარია, ექსპედიტორ კომპანიასა (მესამე პირსა) და მოპასუხე (კასატორ) კომპანიას შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ვერ იქნება განხილული მიბარების ხელშეკრულებად, რადგან საქონლის მიბარება ამ შემთხვევაში ექსპედიტორის მიერ გასაწევი მომსახურების ერთ-ერთი კომპონენტია, მიბარების მთავარი ელემენტი კი შენახვაა, ხოლო მიბარება გაყიდვის მიზნით, ნივთის გადაცემის მიზნიდან გამომდინარე, არ შეიძლება გაიგივდეს მიბარებასთან, რადგან იგი არ ისახავს მიზნად ნივთის შენახვის უზრუნველყოფას. ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ამ ურთიერთობისა არის ის, რომ მთავარი მოქმედება არის გაყიდვა (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი; ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება- გვ.3-24; თბილისი, 2006წ.). ნარდობის ხელშეკრულების არსებობა არ გამორიცხავს, რომ მენარდეს შემნახველის მოვალეობებიც ეკისრებოდეს (იხ.საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში-გვ.122; სამეცნიერო რედაქტორი თამარ ზარანდია - თსუ, სამართლის დოქტორი, ასოც. პროფესორი; თსუ გამომცემლობა - <https://www.tsu.ge/data/file_db/faculty-law-public/gadawyvetilebebis%20krebuli.pdf> ).

27. კასატორის მტკიცებას, რომ მისთვის უმნიშვნელოა, თუ ვინ მიაბარა ქონება, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს წინამდებარე განჩინების 26-ე პუნქტში მითითებული განმარტებისა და საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, რადგან მოპასუხე კომპანიისათვის სავსებით ცხადი იყო, რომ მოსარჩელეს გაჰქონდა მის მიერ შეძენილი და მოპასუხის რეზერვუარებში ჩატვირთული (დასაწყობებული) სადავო საქონელი. ასეც რომ არ იყოს, სწორედ იმ პერიოდიდან, როდესაც მოპასუხემ უარი განაცხადა მისი რეზერვუარებიდან ექსპედიტორის, როგორც შემკვეთის, მოთხოვნით სადავო ნავთობპროდუქტის ჩამოტვირთვაზე, მოპასუხემ მიიღო არაერთი შეტყობინება, რომ მოსარჩელეს ეკუთვნოდა აღნიშნული ნივთი და არა ექსპედიტორს და შეფერხება უნდა აღმოფხვრილიყო (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7-2.11 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებები, რაც მხარეთა შორის სადავო არ არის), დადგენილია ისიც, რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ, მოპასუხე კომპანიამ ექსპედიტორთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გასწია მომსახურება და მოსარჩელემ გაიტანა მის მიერ შეძენილი სადავო ნავთობპროდუქტის ნაწილი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.12 ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა სხვისი ქონების დაკავების საფუძველი, რადგან ექსპედიტორი კომპანია, რომელიც მოვალეა მოპასუხისადმი, ამ უკანასკნელისათვის შემკვეთს წარმოადგენს მათ შორის გაფორმებული ნარდობის (მომსახურების გაწევის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც მიბარებული საქონლის (ნივთის) შენახვასაც (დასაწყობებასაც) მოიცავს გასაწევი მომსახურების ერთიანი პროცესის ელემენტის სახით, შესაბამისად მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს წარმოეშვა მოპასუხის, რომელთანაც სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდა, უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი საქონლის გამოთხოვის მოთხოვნის უფლება, რაც სსკ-ის 168-ე, 170-ე, 172-ე, 629-ე მუხლების საფუძველზე მართებულად იქნა დაკმაყოფილებული. მოპასუხის მტკიცებამ სსკ-ის 730-ე, 776-ე მუხლების საფუძველზე ვერ გამოაცალა სამართლებრივი საფუძველი მოსარჩელის დასაბუთებულ სასარჩელო მოთხოვნას.

28. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ კომპანია “L-----O ---”-ს მიერ გამოგზავნილი, 12 976 357 კგ არაეთილირილებული ბენზინი ----ის მოპასუხის რეზერვუარებში შენახვა უსასყიდლო იყო და მოპასუხე კომპანიასა და ექსპედიტორს შორის, 2016 წლის 5 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იყო, მხოლოდ ამ ტვირთის გადმოტვირთვა - ჩატვირთვის მომსახურების საფასურის გადახდა; ამ მიმართებით კასატორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს იყო მოპასუხის მხრიდან გამოჩენილი კეთილი ნება, რადგან ეს დავალიანება იფარებოდა და რაღაც პერიოდში საქონელს გაიტანდა მხარე, ისინი არ შეთანხმებულან არც ხელშეკრულების შეცვლაზე და არც ვალის პატიებაზე. კასატორის განმარტების პასუხად, მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა სსკ-ის 730-ე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში) და 716-ე “ქონება, რომელიც რწმუნებულმა დავალებული მოქმედების შესრულებისას შეიძინა მარწმუნებლის ხარჯზე და საკუთარი სახელით, ან მარწმუნებელმა გადასცა მას დავალებული მოქმედების შესასრულებლად, კრედიტორებთან რწმუნებულის ურთიერთობაში ჩაითვლება მარწმუნებლის ქონებად” მუხლების მოწესრიგებაზე და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, ექსპედიტორმა, როგორც რწმუნებულმა, თავისი სახელით, ჯერ კომპანია „L-----O ---” -ს და შემდეგ მოსარჩელის ხარჯზე გასწია მომსახურება, შესაბამისად იმის მტკიცება, რომ მოპასუხის ნავთობტერმინალში შენახული ნებისმიერი პირის ქონება წარმოადგენს ექსპედიტორის ქონებას და ნებისმიერი სხვა მესაკუთრის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ მოპასუხემ ექსპედიტორს არ გამოართვა თავის დროზე გაწეული მომსახურების საფასური ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში თუნდაც საქონლის შენახვის ხარჯები, სამოქალაქო ბრუნვისათვის რისკის შემცველია, დამაზიანებელია მესაკუთრეთა უფლებებისათვის და საქართველოში საქონლის იმპორტისათვის. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ქონებას არ ერიცხებოდა შენახვის ხარჯები, რაც გამორიცხავს ამ ქონების გაიგივებას იმ სხვა ქონებასთან, სადაც შესაძლოა სხვა ხელშეკრულების ფარგლებში შენახვის ხარჯებიც იყო გათვალისწინებული (იხ. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისი სხდომის ოქმი).

29. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივად დაუსაბუთებლად და არადამაჯერებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოების საწინააღმდეგოდ კასატორის იმ მტკიცების გაზიარება, რომ საქონლის შენახვის ხარჯების გადაუხდელობა მოპასუხის მიერ კეთილი ნების გამოვლენა იყო, რადგან, გარდა იმისა, რომ მოპასუხე თვითონვე ადასტურებს მის მიერ წარდგენილ შესაგებელში, რომ საექსპედიტორო მომსახურების ფარგლებში მესამე პირს მოპასუხე კომპანიასთან დადებული აქვს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის სანაცვლოდაც მესამე პირი კომპანია „L-----O ---” -სა და მოსარჩელის ხარჯზე იღებს მოპასუხე კომპანიის მომსახურებას და არ უხდის მას ღირებულებას (იხ. მოპასუხის შესაგებელი- ტ.1, ს.ფ. 211), როგორც ეს უკვე აღინიშნა, გადატვირთვის მომსახურება, როგორც ერთიანი პროცესი, მოპასუხის მიერ შესასრულებელ არაერთ მოქმედებას მოიცავს ექსპედიტორის, როგორც შემკვეთის, სასარგებლოდ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტი).

30. კასატორის პრეტენზია საპროცესო დარღვევებთან მიმართებით არ არის გაზიარებული და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 7-8 პუნქტებშია ასახული, რადგან პირველი ინსტანციის სამართალწარმოების ეტაპზე არ დარღვეულა მოპასუხის საპროცესო უფლება. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შეად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746). „სასამართლოებმა არ უნდა დაუშვან, რომ შეგებებული სარჩელები გამოყენებული იქნეს საქმის განხილვის გაჭიანურების მიზნით“ (იხ. ლილუაშვილი თენგიზ, ხრუსტალი ვალერი - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, გვ. 328; გამომცემლობა „სანი“, 2004) საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესოსამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ ვლინდება საპროცესო ნორმების დარღვევა, რომელიც მოპასუხისათვის შეგებებული სარჩელის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნასა და საპროცესო უფლების შეზღუდვას უკავშირდება (იხ. სუსგ-ები: Nას-654-2020, 23.07.2021წ; N ას-27-2021, 28.05.2021წ.). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, კასატორმა ვერც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე დაამტკიცა თავისი მოთხოვნის დასაბუთებულობა და ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის სამართლებრივ შედეგზე.

31. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ბ-ის ნ-ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე