საქმე №ას-585-2021 6 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი – შპს "ბ-ქ ს-ნ თ-გ კ-ნი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "-------------- ბანკი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი –თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „-------- ბანკის“ (სს „----- ბანკის“ უფლებამონაცვლე; შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან ბანკი) სარჩელი შპს „ბ-ქ ს-ნ თ-გ კ-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია ან კასატორი) წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
1.2. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განჩინებით იყო განსაზღვრული და ყადაღა ჰქონდა დადებული: ა) მოპასუხე კომპანიის სახელზე რეგისტრირებულ შემდეგი სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებს:სახ. ნომერი -----, ტექნიკური პასპორტი №------, მოდელი -------- --- ---, გამოშვების წელი ---, ------- -----; სახ. ნომერი -----, ტექნიკური პასპორტი №-----, მოდელი ----- ----, გამოშვების წელი ---, ------- --- ---; სახ. ნომერი ---, ტექნიკური პასპორტი №----, მოდელი ------ --, გამოშვების წელი ---, ------ ---- ----. ბ) მოპასუხე კომპანიის ბალანსზე რიცხულ შემდეგ მატერიალურ აქტივებს საბაზრო ღირებულებით: 1.გადაცემათა კოლ.,ზეთის საცვლელი დანადგარი კორეული წარმოების - 6200 ლარის ღირებულების; 2. დიაგნოსტიკური კომპიუტერი ------- 12 000 ლარის ღირებულების; 3.დიაგნოსტიკური კომპიუტერი --------ი 13500 ლარის ღირებულების;
2. სასარჩელო მოთხოვნა და მისი ფაქტობრივი საფუძვლები
2.1. ბანკმა სარჩელით მოითხოვა მის მიერ გადახდილი 29 790.43 ლარის, როგორც მიყენებული ზიანის, მოპასუხე კომპანიისათვის დაკისრება, ასევე, ბანკის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურის (კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასურის) 584.13 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის;
2.2. მოსარჩელის მოთხოვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს ,,------“, რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მოსარჩელე ბანკი, დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. დაკისრებული თანხის ძირითადი ნაწილი შეადგენდა მოპასუხე კომპანიის მიერ საგადასახადო შეთანხმების პირობების დარღვევის შედეგად გათვალისწინებულ სანქციას. კრედიტორის (რომელიც იმ დავაში მოპასუხე კომპანია იყო) მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ შესრულდა, კომპანიის ანგარიშზე 28 ოქტომბერს ჩაირიცხა 7272.93 ლარი, ხოლო შეუსრულებელ ნაწილზე კრედიტორს ეთხოვა დამატებითი (გადახდის ვალდებულების დამადასტურებელი) დოკუმენტაციის წარდგენა;
2.3. ბანკის მოთხოვნაზე კრედიტორს არ უპასუხია. მოპასუხე კომპანიის მიერ საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 16 900 ლარი. 2014 წლის 15 ოქტომბერს ანგარიშიდან გადარიცხულია 15 000 (ანგარიშზე 2013 წლის 13 დეკემბერს შეტანილი თავდაპირველი და დაყადაღებული თანხა) და დამატებით შეტანილია 1900 ლარი. ამის შემდეგ მოპასუხე კომპანიის ანგარიშს მოეხსნა საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღა, რასაც მოწმობს კიდეც ანგარიშზე განხორციელებული შემდგომი განკარგვის ოპერაციები. საგადასახადო ორგანოსთან მიღწეულმა შეთანხმებამ მოპასუხე კომპანიისათვის მხოლოდ 1900 ლარის დამატებითი ხარჯი შეადგინა. მოპასუხე კომპანიის სასარგებლოდ ბანკის მიერ გადახდილია 7 272.93 ლარი, რაც სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ შემდეგ ვალდებულებებს მოიცავდა: 1) 1900 ლარი - ხელახალი საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადახდილი თანხა; 2) 3825 ლარი - სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა თანხის გადარიცხვის დაყოვნების გამო; 3) 1047.93 ლარი - სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. 4) 500 ლარი - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება;
2.4. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ამ დავის მოპასუხე კომპანიამ შემოსავლების სამსახურთან ხელახალ შეთანხმებას მიაღწია, შედეგად მას არ დაკისრებია მოსალოდნელი სანქციები. მოპასუხე კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე ბანკმა ნებაყოფლობით ნაწილობრივ შეასრულა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ სრულად აანაზღაურა კომპანიისთვის ფაქტობრივად მიყენებული ზიანი და გაწეული ხარჯი; ბანკმა საპასუხო წერილში საფუძვლიანი უარი განაცხადა დავალიანების იმ ნაწილის გადახდაზე, რომელიც კომპანიას არც თვითონ გადაუხდია და არც ხაზინაში წარუდგენია მისი გადახდის ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება;
2.5. განსახილველი დავის მოპასუხე კომპანიამ, როგორც კრედიტორმა, 2014 წლის 26 ნოემბერს იძულებითი აღსრულება დაიწყო. მოსარჩელე ბანკის, როგორც მოვალის, მიერ სააღსრულებო პროცესის ფარგლებში გადახდილი თანხა 29 206.3 ლარს და მის 2%-ს (კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური) – 584.13 ლარს შეადგენს. მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხე კომპანიამ ბანკისგან სააღსრულებო წარმოებით მოითხოვა და მიიღო იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ფაქტობრივად არ დადგომია. აგრეთვე ბანკს მიადგა ზიანი, რაც სააღსრულებო წარმოების დაწყების საფასურის დაკისრებაში გამოიხატა.
3. მოპასუხის შესაგებელი
3.1. მოპასუხე კომპანია არ დაეთანხმა მის წინააღმდეგ აღძრულ სასარჩელო მოთხოვნებს და წერილობით წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი, როგორც კრედიტორის, სარჩელი მოპასუხე ბანკის წინამორბედი სს ,,------“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე და სს ,,-----“ ჯამში 36479.23 ლარის გადახდა დაეკისრა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება სს ,,------„ სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, იგი კანონიერ ძალაში შევიდა და კრედიტორზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი; მოვალისათვის დაკისრებული თანხიდან სს ,,-----“ გადაიხადა მხოლოდ 7272.93 ლარი; 2014 წლის 25 ნოემბერს კრედიტორმა (განსახილველი დავის მოპასუხე კომპანიამ) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად და სს ,,------ბანკისაგან“ 29 206,30 ლარის გადახდევინების მოთხოვნით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც კანონის მოთხოვნათა დაცვით აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება;
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დავის ინიცირების საფუძველი გახდა სს ,,-----“ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ბანკის დიდი ხნის კლიენტის - ამ დავის მოპასუხე კომპანიის ინტერესების უგულებელყოფა და მისთვის ზიანის მიყენება. სწორედ ბანკის უკანონო ქმედებების შედეგად აღმოჩნდა ერთი წლის წინ კომპანია გაკოტრების წინაშე, მან დაითხოვა თანამშრომლები და დღეს თავიდან უხდება ბიზნესის დაწყება, დაკარგულ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენა; სწორედაც რომ არა სს ,,------“ მხრიდან მიყენებული ზიანი, რაც სამართლიანად იქნა გაზიარებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, კომპანია ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა; შესაბამისად გაუგებარია, რატომ აგრძელებს სს ,,-----“ მოპასუხე კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებს;
3.3. მოპასუხის მტკიცებით, მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ზემოაღნიშნული თემის გაგრძელებაა, ადგილი აქვს დავას იმ მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 272-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მხარეებს შორის უკვე განიხილა დავა და 2014 წლის 22 აგვისტოს გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც სს ,,------“ მხრიდან არ გასაჩივრებულა, მოპასუხეს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდება იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია მოსარჩელის მიერ სამართლებრივ საფუძვლად მითითებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 976-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, 976-ე და 991-ე მუხლებით კვალიფიკაციისთვის და შესაბამისად მისი სარჩელი იურიდიულად დაუსაბუთებელია.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება
4.1. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის სადავოდ ქცეული შემდეგი გარემოებები დაადგინა:
4.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს ,,------“ კომპანიის (ამ დავის მოპასუხე მხარის) სასარგებლოდ 31106,30 ლარის და ასევე პირგასამტეხლოს - 3825 ლარის გადხდა დაეკისრა (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე N2/3015-14 და სააღსრულებო ფურცელი - ტ.1, ს.ფ. 13-20, 21);
4.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სს ,,------“ მიერ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 7 ოქტომბერს და იმავე წლის 21 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე N2/3015-14 და სააღსრულებო ფურცელი- ტ.1, ს.ფ. 13-20, 64);
4.1.3. კრედიტორი კომპანიის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ შეასრულა მოვალემ (განსახილველი დავის მოსარჩელე ბანკმა) და კომპანიის (მოპასუხის) ანგარიშზე 2014 წლის 28 ოქტომბერს 7272.93 ლარი ჩარიცხა (იხ. კრედიტორის განცხადება, ბანკის პასუხი და ამონაწერი კრედიტორის საბანკო ანგარიშიდან - ტ.1, ს.ფ. 23 -26);
4.1.4. მოვალის (მოპასუხე კომპანიის) სასარგებლოდ ბანკის მიერ გადახდილია 7 272.93 ლარი, რაც მოსარჩელე მხარის (მოვალის) განმარტებით სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ შემდეგ ვალდებულებებს მოიცავდა: 1) 1900 ლარი - ხელახალი საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადახდილი თანხა; 2) 3825 ლარი - სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა თანხის გადარიცხვის დაყოვნების გამო; 3) 1047.93 ლარი - სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. 4) 500 ლარი - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება, ხოლო გადაწყვეტილებით დაკისრებული დანარჩენი თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე მოსარჩელემ ფაქტობრივად უარი განაცხადა, რის გამოც მოპასუხე კომპანიის (კრედიტორის) სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ამ უკანასკნელმა იძულებით, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, განახორციელა (იხ. ამონაწერი მოპასუხე კომპანიის საბანკო ანგარიშიდან - ტ.1, ს.ფ. 26);
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105. 2-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
4.3. საქალაქო სასამართლომ ბანკის სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (იხ. 1.1. ქვეპუნქტი) სამართლებრივი მოტივაციისათვის სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 976-ე,991-ე, 992-ე მუხლები გამოიყენა, ასევე მიუთითა სსსკ-ის 423-ე მუხლზე, რომელიც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წარდგენას აწესრიგებს. სსკ-ის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
4.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე ბანკის მტკიცება, რომ მოპასუხე კომპანია უსაფუძვლოდ გამდიდრდა (სსკ-ის 976-ე, 991-ე და 992-ე მუხლები) და ამის გამო მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სასამართლომ განმარტა, რომ ,,უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (იხ. სუსგ N ას-112-105-2017, 06.02.2019წ.)
4.5. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე კომპანიამ მოახდინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება სააღსრულებო წარმოებით სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შესაბამისად მას იურიდიული საფუძვლის გარეშე არ უსარგებლია სხვა პირის ქონებით, რითაც დაარღვევდა სხვა პირის უფლებას. მოპასუხეს არც მართლსაწინააღმდეგო, არც განზრახი და არც გაუფრთხილებელი მოქმედებით არ მიუყენებია ასევე ზიანი მოსარჩელისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ბანკს მიაჩნდა რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობა არ უნდა გადაეხადა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს არ მისდგომია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებული თანხის ოდენობის ზიანი, მას უნდა მიემართა გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსათვის სსსკ-ის 423-ე მუხლით დადგენილი წესით, რაც არ გაუკეთებია, შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული.
5. საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ბანკმა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 29 790.43 ლარის გადახდა დაეკისრა.
5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა შემდეგი სამართლებრივი საკითხები:
5.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კომპანიის (განსახილველ დავაში - მოპასუხე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სს ,,-----“ მოპასუხე კომპანიის, როგორც კრედიტორის, სასარგებლოდ 31 106,30 ლარის გადახდა დაეკისრა; ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,----“ კომპანიის სასარგებლოდ 3 825 ლარის გადახდა დაეკისრა;
5.2.2. გადაწყვეტილების 3.1.7 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ძალადაკარგულად ჩათვალა 2013 წლის 13 დეკემბრის საგადახდო შეთანხმება და კომპანიას სრულად დააკისრა არსებული დავალიანების გადახდა;
5.2.3. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2014 წლის 21 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი: კრედიტორი - მოპასუხე კომპანია, მოვალე - სს „------“;
5.2.4. კრედიტორის (კომპანიის), მოთხოვნის საფუძველზე, მოვალემ (სს „-----“) ნებაყოფლობით, ნაწილობრივ შეასრულა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულება და კომპანიის ანგარიშზე, 2014 წლის 28 ოქტომბერს, ჩარიცხა 7 272.93 ლარი, რომელიც სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ შემდეგ ვალდებულებებს მოიცავდა: 1) 1 900 ლარი - ხელახალი საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადახდილი თანხა; 2) 3 825 ლარი - სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა თანხის გადარიცხვის დაყოვნების გამო; 3) 1 047.93 ლარი - სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი; 4) 500 ლარი - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება;
5.2.5. კრედიტორმა (კომპანიამ) 2014 წლის 26 ნოემბერს მიმართა იძულებით აღსრულებას და აღსრულების ფარგლებში მოვალის (სს „----“) მიერ გადახდილი იქნა 29 206.3 ლარი და ამ თანხის 2% - 584.13 ლარი; სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების ფარგლებში მოპასუხისათვის სრულად იქნა ანაზღაურებული კომპანიისათვის ფაქტობრივად მიყენებული ზიანი და გაწეული ხარჯი, რაც შეეხება სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ დარჩენილი ვალდებულების მოცულობას, მოსარჩელემ იმ საფუძვლით განაცხადა უარი გადახდაზე, რომ თავად მოპასუხის მიერ ამ ოდენობის თანხის გადახდა არ მომხდარა და არც სახელმწიფო ხაზინაში მისი გადახდის ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენია. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ზიანის თანხის ძირითადი ნაწილი შეადგენდა კომპანიისათვის საგადასახადო შეთანხმების პირობების დარღვევის შედეგად გათვალისწინებულ სანქციას. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მოპასუხემ შემოსავლების სამსახურთან მიაღწია ხელახალ შეთანხმებას და მას მოსალოდნელი სანქციები არ დაჰკისრებია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ სს „-----“ წერილზე კრედიტორის მიმართ, რომელშიც უთითებდა საგადასახადო შეთანხმების მიღწევაზე და კომპანიის ანგარიშზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის (ყადაღის) გაუქმების შესახებ. მითითებული წერილით, კომპანიას ეთხოვა იძულებით აღსრულების დაწყებამდე მიეწოდებინა ბანკისათვის გადახდილი ან გადასახდელი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი მიმართავდა სასამართლოს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებით მოპასუხე კომპანიისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით (იხ. ტ.1, ს.ფ. 24). ასეთი დოკუმენტები კომპანიას ბანკისთვის არ მიუწოდებია;
5.2.6. სს „პ-----ი“ გახსნილი მოპასუხე კომპანიის საბანკო ანგარიშის 31.05.2014წ-25.11.2014წ. პერიოდის ამონაწერით ირკვევა, რომ საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე 15 000 ლარი გადარიცხული იქნა 2014 წლის 15 ოქტომბერს, დანიშნულებაში მითითებულია - გადასახადი საქართველოს საწარმოების სხვა მოგებიდან (საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე), ხოლო 2014 წლის 16 ოქტომბერს იმავე დანიშნულებით გადარიცხულია 1 900 ლარი. შესაბამისად, საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე გადარიცხული თანხა ჯამში 16 900 ლარს შეადგენს. მითითებული თანხების ჩარიცხვის შემდეგ მოპასუხე კომპანიის ანგარიშიდან განხორციელებულია სხვა საბანკო ოპერაციები (იხ. ტ.1, ს.ფ. 26). აპელანტის (მოსარჩელის) მითითებით, 15 000 ლარი წარმოადგენს ანგარიშზე თავდაპირველად 2013 წელს შეტანილ და დაყადაღებულ თანხას, ხოლო საგადასახადო ორგანოსთან მიღწეულმა შეთანხმებამ მხოლოდ 1 900 ლარის ოდენობით დამატებითი ხარჯი შეადგინა. მითითებული თანხების გადახდის შემდეგ კი ანგარიშიდან მოიხსნა საგადასახადო ორგანოს ყადაღა, რასაც მოწმობს შემდგომ განხორციელებული თანხის განკარგვის ოპერაციები;
5.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის კრედიტორმა (განსახილველი სარჩელის მოპასუხემ), მოვალისგან (აპელანტისაგან) სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მიიღო იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას რეალურად არ მიდგომია და რომლის შესახებაც აპელანტისათვის (მოსარჩელისათვის) ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 22 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, საქმის უდავო გარემოებების შეფასების შედეგად, გაიზიარა აპელანტი ბანკის (მოსარჩელის) პოზიცია იმის შესახებ, რომ მოპასუხე კომპანიამ სასამართლოს მიერ 22.08.2014წ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საგადასახადო ორგანოსთან მიაღწია ახალ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც კომპანიის მიერ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ მოიცავდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ზიანის სახით დაკისრებული თანხის სრულ ოდენობას;
5.4. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე კომპანიას სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული და სააღსრულებო წარმოების ფარგლებში (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2 ქვეპუნქტი) მოსარჩელისაგან ზიანის ანაზღაურების სახით მიღებული თანხები სრულად იქნა მიმართული საგადასახადო ვალდებულების დასაფარად და საგადასახადო ორგანოსთან ახალი შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა. მოპასუხე კომპანიამ საქმის ზეპირი განხილვისას მიუთითა, რომ ასეთი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობა საჭიროდ არ ჩათვალა, ვინაიდან სარჩელი სათანადო წესის დაცვით არ არის აღძრული (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლის 17.02.20121წ. სასამართლოს სხდომის ოქმი), რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.
5.5. მოპასუხე კომპანიის მტკიცებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, მოსარჩელეს არა საერთო სასარჩელო წარმოების გზით, არამედ საქმის წარმოების განახლების სსსკ-ის 423.1-ე „ვ“ პუნქტის საფუძველზე, განცხადებით უნდა მიემართა სასამართლოსთვის (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას).
5.6. სააპელაციო სასამართლომ დასახელებული არგუმენტი არ გაიზიარა და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც მოსარჩელე ბანკი (აპელანტი) სარჩელის საფუძვლად უთითებდა, წარმოიშვა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო მოპასუხის პრეტენზია, რომ მოცემულ დავაზე მოსარჩელემ მხოლოდ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი შეცვალა და იმავე დავის საგანზე განაცხადა მოთხოვნა, დაუსაბუთებლად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება მოიხმო, რომლის თანახმად, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. მათ ასევე შეუძლიათ, თავად გადაწყვიტონ საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება კი მხოლოდ მოსამართლის პრეროგატივაა (იხ. სუსგ N ას-941-979-2011; 1.11.2011წ). განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი (მოსარჩელე) მიუთითებდა, რომ მოპასუხე მხარეს (კრედიტორ კომპანიას) საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე არ მისდგომია იმ ოდენობის ზიანი, რომელიც განსაზღვრულია საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ხოლო მოპასუხეს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ რაიმე დასაბუთებული შედავება სასამართლოსთვის არ წარუდგენია;
5.7. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საგადასახადო ორგანოსთან ახალი შეთანხმება არ გაფორმებულა და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა სრული ოდენობით ბანკის (მოსარჩელის) მიერ მიყენებულ ზიანს წარმოადგენდა;
5.8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას;
5.9. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას;
5.10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარმოების ფარგლებში მოსარჩელისაგან მიიღო იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას საგადასახადო ორგანოსთან ახალი შეთანხმების გაფორმების გამო არ მისდგომია. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხიდან, მოპასუხემ მოსარჩელისაგან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო - 29 790.43 ლარი, რის შედეგადაც ის უსაფუძვლოდ გამდიდრდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე კომპანიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ ძირითად საკასაციო პრეტენზიებზე დაყრდნობით:
6.1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პრაქტიკულად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზია მოხდა, რაც „უსაფუძვლო გამდიდრების“ საბაბით სადავო გახადა მოსარჩელემ. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის ძალით სასამართლოს აქტები სავალდებულოა შესასრულებლად, მათი შეუსრულებლობა ან შესრულებისათვის ხელის შეშლა კანონით ისჯება. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით;
6.1.2. სსსკ-ის 265-ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით, ხოლო ამავე კოდექსის 421- ე მუხლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები;
6.1.3. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია როგორც კონსტიტუციის, ისე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, ფაქტობრივად განიხილა და შეცვალა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ სახით ძალაში დატოვება არც მოსარჩელისათვის, როგორც საფინანსო ინსტიტუტისათვის და არც მოპასუხისთვისაა ხელსაყრელი. მსგავსი პრაქტიკის დანერგვა იმ შედეგს გამოიწვევს, რომ ნებისმიერ მოვალეს, რომელსაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრება ვალდებულების შესრულება- თანხის გადახდა, შეეძლება ახალი სარჩელის შეტანის გზით, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებით, შესასრულებლად დაკისრებული ვალდებულების- თანხის ოდენობის შეცვლა და თანხის უკან დაბრუნება (ვრცლად იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.101-111).
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, შეფასებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე კომპანიის საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ გამოვლინდა საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესოსამართლებრივი საფუძველი, რადგან ფაქტობრივი გარემოებები სწორად და საკმარისად არის დადგენილი სააპელაციო სასამართლოს მიერ.
9. კასატორის (მოპასუხის) პრეტენზია ძირითადად იმას უკავშირდება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის დასაბუთებულობა და კანონიერება საკასაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შემოწმდეს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზია მოხდა ფაქტობრივად, ამ გზით კი შესაძლოა სახიფათო პრეცედენტი დაინერგოს (იხ. წინამდებარე განჩინების 6.1.3 ქვეპუნქტი).
10. კასატორის პრეტენზიების პასუხად, საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, პროცესუალურ-სამართლებრივ საკითხზე იმსჯელებს, რაც მნიშვნელოვანია იმის დასასაბუთებლად, შეეძლო თუ არა მოპასუხეს კანონით დადგენილი მოწესრიგებით ეხელმძღვანელა და სსსკ-ის 423-ე მუხლის „ვ“ პუნქტის საფუძველზე, განცხადებით მიემართა სასამართლოსთვის (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, შესაძლებელია კანონმდებლის მიერ განსაზღვრული საფუძვლით და ამ საფუძველთა ჩამონათვალი ამომწურავია. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი გარემოების) და მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი, საშუალო წინდახედულების ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ) - იხ. სუსგ-ები: N ა-3801-1-10-2019, 8.11.2019წ; N ა-4092-ა-12-2019, 26.02.2021წ; N ას-7-2021, 18.03.2021წ; N ა-4083-ა-11-2021, 24.12.2021წ; N ა-6389-ა-16-2021, 15.04.2022წ. .
11. საკასაციო სასამართლოს ზეპირ სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე ბანკის წარმომადგენელმა სწორედ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ მოპასუხე კომპანია (ამჟამად კასატორი) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდეგ შეუთანხმდა შემოსავლების სამსახურს და არა საქმისწარმოების იმ პროცესში, როდესაც კრედიტორი კომპანია იმ დავაში მოვალე ბანკისაგან ითხოვდა ამ უკანასკნელის მიერ დაყოვნებული ტრანზაქციით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, შესაბამისად, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ესარგებლა საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტით, რომელიც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას უკავშირდება.
12. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს მოსარჩელე ბანკის წარმომადგენლის მტკიცებას და სსსკ-ით გათვალისწინებული წინაპირობების გამოსაყენებლად, განმარტავს, რომ კანონმდებლის მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით დადგენილ იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, ამდენად გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. მაშასადამე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებში იგულისხმება მხარეთა სადავო ურთიერთობისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტები; გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ამ ფაქტების გაუთვალისწინებლად; თუ ეს ფაქტები ცნობილი იქნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, მაშინ მათი გათვალისწინებით საქმეზე გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (შეად. სუსგ-ებს: ას-7-2021, 18.03.2021, N ა-4083-ა-11-2021, 24.12.2021წ; N ა-6389-ა-2021, 15.04.2022წ.).
13. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის გაგებით, „„ახლად“ მხოლოდ ის ფაქტები და მტკიცებულებები მიიჩნევა, რომლებიც ობიექტურად უკვე წინა პროცესის ზეპირი განხილვის დასრულებამდე არსებობდა, მაგრამ მტკიცების ტვირთის მატარებელი მხარისთვის არაბრალეულად იყო უცნობი. „ახალი“ იქნებოდა მაშინ არა ობიექტურად ახლად წარმოშობილი, არამედ „ახლად“ აღმოჩენილი ფაქტები და მტკიცებულებები. ასეთი განმარტების სასარგებლოდ მეტყველებს ასევე საკანონმდებლო სისტემატიკის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილი. კერძოდ, მასში განხილული ბრალის საკითხი, უცილობლად, მხოლოდ ობიექტურად უკვე არსებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს შეიძლება ეხებოდეს. იმ გარემოებების თვალსაზრისით, რომლებიც მხოლოდ მომავალში წარმოიშობა, ეს საკითხი თავიდანვე არ დგება.“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, გვ.1134; 2020წ; თბილისი - <http://lawlibrary.info/ge/books/Civil-Procedure-Com.pdf>).
14. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიხედვით უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოვალისათვის - სს „-------“ (რომლის უფლებამონაცვლეა განსახილველ დავაში მოსარჩელე/აპელანტი ბანკი) დაკისრებული ზიანის თანხის ძირითადი ნაწილი შეადგენდა კომპანიისათვის საგადასახადო შეთანხმების პირობების დარღვევის შედეგად გათვალისწინებულ სანქციას. მოსარჩელე ბანკის მოთხოვნა დაეფუძნა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დადგა, იმ გადაწყვეტილების მიღებამდე ასეთი გარემოება არ არსებობდა. კრედიტორმა კომპანიამ, რომელიც ამ დავის მოპასუხეა, შემოსავლების სამსახურთან მიაღწია ხელახალ შეთანხმებას და მას მოსალოდნელი სანქციები არ დაჰკისრებია. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რაც საკასაციო სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, რომ საქმის მასალებში წარდგენილია სს „------“ (მოსარჩელის წინამორბედი ბანკის) წერილობითი მიმართვა კრედიტორისადმი, სადაც მითითებულია, რომ საგადასახადო შეთანხმების მიღწევის გამო, კრედიტორ კომპანიას იძულებითი აღსრულების დაწყებამდე მიეწოდებინა მოვალისათვის უკვე გადახდილი ან გადასახდელი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი მიმართავდა სასამართლოს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებით მოპასუხე კომპანიისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით. ასეთი დოკუმენტები კი კრედიტორ კომპანიას მოვალე ბანკისათვის არ მიუწოდებია (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება- ტ.2, ს.ფ.89-90).
15. საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია, რომ საგადასახადო შეთანხმების არსს წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების შემცირება გადასახადის გადამხდელისათვის, რა დროსაც, საგადასახადო შეთანხმების მიღწევისა და შეთანხმების პირობების შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება მცირდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (იხ.გადასახდის გადამხდელი კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურთან როგორც საგადასახადო შეთანხმების დროისათვის, ისე დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 292-293-ე მუხლები)
16. გადასახადის გადამხდელ კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის მიღწეულ შეთანხმებას გადასახდელი დავალიანების შემცირების თაობაზე თუკი სამოქალქო კოდექსის ვალის პატიების ინსტიტუტის საფუძველზე შევაფასებთ (სსკ-ის 448-451-ე მუხლები), ამ შემთხვევაშიც სამართლებრივი შედეგი ისაა, რომ ვალის პატიება მხარეთა შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, ვალის პატიებას როგორც ძირითადი მოვალისათვის, ისე თავდები პირებისთვისაც სასარგებლო სამართლებრივი შედეგი მოაქვს, რადგან თავდებიც თავისუფლდება ვალდებულებისაგან და თუკი რამდენიმე თავდები პირის მეშვეობით იყო უზრუნველყოფილი შესასრულებელი ვალდებულება და ერთ-ერთი თავდები გათავისუფლდა ვალის გადახდისაგან, სხვა თავდები პირებიც გათავისუფლდებიან ვალდებულების შესრულებისაგან. ამ მსჯელობით საკასაციო სასამართლოს იმის წარმოჩენა სურს, რომ წარმოიშვა ახალი გარემოება, გადასახადის გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურს შორის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, რის გამოც მოპასუხე კომპანია გათავისუფლდა ვალდებულებისაგან, ანუ მას ეპატია ვალდებულების ნაწილი, რომელიც, მართალია, წარმოიშვა ამ დავის მოსარჩელე ბანკის წინამორბედი საფინანსო ინსტიტუტის ბრალით, მაგრამ მიყენებული ზიანის ნაწილი, როგორც ფაქტობრივად შესასრულებელი ვალდებულება, საგადასადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ აღარ არსებობდა. ახალმა გარემოებამ მოსარჩელეს წარმოუშვა დამოუკიდებელი სარჩელით მოთხოვნის უფლება, მის მიერ ზიანის სახით გადახდილი თანხის ნაწილის დაბრუნებაზე. დასაბრუნებელი ნაწილი სწორედ ის ვალდებულებაა, რომლის შესრულებაც აღარ მოუწია მოპასუხე კომპანიას შემოსავლების სამსახურის წინაშე სწორედ იმის გამო, რომ მიაღწია ახალ შთანხმებას და შეუმცირდა გადასახდელი ვალდებულება, რითაც მას 29 790.43 ლარის ზიანი რეალურად არ მისდგომია და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
17. იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტორმა კომპანიამ საგადასახადო სანქციით დაკისრებული ზიანის სახით მოვალე ბანკისაგან იძულებითი აღსრულების გზით მიიღო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მას უნდა გადაეხადა საგადასახადო ორგანოსათვის, გამოვლინდა ისეთი გარემოება, რომელიც კრედიტორი კომპანიის (რომელიც ამჟამად მოპასუხე/კასატორია) მიერ აღძრული სასარჩელო წარმოების პროცესში არ არსებობდა, შესაბამისად, ბანკის მიერ ახალი სარჩელის აძღვრის გზით, რაც არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პირდაპირი თუ ირიბი გზით რევიზიას, რადგან ის დავა დასრულდა, ხოლო გამოვლენილი გარემოება მანამდე უცნობი და ობიექტურად არარსებული იყო, ბანკმა მართებულად მოითხოვა იმ თანხის დაბრუნება, რომელიც მოპასუხე კომპანიას არ აქვს გადასახდელი. მოპასუხე კომპანია უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რადგან მოვალე ბანკისაგან, როგორც კრედიტორმა, მიიღო ის თანხა, რომელიც საგადასახადო ორგანოსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე არ აქვს გადასახდელი. კასატორის მხრიდან საგადასახადო ვალდებულების შესრულების საფუძველი იყო ის საგადასახადო სანქცია, რომელიც ბანკის მიერ დროულად განუხორციელებელ ტრანზაქციას უკავშირდება და რის გამოც კრედიტორმა სარჩელით მიაღწია წარმატებას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუმცა, ამ გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, წარმოიშვა ისეთი გარემოება, რომელიც მანამდე ობიექტურად ვერ იარსებებდა და რომლის საფუძველზე მოპასუხესთან აღმოჩნდა ის თანხა, რომელიც მას ახალი საგადასახადო შეთანხმებით აღარ ეკისრება გადასახდელად, ანუ მოპასუხე ამ სახით გამდიდრდა და ვალდებულია მოსარჩელეს დაუბრუნოს მიღებული- 29 790.43 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აღარ არსებობს.
18. კასატორის პრეტენზია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით სახიფათო სასამართლო პრაქტიკა შეიქმნება, რადგან შესაძლებელი იქნება ნებისმიერი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება კონდიქციური მოთხოვნის საფუძველზე, არ არის დასაბუთებული, რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სსსკ-ის 423-ე მუხლში მოცემული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების ჩამონათვალი ამომწურავია და ისინი არ შეიძლება განივრცოს. იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „დაუშვებელია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიერ არასწორადაა გამოყენებული მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმები. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების გადასინჯვის მექანიზმი სრულიადაც არ არის მომარჯვებული ამ ამოცანათა შესრულებაზე, ამიტომ მისმა გამოყენებამ ამ მიზნებით შესაძლოა, სასამართლო წესით უფლების დაცვის გარანტიების განმტკიცება კი არ გამოიწვიოს, არამედ მათი დარღვევა. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული საფუძვლით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმა, არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში განმტკიცებულ ადამიანის უფლებათა სასამართლო წესით დაცვის გარანტიას“ (იხ. დამატებით: შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2015 წელი, 738)- შეად. სუსგ-ას N ას-7-2021, 18.03.2021წ.). აღსანიშნავია ისიც, რომ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმის გამოყენება - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
19. საკასაციო სასამართლო საქმის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესახებ.
20. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (იხ. ტ.2, ს.ფ. 112).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ბ-ქ ს---ნ თ---გ კ---ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური