თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ე.ბ–ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ც.ა–ი
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:ც.ა–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ე.ბ–ას, თ.ს–ძის, ო.ნ–ძის, რ.დ–ძის, მ.ბ–ძის, რ.ნ–ის, ტ.ე–ძის, დ.ა–ის, ი.ქ–ას, ნ.კ–ისა და რ.ქ–ას მიმართ, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე წილების ოდენობის დადგენისა და საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ც.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრები წარადგინეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეების, მათ შორის, ე.ბ–ას სააპელაციო საჩივრებზე დადგინდა ხარვეზი; აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრების (რომლებშიც მითითებული იქნებოდა, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა და გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივრებს) და მათი ელექტრონული ვერსიების წარდგენა.
ზემოაღნიშნული განჩინება ე.ბ–ას ვერ ჩაბარდა, თუმცა ჩაბარდა ერთ-ერთ აპელანტს, რომელმაც წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში ხარვეზი აღმოფხვრილად მიიჩნია და 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ე.ბ–ას დაავალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა; ასევე, დასახელებული იქნებოდა გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებას.
2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება ე.ბ–ას სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე გაეგზავნა, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, თუმცა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის 2022 წლის 9 მარტის მიმართვის თანახმად, გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით კი, ე.ბ–ას საჯარო გამოქვეყნების გზით ეცნობა სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება საჯაროდ განთავსდა სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის საჯარო შეტყობინების ვებგვერდზე; ე.ბ–ას განემარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით ე.ბ–ას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 78-ე, 368-ე, 374-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება ე.ბ–ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებები საქართველოში არყოფნის გამო ვერ ჩაიბარა. ამასთან, სასამართლომ საჯარო შეტყობინებით არ გამოაქვეყნა ხარვეზის დადგენის თაობაზე პირველად მიღებული - 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით ე.ბ–ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ე.ბ–ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი საერთოდ არ შეიცავდა მითითებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა ათდღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. მითითებული ვადის დენის დაწყება კი დაუკავშირდა მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო გზავნილი ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გზავნილი იგზავნება ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ასეთ შემთხვევაში, იმავე კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილი ვერ ჩაბარდა, ის ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში. ამდენად, მხარემ უნდა უზრუნველყოს სასამართლოსთვის საკუთარი მისამართის შესახებ ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდება, რათა შესაძლებელი გახდეს მისთვის გზავნილების ჩაბარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარემ უნდა ითმინოს გზავნილების მისთვის გადაცემის შეუძლებლობით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
დადგენილია, რომ სადავო შემთხვევაში სააპელაციო პალატამ „ხარვეზის დადგენის შესახებ“ განჩინება ე.ბ–ას ორჯერ გაუგზავნა სასამართლოსთვის ცნობილ ერთადერთ, თავად აპელანტის მიერ დაფიქსირებულ მისამართზე, თუმცა გზავნილი აპელანტს ვერ ჩაბარდა. ამასთან, საფოსტო უკუგზავნილში ჩაუბარებლობის მიზეზად აღნიშნულია, რომ „მეზობლების განმარტებით, ბინა გაყიდულია“. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, გზავნილი აპელანტისთვის ჩაბარებულად ითვლებოდა.
ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების პოლიციისთვის დავალების შესაძლებლობაც გამოიყენა, თუმცა კერძო საჩივრის ავტორისთვის გზავნილის ჩაბარება ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ შეძლო.
დასახელებული მოქმედებების შემდეგ კი, სააპელაციო სასამართლომ დამატებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის დაცვით, 2022 წლის 29 მარტს გამოიტანა განჩინება სასამართლო შეტყობინების (2021 წლის 3 ნოემბრის განჩინების) საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომელიც საჯაროდ განთავსდა სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის საჯარო შეტყობინების ვებგვერდზე. ამასთან, განმარტებულ იქნა, რომ 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება მხარისთვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიყენა მხარისთვის გზავნილის გაგზავნისა და ჩაბარების კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლო ალტერნატივა და 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება ადრესატისთვის ჩაბარებულად უნდა იქნეს განხილული, რასაც ხარვეზის შევსების ვადის დენის დაწყებაც უკავშირდება. საგულისხმოა, რომ ვადის ათვლის სასამართლოს მიერ ყველაზე გვიან განხორციელებულ საპროცესო მოქმედებასთან (საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებასთან) დაკავშირების შემთხვევაშიც კი, მხარეს არ დაუცავს ხარვეზის შევსებისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა. ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების განცხადებით არ მიუმართავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, წარმოიშვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ გზავნილი საქართველოში არყოფნის გამო ვერ ჩაიბარა, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ის ვალდებული იყო, ეცნობებინა სასამართლოსთვის მისამართის შეცვლის შესახებ; ასეთი ცნობის უქონლობის შემთხვევაში კი, გზავნილი სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე გაგზავნის შემთხვევაშიც ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საკასაციო სასამართლო, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას ხარვეზის დადგენის თაობაზე პირველად მიღებული - 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გამოუქვეყნებლობასთან დაკავშირებით, რადგან ხსენებული განჩინებით დადგენილი ხარვეზი მოგვიანებით ნაწილობრივ იქნა შევსებული (წარდგენილ იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი), რის გამოც 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ე.ბ–ას მხოლოდ დაზუსტებული/დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაევალა. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა 2021 წლის 3 ნოემბრის (და არა 2021 წლის 15 ოქტომბრის) განჩინებით დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამდენად, 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინების მხარისთვის ჩაუბარებლობას კერძო საჩივრის ავტორის სამართლებრივ მდგომარეობაზე გავლენა არ მოუხდენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოსცა გასაჩივრებული განჩინება და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ბ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
გ. მიქაუტაძე