Facebook Twitter

საქმე № ას-647-2021 07 სექტემბერი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ზ. ხ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. შ-ლი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, ზ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ-ემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 აპრილის განჩინებით ზ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. ხ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 აპრილის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და რამდენჯერმე გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს საქმეში მითითებულ მისამართზე, თუმცა გზავნილი არ ჩაბარდა (ს.ფ. 214-219).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებას დაევალა ა. შ-ვის გზავნილის ჩაბარება, თუმცა ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა.

შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცრის, ი. თ-ის მიერ 2022 წლის 18 აპრილს შედგენილი სატელეფონო საუბრის შესახებ ოქმით (ს.ფ. ---) დგინდება, რომ დაკავშირება მოხდა ა. შ-ის შვილთან, ნ. შ-თან, რომელმაც დაადასტურა ა. შ-ის გარდაცვალების ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ა. შ-ის გარდაცვალების ფაქტის შესახებ ინფორმაცია, რომლის მომართვის თანახმადაც (ს.ფ. ...-...), ა. შ-ლი გარდაიცვალა 2020 წლის 28 ოქტომბერს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილ იქნა ა. შ-ის სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც (ს.ფ. ---), სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ არ განხორციელებულა საქმისწარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს;

სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

ზემოაღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა გარდაცვლილის უფლებამონაცვლის საქმეში ჩაბმის შესაძლებლობა. ამასთან, მითითებული ნორმით განსაზღვრულია, ასევე, რომ კანონით დადგენილი შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება სარჩელი, ასევე, მოსარჩელის სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, თუ საქმეში მოსარჩელის, აპელანტის ან კასატორის უფლებამონაცვლე არ ჩაერთო.

ზემოაღნიშნული ნორმა მიმართულია მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვან დაცვაზე, რათა თუნდაც მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული ნორმის დათქმა, რომ მოსარჩელის გარდაცვალებებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა. შ-ლი გარდაიცვალა 2020 წლის 28 ოქტომბერს, საკასაციო საჩივარი კი წარდგენილია 2021 წლის 02 ივნისს, რაც ნიშნავს იმას, რომ საჩივრის წარდგენისას მოწინააღმდეგე მხარის გარდაცვალების ფაქტი უკვე იყო დამდგარი და შესაბამისად, კასატორს წარმოეშვა ვალდებულება მოეძიებინა შესაბამისი უფლებამონაცვლე, რაც აღნიშნული საქმის ფარგლებში არსებული მისივე სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა.

სასამართლომ, ეფექტური და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, თავისივე ინიციატივით გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, დაადგინა მოწინააღმდეგე მხარის გარდაცვალების ფაქტი, ასევე დაადგინა, რომ არ მომხდარა სამკვიდრო ქონების მიღება, აღნიშნული დროის მანძილზე კი მოწინააღმდეგე მხარის გარდაცვალებიდან გასულია კანონით მაქსიმალურად განსაზღვრულ ერთ წლიან ვადაზე მეტი დრო, რა პერიოდშიც კასატორი ვალდებული იყო მოეძიებინა როგორც გარდაცვალების ფაქტის შესახებ ინფორმაცია, ასევე სავარაუდო უფლებამონაცვლის შესახებ უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა, თუმცა რადგან კასატორმა აღნიშნული ვალდებულება ამ დრომდე არ შეასრულა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონით განსაზღვრული სამართალწარმოების შეჩერების ერთ წლიანი ვადა გასულია, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს საქმისწარმოების შეჩერების ტელეოლოგიური აუცილებლობა, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე ამ დროის მანძილზე (2022 წლის 28 ოქტომბრიდან დღემდე) კასატორის მხრიდან არ მომხდარა უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ შუამდგომლობის წარმოდგენა, რისთვისაც მას ჰქონდა გონივრულზე, კანონით გათვალისწინებულ ვადაზე მეტი დრო, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე აღარ არსებობს საქმისწარმოების შეჩერების აუცილებელი წინაპირობები, რის გამოც საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 279-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით; 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით; 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, და

დაადგინა:

1.ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე