საქმე №ა-4621-ა-23-2022 13 სექტემბერი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - თ. ხ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ჩ-ლი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზესტაფონის რეიონული სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რიონული სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასჩივრეს ი. ხ-ძემ და თ. ხ-ემ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 09 იანვრის განჩინებით აღნიშნული საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
2022 წლის 08 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელე ც. ჩ-მა რომლითაც მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ხ-ის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი ზესტაფონის რეიონული სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგადმიიჩნევს, რომ თ. ხ-ის განცხადება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს განცხადების განმხილველი სასამართლოს ვალდებულება, საქმის განსახილველად მომზადების ეტაპზე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს ფორმალური თვალსაზრისით შეესაბამება თუ არა განცხადება კანონის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას. ნორმის ამ დანაწესთაგან რომელიმეს დარღვევა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, განცხადებაზე ხარვეზის დადგენის საფუძველია. გარდა აღნიშნულისა, იმისათვის, რათა სასამართლომ განიხილოს განცხადების არსებითი საფუძვლიანობა, მომზადების ეტაპზე ასევე უნდა გაირკვეს განსჯადობის წესის თაობაზე მითითების კანონშესაბამისობა, განსჯადობის საკითხის სასამართლოს მიერ დადგენა და ზოგადად იმ საკითხის განსაზღვრა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი ადგენს განცხადების განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებს, განსჯადობის საკითხს კი, უკავშირებს შემდეგს: განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზესტაფონის რიონული სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რომელიც გასაჩივრდა სააპელაციო წესით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არნიშნული განჩინება გასაჩივრდა საკასაციო წესით, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 09 იანვრის განჩინებით აღნიშნული საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, აღნიშნული სახის განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, შესაბამისად, ამ გარემოებათა გათვალისწინებით საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე, ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით, თავად არ წარმოადგენს განსჯად სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ განცმხადებლის მოთხოვნა მიმართულია უშუალოდ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების გაუქმებისაკენ, რომლითაც უცვლელად დარჩა ქვედა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლო ვერ ჩაითვლება განსჯადად განიხილოს აღნიშნული განცხადება, რადგან განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ზესტაფონის რაიონული სასამართლო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული განცხადება განსჯადობის წესების დაუცველობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ხ-ის განცხადება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მირანდა ერემაძე