Facebook Twitter

საქმე №ას-105-2020 4 მაისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ძ-რი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს-ის ა-ული პ-რი გ-ება” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განჩინებაში დაშვებული შეცდომის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ძ-მა (შემდგომ – მოსარჩელე, დასაქმებული, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ს-ის ა-ულ პ-რი გ-ის“ (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, დამსაქმებელი, მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ, სახელფასო დავალიანებისა და დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წერილობით წარგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. სენაკის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 120 ლარი დაეკისრა 12 თვეზე გაანგარიშებით დარიცხული ხელფასის სახით და ხელზე ასაღები ხელფასის 0.07% შვიდ თვეზე გაანგარიშებით.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, როგორც მოსარჩელემ, ასევე - მოპასუხემ. მოსარჩელემ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა დაეკისრა.

8. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

9. მოსარჩელემ 2019 წლის 6 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფალია, ამასთან, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა, კერძოდ, გასწორდეს უსწორობა, რომლითაც მას მოპასუხის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა დაეკისრა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პრეტენზია საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით არ არის უსწორობის გასწორების დროს განსახილველი საკითხი. უსწორობის გასწორება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 260-ე მუხლი) სულ სხვა შინაარსის მატარებელი სამართლებრივი ნორმაა. მოსარჩელის პრეტენზია გადაწყვეტილებაში ბეჭდვის დროს დაშვებულ მექანიკურ თუ აშკარა არითმეტიკულ შეცდომას არ ეხება, იგი პრეტენზიას აცხადებს საპროცესო ხარჯების დაკისრებაზე, რაც თავისი ბუნებით უსწორობის გასწორების პროცესუალურ საკითხს სცდება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

14. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მისთვის მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი უსწორობაა, რომელიც უნდა გასწორედს.

15. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა და ამ უკანასკნელთა საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხის მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილებულა, არ არსებობდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის დაკისრების წინაპირობაც, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი სახელმწუფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მართებულობა, რაც უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის კანონიერებას უკავშირდება.

18. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება, გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

19. ხსენებული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ. სუსგ № ას-636-597-2011, 24.06.2011წ; №ას-1489-2018, 31.01.2019წ.).

20. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ მოკლებულია დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებულ განჩინებაში რაიმე შეცდომას ან უზუსტობას ადგილი არ აქვს, რაც სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით გამორიცხავს წარმოდგენილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას.

21. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით განისაზღვრა, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა განსაზღვრულიყო შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას. ამასთან, მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებული იყო, ხოლო საკასაციო საჩივრის გამო, მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო - 300 ლარი. უდავოა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაუბრუნის შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის განჩინება, შესაბამისად, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა მოპასუხის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი მოსარჩელეს სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა.

22. საკასაციო პალატის განმარტებით, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს (კერძო საჩივრის ავტორს) საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებული პრეტენზია 2016 წლის 5 მაისის განჩინებაზე წარდგენილ საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია, შესაბამისად, ვინაიდან, მას დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, მისი მოთხოვნაც უსწორობის გასწორების შესახებ, რომლითაც იგი სადავოდ ხდის მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას მოცემული კერძო საჩივრის ფარგლებში განხილული ვერ იქნება, რაზეც მართებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ.

23. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა შინაარსობრივად წარმოადგენს არა 2016 წლის 5 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორებას, არამედ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას, რაც კანონიერად არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ.

24. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია, რისი გათვალისწინებითაც, სახელმწიფო ბაჟი არ უნდა დაკისრებოდა და მიუთითებს, რომ როგორც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, ისე - სსსკ-ის 46 მუხლი პირს ათავისუფლებს ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან, ხოლო იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, მხარეებს შესაბამისი ანგარიშწორებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა ეკისრებათ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესი პირდაპირ მიუთითებს წაგებული მხარისათვის მოგებული მხარის მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურების დაკისრებას, თუნდაც იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული იყოს, რისი გათვალისწინებითაც, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს.

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე