Facebook Twitter

საქმე №ას-261-2022 12 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ო.რ.ე–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – კ.მ–ძე, ი.გ–ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დასაბრუნებელი თანხის გადაუხდელი ნაწილისა და სარგებლის სოლიდარულად დაკისრება, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „მ.ო.რ.ე–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.მ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ზ.მ–ძისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), და ი.გ–ას (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დასაბრუნებელი თანხის გადაუხდელი ნაწილისა და სარგებლის სოლიდარულად დაკისრების, ასევე, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 12 622, 52 აშშ დოლარის გადახდა; მეორე და მესამე მოპასუხეებს 27 400 აშშ დოლარის გადახდა; მეორე მოპასუხეს დაეკისრა 28 000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის სახით 619,29 აშშ დოლარის გადახდა; მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 1 552,29 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. კერძოდ, გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი სრულად, მე-3 პუნქტი 4 400 აშშ დოლარის (პროცენტის) დაკისრების ნაწილში, მე-4 პუნქტი 4 500 აშშ დოლარის (პროცენტის) დაკისრების ნაწილში, ხოლო მე-5 და მე-6 პუნქტი სრულად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით პირველი და მეორე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილს გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელის მოთხოვნა პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 12 622, 52 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მეორე და მესამე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით კ.მ–ძესა და ი.გ–ას დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ ან მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან ს.ა–ძის სახელზე გაცემული ვადაში მოქმედი მინდობილობა გასაჩივრების უფლებით; კახა მსხილიძეს, ზ.მ–ძესა და ი.გ–ას დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საკასაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნება: თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; გასაჩივრების საფუძვლები (კასაციის მიზეზები) და განმარტება იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი); ის ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება; კ.მ–ძეს, ზ.მ–ძესა და ი.გ–ას უნდა წარმოედგინათ მოთხოვნის შესაბამისი (დავის საგნის ღირებულების 5%, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარი) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორებს 2022 წლის 18 მაისს ჩაბარდათ.

2022 წლის 30 მაისს კასატორებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს საკასაციო საჩივარი, რომელიც არ არის შედგენილი სსსკ-ის 396-ე მუხლის „დ“ „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. ამასთან, კასატორები შუამდგომლობენ სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით კ.მ–ძის, ზ.მ–ძისა და ი.გ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; კ.მ–ძეს, ზ.მ–ძესა და ი.გ–ას გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სსსკ-ის 396-ე მუხლის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნება: თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; გასაჩივრების საფუძვლები (კასაციის მიზეზები) და განმარტება იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი); ის ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება; ბ) ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან მოთხოვნის შესაბამისი (დავის საგნის ღირებულების 5%, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარი) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება ზ.მ–ძეს გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ქ. თბილისი, .........., ბინა 21 და 2022 წლის 23 ივნისს ჩაბარდა პირადად.

2022 წლის 29 ივნისს ზ.მ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება. განცხადებას თან ერთვის 2022 წლის 27 ივნისის ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ფ/პ ზ.მ–ძის მიერ 2018 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისისა და ამავე წლის 22 ივლისის განჩინებებით კ.მ–ძისა და ი.გ–ას მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით ზ.მ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ზ.მ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სსსკ-ის 396-ე მუხლის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნება: თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; გასაჩივრების საფუძვლები (კასაციის მიზეზები) და განმარტება იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი); ის ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება; ბ) ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან მოთხოვნის შესაბამისი (დავის საგნის ღირებულების 5%, მაგრამ არაუმეტეს 6000 ლარი) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება ზ.მ–ძეს გაეგზავნა 2022 წლის 22 ივლისს საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - თბილისი, ........ ბ. 21 (იხ. ტ.1, ს.ფ. 2), რამდენადაც მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მისამართი წარმოადგენს ყოფილი წარმომადგენლის მისამართს.

სასამართლო გზავნილი 2022 წლის 28 ივლისს ადრესატის მისამართზე (......., ბ. 21) ჩაიბარა ი.გ–ამ, რომელიც არის ზ.მ–ძის რძალი (იხ. ტ.2, ს.ფ. 213).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი.გ–ამ (ზ.მ–ძის რძალი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისს განჩინება ჩაიბარა 2022 წლის 28 ივლისს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 213). შესაბამისად, ზ.მ–ძის სახელზე გაგზავნილი სასამართლო კორესპოდენცია ითვლება უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებულად.

სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა, 2022 წლის 29 ივლისს დაიწყო და ამავე წლის 2 აგვისტოს ამოიწურა.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ზ.მ–ძეს ხარვეზი არ შეუვსია.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განჩინების ჩაბარებამდე, 2022 წლის 22 ივლისს კასატორმა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი (იხ. ტ 2, ს.ფ. 203-211), რომელიც შინაარსობრივად მანამდე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის იდენტურია (იხ. ტ 2, ს.ფ 95-102). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ ხარვეზის არცერთი ნაწილი არ შევსებულა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 9 მარტს შემოვიდა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან დღემდე გასულია 6 თვეზე მეტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება, და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა და პროცესის მონაწილე მეორე მხარის ინტერესის შელახვა (იხ. სუსგ საქმე №ას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად საკმარისი და გონივრული ვადა მიეცა, ხოლო ვადის დამატებით გაგრძელება, მით უფრო ობიექტური გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, საქმის განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებას გამოიწვევს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე