საქმე №ას-308-2019 21 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს-ს ნ-სა და გ-ს კ-ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ს გ-ს ტ-ბის კ-ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს “ს-ს ნ-სა და გ-ს კ-ამ” (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) 2016 წლის 29 ივლისს სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ს გ-ს ტ-ბის კ-ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, 01.08.2006წ. №---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 757 350 ლარის, 31.08.2011წ. №----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 375 375 ლარის და 30.12.2013წ. №----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 419 688,6 ლარის, ჯამში 1 552 413,6 ლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. 2001 წლის 01 თებერვალს სს „ს-ს გ-ს ს-სო კ-სა“ (შემდგომში - „კორპორაცია“) და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კორპორაციამ მოპასუხეს გადასცა მის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის მილსადენები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ხოლო ამ უკანასკნელმა იკისრა საქართველოს ტერიტორიაზე გაზის უსაფრთხო ტრანსპორტირების, ტრანზიტისა და მიწოდების ვალდებულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 01 აგვისტომდე;
2.2. 2006 წლის 01 აგვისტოს კორპორაციასა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება (№----) (4 წლით), რომლის მიზანი 01.02.2001წ. ხელშეკრულების ანალოგიური იყო. მოპასუხეს კვლავ სრულად გადაეცა კორპორაციის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის მილსადენები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა;
2.3. 2006 წლის 04 ოქტომბერს კორპორაცია მიუერთდა (შეერწყა) მოსარჩელეს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გახდა კორპორაციის უფლებამონაცვლე;
2.4. მოპასუხემ 2010 წლის 18 ივნისს წერილობით მიმართა მოსარჩელეს, რომლითაც აცნობა, რომ 01.08.2006წ. №---- ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მას კვლავ სურდა მოსარჩელესთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმება. იმავე წერილით მოპასუხემ წარადგინა ორი დანართი: პირველი დანართი მოიცავდა იმ ქონებას, რომლის გადაცემასაც იგი ითხოვდა, ანუ რომელიც მას ესაჭიროებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის შეუფერხებლად განხორციელებისათვის, ხოლო მე-2 დანართი მოიცავდა ქონებას, რომელიც მას აღარ სჭირდებოდა და იშუამდგომლა ამ ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული ქონების გადაბარების დროს (2010 წლის აგვისტო-სექტემბერში), ფიზიკურად არ აღმოჩნდა (სავარაუდოდ, დატაცების გამო) „ყ….ღ-თ….ს“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 497-დან 506 კმ-მდე მონაკვეთი;
2.5. ექსპერტიზის დასკვნით ზემოაღნიშნული მონაკვეთის ღირებულება შეფასებულ იქნა 757 350 ლარად, შესაბამისად, ხსენებული გაზსადენის დაკარგვის გამო მოსარჩელემ სწორედ მითითებული ოდენობის ზიანი განიცადა;
2.6. მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს დადებული №----- იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. გასულ წელს მოსარჩელემ განახორციელა საკუთარი ქონების, მათ შორის, აღნიშნული იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული ქონების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გაირკვა, რომ ფიზიკურად აღარ არსებობს (სავარაუდოდ, დატაცების გამო) „ყ….ღ-თ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 478,25 კმ-დან 480,35 კმ-მდე მონაკვეთი;
2.7. ექსპერტიზის დასკვნით ზემოაღნიშნული მონაკვეთის დაკარგვის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეფასებულ იქნა 375 375 ლარად;
2.8. 2013 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელემ გამოაცხადა ტენდერი უმოქმედო მაგისტრალური გაზსადენების შენახვის მომსახურების შესაძენად. ტენდერში გაიმარჯვა მოპასუხემ, რომელთანაც იმავე წლის 30 დეკემბერს გაფორმდა №---- შესყიდვის ხელშეკრულება. ხელშეკრულების დანართით განისაზღვრა შესანახი ქონება, რომელშიც შედიოდა „ნ…..ი-გ….ს“ მაგისტრალური გაზსადენი. გასულ წელს მოსარჩელემ განახორციელა საკუთარი ქონების, მათ შორის, უმოქმედო გაზსადენების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოპასუხისათვის შესანახად გადაცემული გაზსადენებიდან აღარ არსებობს: 1) „ნ…..რი-გ…..ის“ 720 მმ მაგისტრალური გაზსადენის 254 მეტრიანი მონაკვეთი და „ნ…..რი-გ….ის“ 820 მმ მაგისტრალური გაზსადენის 1518 მეტრიანი მონაკვეთი (დატაცების გამო). აღნიშნული გაზსადენის დატაცების გამო მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 383 775,6 ლარი (44 958 ლარი 720 მმ გაზსადენის, ხოლო 338 817,60 ლარი 820 მმ გაზსადენის შემთხვევაში); 2) „რ…..ვი-თ….ი-ჟ….ს“ მაგისტრალური გაზსადენის II ხაზის 25-42 კმ-ზე არსებული უმოქმედო 529 მმ-იანი გაზსადენის 222 მეტრიანი მონაკვეთი (დატაცების გამო). ამ ნაწილში ზიანმა 26 640 ლარი შეადგინა; 3) გაზსადენის ფ….ს განშტოების 159 მმ დიამეტრის გაზსადენზე 562 მეტრიანი მონაკვეთი (დანაკლისის მიზეზები უცნობია). დანაკლისის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 9 2736 ლარი;
2.9. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
3. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი, ასევე, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითა, რომ “ყ….ღ-თ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 497 კმ-დან 506 კმ-მდე მონაკვეთის დანაკლისიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია; “ყ….ღ-თ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 478,25 კმ-დან 480,35 კმ-მდე მონაკვეთი ფიზიკურად აღარ არსებობს არა დატაცების გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ გაზსადენის ამ მონაკვეთის ადგილზე მოსარჩელემ 2007 წელს ააგო ახალი - „გ……ი-ნ…..ის“ 30 კმ-იანი გაზსადენი; „ნ….ი-გ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის 800 მმ მონაკვეთის მიწიდან ამოღება სავარაუდოდ განხორციელდა სახელმწიფოს თანხმობით; ხოლო, „რ…..ი-თ…ი-ჟ….ს“ მაგისტრალური გაზსადენის უმოქმედო ნაწილის ღირებულება უკვე ანაზღაურებულია.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მოსარჩელეს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენებისა და მასთან დაკავშირებული ყველა ინფრასტრუქტურის მესაკუთრესა და მოპასუხეს შორის 01.02.2001წ., 01.08.2006წ., 30.07.2010წ., 31.08.2011წ., 08.02.2012წ. და 30.12.2013წ. გაფორმდა იჯარისა და შენახვის ხელშეკრულებები;
7.2. მოსარჩელის 01.05.2015წ. №----- ბრძანების საფუძველზე შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის 27.11.2015წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად (დოკუმენტის მე-5 გვერდზე ასახული ინფორმაცია), მოსარჩელის მიერ 2008 წელს ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა „ყ….ღ-თ….ის“ I ხაზის 497 კმ-დან 506 კმ-მდე მონაკვეთის არარსებობის შესახებ. იქვე მითითებულია, რომ დანაკლისის გამოვლენის პერიოდად მიჩნეულ უნდა იქნას 2008 წლის 01 იანვარი. ამდენად, აღნიშნული დანაკლისიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ 2008 წლის 01 იანვრიდან უნდა დაიწყოს;
7.3. საინვენტარიზაციო კომისიის იმავე მოხსენებით ბარათში დაცული ინფორმაციის თანახმად, „ყ…..ღ-თ….ის“ I ხაზის მაგისტრალური გაზსადენის 478,25 კმ-დან 480,35 კმ-მდე მონაკვეთი აღარ არსებობს, ვინაიდან მის ნაცვლად მოსარჩელემ ააშენა ახალი - „გ…..ი ნ….ის“ მონაკვეთი;
7.4. შპს „ჯ…-ე….-…..რ კ….ის“ მიერ შესრულებულ იქნა მოსარჩელის ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის დოკუმენტი. მოსარჩელესა და შპს „ჯ…-ე….-ა… კ….ს“ შორის 11.11.2008წ. გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტზე დართული მატერიალური აქტივების ნუსხის შესაბამისად, იმავე პერიოდისათვის მოსარჩელის მატერიალურ აქტივებში „ნ….რი-გ….ს“ 720 მმ და 820 მმ მაგისტრალური გაზსადენები არ შედიოდა. აღნიშნულ ნუსხაში (იხ. ტ. I, ს.ფ. 287) „ნ…..რი გ….ს“ 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის სიგრძის მანიშნებელ გრაფაში აღნიშნულია ციფრი 0, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელისათვის 2008 წლის 11 ნოემბრიდან ცნობილი იყო აღნიშნული მატერიალური ქონების არარსებობის შესახებ. მატერიალური აქტივების ნუსხაში, აგრეთვე, არ არის მითითებული ფ….ს განშტოების 159 მმ დიამეტრის გაზსადენი. შესაბამისად, ამ მატერიალური ქონების არარსებობის შესახებ მოსარჩელისათვის, ასევე, ცნობილი იყო 2008 წლის 11 ნოემბერს;
7.5. მოსარჩელის მიერ ჩატარებული აზომვების თანახმად, „რ…ი-თ….ი-ჟ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის II ხაზის უმოქმედო 529 მმ მონაკვეთიდან დაკარგულია 222 მეტრი; ხოლო, მოსარჩელის 24.11.2015წ. წერილზე თანდართული ინფორმაციის მიხედვით, მოპასუხის თანამშრომლებმა აზომეს „რ….ი-თ….ი-ჟ….ის“ გაზსადენის სათანადო მონაკვეთი და დანაკლისმა 222 მეტრის ნაცვლად, შეადგინა 213 მეტრი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ორი აბსოლუტურად თანაბარხარისხოვანი მტკიცებულება, რომელიც ასახავს მხარეთა თანამშრომლების მიერ ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგებს;
7.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.10.2015წ. №------ დასკვნით დასტურდება, რომ რეალურად „რ….ი-თ….ი-ჟ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის II ხაზის 529 მმ მონაკვეთიდან დაკარგული გაზსადენის მოცულობა 222 მეტრს არ შეადგენდა, ხოლო დატაცებული 200 მეტრი ლითონის მილის საბაზრო ღირებულებაა 24 000 ლარი;
7.7. მოპასუხემ 2016 წლის 29 ივლისს მოსარჩელეს გადაუხადა 213 მეტრის შესაბამისი ღირებულება 25 560 ლარის ოდენობით.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისათვის 25 560 ლარის გადახდით სრულად აანაზღაურა „რ…ვი-თ…ი-ჟ…ის“ II ხაზის 25-42 კმ-ზე არსებული, განადგურებული მაგისტრალური გაზსადენის ღირებულება.
9. სააპელაციო პალატამ სარჩელი 375 375 ლარის მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია, ვინაიდან დადგენილ იქნა, რომ „ყ…აღ-თ…ის“ I ხაზის მაგისტრალური გაზსადენის 478,25 კმ-დან 480,25 კმ-მდე მონაკვეთის ნაცვლად მოსარჩელემ ახალი - „გ….ნი-ნ…ის“ მაგისტრალური გაზსადენი ააშენა.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე, 144-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და სასარჩელო მოთხოვნა „ყ….ღ-თ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 497 კმ-დან 506 კმ-მდე მონაკვეთის, „ნ….რი-გ….ის“ 720 მმ მაგისტრალური გაზსადენის 254 მეტრიანი მონაკვეთის, „ნ….რი-გ….ის“ 820 მმ მაგისტრალური გაზსადენის 1518 მეტრიანი მონაკვეთისა და ფ---ის განშტოების 159 მმ დიამეტრის გაზსადენის 562 მეტრიანი მონაკვეთის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულად მიიჩნია. სასამართლოს განმარტებით, მაგისტრალური გაზსადენების ზემოაღნიშნული მონაკვეთების დანაკლისის შესახებ მოსარჩელემ ინფორმაცია მიიღო 2008 წლის 01 იანვარს და იმავე წლის 11 ნოემბერს, შესაბამისად, სარჩელის აღძვრის დროისათვის (29.07.2016წ.) გასული იყო ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
12. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. მოპასუხემ 2010 წლის 18 ივნისს წერილობით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ მხარეთა შორის 01.08.2006წ. გაფორმებული №….. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ (მოქმედების ვადა გადიოდა 2010 წლის 1 აგვისტოს) მას კვლავ სურდა მოსარჩელესთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმება. იმავე წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს წარუდგინა ორი დანართი, რომელთაგან პირველი მოიცავდა იმ ქონებას, რომლის გადაცემასაც ითხოვდა მოსარჩელისაგან. აღნიშნული დანართი მოიცავდა, მათ შორის, „ყ…..ღ-თ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 478,25 კმ-დან 480,35 კმ-მდე მონაკვეთს. მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, მხარეთა შორის 2010 წლის 30 ივლისს გაფორმდა №……. იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს იჯარით გადაეცა „ყ…..ღ-თ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის ზემოაღნიშნული მონაკვეთი. ბუნებრივია, 2010 წლის 30 ივლისს გაზსადენის ამ მონაკვეთის არარსებობის პირობებში, მოპასუხისათვის მისი იჯარით გადაცემა ვერ მოხდებოდა და ვერც ეს უკანასკნელი მოითხოვდა მის გადაცემას;
12.2. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ „ყ….აღ-თ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 478,25 კმ-დან 480,35 კმ-მდე მონაკვეთი არ არსებობს იმის გამო, რომ მის ადგილას ახალი გაზსადენი აშენდა. საინვენტარიზაციო კომისიის მოხსენებით ბარათს ხელს არ აწერენ მოსარჩელის დირექტორები, მას მხოლოდ სხვა თანამშრომლები აწერენ ხელს. შესაბამისად, მოხსენებითი ბარათი ფაქტების მტკიცების კუთხით ვერ მიიჩნევა უტყუარ მტკიცებულებად. მასში მითითებული გარემოებები მხოლოდ მასზე ხელმომწერ პირთა პირად მოსაზრებად/შეხედულებად შეიძლება ჩაითვალოს. ზემოაღნიშნული დასკვნა ქარწყლდება თუნდაც იმით, რომ 2006 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებულ №….. ხელშეკრულებაში ცვლილება არ შესულა და საიჯარო ქონება გაზსადენის 478,25 კმ-დან 480,35 კმ-მდე მონაკვეთით არ შემცირებულა. ამასთან, როგორც უკვე ითქვა, მოწინააღმდეგე მხარემ 2010 წელს კვლავ მოითხოვა გაზსადენის ამ მონაკვეთის მისთვის იჯარით გადაცემა;
12.3. რაც შეეხება 18.06.2010წ. წერილით წარდგენილ მე-2 დანართს, ის მოიცავდა ქონებას, რომელიც მოპასუხის განცხადებით, მას აღარ ესაჭიროებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის განსახორციელებლად, შესაბამისად, იშუამდგომლა ამ ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული დანართი მოიცავდა „ყ….ღ-თ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 497 კმ-დან 506 კმ-მდე მონაკვეთს, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ ხსენებული გაზსადენი 2010 წლის 18 ივნისისთვის რეალურად არსებობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხე მის დაბრუნებას არ მოითხოვდა;
12.4. მხარეთა შორის ახალი იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 2010 წლის 30 ივლისს, შესაბამისად, 2010 წლის 30 ივლისის ჩათვლით „ყ…ღ-თ…ის“ მაგისტრალური გაზსადენის ზემოაღნიშნული მონაკვეთი იმყოფებოდა მოპასუხის მფობელობაში. იმ ქონების უკან დაბრუნება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს აღარ სჭირდებოდა, განხორციელდა 2010 წლის 30 ივლისის შემდეგ. ქონების უკან გადაბარების დროს კი, ფიზიკურად არ აღმოჩნდა (სავარაუდოდ, დატაცების გამო) „ყ…ღ-თ…ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 497-დან 506 კმ-მდე მონაკვეთი. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა, რომ „ყ…..ღ-თ…ის“ მაგისტრალური გაზსადენის დასახელებული მონაკვეთი ჯერ კიდევ 2008 წელს არ არსებობდა და ამის თაობაზე მოსარჩელემ 2008 წლის 1 იანვარს უკვე იცოდა, დაუსაბუთებელია. ეს გარემოება ერთმნიშვნელოვნად დგინდება თუნდაც იმით, რომ 2006 წლის 1 აგვისტოს გაფორმებულ №….. ხელშეკრულებაში ცვლილება არ შესულა და საიჯარო ქონება არ შემცირებულა გაზსადენის 497 კმ-დან 506 კმ-მდე მონაკვეთით (რაც აუცილებლად მოხდებოდა, გაზსადენის ხსენებული მონაკვეთი მართლაც რომ არ არსებულიყო ჯერ კიდევ 2008 წელს), ხოლო 2010 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მას გაზსადენის 497 კმ-დან 506 კმ-მდე მონაკვეთი სამომავლოდ აღარ სჭირდებოდა;
12.5. 27.11.2015წ. მოხსენებითი ბარათი ვერც ამ შემთხვევაში მიიჩნევა უტყუარ მტკიცებულებად;
12.6. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ „ნ….ი-გ….ის“ მაგისტრალური გაზსადენი და გაზსადენის ფ---ის განშტოება მხარეთა შორის 30.07.2010წ., 08.02.2012წ. და 30.12.2013წ. №….. (აღნიშნული ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2016 წლის 31 დეკემბერს) დადებული სასყიდლიანი შენახვის ხელშეკრულებების საფუძველზე, შესანახად ჰქონდა გადაცემული მოპასუხეს და 2015-2016 წლამდე მოსარჩელე იხდიდა შენახვის საფასურს. ეს გარემოება ადასტურებს იმას, რომ მხარეებმა 2015-2016 წლამდე არ იცოდნენ გაზსადენის ამ მონაკვეთზე დანაკლისის არსებობის თაობაზე. თუკი, ეს გაზსადენი ჯერ კიდევ 2008 წელს არ არსებობდა, გამოდის, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის არარსებული ქონება გადაუცია შესანახად და არარსებული ქონების შენახვისთვის იხდიდა საფასურს;
12.7. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია „ნ…..ი-გ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის მისთვის შესანახად გადაცემისა და, შესაბამისად, მის ნაწილზე 2015-2016 წლებში (და არა 2008 წელს) დანაკლისის არსებობის/გამოვლენის ფაქტი. მოპასუხე მხოლოდ იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ გაზსადენზე დანაკლისის არსებობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ის სახელმწიფოს ერთ-ერთმა ორგანომ მათი ნებისგან დამოუკიდებლად გაასხვისა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაუსაბუთებლად დაადგინა, რომ აღნიშნული გაზსადენის არა მხოლოდ ნაწილი, არამედ მთლიანი გაზსადენი ჯერ კიდევ 2008 წლისთვის არ არსებობდა. მოპასუხეს, ასევე, სადავოდ არ გაუხდია გაზსადენის ფ---ის განშტოებაზე არსებული დანაკლისის ოდენობა და ის გარემოება, რომ მას მართლაც ეკისრება გამოვლენილი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულება;
12.8. მართალია, შპს „ჯ…-ე…-ა… კ…..ის“ დასკვნაში “ნ….ი-გ…ს” 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის გასწვრივ, სიგრძის გრაფაში „0“ არის მითითებული, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ხსენებული გაზსადენი შედის №----7 საბუღალტრო დასახელების გაზსადენში (ანუ, №---- გაზსადენი მოიცავს “ნ…რი-გ…ს” გაზსადენს). №---- „ს…ო-ქ…ს“ გაზსადენის გასწვრივ კი გაზსადენის სიგრძის გრაფაში მითითებულია 54,79 კმ;
12.9. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 11.18.2011წ. №… ბრძანების თანახმად, 2011 წლის 18 თებერვალს მცხეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მოძრავი ქონების, კერძოდ, სოფელ ….. მდებარე 1000 მეტრი 800 მმ-იანი და 377,40 მეტრი 800 მმ-იანი ლითონის მილების აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე. მოპასუხის განმარტებით, აუქციონზე გატანილი მილსადენები წარმოადგენს „ნ….რი-გ….ს“ გაზსადენს, თუმცა აღნიშნული საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. გარდა ამისა, ვინაიდან მცხეთის მუნიციპალიტეტმა აუქციონზე მოძრავი ქონება გაიტანა, ეს ნიშნავს იმას, რომ მილები აუქციონის გამოცხადების მომენტში იმყოფებოდა დასწყობებულ მდგომარეობაში, ანუ არ იყო განთავსებული მიწისქვეშ. მოსარჩელეს მოპასუხისათვის მიწისქვეშ მდებარე გაზსადენი ჰქონდა გადაცემული, რაც ხაზობრივ ნაგებობას და, შესაბამისად, უძრავ ქონებას წარმოადგენს;
12.10. შპს „ჯ..-ე…-ა… კ….მა“ მოსარჩელის მთელი ქონების ინვენტარიზაცია ჩაატარა და დასკვნაც მთელ ქონებაზე წარადგინა, თუმცა სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტი, რეალურად წარმოადგენს აღნიშნული დასკვნის ნაწილს, რომელიც მოიცავს მხოლოდ „ყ….ღ-თ…ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზთან დაკავშირებულ ინფორმაციას. აღნიშნული პირდაპირ იკითხება მოსარჩელის 12.07.2016წ. წერილში, სადაც მითითებულია, რომ წერილს თან ერთვის დასკვნის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება „ყ….ღ-თ…ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზს. სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული, რომ ხსენებული დასკვნის ნაწილი არ შეიცავს ინფორმაციას ფ---ის განშტოების 159 მმ დიამეტრის გაზსადენზე. შესაბამისად, დასკვნის ამ ნაწილში ფ---ის განშტოების არარსებობა ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ მასზე დანაკლისის გამოვლენის თარიღად 2008 წელი იქნეს მიჩნეული. ზემოაღნიშნულ დანართში სხვა უამრავი გაზსადენიც არ არის შეტანილი, ვინაიდან მოსარჩელის კუთვნილი გაზსადენების უმეტესი ნაწილი „ყ….ღ-თ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზს არ უკავშირდება;
12.11. „ნ…რი-გ…ს“ მაგისტრალურ გაზსადენზე და მაგისტრალური გაზსადენის ფ---ის განშტოებაზე არსებული დანაკლისიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მოპასუხეს არ მიუთითებია, შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის/სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი განეცხადებინა;
12.12. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ „რ…ი-თ….ი-ჟ…ის“ გაზსადენზე დანაკლისმა 222 მეტრის ნაცვლად 200 მეტრი შეადგინა. მოსარჩელე გაზსადენების აზომვას აწარმოებს უახლესი ტექნიკისა და მოწყობილობების გამოყენებით, შესაბამისად, აზომვების დროს ცდომილება გამორიცხულია. აღნიშნულ გაზსადენზე დანაკლისის არსებობის თაობაზე მოსარჩელემ შეიტყო მოპასუხისაგან, რომელმაც დატაცებული მილების რაოდენობად 200 მეტრი მიუთითა. თავდაპირველად, მოსარჩელემ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და ზიანის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუკვეთა გაზსადენის 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შეფასება. შესაბამისად, სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ექსპერტიზის დასკვნაში 200 მეტრი მილის დანაკლისით გამოწვეული ზიანია შეფასებული. მოგვიანებით, როცა მოსარჩელემ დამოუკიდებლად განახორციელა აზომვები, აღმოჩნდა, რომ დანაკლისის ოდენობა შეადგენდა არა 200 მეტრს, არამედ 222 მეტრს. მოპასუხემ დანაკლისი მხოლოდ 213 მეტრის ნაწილში აღიარა და გადაიხადა შესაბამისი ღირებულება, თუმცა, მიუხედავად მოპასუხის აღიარებისა, სასამართლომ დაადგინა, რომ დანაკლისი 200 მეტრს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, მხარეთა შორის სადავოა ხსენებული გაზსადენის 9 მეტრიანი მონაკვეთი.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება „ნ….რი-გ…ის“ 720 მმ მაგისტრალური გაზსადენის 254 მეტრიანი მონაკვეთისა და „ნ…ი-გ…ის“ 820 მმ მაგისტრალური გაზსადენის 1518 მეტრიანი მონაკვეთის დანაკლისიდან, ასევე, ფ….ს განშტოების 159 მმ დიამეტრის გაზსადენზე არსებული 562 მეტრიანი დანაკლისიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებული პროცესის ხარჯის განაწილების შესახებ; ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და გაუქმებულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
15. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მხარეთა შორის დადებული იჯარისა და შენახვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მართლზომიერება. კერძოდ, მოსარჩელე ზიანის სახით ითხოვს მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემულ მაგისტრალურ გაზსადენებზე არსებული დანაკლისის ღირებულების ანაზღაურებას.
16. კასატორი დავობს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია ხანდაზმულად „ყ….ღ-თ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 497 კმ-დან 506 კმ-მდე მონაკვეთის დანაკლისიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. მისი განმარტებით, საინვეტარიზაციო კომისიის მოხსენებითი ბარათი ვერ მიიჩნევა იმის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, რომ მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული დანაკლისის თაობაზე მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2008 წლის 01 იანვარს იცოდა, ვინაიდან მოხსენებით ბარათს ხელს დირექტორი არ აწერს.
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, საინვენტარიზაციო კომისიის მოხსენებითი ბარათი უნდა შეფასდეს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდგომ განისაზღვროს წარმოადგენს თუ არა ის სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო და საკმარის მტკიცებულებას.
18. ის გარემოება, რომ ზოგადად მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს დირექტორი წარმოადგენს, არ გამორიცხავს, რომ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე ხელს კომპანიის სხვა უფლებამოსილი თანამშრომლები აწერდნენ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საინვენტარიზაციო კომისია შეიქმნა მოსარჩელის 01.05.2015წ. ბრძანების საფუძველზე და დაევალა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული მაგისტრალური გაზსადენებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაცია. შესაბამისად, მოსარჩელემ თავად მიანიჭა კომისიას ინვენტარიზაციის ჩატარებისა და შესაბამისი შედეგის განსაზღვრის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოხსენებითი ბარათი მართებულად მიიჩნია სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით კანონმდებლის მიზანია გამოირიცხოს კრედიტორის უფლებების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა, ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამასთან, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა (იხ. სუსგ საქმე №ას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; №ას-498-466-2017, 19 ივლისი, 2018 წელი).
22. საკასაციო სასამართლო, ასევე, განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2006 წლის 01 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო №---- ხელშეკრულება მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენისა და სხვა ქონების იჯარით გადაცემის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს სხვა ქონებასთან ერთად იჯარით გადაეცა „ყ….ღ-თ….ს“ I ხაზის 497 კმ-დან 506 კმ-მდე მონაკვეთი (იხ. ტ. I, ს.ფ. 53-76); დადგენილია, ასევე, რომ მოსარჩელის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ 2015 წელს ჩაატარა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული მაგისტრალური გაზსადენებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაცია. კომისიის 27.11.2015წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ინვენტარიზაციის დროს კომისიამ განიხილა და მხედველობაში მიიღო 2008 წელს კომპანია „ჯ…-ე…-ა… კ….ის“ მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები. მოხსენებით ბარათში ასევე მითითებულია, რომ 09.04.2010წ. №----- ბრძანებით შექმნილმა კომისიამ, რომელსაც დავალებული ჰქონდა მოსარჩელის კუთვნილი უმოქმედო მაგისტრალების ფაქტიური მდგომარეობის დადგენა, წარადგინა დასკვნა, რომლის მე-20 პუნქტში „ყ….ღ-თ….ს“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 497 კმ-დან 506 კმ-მდე მონაკვეთთან დაკავშირებით მიუთითა შემდეგი: „კორპორაციაში ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს შეცდომით მოხდა გაორება. რეალურად კორპორაციის ბალანსზე უკვე არსებული „ყ….ღ-თ….ს“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზი იწყებოდა 460,2 კმ-დან და გრძელდებოდა 510,8 კმ-მდე“; აღნიშნული კომისიის დასკვნა განხილულ იქნა მოსარჩელის დირექტორთა საბჭოზე, თუმცა ამ რეკომენდაციამ ბუღალტრულად ასახვა არ ჰპოვა. მოხსენებით ბარათში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2008 წელს აუდიტორული კომპანია „დ---- და ტ----ს“ მიერ განხორციელებული შეფასებისას, მათ მიერ მიწოდებულ ელექტრონულ ბაზაში „ყ…ღ-თ….ს“ მაგისტრალური გაზსადენის დასახელებულ მონაკვეთთან დაკავშირებით შენიშვნის გრაფაში მითითებულია შემდეგი: “Отсутствует” (დაკარგული). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტივი მოხსენებითი ბარათის შედგენის დროისათვის აღარ არსებობდა, კომისიამ ის დანაკლისად, ხოლო დანაკლისის გამოვლენის თარიღად 2008 წლის 01 იანვარი მიიჩნია (იხ. ტ. I, ს.ფ. 251-259). აღსანიშნავია, რომ მოხსენებითი ბარათის პროექტი, ასევე, განხილულ და შეფასებულ იქნა მოპასუხის მიერ. ამრიგად, ინვენტარიზაცია ჩატარდა მოსარჩელის ინიციატივით და მას არ წარუდგენია მოხსენებით ბარათში მითითებული ინფორმაციის გამაბათილებელი მტკიცებულება. მხოლოდ ის გარემოება, რომ 2010 წლის 18 ივნისის წერილით მოპასუხემ მოითხოვა მაგისტრალური გაზსადენის ზემოთ მითითებული მონაკვეთის მოსარჩელისათვის დაბრუნება, არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ ამ პერიოდისათვის აღნიშნული მონაკვეთი რეალურად არსებობდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 2008 წლის 01 იანვრისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო „ყ…..ღ-თ….ს“ I ხაზის 497 კმ-დან 506 კმ-მდე მონაკვეთის დანაკლისის თაობაზე.
24. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ „ყ….ღ-თ…ს“ I ხაზის 497 კმ-დან 506 კმ-მდე მონაკვეთის დანაკლისიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2016 წლის 29 ივლისს, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია 6-წლიანი ვადის გასვლის გამო (მაგისტრალური გაზსადენი წარმოადგენს ხაზობრივ ნაგებობას, ხოლო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა უძრავ ქონებად მიიჩნევა).
25. კასატორი იმავე დასაბუთებით სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ „ყ….ღ-თ….ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 478,25 კმ-დან 480,35 კმ-მდე მონაკვეთის ნაცვლად მოსარჩელის მიერ აშენდა ახალი - „გ…..ი ნ…..ის“ მონაკვეთი.
26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ საინვენტარიზაციო კომისიის მოხსენებითი ბარათის დანართის - მოსარჩელის ბალანსზე რიცხული მაგისტრალური გაზსადენებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ბუღალტრული ნაშთი 07.05.2015წ. მდგომარეობით - თანახმად, „ყ….ღ-თ…ს“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის 478,25 კმ-დან 480,35 კმ-მდე მონაკვეთის ადგილას აშენდა ახალი - „გ…..ი-ნ….ის“ მონაკვეთი (იხ. ტ. I, ს.ფ. 265). აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებულია მოსარჩელის მითითება მაგისტრალური გაზსადენის დასახელებული მონაკვეთის სავარაუდო დატაცების თაობაზე.
27. „რ….ი-თ…ი-ჟ…ის“ მაგისტრალური გაზსადენის II ხაზის უმოქმედო 529 მმ მონაკვეთზე არსებულ დანაკლისთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ დანაკლისის ოდენობა შეადგენს 222 მეტრს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე დანაკლისის ოდენობად 213 მეტრს მიიჩნევს. მხარეები საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითებენ მათ მიერ ჩატარებულ აზომვით სამუშაოებზე, თუმცა მხარეებს აღნიშნული დოკუმენტი და აზომვის შედეგების ამსახველი სხვა მტკიცებულება საქმეში არ წარუდგენიათ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ აღიარა დასახელებულ მაგისტრალურ გაზსადენზე დანაკლისის არსებობა 213 მეტრის ოდენობით და შესაბამისი ღირებულებაც გადაიხადა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს მათი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ წარადგინეს მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „რ….ი-თ….ი-ჟ….ს“ მაგისტრალურ გაზსადენზე არსებული დანაკლისი მოპასუხის მიერ აღიარებული ოდენობის ფარგლებში მართებულად განისაზღვრა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის დამატებით 9 მ დანაკლისის ღირებულების დაკისრების საფუძველი.
28. კასატორი, აგრეთვე, დავობს, რომ სასარჩელო მოთხოვნა „ნ….ი-გ….ს“ მაგისტრალურ გაზსადენზე და გაზსადენის ფ---ის განშტოებაზე არსებული დანაკლისიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ არის ხანდაზმული, თუმცა ასეც რომ იყოს, მოპასუხეს ხანდაზმულობის თაობაზე შესაგებელში ან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიუთითებია, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ამ საფუძვლით უარი ეთქვა სარჩელის/სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
29. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმას წარმოადგენს. ამგვარი მითითების მიმართ კი გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან: თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით ილახება მხარის უფლება. გარდა ამისა, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება. მხარე კი, საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ ზემდგომ ინსტანციებში. ამდენად მიჩნეულია, რომ ხანდაზმულობის საკითხის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ მითითება პირველად სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციაში ისევე დაუშვებელია, როგორც ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე მითითება (იხ. სუსგ საქმე №ას-586-551-2010, 11 ნოემბერი, 2010 წელი; №ას-1350-1275-2012, 25 მარტი, 2013 წელი).
30. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არც შესაგებელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მიუთითებია „ნ….ი-გ….ს“ 720 მმ მაგისტრალური გაზსადენის 254 მეტრიანი მონაკვეთის, „ნ….ი-გ….ს“ 820 მმ მაგისტრალური გაზსადენის 1518 მეტრიანი მონაკვეთისა და ფ…ს განშტოების 159 მმ დიამეტრის გაზსადენის 562 მეტრიანი მონაკვეთის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. უფრო მეტიც, ხანდაზმულობის თაობაზე მას საკასაციო შესაგებელშიც კი არ მიუთითებია. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი თავისი ინიციატივით ემსჯელა ამ ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობაზე.
31. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა „ნ….ი-გ….ს“ მაგისტრალურ გაზსადენზე და გაზსადენის ფ….ს განშტოებაზე არსებული დანაკლისიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ არის ხანდაზმული შემდეგი გარემოების გამო: მოსარჩელის ბრძანების საფუძველზე შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის 27.11.2015წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიმდინარე ინვენტარიზაციის ფარგლებში გაზსადენის აზომვისას გამოირკვა, რომ „ნ…..ი-გ….ს“ მაგისტრალური გაზსადენის ნაწილი აღარ არსებობს და სახეზეა მხოლოდ 700 მმ დიამეტრიანი გაზსადენი სიგრძით 8 287 კმ, ხოლო 800 მმ-იანი მთლიანად დემონტირებულია, რისი გათვალისწინებითაც დანაკლისმა შეადგინა დ=700 მმ მონაკვეთის - 254 მეტრი და დ=800 მონაკვეთის 1518 მეტრი; რაც შეეხება ფ---ის განშტოების უმოქმედო მონაკვეთებს, აზომვის შედეგად გამოვლინდა განშტოების დ=159 მმ მონაკვეთის 0,562 კმ-ის დანაკლისი (იხ. ტ. I, ს.ფ. 255-256). ამასთან, შესაგებელზე დართული მოსარჩელის 12.07.2016წ. წერილიდან ირკვევა, რომ მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელემ მას შპს „ჯ..-ე..-ა.. კ….ის“ დასკვნის ის ნაწილი გადაუგზავნა, რომელიც მოიცავდა მხოლოდ „ყ….ღ-თ…ის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზთან დაკავშირებულ ინფორმაციას. შესაბამისად, დასაბუთებულია კასატორის მითითება, რომ აღნიშნულ დასკვნაში „ნ….რი-გ…ს“ მაგისტრალური გაზსადენისა და გაზსადენის ფ…ს განშტოების თაობაზე ინფორმაციის არარსებობა გამოწვეული იყო დასკვნის არასრულყოფილებით.
32. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ „ნ…ი-გ…ს“ მაგისტრალურ გაზსადენზე და გაზსადენის ფ…ს განშტოებაზე დანაკლისი გამოვლინდა 2015 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად. შესაბამისად, სწორედ ამ დროისათვის გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის დანაკლისის არსებობის თაობაზე და ხანდაზმულობის ვადის ათვლაც სწორედ აქედან უნდა დაიწყოს.
33. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელემ განსახილველი სარჩელი აღძრა 2016 წლის 29 ივლისს, შესაბამისად, ვინაიდან „ნ…ი-გ…ს“ მაგისტრალურ გაზსადენზე და გასადენის ფ…ს განშტოებაზე არსებული დანაკლისის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2015 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ არის ხანდაზმული, ვინაიდან არ არის გასული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა.
34. შესაბამისად, „ნ….რი-გ…ს“ მაგისტრალურ გაზსადენზე და გაზსადენის ფ…ს განშტოებაზე არსებული დანაკლისიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
35. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408-ე და 409-ე მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა/არარსებობა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი ჰქონდა თუ არა ადგილი „ნ…ი-გ…ს“ 720 მმ მაგისტრალური გაზსადენის 254 მეტრიანი მონაკვეთის, „ნ…ი-გ…ს“ 820 მმ მაგისტრალური გაზსადენის 1518 მეტრიანი მონაკვეთისა და ფ….ს განშტოების 159 მმ დიამეტრის გაზსადენის 562 მეტრიანი მონაკვეთის დანაკლისს, აღნიშნული დანაკლისი გამოწვეულ იქნა თუ არა მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად და ამ გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, დასახელებული მაგისტრალური გაზსადენების დანაკლისიდან გამომდინარე, რა ოდენობის ზიანი მიადგა მოსარჩელეს.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
37. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ჰქონდა თუ არა ადგილი „ნ….ი-გ…ს“ მაგისტრალურ გაზსადენზე და გაზსადენის ფ…ს განშტოებაზე დანაკლისს და აღნიშნული დანაკლისი გამოწვეულ იქნა თუ არა მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად, ხოლო ამ გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, უნდა დადგინდეს მიყენებული ზიანის ოდენობა.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს….ს ნ…სა და გ…ს კ….ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება „ნ…..რი-გ….ს“ 720 მმ მაგისტრალური გაზსადენის 254 მეტრიანი მონაკვეთისა და „ნ….ი-გ….ს“ 820 მმ მაგისტრალური გაზსადენის 1518 მეტრიანი მონაკვეთის დანაკლისიდან, ასევე, ფ….ს განშტოების 159 მმ დიამეტრის გაზსადენზე არსებული 562 მეტრიანი დანაკლისიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებული პროცესის ხარჯის განაწილების შესახებ; ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და გაუქმებულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი