Facebook Twitter

საქმე №ას-1003-2019 14 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – შ. ს-ლი, ზ. ხ-ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს---ს რ----ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – განაცდური ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზ. ხ-ძე (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“ ან „პირველი კასატორი“) და შ. ს-ლი (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“ ან „მეორე კასატორი“) (შემდგომში ერთობლივად - „დასაქმებულები“) დასაქმებულები იყვნენ სს „ს---ს რ---ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „დამსაქმებელი“) ფილიალის - „მგზავრთა გადაყვანის“ ოპერაციათა მართვის საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის აღმოსავლეთის ბიუროს კონტროლიორის თანამდებობაზე. მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 500-500 ლარს.

2. მოპასუხის დირექტორის 22.07.2014წ. №--- და №--- ბრძანებების საფუძველზე, დასაქმებულებთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

3. დასაქმებულების წარმომადგენელმა 2014 წლის 15 აგვისტოს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება. მოპასუხის 20.08.2014წ. №--- წერილი გათავისუფლების საფუძვლების შესახებ, დასაქმებულებს ჩაბარდათ 2014 წლის 26 აგვისტოს.

4. დასაქმებულებმა 2014 წლის 06 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №----) ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 22.07.2014წ. №--- ბრძანება პირველ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; პირველი მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხის ფილიალის - „მგზავრთა გადაყვანის“ ოპერაციათა მართვის საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის აღმოსავლეთის ბიუროს კონტროლიორის თანამდებობაზე; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის 1500 ლარის გადახდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 22.07.2014წ. №--- ბრძანება მეორე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მეორე მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხის ფილიალის - „მზავრთა გადაყვანის“ ოპერაციათა მართვის საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის აღმოსავლეთის ბიუროს კონტროლიორის თანამდებობაზე; მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის 1500 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

6. მოსარჩელეებმა 2018 წლის 17 ივლისს სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება ყოვეთვიურად თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 500-500 ლარის (დარიცხული ხელფასი) ოდენობით, 2014 წლის 22 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. მისი განმარტებით, უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, რაც იმავე დავის საგანზე, იმავე მხარეებს შორის და იმავე საფუძვლით არსებულ დავაზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2015 წლის 17 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით); მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2015 წლის 17 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

10. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ხოლო, მოპასუხემ გადაწყვეტილების, ასევე, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 24.08.2018წ. ადგილზე თათბირით მიღებული განჩინების გაუქმება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეწყვეტა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.09.2018წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო პალატამ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ, წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ ფაქტებს განსახილველი დავისათვის პრეიუდიციული ძალა გააჩნია.

13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 138-ე, 140-ე მუხლებით და სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. სასამართლოს მითითებით, დასაქმებულებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება ჩაბარდათ 2014 წლის 26 აგვისტოს, ხოლო წინამდებარე სარჩელი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ აღძრულია 2018 წლის 17 ივლისს, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

15. კასატორებმა საკასაციო საჩივარში მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

15.1. სააპელაციო სასამართლომ ხელმეორედ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.11.2016წ. გადაწყვეტილება;

15.2. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მოპასუხის 29.10.2018წ. №---- და №---- ბრძანებები, რომლებითაც მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ სამსახურში. ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იძულებითი მოცდენის პერიოდი ოთხ წელზე მეტი იყო და სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული;

15.3. იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის ასანაზღაურებელი თანხის მხოლოდ 6,25%-ის (24 000 ლარიდან სასამართლომ მხოლოდ 1500 ლარი დააკისრა მოპასუხეს) ანაზღაურება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას;

15.4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. შესაბამისად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;

15.5. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, ასევე შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტი. ამასთან, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი და შრომის კოდექსის 32-ე მუხლი;

15.6. კანონმდებლობით არ არის სპეციალური ვადა დაწესებული დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულის მიერ შრომის ანაზღაურების მოთხოვნისათვის, ასეთ შემთხვევაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, თუმცა მოსარჩელეებს არც ერთთვიანი ვადა აქვთ გაშვებული;

15.7. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების მიცემისათვის აუცილებელია დადგინდეს დამსაქმებლის ბრალი. მოსარჩელეებმა 2018 წლის 18 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით (რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.11.2016წ. გადაწყვეტილება) შეიტყვეს მოპასუხის ბრალის არსებობის შესახებ და სწორედ ამ პერიოდიდან მიეცათ სამართლებრივი საფუძველი, რომ მოეთხოვათ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ეს უფლება მხარეებმა ერთი თვის ვადაში განახორციელეს (მოპასუხის ბრალის არსებობის შესახებ შეტყობინების თარიღად, შესაძლოა, ასევე, მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენის შესახებ ბრძანებების გამოცემის თარიღი - 2018 წლის 29 ოქტომბერი ჩაითვალოს);

15.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.11.2016წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხეს დაეკისრა 2014 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვის იძულებითი განაცდურის - 1500-1500 ლარის ანაზღაურება, ხოლო განსახილველი სარჩელით დავის საგანია იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 22 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელეებს განმეორებით არ აქვთ მოთხოვნა დაყენებული;

15.9. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელეებმა წარადგინეს სასამართლო შემადგენლობის აცილების შესახებ შუამდგომლობა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ არ იმსჯელა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და განსახილველ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. იმავე კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

20. ზემოაღნიშნულ ნორმაში გამოხატული კანონმდებლის ნება სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციით დადგენილ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განამტკიცებს ზოგად პრინციპს, რომლის მიხედვითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, თუმცა იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. სწორედ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვას აწესებს იმავე კოდექსის 272-ე მუხლი ისეთი გარემოებების არსებობისას, როდესაც მხარემ ერთხელ უკვე ისარგებლა ამ უფლებით და სასამართლომ არსებითად გადაწყვიტა დავა. შესაბამისად, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით საქმის კვლავ განხილვა საფრთხეს შეუქმნიდა სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულო ძალას და სამოქალაქო უფლებათა სტაბილურობას (იხ. სუსგ საქმე №ას-123-117-2013, 13 მაისი, 2013 წელი).

21. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის/დამსაქმებლისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 2014 წლის 22 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა 2014 წლის 06 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს სამსახურიდან მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის ჯამში თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 1500-1500 ლარის ოდენობით. დადგენილია, ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.11.2016წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოსარჩელეთა განმარტებით, დასახელებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვის იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის, ხოლო განსახილველი სარჩელით ითხოვენ განაცდურის ანაზღაურებას 2014 წლის 22 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამდენად, ორივე შემთხვევაში დავის საგანია იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რომელიც სადავო არაა, რომ გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან, განსხვავებულია მხოლოდ მოთხოვნის პერიოდი. აქედან გამომდინარე, შესაფასებელია ზემოაღნიშნული სარჩელების დავის საგნების ერთგვაროვნება.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნათა იგივეობა მატერიალური სამართლის საკითხია და არა - საპროცესო სამართლის. მატერიალურსამართლებრივი მოთხოვნა წარმოადგენს სამართლის ნორმით/ნორმებით უზრუნველყოფილ პირის უფლებას კონკრეტული მოვალისაგან მოითხოვოს შესრულება, ასევე მოქმედებისაგან თავის შეკავება (სსკ-ის 316.1 მუხლი). ამ უფლების ძალით კრედიტორს (მოსარჩელეს), კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მხოლოდ ერთხელ შეუძლია აღძრას სარჩელი. მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს, ანუ მოთხოვნის ფარგლებს (სსსკ-ის 3.1. მუხლი), შესაბამისად, სასამართლოც ამ ფარგლებითაა შებოჭილი (სსსკ-ის 248-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-268-255-2016, 27 ოქტომბერი, 2016 წელი).

23. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, საქართველოს შრომის კოდექსიდან გამომდინარე, დასაქმებულის უფლებაა. ეს უფლება რეალიზდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უკანონოდ ცნობს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებას და მას სამუშაოზე აღადგენს. ამასთან, დასაქმებულს იძულებითი განაცდური აუნაზღაურდება სრულად, იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის. ამდენად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა მატერიალურსამართლებრივად ერთიანი (განუყოფადი) მოთხოვნაა. შესაბამისად, მატერიალურსამართლებრივად დაუშვებელია ამ მოთხოვნის ხელოვნურად დაყოფა (დანაწევრება) იძულებითი მოცდენის სხვადასხვა პერიოდებად, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესუალურსამართლებრივადაც დაუშვებელია რამდენიმე სარჩელის წარდგენა იძულებითი მოცდენის სხვადასხვა პერიოდზე.

24. როგორც აღინიშნა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დასაქმებულს აქვს შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის მომენტიდან სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით [მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ] განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, დასაქმებული თავად წყვეტს, იძულებითი მოცდენის რა პერიოდზე მოითხოვოს განაცდურის ანაზღაურება. მთავარი აქ ისაა, რომ ამ მოთხოვნას, როგორც ერთიანს, დასაქმებული ვერ დაანაწევრებს რამდენიმე მოთხოვნად. ამასთან, მისი გადასაწყვეტია ერთი სარჩელის ფარგლებში იძულებით განაცდურს სრულად მოითხოვს, თუ ნაწილობრივ. თუ დასაქმებული ნაწილობრივ ანაზღაურებას მოითხოვს, ესეც ერთიანი მოთხოვნის განკარგვად უნდა განვიხილოთ, რაც გამორიცხავს დამატებით ახალი სარჩელის შეტანის შესაძლებლობას.

25. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა თავად განსაზღვრეს დავის საგანი და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა შემოსაზღვრეს ჯამში 1500-1500 ლარით. მოსარჩელეებს თავდაპირველი სარჩელით შეეძლოთ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოეთხოვათ, რაც არ გააკეთეს. შესაბამისად, მათ დაკარგეს იძულებითი განაცდურის დარჩენილი ნაწილის მოთხოვნის უფლება, რადგან, როგორც ითქვა, მოსარჩელეებს მხოლოდ ერთხელ შეეძლოთ მოეთხოვათ იძულებითი განაცდური მოცდენის მთელ პერიოდზე.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ორივე შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ორივე სარჩელის დავის საგანი ერთი და იგივეა, მიუხედავად იმისა, იძულებითი მოცდენის რომელ პერიოდს ეხება მოთხოვნა. სხვაგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება არა მარტო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, როგორც ერთი მთლიანი და განუყოფადი მატერიალურსამართლებრივი მოთხოვნის შინაარსს, არამედ საპროცესო ეკონომიის პრინციპსაც, რაც დაუშვებელია.

27. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა ხელახლა წარადგინეს იგივე სარჩელი, იგივე საფუძვლებით, რაც საქმისწარმოების შეწყვეტის წინაპირობას წარმოადგენს.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე კოდექსის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

30. ამასთან, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობა - არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, აღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის [თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები)] შესაბამისად, განსახილველ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე დროს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების 1-5 პუნქტები (მე-6 პუნქტით მოპასუხეს დაუბრუნდა მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

31. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის დამატებით გადაწყვეტილებას სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს ძალაში, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს დაუბრუნდათ მათ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ საფუძვლით, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარჩელეები გათავისუფლებულები იყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

32. მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

33. კასატორები ითხოვენ მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრებას, თუმცა, ვინაიდან მოსარჩელეთა სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არსებობს იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების წინაპირობა, რის გამოც კასატორების შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187.2, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ. ს-ისა და ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-5 პუნქტები და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით დარჩეს ძალაში;

4. შეწყდეს საქმის წარმოება შ. ს-ისა და ზ. ხ-ის სარჩელზე სს „ს---ს რ---ის“ მიმართ განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე;

5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

6. კასატორების შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი