Facebook Twitter

საქმე №ას-230-2022 8 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. გ-ძე (მოსარჩელე)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - თ. გ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. გ-ძე (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი აპელანტი, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) 2013 წლის 18 აპრილს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, სააგენტო, მეორე აპელანტი, კასატორი) ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში სპეციალისტად დაინიშნა, რის შემდგომაც, შრომითი ხელშეკრულების ვადა პერიოდულად უგრძელდებოდა. 2017 წლის ივლისიდან კი, დაეკისრა სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შესრულება, რასაც გათავისუფლებამდე ახორციელებდა. მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო გათავისუფლების დროისათვის 900 ლარს შეადგენდა.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება, რომლის მიხედვით სააგენტოში განხორციელდა არაერთი სტრუქტურული ცვლილება, მათ შორის, სამსახურების შეერთების ხარჯზე გამსხვილდა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები. შედეგად, სააგენტოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე ღონისძიებათა შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №---- ბრძანებით, დაიწყო რეორგანიზაცია, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეფექტური საჯარო მმართველობა, შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და სახელფასო ფონდის შემცირება.

3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №---- ბრძანებით, სააგენტოს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილების, შტატების მოსალოდნელი შემცირების/ გათავისუფლებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამავე ბრძანებით, სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლებისათვის (თანამდებობათა სპეციფიკის გათვალისწინებით) შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველსაყოფად დადგინდა ტესტირება (სახელმწიფო ენის მართლწერა, ზოგადი უნარები ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრება.

4. სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 17 დეკემბრის №--- ბრძანებით, განისაზღვრა კონკრეტული სამსახურები, რომელთა კვალიფიკაციის შეფასება სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა. აღნიშნული ბრძანებით, ტერიტორიული სამსახურების შეფასების კრიტერიუმებად დადგინდა ტესტირება და გასაუბრება. ტესტირების ეტაპის ეფექტურად წარმართვას უზრუნველყოფდა სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ტესტირება მოიცავდა გამოცდას ზოგად უნარ-ჩვევებში, სახელმწიფო ენის მართლწერასა და პროფესიულ განათლებაში, რომლის თემატიკაც განისაზღვრებოდა თითოეული სამსახურისათვის შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულ კომპონენტში მოსარჩელის მიერ მიღებული ქულები გადანაწილდა შემდეგნაირად: ზოგადი უნარ-ჩვევებში მაქსიმალური 80 ქულიდან - 54 ქულა, სახელმწიფო ენის მართლწერაში 80 ქულიდან - 46 ქულა და პროფესიული განათლებაში - 50-დან 49 ქულა. რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, აღნიშნული კომპონენტის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 10 იანვრის №---- ბრძანებით, დამტკიცდა სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი ტერიტორიული სამსახურებისა და ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან გასაუბრების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე კომისიის შემადგენლობა.

5. სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეორგანიზაციამდე იყო 16 შტატი, მათ შორის, სამსახურის უფროსის - 1, უფროსის მოადგილის - 1 და მთავარი სპეციალისტის - 14 თანამდებობა, მათ შორის - 4 ვაკანტური; ვანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 3 საშტატო თანამდებობა, მათ შორის: სამსახურის უფროსის - 1, უფროსის მოადგილის - 1 და მთავარი სპეციალისტის - 1; თერჯოლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 4 საშტატო თანამდებობა, სამსახურის უფროსის - 1 და მთავარი სპეციალისტის - 3, აქედან 1 ვაკანტური; სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 5 შტატი, სამსახურის უფროსის - 1, მთავარი სპეციალისტის - 4, აქედან 2 ვაკანტური; ხონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 2 საშტატო თანამდებობა, სამსახურის უფროსის - 1 და უფროსის მოადგილის - 1; ბაღდათის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 2 ადგილი, სამსახურის უფროსის - 1 და მთავარი სპეციალისტის - 1; წყალტუბოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო - 4 შტატი. სამსახურის უფროსის - 1 და მთავარი სპეციალისტის - 3; ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 7 ადგილი, სამსახურის უფროსის - 1, უფროსის მოადგილის - 1 და მთავარი სპეციალისტის - 5, აქედან 2 ვაკანტური; ზესტაფონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 3 საშტატო ერთეული, სამსახურის უფროსის - 1 და მთავარი სპეციალისტის - 2; ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 3 შტატი, სამსახურის უფროსის - 1, უფროსის მოადგილის - 1 და მთავარი სპეციალისტის - 1; 2020 წლის 27 თებერვალს დასრულებული რეორგანიზაციის შემდგომ, ზემოთ მითითებული 10 სამსახურის გაერთიანების შედეგად, ჩამოყალიბდა იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური 38 საშტატო ერთეულით, აქედან სამსახურის უფროსის - 1, მთვარი სპეციალისტის - 37 ადგილი, მათ შორის - 3 ვაკანტური.

6. სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №---- ბრძანებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელეს მიღებული აქვს კომპენსაცია - 1 თვის შრომის ანაზღაურება.

7. გათავისუფლების ბრძანების თანახმად, სააგენტოს გამართულად/ეფექტურად ფუნქციონირებისა და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა ადამიანური რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების/ სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/ მონათესავე ფუნქციები აქვთ. ორგანიზაციის ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ორ-სამშტატიანი სამსახურები და ისეთი ადგილები შემცირდა, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობს. შედეგადაც 6 სტრუქტურული ქვედანაყოფის ნაცვლად, სააგენტოში მუშაობს 3 დეპარტამენტი (რომლებიც დარჩენილ ფუნქციებს შეითავსებენ). რაც შეეხება სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს, ამჟამად, არსებული 29 სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად ოპტიმიზაციის შედეგად, ფუნქციონირებას განაგრძობს 21 სტრუქტურული ერთეული (სამსახური). ცვლილებები შევიდა, აგრეთვე, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მოწყობის ნაწილშიც. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, ნაცვლად მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიისა, რეგიონული პრინციპით შეიქმნება. შედეგად, 59 ტერიტორიული სამსახურის ნაცვლად, იმუშავებს 22. მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, სტრუქტურულ ერთეულსა და ტერიტორიულ სამსახურში მენეჯერის ადგილები, შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც. რეორგანიზაციის შედეგად, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში თანამშრომლების შესაბამისობა/კვალიფიკაცია ობიექტური კრიტერიუმებით შეფასდა. თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად, ტესტირება წარიმართა (სახელმწიფო ენის მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრების შედეგად - თანამდებობათა სპეციფიკის გათვალისწინებით.

8. სააგენტოს 2021 წლის 8 თებერვლის წერილის თანახმად, იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, გარდა ამავე სამსახურის უფროსისა არ არსებობს სხვა ვაკანტური ადგილი.

სარჩელის საფუძვლები:

9. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 900 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება 2020 წლის 27 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

10. დასაქმებული სადავოდ ხდის რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სადავო ბრძანების გამოცემის ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები.

მოპასუხის პოზიცია:

11. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით, რეორგანიზაციის კანონიერებაზე მითითებით სარჩელი არ ცნო. ამასთან, განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არ არის ვაკანტური.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №--- ბრძანება; მოპასუხეს კომპენსაციის - 17100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. დასაქმებულმა გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო დამსაქმებელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგად მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული არათუ შემცირდა, არამედ 3-ით გაიზარდა. რეორგანიზაციის შედეგად (რაც გამოიხატა მუნიციპალიტეტებში არსებული სამსახურების გაერთიანებაში), შემცირდა მხოლოდ სამსახურების უფროსებისა და მათი მოადგილეების საშტატო ერთეულები და ფაქტობრივად არ შემცირებულა ის შტატი – თანამდებობა, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, არ შემცირებულა სახელფასო ფონდიც და ამ თანამდებობაზე შრომის ანაზღაურების ოდენობაც, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია დამსაქმებლის მტკიცება, რომ დასაქმებული სამუშაოდან დაითხოვეს სშკ–ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში - ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო, რომლებიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე პოზიციას, არ გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის არაპროპორციულია, რის საფუძველზეც, სადავო ბრძანება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 54-ე მუხლის საფუძველზე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) ბათილია.

16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად არ დასდებია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ - ჩვევების შეუსაბამობა, მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან, რაც გათვალისწინებული იყო შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით და საფუძველს აცლის დამსაქმებლის მტკიცებას, არასათანადო კვალიფიკაციის გამო, დასაქმებულის დათხოვნის მართლზომიერებასთან მიმართებით.

17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში სპეციალისტის/მთავარი სპეციალისტის თანამდებობა ვაკანტური აღარ არის, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიღო მოსარჩელისათვის კომპენსაციის მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილება იმ პერიოდში მოქმედი რედაქციის სშკ-ის 38.8 მუხლის საფუძველზე.

18. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის კვალიფიკაციის, მისი ასაკისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივის, ასევე - შრომითსამართლებრივი ურთიერთობის უვადო ხასიათის გათვალისწინებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და გონივრულად და პროპორციულად მიიჩნია დასაქმებულისათვის კომპენსაციის მიკუთვნება 19 თვის შრომის ანაზღაურების შესატყვისი ოდენობით.

კასატორისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დამსაქმებელმა (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო დასაქმებულმა (მოსარჩელემ), წარდგენილი შეგებებული საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

20. კასატორის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მთავარი სპეციალისტების საშტატო განრიგი არ შემცირებულა შემდგნაირად აიხსნება - როდესაც რეორგანიზაციამდე არსებული 10 ტერიტორიული სამსახური გაუქმდა და მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა ერთი - სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, მანამდე არსებული თანამშრომლები, როგორც გაუქმებული სამსახურის უფროსები, ასევე - მათი მოადგილეები და მთავარი სპეციალისტები ერთმანეთის კონკურენტებად იქცნენ და მანამდე არსებული ბევრი უფროსი და მათი მოადგილე კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, გადაინიშნენ მთავარ სპეციალისტებად, ვინაიდან უფროსისა და მოადგილის შტატის გაუქმება ავტომატურად მათ გათავისუფლებას არ იწვევს.

21. კასატორის მითითებით, გაურკვეველია, სასამართლომ კომპენსაციის დაკისრებისას რა ფაქტობრივი გარემოებები გაითვალისწინა. დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 650 ლარს, 900 ლარს იღებდა მხოლოდ მთავარი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობების დაკისრების დროს.

22. კასატორის მტკიცებით, გაუმართლებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დასაქმებულისთვის დაკისრებული კომპენსაციის დაანგარიშება. სასამართლო არგუმენტაციაში მხოლოდ იმ გარემოებას აღნიშნავს, რომ მან გაითვალისწინა დასაქმებულის კვალიფიკაცია და შემდგომი დასაქმების პერსპექტივა, თუმცა საყურადღებოა მოსარჩელის კვალიფიციურობასა და დასაქმების მეტ შესაძლებლობაზე სასამართლოსვე მითითება.

23. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, გაურკვეველია, სასამართლომ რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება.

24. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგი არასწორად განსაზღვრა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება (საქმე №ას-602-602-2018, 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება).

25. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, უდავოა, რომ 2020 წლის 27 თებერვალს დასრულებული რეორგანიზაციის შემდეგ 38 საშტატო ერთეული დარჩა, საიდანაც მთავარი სპეციალისტის 3 ადგილი ვაკანტურია, ამასთან, უდავოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 2020 წლის 28 მაისის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხეს აეკრძალა ვაკანტურ ადგილზე მუდმივი თანამშრომლის დანიშვნა. მოცემული მტკიცებულებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის აღდგენა მის პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე სრულიად შესაძლებელია.

26. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილი, რომლის თანახმად, არ არის ვაკანტური ადგილი გარდა სამსახურის უფროსის თანამდებობისა, არ შეესაბამება რეალობას. მოცემული წერილის გარდა, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა შესაბამისი ბრძანებებით დამტკიცებული საშტატო ნუსხები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ საშტატო თანამდებობები ნამდვილად შემცირდა, რაც მას არ განუხორციელებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

27. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, ისინი დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

30. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორსა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის საკასაციო პრეტენზის დასაშვებობა (დასაბუთება) უნდა შემოწმდეს იმ თვალსაზრისით, ჰქონდა თუ არა დამსაქმებლის მხრიდან ადგილი მოსარჩელის შრომითი უფლების (დასაქმების უფლება) დარღვევას, რაც უკანონოს გახდის მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას. შესაბამისად, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების საფუძვლიანობის კვლევის მიზნით, უნდა შეფასდეს, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება. ამისათვის, უნდა შემოწმდეს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულების სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება) მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

33. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელის მიერ დასაქმებულის (მოსარჩელის) გათავისუფლებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია, რაც ემყარება სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებელი უფლებამოსილია, შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუ ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები სამუშო ძალის შემცირებას აუცილებელს ხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ შრომითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლების დადასტურების ვალდებულება დამსაქმებელს ეკისრება (იხ. სუსგ №ას-665-636-2016, 9 დეკემბერი, 2016 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; №ას-1189-1109-2017, 10 ნოემბერი, 2017 წელი), რაც გულისხმობს იმასაც, რომ დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არის რეორგანიზაციისა და შემცირების შესაბამისი, სამართლიანი და გონივრული გადაწყვეტილება.

35. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა: ,,ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (სუსგ. №ას-1334-2021, 2 მარტი, 2022 წელი; №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).

36. საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას, შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შრომით სამართლებრივ დავაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერი საფუძვლის მტკიცების სტანდარტზე იხ., ი. გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედ: ზ. ძლიერიშვილი, ნ. კვანტალიანი, 2020 წელი, გვ. 255-261). ამდენად, ფაქტების მითითების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებულია მოპასუხის მტკიცების ტვირთის რეალიზებაზე, კერძოდ, მისი მხრიდან დამაჯერებელი საფუძვლებისა და მტკიცებულებების წარდგენაზე (იხ. სუსგ №ას-1483-2019, 19 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-223-223-2018, 20 აპრილი, 2018 წელი; №ას-103-2019, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

37. საკასაციო პალატის განმარტებით, ეფექტური საჯარო მმართველობის განხორციელების, შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაციისა და სახელფასო ფონდის შემცირების მიზნით უდავოა, რომ სააგენტოში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, კერძოდ, 10 სამოქალაქო რეესტრის სამსახური, მათ შორის, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, გაერთიანდა და ჩამოყალიბდა იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური. ამასთან, სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, გაერთიანებული 10 სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არსებული მთავარი სპეციალისტის ადგილი განსაზღვრული იყო 34 ერთეულით, ხოლო 2020 წლის 27 თებერვალს დასრულებული რეორგანიზაციის შემდგომ, ზემოთ მითითებული 10 სამსახურის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებულ იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში განსაზღვრულია მთავარი სპეციალისტის 37 საშტატო ერთეული (მათ შორის 3 ვაკანტური). აქედან გამომდინარე დგინდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ის საშტატო თანამდებობა, რაზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული, არათუ შემცირდა, არამედ 3 საშტატო ერთეულით გაიზარდა. ნიშანდობლივია, რომ არ შემცირებულა სახელფასო ფონდი და ამ თანამდებობაზე შრომის ანაზღაურების ოდენობაც, რისი გათვალისწინებითაც, მოპასუხემ ვერ დაძლია თავისი წილი მტკიცების ტვირთი, სასამართლო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებაში დაერწმუნებინა.

38. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მსჯელობას და დასკვნას, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგენა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების მიღებისას.

39. კასატორის წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებლის პოზიცია წინააღმდეგობრივია იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, იგი რეორგანიზაციასა და სამუშაო ძალის შემცირებაზე უთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ზემოაღნიშნული მთავარი სპეციალისტების საშტატო განრიგი აიხსნება გაუქმებული სამსახურის უფროსებისა და მათი მოადგილეების კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, მთავარ სპეციალისტებად გადანიშვნით, რაც, ბუნებრივია, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებაზე ვერ მიუთითებს.

40. რაც შეეხება დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის კვალიფიკაციაზე მითითებას, საკასაციო პალატის განმარტებით, ეს ვერ იქონიებდა ზეგავლენას სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მის გასაბათილებლად მოპასუხე სააგენტოს მიერ წარდგენილი შესაგებლის ფარგლებში, შესაფასებელია, განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე რამდენად აუცილებელი იყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება და არა მოსარჩელის საკვალიფიკაციო უნარების შესაბამისობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან (შდრ, სუსგ № ას-952-2020, 2021 წლის 5 მარტის განჩინება).

41. საკასაციო პალატა უფლებრივი რესტიტუციის ფორმის შერჩევის თვალსაზრისით აღნიშნავს, რომ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 48.8 მუხლი), რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის სამ საშუალებას, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა შეამოწმოს სასამართლომ (შდრ: სუსგ №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი).

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამსახურიდან დასაქმებულის არამართლზომიერად გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიერ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის დროს, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფაზე, სასამართლო მოსარჩელისათვის კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს.

43. სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც უნდა გათვალისწინდეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (მრავალ გადაწყვეტილებათა შორისაა სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალის განჩინება, №ას-536-2021, 2021 წლის 21 სექტემბერის განჩინება). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური ვითარება, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272). გამომდინარე იქიდან, რომ შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, იგი ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დგინდება (იხ.: სუსგ საქმე №ას-267-2021, 2021 წელი 11 ივნისის განჩინება).

44. საკასაციო პალატა გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია შეესატყვისება კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტს. ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-632-2019, 21 ივნისი, 2019 წელი; №ას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (იხ.: სუსგ №ას-787-736-2017, 10 ნოემბერი, 2017 წელი; №ას-632-2019, 21 ივნისი, 2019 წელი).

45. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად შეადგენდა 650 ლარს და იგი მხოლოდ მთავარი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობების დაკისრების პერიოდში იღებდა 900 ლარს, რის გამოც სასამართლოს ეს უკანასკნელი მხედველობაში არ უნდა მიეღო, საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ დასაქმებული 2017 წლის ივლისიდან სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შესრულება დაეკისრა, რასაც გათავისუფლებამდე ახორციელებდა და მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოც გათავისუფლების დროისათვის 900 ლარს შეადგენდა. საკასაციო პალატა დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ვინაიდან დასაქმებული პირის ხელფასი ბოლო თვეების განმავლობაშიც შეადგენდა 900 ლარს, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა მოსარჩელის ხელფასის ოდენობა.

46. კასატორი იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ ვინაიდან სამსახურის აღდგენის ნაწილში მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმებულიყო. საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული პრეტენზია კასატორისათვის სამართლებრივ სურათს ვერ ცვლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად ვერ მიიჩნევა.

47. რაც შეეხება შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგი არასწორად განსაზღვრა, კერძოდ, არ აღადგინა სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში აღდგენის წინაპირობები იკვეთებოდა, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოპასუხე შესაგებელში სწორედ ვაკანტური თანამდებობის არარსებობაზე მიუთითებდა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებაც, რომლის თანახმად, დამსაქმებელ სააგენტოში არ არსებობდა ვაკანტური ადგილი (რასაც მოსარჩელე სათანადოდ არ შედავებია), გარდა იმავე სამსახურის უფროსისა, შესაბამისად, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა აღარ არის ვაკანტური, ამ ობიექტური გარემოების გამო, შეუძლებელია მოსარჩელის სამსახურში აღდგენა.

48. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა მოსარჩელის თანამდებობა, რომლიდანაც ის გათავისუფლდა, ამასთან, მოსარჩელემ ვერც სხვა, ისეთ თანამდებობაზე მიუთითა, რომელიც ფუნქციურად იდენტური იქნებოდა, ხოლო, რეორგანიზაციის ფარგლებში, მისი გათავისუფლება, სააგენტომ სათანადოდ ვერ დაასაბუთა, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, არსებული საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სასამართლოს დასაქმებულისთვის მხოლოდ კომპენსაციის მიცემის საშუალებას უტოვებდა, რაც მართებულად გამოიყენეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა.

49. შეგებებული საკასაციო საჩივრის პრეტენზიას, რომლის თანახმად გასაჩივრებული განჩინება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება, არ იზიარებს და მიუთითებს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი უთითებს კონკრეტულ საქმეზე (საქმე ას-№ას-602-602-2018, 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება), მაგრამ არ ასახლებს ზუსტ გარემოებებს, რომლითაც მის მიერ მითითებული საქმეში ამ საქმისგან განსხვავებული შეფასებები გაკეთდა.

50. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს დამსაქმებლის/დასაქმებულის საკასაციო განაცხადის/შეგებებული საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

51. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი/შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

52. კასატორმა/შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის/შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

54. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-57-2022, 2022 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-928-2021, 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება, №ას-1540-2019, 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება;).

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი/შეგებებული საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

56. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს საკასაციო საჩივარი და თ. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს (ს/კ ----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 855 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №---- / გადახდის თარიღი 31.01.2022), 70% - 619.5 ლარი;

3. თ. გ-ძე (პ/ნ ----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება №----- / გადახდის თარიღი 18.03.2022), 70% - 210 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე