საქმე №ას-250-2021 29 აპრილი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - შ. გ-ლი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ. გ-მა (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა (შემდგომ - პირველი მოპასუხე, სააგენტო, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომ - მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება; მოპასუხეს კომპენსაცია - 3600 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
5. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2021 წლის 3 თებერვლის ჩათვლით უნდა შეევსო. ამ ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, გაქარწყლებულად უნდა ჩაითვალოს სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენლის 2021 წლის 29 იანვრის განცხადება სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 7-დღიანი ვადის მიხედვით წარადგინა, თუმცა სასამართლო ვერ მიიჩნევს სააპელაციო საჩივარზე დადგენილ ხარვეზს შევსებულად, ვინაიდან განცხადებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ელექტრონული ქვითარი ისევ იმ სახით ერთვის, როგორადაც თავდაპირველად - 2020 წლის 16 დეკემბერს იქნა წარმოდგენილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ე.წ. „სველი ბეჭდის“ გარეშე.
7. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 178-ე მუხლის 21-ე ნაწილის თანახმად, სარჩელს უნდა ერთვოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი). იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო ორგანიზაცია სახელმწიფო ბაჟს იხდის ელექტრონულად, მან სასამართლოს უნდა წარუდგინოს ელექტრონული ქვითარი, მაგრამ იმისათვის, რომ ეს ელექტრონული ქვითარი ჩაითვალოს დედნად, აუცილებელია, დამოწმდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ე.წ. „სველი ბეჭდით“, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც სსსკ-ის 178-ე მუხლის 21-ე ნაწილის მოთხოვნებს, ასევე - სასამართლოს პრაქტიკას.
8. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტს რამდენჯერმე მიეცა შესაძლებლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით წარედგინა, მან სასამართლოს მოთხოვნა მაინც არ შეასრულა, რაც სსსკ-ის 368.5 და 374-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების საფუძველია.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო ბაჟის გადარიცხვას ახდენს ფიზიკური პირისაგან განსხვავებული წესით, კერძოდ, ფიზიკური პირი რიცხავს ბანკის მეშვეობით, სადაც გადარიცხული თანხის ოდენობა და ქვითარი გაიცემა საბანკო დაწესებულების მიერ ხელზე. რაც შეეხება სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციას, იგი ფინანსური ვალდებულებების გადახდას ადგენს არა კომერციული საბანკო დაწესებულების, არამედ სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით, რაც დასტურდება ელექტრონულად და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დედნის თანაბარი იურიდიული ძალისაა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სახელმწიფო ამჟამად მიმდინარე სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ ასეულობით სასამართლო დავაზე ბაჟის გადახდისას ქვითრის აღნიშნული სახით წარდგენის წესს იყენებს, რაც არასდროს გამხდარა დავის საგანი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
15. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
16. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი ან/და, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებები, რომ აპელანტის ხარჯები მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
18. აპელანტის წარმომადგენელმა 2020 წლის 16 დეკემბერს, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ 7-დღიან ვადაში, ფოსტის მეშვეობით მიმართა სასამართლოს და ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბაჟის სახით - 150 ლარის გადახდის ელექტრონული ქვითარი წარადგინა.
19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა დადგენილი ხარვეზი არ შეავსო და 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, ამ უკანასკნელს ხარვეზის შევსების ვადა დამატებით 7 დღით გაუგრძელა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ წარედგინა, სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ დამოწმებული, რომლითაც დადგინდებოდა, ტრანზაქციის ნამდვილობა.
20. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტს 2020 წლის 21 დეკემბერს გაეგზავნა, რომელიც მეორე დღეს - 22 დეკემბერს ჩაჰბარდა.
21. 2020 წლის 30 დეკემბერს, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში, აპელანტის წარმომადგენელმა განცხადების მიმართა სასამართლოს და წინამდებარე განჩინების მე-10-მე-11 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე მიუთითა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული არ გაიზიარა და 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით აპელანტს კვლავ ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით გაუგრძელა, თუმცა ვინაიდან სააგენტომ კვლავ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი იგივე ელექტრონული ქვითარი წარადგინა, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
22. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის განსაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი ქვითარი სახელმწიფო ბაჟის გადახდას ადასტურებს, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
23. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას და მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ელექტრონული ქვითარი საკმარისი მტკიცებულებაა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დასადასტურებლად.
24. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ თავიანთი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისა და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად მიიჩნევიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სსსკ-ის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
25. უდავოა, რომ სააგენტო სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული პირია (იხ. სააგენტოს დებულების პირველი მუხლი) და ფინანსური ვალდებულებებს ასრულებს სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დასადასტურებლად სწორედ ელექტრონული ქვითარი, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო რეკვიზიტს (გადამხდელის ვინაობა; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი; თანხის ოდენობა; დანიშნულება და საქმის ნომერი), რაც აუცილებელია მისი იურიდიული ძალის მინიჭებისათვის (იხ. საქმე №ას-993-2019, 25 ოქტომბერი, 2019 წელი). სახელმწიფო ბაჟის ქვითარზე დასმულია სახელმწიფო ხაზინის ბეჭედიც, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტის მიერ, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ქვითარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე შეიცავს რეალურ ტრანზაქციას, რომელიც შესრულებულია წარმატებით, რისი გათვალისწინებითაც, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ე.წ. ,,სველი ბეჭდის“ არარსებობა, ქვითრის ნამდვილობას ეჭვქვეშ ვერ აყენებს. ამ ფაქტის მხედველობაში მიღებით კი, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები.
26. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
28. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება, კერძო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე