საქმე №ას-625-2021 21 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.რ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ბ.ს.მ.ც–ი (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ბ.ს.მ.ც–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.რ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.04.2021წ. გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში.
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.12.2019 წლის გადაწყვეტილებით ი.რ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „I საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ბ.ს.მ.ც–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, II საკასაციო საჩივრის ავტორი, I საკასაციო საჩივრის ავტორთან ერთად - „კასატორები“) 23.02.2018 წლის ბრძანება N59/01-05 “შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ და აღდგენილი იქნა მოსარჩელე მოპასუხე ცენტრის ექთნის ან ტოლფას თანამდებობაზე. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელეს აუნაზღაუროს განაცდური ექთნის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 01.01.2018 წლიდან მის თანამდებობაზე აღდგენამდე. სარჩელი, ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.04.2021 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, კომპენსაციის სახით 4800 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოსარჩელე 01.09.2011 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე ცენტრში ექთნის თანამდებობაზე. იგი თავდაპირველად დაინიშნა სამი თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო შემდეგ - 03.01.2012 წლიდან, მოსარჩელესთან ფორმდებოდა ერთწლიანი შრომითი კონტრაქტები. ბოლო ხელშეკრულება გაფორმდა 01.01.2017 წელს ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის შეადგენდა 400 ლარს.
3.2. მოპასუხის დირექტორის 01.01.2018 წლის N14.01–05 ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 01.01.2017 წლის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო.
3.3. მოპასუხის დირექტორის 23.02.2018 წლის N59/01-05 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის დირექტორის 01.01.2018 წლის N14.01–05 ბრძანება მისი გამოცემის დღიდან. მოსარჩელის მიმართ შრომითი ურთიერთობა ორგანიზაციული ცვლილებების გამო შეწყვეტილად ჩაითვალა 01.01.2018 წლიდან. მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი.
3.4. გათავისუფლების შემდეგ, მოსარჩელემ მიიღო ორი თვის კომპენსაცია.
3.5. მხარეები სადავოდ არ ხდიან კომპანიაში რეორგანიზაციის განხორციელების ფაქტს, ასევე სადავო არ არის, რომ რეორგანიზაციას არ მოჰყოლია შტატების რაოდენობრივი შემცირება, არამედ შეიცვალა მოსარჩელის სამსახურის ფუნქცია, ექთნის ნაცვლად განისაზღვრა შტატი ექიმის კვალიფიკაციით.
3.6. მოპასუხის დირექტორის 03.01.2017 წლის N1/01-03 ბრძანებით დამტკიცდა 2017 წლის ბიუჯეტის კვარტალური განაწილება, საშტატო განრიგი და საფინანსო გეგმა, რომლის თანახმადაც სახელფასო ფონდი განისაზღვრა 2 146 200 ლარით, საშტატო ერთეულის რაოდენობა - 338-ით, ყოველთვიურად გასაცემი ხელფასების ჯამი - 178 850 ლარით. საშტატო განრიგში ექთნის თანამდებობა გათვალისწინებული იყო.
3.7. მოპასუხის დირექტორის 05.01.2018 წლის N01/01-03 ბრძანებით დამტკიცდა 2018 წლის ბიუჯეტის საფინანსო გეგმა, კვარტალური განაწილება და საშტატო განრიგი, რომლის თანახმადაც სახელფასო ფონდი განისაზღვრა 2 146 200 ლარით, საშტატო ერთეულის რაოდენობა 322-ით, ყოველთვიურად გასაცემი ხელფასების ჯამი - 178 850 ლარით. საშტატო განრიგში ექთნის თანამდებობა გათვალისწინებული აღარ იყო, თუმცა იყო ექიმის თანამდებობა.
3.8. მოპასუხის დირექტორის 23.01.2018წ. N03/01-03 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 05.01.2018წ. N01/01-03 ბრძანება და დამტკიცდა 2018 წლის ბიუჯეტის საფინანსო გეგმა, კვარტალური განაწილება და საშტატო განრიგი, რომლის თანახმადაც სახელფასო ფონდი განისაზღვრა 2 575 470 ლარით, საშტატო ერთეულის რაოდენობა 322-ით, ყოველთვიურად გასაცემი ხელფასების ჯამი - 214 620 ლარით. საშტატო განრიგში ექთნის თანამდებობა გათვალისწინებული აღარ იყო, თუმცა იყო ექიმის თანამდებობა.
3.9. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ სააპელაციო პალატის შეფასებით, რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე.
3.10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მოპასუხის დირექტორის ბრძანებებით ირკვევა, რომ 2018 წელს მართალია 16 ერთეულით შემცირდა საშტატო განრიგი, თუმცა სახელფასო ფონდი წინა წელთან შედარებით არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა. საშტატო ერთეულის შემცირების ხარჯზე გაიზარდა დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება. ამასთან, ახალი საშტატო განრიგით გაუქმდა ექთნის თანამდებობა და დაემატა ექიმის თანამდებობა.
3.11. მოცემულ ვითარებაში, სახელფასო ფონდის ზრდისა და ახალი საშტატო ერთეულის დამატების გათვალისწინებით, გაურკვეველი და დაუსაბუთებელია დამსაქმებლის პოზიცია, თუ რა გარემოებამ განაპირობა მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაცია, რის შედეგადაც გაუქმდა ექთნის საშტატო ერთეული.
3.12. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ რეალურად არ მომხდარა ფინანსური რესურსების დაზოგვა, მათ შორის სახელფასო ფონდის შემცირება, რის გამოც დამსაქმებელი დადგა კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის - მოსარჩელის განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაციის მოტივით დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლება ატარებდა ფორმალურ ხასიათს, იყო არაკანონიერი, დაუსაბუთებული და არ გააჩნდა ობიექტურად ლეგიტიმური მიზანი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.
3.13. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
3.14. სასამართლოს განმარტებით, სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ექთნის თანამდებობა, რომელზედაც დამსაქმებელი მუშაობდა გაუქმდა და საქმის განხილვის დროისათვის მოპასუხე ორგანიზაციის საშტატო განრიგით აღარ არის გათვალისწინებული. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ექთნის სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, მისი ტოლფასი თანამდებობა ვერ იარსებებს. ამდენად, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ყველაზე ადეკვატურ ზომად მისთვის კომპენსაციის მიკუთვნებაა. კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგს იმ შემთხვევისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, ამას კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება.
3.15. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე დამსაქმებელთან იმყოფებოდა უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად და გონივრულად მიიჩნია კომპენსაცია განსაზღვრულიყო 12 თვის შრომის ანაზღაურების, 4800 ლარის ოდენობით.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე მოპასუხემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს მოპასუხის რეორგანიზაციის და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება. კერძოდ, რეორგანიზაციის მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობებიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ. სუსგ №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).
9. პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება მის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ უფლებებს.
10. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ. №ას-224-224-2018, 18.05.2018წ.).
11. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.
12. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: ის აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1329-2018, 22.02.2019წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.
13. განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე. გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სახელფასო ფონდის ზრდისა და ახალი საშტატო ერთეულის დამატების გათვალისწინებით, გაურკვეველი და დაუსაბუთებელია დამსაქმებლის პოზიცია რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე.
14. პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (სუსგ №ას-955-2020, 09.12.2021წ.; №ას-224-224-2018, 18.05.2018წ.; №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).
15. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, აღნიშნული კი გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
16. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
17. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ Nას-1135-2018, 31.05.2019წ. ; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციას ახალი საშტატო ნუსხა აღარ ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ტოლფასი თანამდებობის არარსებობა. ამდენად, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის საშუალებას მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება წარმოადგენს.
19. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; Nას-632-2019, 21.06.2019წ.; Nას-395-2019, 27.06.2019წ.). სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნელყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (სუსგ. Nას-632-2019წ., 21.06.2019წ.). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; სუსგ. Nას-632-2019, 21.06.2019წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია - 4800 ლარი, როცა მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 400 ლარს, გონივრულია. ამავე მსჯელობის შესაბამისად, უსაფუძვლოა პრეტენზია კომპენსაციის არასაკმარისობის და მისი ოდენობის გაზრდის თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო I საკასაციო საჩივრის ავტორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
23. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, II საკასაციო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.რ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სსიპ ბ.ს.მ.ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
3. ი.რ–ძეს (პ/ნ ....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #9846512, გადახდის თარიღი 10.08.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია