Facebook Twitter

¹ 3გ-ად-49გ-02 15 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა შპს «მ.-ს» შეგებებული სარჩელის განსჯადობის თაობაზე გორის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2002წ. 26 ივლისს შპს «თ.-მ» გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს «მ.-სა» და თანამოპასუხე სახმელეთო ტრანსპორტის მართვისა და ზედამხედველობის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს მიმართ, ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 2002წ. 15 ოქტომბერს გორის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა Aშპს «მ.-მ», სადაც მოწინააღმდეგე მხარედ დაასახელა შპს «თ.-ა», ხოლო მესამე პირებად საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო, გორის რაიონის გამგეობა. შპს «მ.-მ» მოითხოვა ზემოაღნიშნული სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 13.10.2000წ. ¹90, 22.11.2000წ. ¹926/05, 24.11.2000წ. ¹102 აქტების, როგორც ნორმატიული აქტების, ბათილად ცნობა და შპს «მ.-სა” და შპს «თ.-ს» შორის 2000წ. ოქტომბერში დადებული ხელშეკრულების, როგორც იძულებითა და მოტყუებით დადებული გარიგების, გაუქმებულად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შეგებებული სარჩელის ქვემდებარეობით გადაგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინებით შპს «მ.-ს» შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შპს «მ.-ს» შეგებებული სარჩელი გამოიყო ცალკე წარმოებად და ქვემდებარეობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, ხოლო შპს «თ.-ს» სარჩელის გამო აღძრული საქმე შეჩერდა, შეგებებულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. გორის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ შეგებებულ სარჩელში საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტრო და მისი ადმინისტრაცია, მართალია, ჩაბმულია მესამე პირად, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია ამ სუბიექტების მიერ გამოცემული წერილების ბათილად ცნობისაკენ, რომლებიც შეიცავენ ადმინისტრაციული აქტის შინაარსს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელი განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

რაიონული სასამართლოს მსჯელობას შპს «მ.-ს» შეგებებული სარჩელის განსჯადობის თაობაზე არ დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლო, რომელმაც 2002წ. 13 ნოემბრის განჩინებით «მ.-ს» შეგებებული სარჩელი საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოგზავნა უზენაესი სასამართლოში. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში შპს «მ.-ს» მოპასუხეს წარმოადგენს შპს «თ.-ა» _ კერძო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო სასარჩელო მოთხოვნებია საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის 2000წ. 13 ოქტომბრის ¹90, 2000წ. 24 ნოემბრის ¹102 და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2000წ. 22 ნოემბრის ¹926/05 აქტების ბათილად ცნობა. აღნიშნული აქტების გამომცემი ორგანოები სარჩელში მითითებულია მესამე პირებად. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო წარმოადგენს ამ დეპარტამენტის სტრუქტურულ რეგიონალურ ერთეულს. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 29 ივნისის ¹279 ბრძანებულებით დამტკიცებული “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე დავა არ ეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილ იმ აქტების კანონიერებას, რომლის თაობაზე სარჩელი ამ მუხლის თანახმად საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით არის განსახილველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა შპს «მ.-ს» შეგებებული სარჩელის გაცნობისა და სარჩელის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა განჩინებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «მ.-ს» შეგებებული სარჩელის განსჯადობის საკითხი სწორად არის გადაწყვეტილი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ და შეგებებული სარჩელი განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება გორის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს «მ.-» შეგებებული სარჩელით ითხოვს:

1) საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს 2000წ. ¹90 და ¹102, ასევე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ¹926/05 აქტების ბათილად ცნობას;

2) შპს «თ.-სთან» 2000წ. ოქტომბერში დადებული ხელშეკრულების, როგორც იძულებითა და მოტყუებით დადებული გარიგების, გაუქმებულად ცნობას.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოტივს აღნიშნული შეგებებული სარჩელის განსჯადობით გორის რაიონული სასამართლოს ქვემდებარეობის შესახებ, ვინაიდან საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო წარმოადგენს ამ დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს, ხოლო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, ამ სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის მიხედვით კი საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით იხილავენ საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის, აგრეთვე მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე სარჩელს. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ხოლო სამინისტრო-დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების აქტების კანონიერებაზე დავა, ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, წარმოადგენს რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

რაც შეეხება შპს «მ.-ს» შეგებებული სარჩელის მეორე მოთხოვნას შპს «თ.-სთან» დადებული ხელშეკრულების გაუქმებულად ცნობის შესახებ, აღნიშნული არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული გარიგების თაობაზე წამოჭრილ დავას, რადგან გარიგების კონტრაჰენტები არიან კერძო სამართლის იურიდიული პირები _ შპს «მ.-ე» და შპს «თ.-ა» და ადმინისტრაციული ორგანო სადავო გარიგებაში მხარედ არ მონაწილეობს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტი), ამიტომ შეგებებული სარჩელის მეორე მოთხოვნა პროცესუალურად წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტისა და მე-13 მუხლით გათვალისწინებულ რაიონული სასამართლოს განსჯად სამოქალაქო საქმეს.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, შპს «მ.-ს» შეგებებული სარჩელის ორივე მოთხოვნა ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და შპს «თ.-სთან» დადებული გარიგების გაუქმების შესახებ სამართლებრივად არის გორის რაიონული სასამართლოს განსჯადი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეგებებული სარჩელი განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, მე-6, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «მ.-ს» შეგებებული სარჩელი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;

2. შპს «მ.-ს» შეგებებული სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.