საქმე №ას-320-2022 22 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - ნ. ჩ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,--------- ბანკი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემებრის გადაწყვეტილებით, სს „----- ბანკის“ (შემდგომ - მოწინააღმდეგე მხარე, ბანკი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ. გ-ს, მ. ხ-ს, ნ. გ-ს, ლ. ლ-სა და ამხანაგობა „გ-----ი ….“ (შემდგომ - ამხანაგობა) ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი თანხის - 269 604.44 აშშ დოლარის, პროცენტის - 49 090.61 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 880 აშშ დოლარის გადახდა; თ. გ-სა და მ. ხ-ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 780 000 აშშ დოლარით, ხოლო ნ. გ-სა და ლ. ლ-ის - 400 000 აშშ დოლარით. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელიც; ბათილად იქნა ცნობილი ბანკსა და ამხანაგობის თავმჯდომარე მ. ხ-ლს შორის 2007 წლის 14 ივნისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებები №….. და ….. ნ. ა-ის, მ. მ-ის, გ. ზ-ის, მ. ბ-სა და ნ. ჩ-ის ნაწილში.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. გ-მა, ნ. გ-მა, მ. ბ-მა და სხვებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, ბანკის განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხეთა (ამხანაგობის წევრთა) საკუთრებაში არსებულ არაერთ უძრავ ქონებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება თ. გ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შეიცვალა და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბანკის სარჩელი თ. გ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა თ. გ-ის საკუთრებაში არსებულ ორ ერთეულ უძრავ ქონებას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის განჩინებით, ნ. გ-ის, მ. ბ-ის, ი. ხ-ის, გ. ზ-ის, მ. ბ-ას, ვ. ბ-ას, ს. ო-ის, ა. ნ-ის, ნ. ჩ-ისა და ნ. ჩ-ის (ამხანაგობის წევრები) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება 4 ერთეულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების ნაწილში და აღნიშნული ნივთები ყადაღისაგან გათავისუფლდა (ს/კ --------; ს/კ ------; ს/კ ----------; ს/კ --------).
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით, ნ. გ-ის, ამხანაგობისა და ბანკის საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მ. ბ-მა, გ. ზ-ემ და ი. ხ-მა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვეს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განჩინებით, განმცხადებელთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნვლყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა მ. ბ-ის, ი. ხ-ის და გ. ზ-ის საკუთრებაში რიცხულ 7 (მათ შორის 5 ერთეული უძრავი ქონების მესაკუთრეა მ. ბ-ი) ერთეულ უძრავ ქონებას.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ბანკის მიერ გასაჩივრდა საჩივრით, თუმცა, არც სააპელაციო სასამართლოსა და არც საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინება.
10. 2022 წლის 17 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ჩ-ის (განმცხადებელი, საჩივრის ავტორი) წარმომადგენელმაც და ამავე სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ (მისი კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილში) გაუქმება იმ გარემოებაზე მითითებით მოითხოვა, რომ სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიების გამოყენების მომენტში მოპასუხეთა დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენდა 319 575 აშშ დოლარს, დღეის მონაცემებით კი, ვინაიდან სესხის უმეტესი ნაწილი დაფარულია და დარჩენილია 75 497.54 აშშ დოლარის დავალიანება, მის ქონებაზე გამოყენებული ყადაღის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი ორ ერთეულ უძრავ ქონებაზე შენარჩენებული ყადაღა სრულად უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე არსებულ დავალიანებას. განმცხადებელმა სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განჩინებაზეც მიუთითა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, ანალოგიური სამართლებრივი მდგომარეობაა, შესაბამისად, სახეზეა უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განჩინება გასაჩივრებულია და არ არის შესული კანონიერ ძალაში, რისი გათვალისწინებითაც მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად განიხილოს განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალარის 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განჩინებაზე განმცხადებელმა საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით, განმცხადებლის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმების შედეგად (რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით) დარჩენილი უზრუნველყოფის საგნების საერთო ღირებულება აღემატება ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ კრედიტორის სასარგებლოდ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, პირველ აუქციონზე რეალიზაციის დროს ქონების საწყისი ფასი შეადგენს ამ ქონების შეფასების აქტში მითითებული ღირებულების 75%. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს, რომელზედაც გატანილი ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს. თუ პირველი განმეორებითი აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, ინიშნება მეორე განმეორებითი აუქციონი, რომელზედაც გატანილი ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს (იხ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.2011 წლის ბრძანება №21 ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ", მუხლი 3). პალატის მითითებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიქმნას ისეთი მოცემულობა, რომ რისკის ქვეშ დადგეს კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო პალატა საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა ამავე სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ (განმცხადებლის უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისში, ------ ქუჩა №----, სართული -, ბინა --, კორპუსი-, ფართი 93.60 კვ.მ, ს/კ ------) გაუქმების თაობაზე.
17. საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
18. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე; 191.1 მუხლი) და წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა.
19. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ბანკის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების მომენტისთვის შეადგენდა 319 575.05 აშშ დოლარს. ამასთან, ბანკის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ამხანაგობის დავალიანება კრედიტორის წინაშე შემცირებულია და შეადგენს 75 497.54 აშშ დოლარს. უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განჩინებით, ვინაიდან შემცირებული დავალიანების გათვალისწინებით, სახეზე იყო არსებითი სხვაობა გამოყენებული უზრუნველყოფის საგანს - უძრავი ქონების ღირებულებასა და არსებულ დავალიანებას შორის, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია განმცხადებლების მ. ბ-ის, ი. ხ-ისა და გ. ზ-ის განცხადებები დარჩენულ უძრავ ქონებაზე გამოყენებული აკრძალვის ბანკის წინაშე მიმდინარე დავალიანების სრულად უზრუნველყოფის შესახებ და შემცირებული დავალიანების გათვალისწინებით, ყადაღის სახით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება 7 ერთეულ უძრავ ქონებაზე გააუქმა (განჩინება კანონიერ ძალაშია შესული).
20. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას ისეთი მოცემულობა, რომ რეალური რისკის ქვეშ დადგეს კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, სავსებით კანონიერი და მართებულია.
21. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ დროისათვის, სასამართლოს განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიების ფარგლებში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყოფილია ვ. ბ-ას, ს. ო-სა და საჩვრის ავტორის უძრავი ნივთით, ამასთან, ამ უკანასკნელის განმარტებით, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ყადაღა დარჩება ორ ერთეულ უძრავ ქონებაზე, რომელთა ღირებულება ჯამში 195 600 აშშ დოლარია, შესაბამისად, დანარჩენ ნივთებზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს ბანკის წინაშე მიმდინარე დავალიანებას - 75 497.54 აშშ დოლარს, რისი გათვალისწინებითაც, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებიც ვლინდება.
22. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვისთვის (აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება) (მხარეთა ინტერესების დაბალანსების მიზნით უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება), თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მსჯელობს, გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე ვალდებულების შემცირების გამო, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმებაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ზემოხსენებული ინტერესის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (უძრავ ნივთებზე დადებული ყადაღა) და არა ის საპროცესო ღონისძიება, რომელსაც მოპასუხე სთავაზობს სასამართლოს. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ განმცხადებლის მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში, უზრუნველყოფის საგნად დარჩენილი ორი ნივთი, იძულებითი აღსრულების პროცესის გათვალისწინებით ვერ მიიჩნევა სარჩელის უზრუნველყოფის ადეკვატურ ღონისძიებად. სარჩელის უზრუნველსაყოფის საგანი იმგვარად უნდა შეირჩეს, რომ მან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მყარი გარანტია შექმნას და ამით მოსარჩელის კანონიერი ინტერესი მაქსიმალურად იქნეს დაცული. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსიც სწორედ ამაშია. მოპასუხის მიერ შემოთავაზებული მოძრავი ნივთები ასეთ მყარ გარანტიას ვერ ქმნის.
23. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ფულადი მოთხოვნის არსებობისას ქონების ღირებულება ფულად მოთხოვნას უნდა აღემატებოდეს. როგორც წესი, ქონება აუქციონზე დაბალი ფასით შეთავაზების პირობებში გადის. აქედან გამომდინარე, თუკი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის საკითხი დღის წესრიგში დადგება, შესაძლოა, მოსარჩელის კანონიერი უფლებების დაცულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
24. აღსანიშნავია, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მსგავსი ტიპის დავის დროს მოსარჩელეს სჭირდება მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალში შეძლებს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებამ, რომლითაც ყადაღა მოეხსნება ამ უკანასკნელის უძრავ ქონებას შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მოსარჩელის მოთხოვნის აღსრულებაზე, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ სრულიად მართებულად დაასკვა, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებით, სარჩელი დაცული ვერ იქნება შემდგომი აღსრულებისათვის.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
26. საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, იგი წინამდებარე განჩინებაში მითითებული განმცხადებლების იდენტურ სამართლებრივ მდგომარეობაშია, შესაბამისად, ვინაიდან მათი განცხადება დაკმაყოფილდა, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებიც ვლინდება და დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპზე მითითებით (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები) განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულმა განმცხადებლებმა შემცირებული დავალიანების გათვალისწინებით, პირველებმა მიმართეს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით და ვინაიდან, დარჩენულ უძრავ ქონებაზე გამოყენებული აკრძალვა ბანკის წინაშე მიმდინარე დავალიანებას სრულად უზრუნველყოფდა, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან უკვე შემცირებულია დავალიანების აღსასრულებლად გამოყენებული უზრუნველყოფის საგანთა რაოდენობა, წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, არ არსებობს საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
27. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
28. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამასთან, საჩივრის ავტორმა საჩივრის ფარგლებში ვერ დაასაბუთა უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმებაზე უარის თქმის არამართლზომიერება.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე