Facebook Twitter

№ას-73-2022

21 აპრილი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ც–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.ც–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე) და მოითხოვა მოპასუხისათვის 27968 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლ.ც–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ ლ.ც–ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 20 000 (ოცი ათასი) ლარი; ასევე, სახელმწიფო ბაჟის თანხა - 600 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი - 286 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი - 429 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 214 ლარი.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. ლ.ც–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, ლ.ც–ძისა და შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე უძრავი ნივთი - 608.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა, საკადასტრო კოდით ........, რეგისტრირებულია ლ.ც–ძის სახელზე.

6.1.2. მოსარჩელე ლ.ც–ძის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ ამავე სოფლის ტერიტორიაზე მოპასუხე/აპელანტი აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებდნენ მიწისქვეშა აფეთქებებს. მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა სისტემატურმა აფეთქებებმა გამოიწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირება და გარკვეულწილად საცხოვრებელი სახლების დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის საინჟინრო დასკვნით.

6.1.3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ.ც–ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობაზე არსებული დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის მიხედვით მიეკუთვნება მე-2 ხარისხს; თუ გავითვალისწინებთ, რომ 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის სოფელ ....... არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და სოფელ ....... მდებარე ლ.ც–ძის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე ლ.ც–ძის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა №9 სარკინიგზო გვირაბის მშნებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად; ამავე დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ჩანს, რომ დაზიანებები გამოწვეულია დასახელებული გვირაბის მშენებლობისას წარმოებული აფეთქებებისას წარმოშობილი ვიბრაციით.

6.1.4. ლ.ც–ძის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხაა 27 968 ლარი და 70 თეთრი.

6.1.5. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–მა“ წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ და შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნები. „ე–ის“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში ან ძალიან ახლო მანძილზე მდებარეობს და შეიძლება დაზიანებულიყო წარმოებული აფეთქებების შედეგად, საჭიროა დამატებითი შეფასებების გაკეთება, რათა ზუსტად დადგინდეს აფეთქების შედეგად გამოწვეული დაზიანებები (ტ.I. ს.ფ.263); დაზიანებაში მოპასუხის ბრალს არ გამორიცხავს არც შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახლის ნაწილის დაზიანება შეიძლება წარმოქმნილი იყოს სხვადასხვა დინამიური დატვირთვებით.

6.1.6. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მიერ წარდგენილ შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 9 104 ლარი.

6.2.სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით სადავოდ იყო გამხდარი დაკისრებული თანხის ოდენობა და აღნიშნული თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც პალატამ სააპელაციო საჩივრები განიხილა ერთობლივად და განმარტა, რომ მოსარჩელემ მის მიერ სარჩელში დასახელებული გარემოების – მოპასუხის ქმედების შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 26 აგვისტოს №5005506719 დასკვნა და ინდ.მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შესრულებული, ლ.ც–ძის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის შესახებ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის თანახმად,სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 27 968 ლარი და 70 თეთრი; მოპასუხე მხარემ, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით წარმოადგინა აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ 2017 წლის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ლ.ც–ძის მფლობელობაში არსებული სახლი (საკადასტრო კოდი: .....) მდებარე სოფელ ......., მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში ან ძალიან ახლო მანძილზე მდებარეობს და შეიძლება დაზიანებულიყო წარმოებული აფეთქებების შედეგად, საჭიროა დამატებითი შეფასებების გაკეთება, რათა ზუსტად დადგინდეს აფეთქების შედეგად გამოწვეული დაზიანებები და შპს „ა-ს-ც–ის“ 2019 წლის 26 ნოემბრის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახლის ნაწილის დაზიანება შეიძლება წარმოქმნილიყო სხვადასხვა დინამიური დატვირთვებით.

6.3.სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასში იყო აღნიშნული, შედგენილი იყო სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია „ე–ის“ მიერ, 2017 წლის ივლისში შედგენილი დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 აგვისტოს დასკვნა კი, ემყარებოდა გამოსაკვლევი ობიექტის ვიზუალურად შესწავლას და მასში გამოყენებული იყო „ე–ის“ მონაცემებიც; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „ა-ს-ც–ის“ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნისაგან განსხვავებით, რომელიც უძრავი ნივთის დაზიანების სავარაუდო მიზეზზე მიუთითებდა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად იყო მითითებული სახლის დაზიანების ერთადერთი მიზეზი - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოები; ამასთან პალატის განმარტებით, უდავო იყო, რომ მოპასუხე სოფელ ....... აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რისთვისაც ახორციელებდა აფეთქებებს. 26.08.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდებოდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვები იყო. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებული იმპერატიული დასკვნა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანიის დასკვნის საფუძველზე გაქარწყლებულად ვერ ჩაითვალებოდა, რადგან კომპანიის დასკვნა ზოგადი ხასიათის იყო, რომლითაც შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. აღნიშნული დასკვნით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მოსარჩელე მხარის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და, რაც მთავარია, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების (მოპასუხის ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი) დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, მოპასუხე მხარემ კი, სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო ამ დასკვნებით დადგენილი ფაქტების უარყოფა (სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები). შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ/აპელანტმა ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ აფეთქებები არ წარმოადგენდა ნივთის დაზიანების წყაროს, რაც მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაზიარების საფუძველს წარმოადგენდა.

6.4.ზიანის განსაზღვრის ოდენობასთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ინდ.მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი სადავო სახლის რეაბილიტაციისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით დასტურდებოდა, რომ სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულება 27 968 ლარს და 70 თეთრს შეადგენს, რომელიც მოიცავს იმ სამუშაოთა ჩამონათვალს და ხარჯებს, რაც საჭირო იქნებოდა ლ.ც–ძის საცხოვრებელ სახლზე რემონტის ჩასატარებლად, მაშინ, როცა შესრულებულ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტით გათვალისწინებული იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ....... მდებარე ლ.ც–ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 26 აგვისტოს №5005506719 დასკვნაში აღწერილი დაზიანებებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული დაზიანებების შედარების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო გონივრული ოდენობის თანხას 20 000 ლარი შეადგენდა.

6.5.სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტ ლ.ც–ძის მოთხოვნა, რომ ვინაიდან სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად უნდა მიქცეულიყო და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, არადამაკმაყოფილებელია, თუმცა წარმოდგენილი დასკვნიდან არ იკვეთებოდა და არც სხვა რაიმე მტკიცებულება იყო წარმოდგენილი მასხზედ, რომ არსებობდა განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდეს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა გადაწყვეტილების დაყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7.1.კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მას მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღვის.

7.1.2. კასატორის განმარტებით, მართალია მოპასუხე სამუშაოებს აწარმოებდა, თუმცა, მოსარჩელის ქონებისთვის ზიანი არ მიუყენებია. სახლი მდებარეობს საშიში ზონის გარეთ, რასაც ადასტურებს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მახლობლად მდებარე სეისმოგრაფების ციფრული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, აფეთქება წარმოებდა ნორმის ფარგლებში და ამ სახლის მიმართ, დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.

7.1.3. კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნაში მითითებულია, რომ „ლ.ც–ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი ერთსართულიანია უსარდაფოდ. განთავსებულია დახრილ რელიეფზე. შედგება თავდაპირველი და მოგვიანებით მიშენებული ნაწილებისაგან. შენობის თავდაპირველი ნაწილი სავარაუდოდ აშენებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში და შენობის თავდაპირველი ნაწილის კედლები აშენებულია ფლეთილი ქვის, ხოლო მოგვიანებით მიშენებული ნაწილის კედლები - წითელი აგურის წყობით. იატაკი და სასხვენო გადახურვა მოწყობილია ხის კონსტრუქციებით, სახურავი ოთხქანობიანია, თუნუქის ბურულით ხის ნივნივებზე. თავდაპირველ ნაწილში ფასადისა და მარცხენა ტორსული კედლის ნახევარზე მოწყობილია შუშაბანდი, ხოლო, მიშენებული ნაწილის ტორსული კედლის გასწვრივ - ღია აივანი. შენობის უკანა გრუნტის მასივის შესაკავებლად მოწყობილია რკინაბეტონის საყრდენი კედელი. ვიზუალური დათვალიერებით გარე პერიმეტრზე ატმოსფერული ნალექების ორგანიზებული გადაყვანის სისტემის არ არსებობის და გაუმართაობის გამო, უკანა კედელზე აღინიშნება ნესტის კვალი, თავდაპირველი ნაწილის მარცხენა ტორსულ და უკანა კედელზე აღინიშნება დახრილი გამჭოლი ბზარები, რაც გამოწვეულია საძირკვლის ფუძის ჯდენით. აქვე, თავდაპირველ და მოგვიანებით მიშენებული ნაწილების გადაბმის ადგილზე, ნალესზე აღნიშნება ვერტიკალური ბზარი. დეფორმირებულია ფასადის მხარეს ლოთონის მზიდი კონსტრუქციებით მოწყობილი კიბე. კიბის ბაქნის რკინაბეტონის ფილა დაბზარულია. ჩამოშლილია ბეტონის დამცავი შრე და გაშიშვლებულია კოროზირებული არმატურა. ჭერზე აღინიშნება ატმოსფერული ნალექების ჩამოსვლას კვალი, შუშაბანდში იატაკი დეფორმირებულია. შენობაზე არსებული დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის მიხედვით, მიეკუთვნება მე-2 ხარისხს“. აღნიშნულის შემდგომ კი, კასატორის მითითებით, ექსპერტი ყოველგვარ დასაბუთების გარეშე ასკვნის, რომ თურმე „მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა №9 გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია № სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად“. კასატორის მოსაზრებით, ექსპერტს არ ჰქონდა დასახელებული დასკვნის გაცემის საფუძველი და დასკვნის შედგენის დროს, ექსპერტის მიერ უგულებელყოფილია კანონის მოთხოვნა ექსპერტიზის ჩატარების წესსა და დასკვნის გაცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, სსკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს და დასაბუთებულ პასუხებს დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს, რაც მოცემულ შემთხვევაში, აბსოლუტურად იგნორირებულია ექსპერტის მიერ. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა და ამ დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ისთვის“ თანხის გადახდა არ უნდა დაეკისრებინა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან), 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

14. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად, დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).

15. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).

16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების შემოწმება. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, ამდენად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს. ისეთი საკითხების შეფასებისას, როდესაც სასამართლოს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია ექსპერტიზის დასკვნა ერთ-ერთი წონადი მტკიცებულებაა, რომელსაც სასამართლო მხედველობაში მხოლოდ მისი, განკუთვნადობის, შესაბამისობის, სანდოობისა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით იღებს.

18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 26 აგვისტოს №5005506719 დასკვნაზე მითითებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - საცხოვრებელ სახლზე გვირაბის აფეთქების ზემოქმედების დადასტურება. აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში, სადავო უძრავი ქონების ვიზუალური დაკვირვებისა და „ე–ის“ თეორიულ დასკვნაში მითითებული გარემოებების ერთობლივი კვლევის შედეგად, ექსპერტი ასკვნის, რომ ლ.ც–ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ხაშურის რაიონის სოფელ ....... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობაზე დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის (EMS-98) მიხედვით, მე-2 ხარისხს მიეკუთვნება. ასევე ექსპერტი მიუთითებს, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც ხაშურის რაიონის სოფ. ....... არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს გამოიწვევდა, ასევე, თუ მხედველობაში მივიღებთ, სოფელ ....... მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიურ ხასიათს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ....... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სახლზე არსებული დაზიანებები და ამ დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა N სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე), გამოწვეულია N სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.

19. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით აშკარაა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იმპერატიული და ამომწურავი ხასიათისაა, კერძოდ, იგი სადავო დაზიანებების აფეთქებების შედეგად წარმოშობის ფაქტს ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს და N სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებულ სამუშაოებს უკავშირებს. იგი შედგენილია კვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტის მიერ (მუშაობის 32 წლიანი სტაჟით), რომელმაც დასკვნას საფუძვლად არა მხოლოდ სადავო უძრავი ქონების ადგილზე ვიზუალური დათვალიერება, არამედ 2012-2015 წლებში არსებული მეტეოროლოგიური გარემო ფაქტორები და სხვა სიღრმისეული კვლევა დაუდო (ტომი 1, ს.ფ. 17-29),

20. ზემოაღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა კომპანია „ე–ისა“ და შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნები. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ კომპანია „ე–ის“ საექსპერტო დასკვნა შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და მიღებულია კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. აღნიშნული დასკვნის შედგენისას არ შესწავლილა უშუალოდ მოსარჩელის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა და არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება. ამასთან, როგორც საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტაციით დგინდება, გვირაბის მშენებლობის სამუშაოები 2012 წლის ივლისში დაიწყო, თუმცა, კომპანია მონიტორინგის განხორციელებას 2012 წლის ოქტომბერში შეუდგა, ხოლო, ფართომასშტაბიანი მონიტორინგი მხოლოდ 2013 წლის მარტის თვეში განახორციელა. ამასთანავე, საქმის მასალებში არსებული „ე–ის“ დასკვნები 2017 წლითაა დათარიღებული, შესაბამისად, პალატას ვერ ექმნება გონივრული ვარაუდი იმისა, რომ აღნიშნული დასკვნა გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე ან მისი დაწყებიდან მოკლე ვადაში მოსახლეობის სახლების მდგომარეობის ან/და მოსარჩელის სახელზე რიცხული კონკრეტული ქონების დაზიანებების კვლევას ასახავს.

21. რაც შეეხება შპს „ა ს ც–ის“ დასკვნას, მისი შინაარსის გაცნობის შედეგად ირკვევა, რომ ექსპერტიზა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზებისა და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა. მასში აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებებიდან ვერტიკალური ბზარები გამოწვეულია მშენებლობის ნორმების დარღვევით, ანტისეისმური სარტყელის არ არსებობის გამო. კედლის შეერთების ადგილებში აღნიშნული ბზარები გაჩნდებოდა ყოველგვარი სეისმური ზემოქმედების გარეშეც. იატაკის ნაწილობრივ დახრა და საძირკველის დაწევა გამოწვეულია შენობაზე შემონაკირწყლის არარსებობის, ბუნებრივი ნალექების ორგანიზებული გადამყვანის სისტემის არარსებობის გამო, ნალექების საძირკველში ჩადინებით გრუნტის გაწყლიანების შედეგად. რაც შეეხება შენობის ძველ ნაწილში დახრილი ბზარებს არსებობას, იგი შეიძლება წარმოქმნილი იყოს სხვადასხვა დინამიური დატვირთვებით. სახურავის დაზიანება და წყლის ჩამოდინება გამოწვეულია თუნუქის სახურავის სიძველის და მოუვლელობის გამო, ხოლო, შენობის შიგნით შპალერის აშრევება და დასკდომა გამოწვეულია სიძველის გამო. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ მოპასუხე კომპანია სოფელ ....... აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რისთვისაც ახორციელებდა აფეთქებებს, ხოლო, აფეთქებითი სამუშაოების დროს წარმოიქმნება დინამიური დატვირთვები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე საწარმოს მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და მოსარჩელის კერძო საკუთრებაზე არსებულ დაზიანებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას, არც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „ა ს ც–ის“ დასკვნა გამორიცხავს, რადგან შენობის ძველ ნაწილში დახრილი ბზარების არსებობას დინამიურ დატვირთვებს უკავშირებს.

22. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შპს „ა ს ც–ის“ დასკვნა მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნებზე, ინდ. მეწარმე ზ.გ–ძის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაზე და მათში მოყვანილი დასკვნების კომენტირებას ახდენს, რაც ექსპერტისთვის დასმულ კითხვებს სცდება და სადავო უძრავი ქონების მდგომარეობის, ასევე, დაზიანების გენეზისის დადგენისთვის, შეუსაბამოა.

23. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ა ს ც–ის“ დასკვნა ერთი მხრივ, არ გამორიცხავს მოპასუხე კომპანიის მხრიდან განხორციელებული აფეთქებების შედეგად ზიანის დადგომის შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილი სხვა დასკვნების და ინდ. მეწარმე ზ.გ–ძის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის კომენტირებას ახდენს, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ა ს ც–ის“ საექსპერტო დასკვნა, საქმის გადაწყვეტის მიზნებისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან იგი ვერ ლახავს სამოქალაქო კანონმდებლობით მტკიცებულებათა სანდოობისთვის, რელევანტურობისთვის და განკუთვნადობისთვის დადგენილ სტანდარტებს. ამასთან, იგი არც ამომწურავია და მითუმეტეს, არც იმპერატიული, აღნიშნული კი, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მტკიცებულებისთვის სამართლებრივი ძალის მინიჭების უმთავრესი წინაპირობაა.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და მოსარჩელის კერძო საკუთრებაზე არსებულ დაზიანებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადასტურება, ხოლო, მოპასუხემ ვერ შეძლო თავის წილი მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები სათანადო ხარისხის მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა, რის გამოც, პალატას უჩნდება შინაგანი რწმენა მასზედ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სახლზე მიყენებული დაზიანებები, ნამდვილად მოპასუხის ქმედებით იყო გამოწვეული.

25. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 26 აგვისტოს №5005506719 დასკვნა მიუთითებს მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანების დროს მოქმედ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 წლის №139 დადგენილებით) და აღნიშნავს, რომ „ზოგადად და ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების თანახმად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე, აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარემობის მონიტორინგი, რაც განსახილველ შემთხვევაში არ ჩატარებულა“. ამდენად, მოპასუხე კომპანიას გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ გამოუკვლევია რისკის ზონაში მყოფი შენობა-ნაგებობების მდგომარეობა და შესაბამისად, არ არსებობს მშენებლობის დაწყებამდე მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა განსაზღვრულიყო თუ რა დაზიანებები გამოიწვია კონკრეტულად მოპასუხის მიერ წარმოებულმა მშენებლობამ. აღნიშნული კი, უარყოფით გავლენას ახდენს მოპასუხის მტკიცების ტვირთზე და მის მიერ წარმოდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნებით, კომპენსირებული ვერ იქნება.

26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარის (საგადახდო დავალება N580, გადახდის თარიღი 11.02.2022) 70% – 700 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარის (საგადახდო დავალება N580, გადახდის თარიღი 11.02.2022) 70% – 700 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე