Facebook Twitter

ას-395-2022

19 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ნ.ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ქ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 29 სექტემბერს ნ.ქ–იამ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა შპს „ნ.ს–ის“ (შემდეგში მოპასუხის) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.ქ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

1.1. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება.

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა, სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა და მის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. 2021 წლის 21 დეკემბრისა და 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადით.

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით შპს „ნ.ს–ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დარჩა განუხილველი.

2.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს ვ.ხ–ს, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა სტაჟიორს 2022 წლის 28 თებერვალს, ხოლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

3.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2022 წლის 14 თებერვალს შპს „ნ.ს–ის“ სარეგისტრაციო ჩანაწერებში განხორციელდა ცვლილებები. შეიცვალა დირექტორი, 100% წილის მესაკუთრე პარტნიორი, იურიდიული მისამართი და წარმომადგენელი სასამართლოში არსებულ საქმეებზე. 2022 წლის 04 მარტს (ელექტრონულ ფოსტაზე განცხადების გაგზავნის თარიღია 03 მარტი), შპს „ნ.ს–ის“ წარმომადგენელმა - ხ.გ–მა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მიუთითა კომპანიის რეკვიზიტების ცვლილების შესახებ და ითხოვა გზავნილების გაგზავნა მის მისამართზე.

3.2. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მიმართულია ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინების ვ.ხ–ისათვის, როგორც არაუფლებამოსილი პირისათვის გაგზავნაზე და ასევე არაუფლებამოსილი პირის - სტაჟიორისათვის გადაცემაზე. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან, 2022 წლის 14 თებერვალს შეიცვალა კომპანიის დირექტორი, გაუქმდა ვ.ხ–ზე გაცემული მინდობილობა 2022 წლის 14 თებერვალს და მას აღარ ჰქონდა უფლებამოსილება წარმოედგინა შპს „ნ.ს–ი“, ვიდრე ახალი დირექტორის მიერ გაცემულ მინდობილობას არ მიიტანდა სასამართლოში და შესაბამისად, განჩინების პირადად ვ.ხ–ის მიერ ჩაბარების შემთხვევაშიც გზავნილი არ უნდა ჩათვლილიყო ჩაბარებულად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „ნ.ს–ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინება უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებულად.

8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია, სააპელაციო საჩივრის ფასის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. 2021 წლის 21 დეკემბრისა და 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადით და დაევალა სააპელაციო საჩივარზე უკვე დადგენილი ხარვეზის შევსება იმ განსხვავებით, რომ აპელანტის მიერ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრა 680 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება ხარვეზის გაგრძელების შესახებ აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 2022 წლის 28 თებერვალს ჩაბარდა სტაჟიორს - დ.ა–ძეს (ს.ფ. 199).

10. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, ამასთან, წარმომადგენელ - ვ.ხ–ის მიერ განჩინების ჩაბარების შემთხვევაშიც იგი ვერ ჩაითვლებოდა უფლებამოსილ პირად, ვინაიდან, ჩაბარების დროისათვის წარმომადგენლობას აღარ ახორციელებდა სასამართლოში.

11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამ ნორმის თანახმად, შესაძლებელია, საჭირო საპროცესო დოკუმენტები სასამართლომ გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი. საპროცესო დოკუმენტების მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარება მათი უშუალოდ მხარისათვის გადაცემას უთანაბრდება.

12. სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე კომპანიას ვ.ხ–ისთვის საქმის წარმოების უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა 2021 წლის 24 სექტემბრის მინდობილობით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ს.ფ. 173). მოპასუხის წარმომადგენელს (მის სტაჟიორს), მის მიერ მითითებულ მისამართზე, ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინება 2022 წლის 28 თებერვალს ჩაჰბარდა (იხ. ს.ფ. 199), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2022 წლის 01 მარტს და დასრულდა 2022 წლის 07 მარტს (5 მარტი იყო არასამუშაო დღე - შაბათი). აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის. 2022 წლის 04 მარტს სააპელაციო სასამართლოს მიმართა შპს „ნ.ს–ის“ წარმომადგენელმა ხ.გ–მა, მიუთითა, რომ შეიცვალა კომპანიის დირექტორი და პარტნიორი, ასევე მისამართი, წარადგინა მის სახელზე გაცემული მინდობილობა და ითხოვა კორესპონდენციის გაგზავნა მისი, როგორც წარმომადგენლის მისამართზე.

13. საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებაზე, რომ გზავნილი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს - სტაჟიორს.

13.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზეპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

13.2. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ, შეტყობინება ჩააბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (სუსგ. საქმე Nას-1289-1309-2011, 14.11.2011წელი).

13.3. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ვ.ხ–ისათვის იგივე მისამართზე გაგზავნილი ამავე სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინების ასლი ჩაბარდა დ.ა–ძეს, როგორც იურისტს (იხ. ს.ფ. 181) და აღნიშნული ჩაბარების საფუძველზე განხორციელდა შესაბამისი საპროცესო მოქმედება. აღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი სხვა კორესპონდენციაც ჩაბარებული აქვს ასევე იურისტს - შ.გ–ძეს და მის საფუძველზეც დადგენილ ვადაში იქნა წარდგენილი ხარვეზის შევსების შესახებ დოკუმენტაცია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო გზავნილის 2022 წლის 28 თებერვალს სტაჟიორისათვის გადაცემით, ვ.ხ–ს განჩინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.

14. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, ვ.ხ–ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოწილების შეწყვეტაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 99-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს მის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ვინაიდან, 2022 წლის 14 თებერვალს შეიცვალა კომპანიის დირექტორი, ვ.ხ–ზე გაცემული მინდობილობა გაუქმდა და მისთვის სასამართლო გზავნილის გაგზავნა და ჩაბარება ვერ მიიჩნევა უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებად. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვ.ხ–ზე გაცემული მინდობილობის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო კომპანიის დირექტორის შეცვლა თავისთავად წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტას არ იწვევს. მითითებულ გარემოებაზე დაყრდნობით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლი არ ითვალისწინებს. ახალი დირექტორის მიერ ვ.ხ–ისათვის მინდობილობის გაუქმების შემთხვევაში კი, მოპასუხე კომპანია ვალდებული იყო ამის შესახებ წერილობით ეცნობებინა სასამართლოსთვის, ზემოაღნიშნული (სსსკ-ის 99-ე მუხლი) ნორმით დადგენილი წესით, თუმცა საქმეში მსგავსი წერილი არ არის წარმოდგენილი.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის გაგრძელების შესახებ 2022 წლის 10 თებერვლის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაუგზავნა და ჩააბარა უფლებამოსილ წარმომადგენელს - ვ.ხ–ს, ხოლო დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ნ.ს–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე