Facebook Twitter

ას-1026-2021

12 იანვარი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - კ.ს–ძე, ხ.შ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ.ს–ძემ და ხ.შ–ძემ (შემდგომში - მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ.კ–ძის (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ და მოითხოვეს მათ საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე მიყენებული ზიანის სახით, მოპასუხისათვის 102123 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კ.ს–ძის და ხ.შ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ.კ–ძეს დაეკისრა 73641 ლარის ანაზღაურება კ.ს–ძის და ხ.შ–ძის სასარგებლოდ; ქ.კ–ძეს დაეკისრა კ.ს–ძის და ხ.შ–ძის სასარგებლოდ პროცესის ხარჯი: პროექტის შედგენისათვის გადახდილი თანხა 1081.65 ლარი, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნისათვის გადახდილი თანხა 1442.2 ლარი და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხა 800 ლარი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე; არ დაკმაყოფილდა ქ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება.

5.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1.1. მოსარჩელეების საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება-საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ. ბათუმი, ....., ს/კ ....... საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ, ....., ს/კ ...., მესაკუთრეა მოპასუხე (ტ.1, ს.ფ. 14-15).

5.1.2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის N383 ბრძანებით, დაკმაყოფილდა ქ.კ–ძის 2018 წლის 25 ივნისის განცხადება და დამტკიცდა ქ. ბათუმში, ....... მდებარე 253 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ ......) საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამავე ბრძანებით, შეთანხმებულ იქნა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის არქიტექტორული პირობები. ბრძანების საფუძველზე მოპასუხის სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა (ტ.1, ს.ფ. 17-18).

5.1.3. 2018 წლის 21 ივნისს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა მოსარჩელე ხ.შ–ძემ და მოითხოვა უნებართვო მშენებლობაზე რეაგირება (ტ.1, ს.ფ. 29). მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 ივლისის N2358 ბრძანებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის N383 ბრძანების მოქმედება შეჩერდა, ხოლო, 2018 წლის 9 აგვისტოს N2502 ბრძანებით, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი. ადმინისტრაციული აქტის გამომცემმა ორგანომ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ქ.კ–ძემ მშენებლობის ნებართვის გაცემა მოითხოვა 2018 წლის 25 ივნისს, მას შემდეგ, რაც სარეკონსტრუქციო ფართზე განახორციელა უკანონო მშენებლობა. ამავე აქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი არაზუსტი იყო და საჭიროებდა კორექტირებას (ტ.1, ს.ფ. 19-20, 21-24).

5.1.4. მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის მიუხედავად, მოპასუხემ სამშენებლო სამუშაოები გააგრძელა ნებართვის გარეშე, რაც გახდა 2018 წლის 27 ივლისს და 31 ივლისს შსს მთავარი სამმართველოს შესაბამისი განყოფილების მხრიდან რეაგირების ოქმის შედგენის საფუძველი. ამავე ოქმით დადასტურდა მოპასუხის მხრიდან უკანონო მშენებლობის განხორციელების (გაგრძელების) ფაქტი (ტ.1, ს.ფ. 51-65).

5.1.5. ქ. ბათუმში, .... მდებარე შენობა არის ორსართულიანი. შენობა შედგება თავდაპირველი და მოგვიანებით, გასული საუკუნის 70-იან წლებში მიშენებული ნაწილებისაგან. ეზოს მხარეს, მეორე სართულზე მოწყობილია ტერასა. ქუჩის მხრიდან მარჯვნივ, ტორსული კედლის გასწვრივ განხორციელდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიშენების დემონტაჟი და სამსართულიანი შენობის მშენებლობა (ტ.1, ს.ფ.72-75).

5.1.6. ქ. ბათუმში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის მიშენებული ნაწილის გამოყენება საცხოვრებლად საფრთხისშემცველია. მინაშენი გადახრილია, მისი შიდა კედლები დაბზარულია, როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური ბზარებით და ნაპრალებით. კედლები კუთხეებთან გახსნილია და ცხადია, რომ ბზარები არის მზარდი (6.12.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნა).

5.1.7. კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრი ექსპერტიზის ცენტრის უფროსმა მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით დანიშნული ექსპერტიზის ჩასატარებლად მოითხოვა ქ. ბათუმში, ..... მიმდებარედ არსებული მშენებარე შენობის სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის დოკუმენტი, პროექტის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილი, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი და სამშენებლოსამუშაოთა წარმოების პროექტი. მზიდი კონსტრუქციების სივრცული მოდელის და ქვაბულის გამაგრების გაანგარიშების ოფიციალური ალბომი, სადაც მოცემული უნდა იყოს გაანგარიშების შედეგები, დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის და მდგრადობის შეფასება. საჭირო დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, რომელიც მოთხოვნილი იქნა ექსპერტიზის ბიუროს მიერ, მოსარჩელეებმა წერილით მიმართეს მოპასუხე ქ.კ–ძეს, რომელმაც უარი განაცხადა ექსპერტიზის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების მოსარჩელეთათვის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ იგი არ არის ვალდებული გადასცეს დოკუმენტები (ტ.1, ს.ფ. 99-104). მართალია, მოგვიანებით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ თანხმობა განაცხადა ნებაყოფლობით გადაეცა ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო დოკუმენტები (ს.ფ. 142), თუმცა, 2018 წლის 10 დეკემბრის წერილით, მოპასუხე ქ.კ–ძის წარმომადგენელმა სასამართლოს აცნობა, რომ სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განჩინებაში (ტ.1, ს.ფ. 181) მითითებული დოკუმენტები მოპასუხეს არ გააჩნია (ტ.1, ს.ფ.185).

- ექსპერტ რ.კ–ძის მიერ, 2018 წლის 09 ივნისს შედგენილი საექსერტო დასკვნა ექსპერტს შეუკვეთა თავად მოპასუხე ქ.კ–ძემ, თუმცა, აღნიშნული დასკვნა სარჩელს დაურთეს თავად მოსარჩელეებმა.

- სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაიკითხა დასკვნის ავტორი - რ.კ–ძე.

5.1.8. მოპასუხე ქ.კ–ძის დაკვეთით ჩატარებული, ქ. ბათუმში, ...... განთავსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის შენობების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 9 ივნისს შედგენილი საექსპერტო დასკვნის, ასევე, სააპელაციო სასამართლოში დაკითხული ექსპერტის - რ.კ–ძის მიერ, დასკვნის ირგვლივ გაკეთებული განმარტებების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დასკვნაში აღწერილი იყო მოსარჩელეთა კუთვნილი შენობის პროგრესირებადი დაზიანებები, რომლებიც ნაწილობრივ გამოწვეული იყო მეზობელი შენობის ნაწილის დემონტაჟით. უფრო კონკრეტულად, დასკვნის თანახმად: ბზარი N1 შენობის (მოსარჩელის საკუთრება) გარე კედელზე არსებულ და მიშენებულ ნაწილებს შორის წარმოადგენდა ჯდენის ნაკერში განვითარებულ ბზარს, რომლის განვითარებაც მოსალოდნელი იყო სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად; ბზარი N1 შენობის შიდა კედლებზე ნაწილობრივ გამოწვეული იყო მეზობელი შენობის ნაწილის დემონტაჟით, მოსალოდნელი იყო აღნიშნული ბზარის შემდგომი პროგრესირება; ბზარები და დაზიანებები N2 შენობის (მოპასუხის საკუთრება) მომიჯნავე და გვერდითი კედლის წყობაში გამოწვეული იყო ახალი მშენებლობით და მოსალოდნელი იყო მათი შემდგომი განვითარება. ამავე დასკვნით დადგენილი იყო, რომ შპს „ტ.გ.გ–ის“ მიერ, 2017 წლის აგვისტოში მომზადებული კვლევის მასალებზე დაყრდნობით, ... N59-ში მდებარე სამშენებლო უბნის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობდნენ დაბალი მზიდუნარიანობის მქონე ლაგუნური გენეზისის დენადპლასტიკური თიხები, რაც ამყარებდა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ასეთი ტიპის გეოლოგიური აგებულების მქონე სამშენებლო მოედანზე არსებული შენობის დემონტაჟითა და ახალი სამსართულიანი სახლის მშენებლობით მოხდა გრუნტის შეუსაბამო დატვირთვა, რამაც გამოიწვია მეზობელი შენობის გადახრა მშენებლობის მხარეს, ხოლო, დემონტაჟით გამოწვეულმა რხევებმა არსებითი და გამოუსწორებელი დაზიანებები მიაყენა მას (ტ.1, ს.ფ.72-75).

5.1.9. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - რ.კ–ძემ (20 წლის საექსპერტო გამოცდილებით) განმარტა, რომ მის მიერ 2018 წლის 9 ივნისს საექსპერტო დასკვნის შედგენა იმ დროისთვის არსებული შენობის ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე მოხდა მაშინ, როდესაც განხორციელებული იყო შენობის დემონტაჟი და მიმდინარეობდა ლენტური საძირკვლის მოწყობა. მან დასკვნაში გარკვევით მიუთითა, რომ მოსალოდნელი იყო აღნიშნული ბზარის შემდგომი პროგრესირება, შესაბამისად, თუ 2018 წლისთვის შენობის საერთო მდგრადობა და სიმყარე შენარჩუნებული იყო, წელიწადნახევრის შემდეგ სრულიად შესაძლებელი იყო დაზიანებების ისე განვითარება, რომ დემონტაჟისა და ახალი მშენებლობის გარეშე შეუძლებელი გამხდარიყო არსებული ნაგებობის აღდგენა (01.06.2021 წლის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 13:39:47, 13:52:18). ექსპერტმა ასევე, განმარტა, რომ ექსპერტიზის ფარგლებში დემონტაჟისთვის გამოყენებული ტექნიკის დადგენა ძირითადად დამკვეთისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

- სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოპასუხისა და ქ.ბათუმის მერიის ინიციატივით შედგენილი საექსპერტო დასკვნის ავტორი - პ.მ–ი.

5.1.10. ექსპერტმა პ.მ–მა დაადასტურა მის მიერ გაკეთებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული ფაქტობრივი გარემოება არსებული შენობის აღდგენის შეუძლებლობის შესახებ და განმარტა, რომ შენობის დემონტაჟი მძიმე ტექნიკით განხორციელდა. ასევე, განმარტა, რომ ექსპერტიზისთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში არ არსებობდა ინფორმაცია, თუ რომელი ტექნიკით მოხდა შენობის დემონტაჟი, თუმცა, მოსარჩელისგან მიღებული ინფორმაციითა და ფოტომასალით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ძველი შენობის კონსტრუქციაში გამოყენებული იყო რკინაბეტონი (ბეტონის სხმული ე.წ. „არმატურა“), შეუძლებელი იყო დემონტაჟი მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე; ხელითაც რომ განხორციელებულიყო დემონტაჟი, დასანგრევად საჭირო ვიბრაციული დარტყმების გარეშე დემონტაჟის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო (29.06.21 წლის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 16:36:34, 16:59:53).

5.1.11. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 9 იანვრის N000101619 დასკვნით დგინდება, რომ ეზოს მხარეს მდებარე ტერასა და მიშენებული ნაწილი გადახრილია ვერტიკალურად, სიბრტყიდან მშენებლობის მხარეს. მიშენებული ნაწილი მთლიანად მორღვეულია ძირითადი ნაწილისაგან, რის გამოც მთელს პერიმეტრზე გაჩენილია ნაპრალები. კედლებზე აღინიშნება ჰორიზონტალური და დახრილი ბზარები. მიშენებული ნაწილის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ვერ უზრუნველყოფს მობინადრეთა უსაფრთხოებას და მისი შემდგომი ექსპლოატაცია დაუშვებელია. ამავე დასკვნით, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მიხედვით 0.7-7.0 მ. სიღრმემდე გრუნტი წარმოდგენილია დენად-პლასტიკური თიხებით. არ არის შესწავლილი ქ. ბათუმში, ...... მდებარე შენობის დასაძირკვლების პირობები. წარმოდგენილი პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში და მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში არ მოიპოვება არანაირი ინფორმაცია საძირკვლის მოწყობის თანმიმდევრობის, გამაგრების ან მიმდებარედ არსებული შენობების უსაფრთხოებისათვის რაიმე ღონისძიებების ჩატარების შესახებ. დაზიანებების სპეციფიკური ხასიათის გათვალისწინებით, ექსპერტიზა ასკვნის, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გამოწვეულია ქ. ბათუმში, ..... მდებარე შენობის მიშენებული ნაწილის მძიმე ტექნიკით დემონტაჟის დროს გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით და უშუალოდ მომიჯნავედ მდებარე მშენებარე სამსართულიანი შენობიდან გრუნტზე გადაცემული დატვირთვებით (ტ.1, ს.ფ. 192-205).

5.1.12. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით მომზადებული ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 6 დეკემბრის N008450119 დასკვნით, რომლის ავტორიც ასევე პ.მ–ია, შეფასებულია დაზიანებების განვითარების დინამიკა; დგინდება, რომ ბიუროს მიერ გაკეთებული დასკვნის შემდეგ შენობაზე არსებული ბზარების გახსნილობა გადიდებულია და წარმოშობილია გამჭოლი ბზარები, რაც დინამიური პროცესების ინტენსიურ მიმდინარეობაზე მიუთითებს. ექსპერტიზა იზიარებს იმ პოზიციას, რომ ბათუმის ეს უბანი გამოირჩევა გრუნტების დაბალი ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლებით, ხოლო მშენებლობა ჩატარდა ...... მდებარე შენობის და საძირკვლების შესწავლის, გამაგრების ან მიმდებარედ არსებული შენობების უსაფრთხოებისათვის რაიმე ღონისძიების ჩატარების გარეშე. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარდა პრაქტიკულად არასრულყოფილი ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით; დაუმთავრებელია პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, მზიდი კონსტრუქციების გაანგარიშების, მეზობელ მიწის ნაკვეთზე გავლენის შეფასების და საინჟინრო გეოლოგიური გამოკვლევის გარეშე. ექსპერტი ასკვნის, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გამოწვეულია ქ. ბათუმში, ..... მდებარე შენობის მიშენებული ნაწილის მძიმე ტექნიკით დემონტაჟის დროს გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით და უშუალოდ მომიჯნავედ მდებარე მშენებარე სამსართულიანი შენობიდან გრუნტზე გადაცემული დატვირთვებით (ტ.2, ს.ფ. 129-142).

5.1.13. ზემოაღნიშნული ექსპეტიზის დასკვნებით, მათ შორის თავად მოპასუხის მიერ ჩატარებული საექსპერტო დასკვნით (ექსპერტი რ.კ–ძე), მხარეთა და ექსპერტთა განმარტებებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ......... მდებარე მოსარჩელეთა კუთვნილმა შენობის მიშენებულმა ნაწილმა, მეზობელ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე ტექნიკურად გაუმართავი და შესაბამისი გამოკვლევების გარეშე ჩატარებული შენობის დემონტაჟისა და მშენებლობის გამო, შენობის საცხოვრებლად ვარგისიანობისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელეს.

5.1.14. საქმეში წარმოდგენილი შპს „ს.კ.ქ–ის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის (ქ. ბათუმში, ....... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟისა და აღდგენა-რეკონსტრუქციის ღირებულების შესახებ) თანახმად, საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 17590 ლარს. აქედან: 12550 ლარი არის პირდაპირი დანახარჯი, ზედნადები ხარჯები - 1255 ლარი, სახარჯთაღრიცხვო მოგება - 1104 ლარი, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადი - 2680 ლარი. საცხოვრებელი სახლის მიშენების აღდგენა-რეკონსტრუქციის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაა შეადგენს 85640 ლარს, აქედან: პირდაპირი დანახარჯი - 61091 ლარი, ზედნადები ხარჯები - 6109 ლარი, სახარჯთაღრიცხვო მოგება - 5376 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი - 13060 ლარი (ტ.2, ს.ფ. 8-58). ამავე ხარჯთაღრიცხვის განმარტებით ბარათში, რომელიც შედგენილია პროექტის ავტორის, სპეციალისტის გ. ც–ის მიერ, აღნიშნულია, რომ: „შენობაზე ვიზუალურად შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს მზიდი კედლებისა და კონსტრუქციების დაზიანებები, ბზარები, შენობის ნაწილი გადახრილია და დამჯდარია, რამაც გამოიწვია შენობის დაზიანებები. საცხოვრებლად შენობა შეუსაბამოა და სეისმურადაც და კონსტრუქციული თვალსაზრისით, შენობის დამკავებლებისთვის წარმოადგენს სასიცოცხლო საფრთხეს, შენობის ეს ნაწილი არ ექვემდებარება გამაგრებას და საჭიროა დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი და მისი ხელახლად აშენება“.

5.2.სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება:

5.2.1. პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ზიანის გამომწვევ მიზეზად მოპასუხის მიერ განხორციელებული დემონტაჟისა და მშენებლობის მიჩნევის შესახებ, ასევე, არ დაეთანხმა სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას, რაც დაზიანებული ნაგებობის პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად (ძველი ნაგებობის დემონტაჟისა და ახლის ასაშენებლად) არის განსაზღვრული მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „ს.კ.ქ–ის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვით, თუმცა, პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს არც შესაგებელში და საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, შენობის აღდგენის ხარჯთაღრიცხვასთან მიმართებაში, კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებია და სასამართლოს მთავარ სხომაზე მხოლოდ მიუთითა, რომ არ ეთანხმებოდა ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ კონკრეტულ აღსადგენ მონაკვეთებს (მაგ.: ე.წ. ტალავერის აღდგენა, ეზოს ფილების მოწყობა და სხვა), აპელანტს პირველი ინსტანციის მოსამზადებელ სხდომებზე სასამართლოსთვის არ უცნობებია, რომ მის მიერ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარდგენილი იყო მოთხოვნა ექსპერტიზის ჩასატარებლად და/ან არ უთხოვია დამატებითი ვადა ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად.

5.2.2. აპელანტმა (მოპასუხემ) შესაგებლით განახორციელა შედავება, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე (მიშენებაზე) არსებული ბზარები და დაზიანებები არ არის განხორციელებული მშენებლობის შედეგი და მიუთითებდა, რომ ქ. ბათუმის მერიიდან გამოითხოვდა და სასამართლოს წარუდგენდა მტკიცებულებებს, მაგრამ სააპელაციო პალატის განმარტებით, მან ვერც დემონტაჟის დაწყებამდე სადავო შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ მტკიცებულება წარმოადგინა და ვერც პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად საჭირო ხარჯთაღრიცხვა; ხოლო, თავისი ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზით კი (რომელიც მოსარჩელემ წარუდგინა სასამართლოს), მისივე პოზიციების საწინააღმდეგო გარემოებები გამოიკვეთა (ბზარი N1 შენობის შიდა კედლებზე ნაწილობრივ გამოწვეულია მეზობელი შენობის ნაწილის დემონტაჟით, მოსალოდნელია აღნიშნული ბზარის შემდგომი პროგრესირება; ბზარები და დაზიანებები N2 შენობის (მოპასუხის საკუთრება) მომიჯნავე და გვერდითი კედლის წყობაში გამოწვეულია ახალი მშენებლობით და მოსალოდნელია მათი შემდგომი განვითარება). პალატის მითითებით, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში იშუამდგომლა განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც ექსპერტს უნდა დავალებოდა მოეხდინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის იმ დაზიანებების ზუსტი აღწერა, რომლებიც გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ, ქ. ბათუმში, ...... სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობით. ასევე, ექსპერტს უნდა დავალებოდა შეედგინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის იმ დაზიანებების აღმოფხვრის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლებიც გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ, ქ. ბათუმში, ...... სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობით.

5.2.3. პალატამ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების საფუძვლები, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისი იყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ობიექტური გარმოებების დასადგენად და სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად. მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი იყო ყველა მტკიცებულება, ექსპერტის დასკვნები (მათ შორის მოპასუხის დაკვეთით და ქ, ბათუმის მერიის ინიციატივით ჩატარებული), რომლებიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტზე, ზიანის აღმოფხვრისათვის საჭირო სამუშაოებზე და ამ სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯებზე. პალატამ ყურადღება იმ გარემოებასაც მიაქცია, რომ აპელანტი არ გამორიცხავდა მის ბრალეულობას დამდგარ შედეგში, თუმცა, მიუთითებდა, რომ მის მიერ განხორციელებული დემონტაჟისა და მშენებლობის გარეშეც მოსარჩელეთა ქონება დაზიანებული იყო, ამდენად დამდგარი შედეგი მთლიანად არ იყო გამოწვეული მის მიერ განხორციელებული ქმედებებით. სწორედ ამ მოცულობის ზიანის დასადგენად (ძირითადად) ითხოვდა აპელანტი დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნას.

5.2.4. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი და უკვე მიმოხილული მტკიცებულებები ადასტურებდნენ, დაზიანების შედეგად წარმოქმნილი ბზარების პროგრესირებად დინამიკას. ექსპერტი მიუთითებს, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 9 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის შედგენიდან ამავე წლის 6 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის შედგენამდე, ბიუროს მიერ გაკეთებული პირველი დასკვნის შემდეგ შენობაზე არსებული ბზარების გახსნილობა გადიდებულია და წარმოშობილია გამჭოლი ბზარები, რაც დინამიური პროცესების ინტენსიურ მიმდინარეობაზე მიუთითებს. ექსპერტიზამ კვლავ გაიზიარა ის პოზიცია, რომ ბათუმის ეს უბანი გამოირჩევა გრუნტების დაბალი ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლებით, ხოლო მშენებლობა ჩატარდა მეზობლად მდებარე შენობის დასაძირკვლების შესწავლის, გამაგრების ან მიმდებარედ არსებული შენობების უსაფრთხოებისათვის რაიმე ღონისძიების ჩატარების გარეშე. ამდენად, პალატამ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ვერ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებად, ვინაიდან ექსპერტ რ.კ–ძის მიერ, 2021 წლის 01 ივნისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების თანახმად, დაზიანებული შენობის ბზარების აღდგენა შესაძლებელი იყო 2018 წლის ივნისის თვეში არსებული შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა, დასმულ შეკითხვაზე პასუხით, ექსპერტმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ 2018 წლისთვის არსებული ბზარები, ჩატარებული მშენებლობის გამო ისე განვითარებულიყო, რომ შეუძლებელი გამხდარიყო შენობის აღდგენა დემონტაჟის გარეშე. შპს „ს.კ.ქ–ის“ მიერ 2019 წლის 9 აპრილს შედგენილი ხარჯთაღრიცხვის განმარტებით ბარათში კი, აღნიშნულია, რომ: შენობაზე ვიზუალურად შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს მზიდი კედლებისა და კონსტრუქციების დაზიანებები, ბზარები, შენობის ნაწილი გადახრილია და დამჯდარია, რამაც გამოიწვია შენობის დაზიანებები, შენობა შეუსაბამოა საცხოვრებლად და სეისმურადაც და კონსტრუქციული თვალსაზრისითაც შენობის დამკავებლებისთვის წარმოადგენს სასიცოცხლო საფრთხეს. შენობის ეს ნაწილი არ ექვემდებარება გამაგრებას, საჭიროა დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი და მისი ხელახლად აშენება.

5.2.5. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მშენებლობის არსებითი ნაწილი მოპასუხემ შესაბამისი პროექტისა და დამტკიცებული პირობების გარეშე, მეზობელი მიწის ნაკვეთისათვის მოსალოდნელი ზიანის მოკვლევის, მომიჯნავე შენობების ტექნიკური მდგომარეობის დაუფიქსირებლად და გაუთვალისწინებლად, უნებართვოდ განახორციელა. მოპასუხემ უკანონო სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებით უგულვებელყო ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესები მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის მიღების აუცილებლობის შესახებ. სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო თვითნებურად, პროექტისა და სათანადო არქიტექტურული თუ გეოლოგიური დასკვნისა და შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანოსა და მოდავე მხარის არაერთი გაფრთხილების მუხედავად, შეუთანხმებლად გააგრძელა უკანონო მშენებლობა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ვერ იქნებოდა გაზიარებული მოპასუხის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ გარკვეული დაზიანებები შესაძლებელია მოპასუხის ბრალეული მოქმედებით ყოფილიყო გამოწვეული (29.06.21 წლის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 17:58:45, 18:05:29), მაგრამ არა იმ მასშტაბით, რომ ამ დაზიანებებს არ შეიძლება გამოეწვია შენობის ავარიული მდგომარეობა.

5.2.6. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხის კონტრარგუმენტი, შენობის დაზიანების ხარისხსა და ბრალეულობასთან დაკავშირებით, იყო მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე (მიშენებაზე) არსებული ბზარები და დაზიანებები მოსარჩელის სახლს ჰქონდა რეკონსტრუქციის დაწყებამდეც და მათი წარმოშობა არ იყო განხორციელებული მშენებლობის შედეგით, თუმცა, მოპასუხემ (აპელანტმა) ვერ დაამტკიცა მითითებული გარემოებები, რაც შეიძლებოდა დადასტურებულიყო დემონტაჟის დაწყებამდე სადავო შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დოკუმენტით, ან მშენებლობიდან მომდინარე მოსალოდნელი ზეგავლენის შესახებ შესაბამისი კვლევებით. მოპასუხის (აპელანტის) მიერ, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხემ დემონტაჟის სამუშაოები ტექნიკური რეგლამენტისა და სამშენებლო ნორმების დაცვით განახორციელა.

5.2.7. მოპასუხის (აპელსანტის) მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტი, რომ მოპასუხის კუთვნილი შენობის დემონტაჟი არ განხორციელებულა მძიმე ტექნიკის გამოყენებით (თუნდაც ეს მართლაც ასე ყოფილიყო), სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არსებითად გავლენას ვერ ახდენდა შენობის დღევანდელ ფაქტობრივ მდგომარეობაზე, რადგან ფაქტი იყო, რომ რა საშუალებითაც არ უნდა განეხორციელებინა შენობის დემონტაჟი მოპასუხეს მძიმე ტექნიკის გამოყენებით, თუ მის გარეშე, სწორედ მოპასუხის ქმედებებმა გამოიწვიეს ის რეალური შედეგი, რაც სახეზე იყო და რაც თანმიმდევრულად იყო აღწერილი 2018 წლის და 2019 წლის ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე შენობის აღდგენის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის განმარტებით ბარათში და რომელიც მეზობელი შენობის დემონტაჟისა და მშენებლობის დაწყების შემდეგ იმგვარად შეიცვალა, რომ მისი საცხოვრებლად გამოყენება სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა. მოპასუხის მიერ არ იყო წარმოადგენილი მშენებლობის დაწყებამდე ამ შენობის მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება, ხოლო, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და უკანონო მშენებლობის ნებართვის შეჩერება-ნაწილობრივ ბათილად ცნობისა, მოპასუხემ მეზობელ ნაგებობებზე სათანადო კვლევების არქონის პირობებში, მაინც გააგრძელა უკანონო მშენებლობა.

5.2.8. საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მიშენებული ნაწილი უვარგისი იყო საცხოვრებლად. მისი რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო რემონტის გზითაც, მიუხედავად დიდი დანახარჯების საჭიროებისა, შეუძლებელი იყო თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა. მიშენება შენობის ძირითადი ნაწილისაგან მთლიანად მორღვეული და გადახრილი იყო მეზობელი მიწის ნაკვეთისკენ, შენობაზე გაჩენილი იყო გამჭოლი ნაპრალები და ბზარები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, პროგრესირებდა. შეუძლებელი იყო დეფორმირებული შენობის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

5.2.9. ამდენად, პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ექსპერტთა დასკვნებისა და განმარტებების შეფასებით, გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ სწორედ მოპასუხის ქმედებათა გამო დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ნაგებობა, რომლის ექსპლუატაციაც არ იყო საფრთხის შემცველი მშენებლობის განხორციელებამდე და მესაკუთრეები ჩვეულებრივ სარგებლობდნენ ამ ნაგებობით.

5.2.10. პალატა მიიჩნია, რომ მოპასუხემ მშენებლობის უნებართვოდ (ნებართვის მოგვიანებით მიღებისა და მისი ნაწილის ბათილად ცნობის შემდეგ) განხორციელებით დაარღვია კანონი, არ დაემორჩილა სპეციალურ რეგულაციებს, რომელიც მას მშენებლობის დაწყებამდე გარკვეულ ვალდებულებებს უწესებდა. პალატამ მიუთითა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის კვლევა უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მომზადებამდე… ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს იმ არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც დაგეგმილია მშენებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა. მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია ასეთი ფაქტის დადასტურებისას: ა) საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაციისა და დაზიანების გამოსწორება, მაშინ მოახდინოს შესაბამისი კომპენსირება მოსაზღვრე დაზიანებული შენობანაგებობის მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებარე შენობა-ნაგებობების დამკვეთებმა წინა საპროექტო სამუშაოების დროს, საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩაატარონ მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მდგრადობის სათანადო კვლევა მისი მდგომარეობის დაფიქსირებისათვის, განსაზღვრონ არსებულ ობიექტებზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესაძლო ზემოქმედების ხარისხი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დაპროექტებისათვის უფლებამოსილმა შესაბამისმა პირმა, თუ ამის საფუძველს იძლევა კვლევების შედეგები, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში უნდა გაითვალისწინოს სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას.

5.2.11. პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს არ მოუხდენია მოსარჩელის კუთვნილ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც ახორციელებდა მშენებლობას, არ მოუხდენია მოსარჩელის კუთვნილი ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა, არ განუხორციელებია ყველა საჭირო ღანისძიება, უფრო მეტიც, მოპასუხემ მშენებლობის დიდი ნაწილი უნებარვოდ აწარმოა და ნებართვის მისაღებად მხოლოდ მას შემდეგ მიმართ შესაბამის სამსახურს, რაც მოსარჩელე ხ.შ–ძემ 2018 წლის 21 ივნისს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება წარადგინა და მოითხოვა უნებართვო მშენებლობაზე რეაგირება.

5.2.12. სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის N383 ბრძანებით დაკმაყოფილდა ქ.კ–ძის 2018 წლის 25 ივნისის განცხადება და დამტკიცდა ქ. ბათუმში, ...... მდებარე 253 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ .....) საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, შეთანხმებულ იქნა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის არქიტექტორული პირობები და მოპასუხის სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, მაგრამ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 ივლისის N2358 ბრძანებით, ზემოაღნიშნული N383 ბრძანების მოქმედება შეჩერდა, ხოლო, 2018 წლის 9 აგვისტოს N2502 ბრძანებით, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი. მიუხდავად ამისა, მოპასუხემ სამშენებლო სამუშაოები გააგრძელა ნებართვის გარეშე, რის თაობაზეც, 2018 წლის 27 ივლისს და 31 ივლისს შსს მთავარი სამმართველოს შესაბამისი განყოფილების მიერ შედგა რეაგირების ოქმი. ამავე ოქმით დადასტურდა მოპასუხის მხრიდან უკანონო მშენებლობის განხორციელების (გაგრძელების) ფაქტი. ხოლო უკანონოდ განხორციელებული მშენებლობით კი, დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვერავითარ გავლენას ვერ ახდენდა აპელანტის მთავარი არგუმენტი იმის შესახებ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები მასზედ, რომ დაზიანებები გამოწვეული იყო ქ. ბათუმში, ........ მდებარე შენობის მიშენებული ნაწილის მძიმე ტექნიკით დემონტაჟის დროს გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით და უშუალოდ მომიჯნავედ მდებარე მშენებარე სამსართულიანი შენობიდან გრუნტზე გადაცემული დატვირთვებით. პალატამ მიიჩნია, რომ ასეც რომ ყოფილიყო, ეს მოპასუხეს პასუხისმგებლობას ვერ აარიდებდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის დაუცველად წარმოებული მშენებლობით გამოწვეული შედავებული და სხვა მტკიცებულებებითაც დასაბუთებული ზიანისთვის.

5.2.13. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 408-ე და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 35-ე მუხლით დადგენილი ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 73641 ლარით განისაზღვრა. აქვე პალატამ სრულიად ერთმნიშვნელოვნად განმარტა (აპელანტის პოზიციის საპირისპიროდ), რომ რა თქმა უნდა მხოლოდ ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შეუთავსებელი მოქმედებები და მხოლოდ საჯარო კანონმდებლობის დარღვევა არ გამხდარა მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, არამედ ის უტყუარი მტკიცებულებები (საექსპერტო დასკვნები და ა.შ.), რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდნენ მოპასუხის ბრალეულობას დამდგარ შედეგში.

5.2.14. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელემ სრულად ზიდა მტკიცების ტვირთი, მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით, ხოლო აპელანტს (მოპასუხეს) არ წარუდგენია მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო მტკიცებულებები. ამასთან, აპელანტის მიერ, სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება პალატამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არსებობისა და საქმის განხილვის სათანადო საპროცესო ეტაპზე, მოპასუხის მიერ, თავისივე ინტერესების განუხორციელებლობის გამო.

5.2.15. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქ.კ–ძის მიერ განხორციელებულ მშენებლობასა და დამდგარ შედეგს შორის, რასაც უტყუარად ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი, სხვადასხვა მხარის ინიციატივით ჩატარებული სამივე ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც დგინდებოდა, რომ განხორციელებულმა მშენებლობამ გამოიწვია მოსარჩელეთა კუთვნილი ნაგებობის დაზიანება, რომ ქ.კ–ძის მიერ მშენებლობის დიდი ნაწილი უნებართვოდ, მშენებლობის მიმდებარედ არსებული ნაგებობის საძირკვლის მოწყობის თანმიმდევრობის, გამაგრების ან მიმდებარედ არსებული შენობების უსაფრთხოებისათვის რაიმე ღონისძიებების ჩატარების გარეშე განხორციელდა.

5.2.16. სააპელაციო პალატის შეფასებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ წარადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები, რომელთა ყოველმხრივი შესწავლის შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ სახეზე იყო დელიქტიდან გამომდინარე მოვალისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა, რადგანაც ზიანის მიმყენებელმა საკუთარი ქმედების მართლზომიერება ვერ დაამტკიცა. წარმოდგენილი დასკვნების საპირწონედ მოპასუხეს არ წარუდგენია ბრალის გამაქარწყლებელი ან მის ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის გამომრიცხველი მტკიცებულებები. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 73641 ლარის გადახდა.

5.2.17. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძვლები, რაც გამორიცხავდა აპელანტის/მოპასუხის - ქ.კ–ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, პალატა მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ქ.კ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

6.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება, რომ მოსარჩელის საკუთრების დაზიანება გამოიწვია მოპასუხის მიერ განხორციელებულმა მშენებლობამ, ეფუძვნება სსიპ ლევან სამახრაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტზის დასკვნებს, რომლებიც ადგენს, რომ დაზიანება გამოიწვია მოპასუხის მიერ შენობის დემონტაჟის მძიმე ტექნიკით განხორციელებამ და ახალი მშენებლობიდან გამომდინარე გრუნტზე გადაცემულმა დატვირთვებმა. ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნები, ხოლო, მათზე დაფუძნებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება კასატორის მოსაზრებით უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1.2. დადასტურებულია, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება გამოიწვია მოპასუხის მიერ შენობის დემონტაჟის მძიმე ტექნიკით განხორციელებამ და მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობიდან გამომდინარე გრუნტზე გადაცემულმა დატვირთვებმა. იმისათვის, რომ ასეთ დასკვნას დაეყრდნოს სასამართლოს გადაწყვეტილება, სავალდებულოა, რომ სასამართლოს განხილვისას არ დადასტურდეს იმის საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები, რაც მითითებულია ექსპერტიზის დასკვნაში. განსახილველ შემთხვევაში, თავად ექსპერტის ჩვენებით დადასტურდა იმის საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები, რაც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული. კერძოდ, საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, ექსპერტმა განაცხადა, რომ უშუალოდ მას არ დაუდგენია რა მეთოდით და რა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განახორციელა მოპასუხემ მის საკუთრებაში არსებული შენობის დემონტაჟი. მისივე განმარტებით, ამ ნაწილში იგი დაეყრდნო მოსარჩელეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც მოპასუხე მხარესთან აღარ გადაუმოწმებია. ანუ, ექსპერტმა კატეგორიულად კი განაცხადა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება გამოიწვია მოპასუხის მიერ მის საკუთრებაში არსებული შენობის მძინე ტექნიკით დემონტაჟმა, მაგრამ აღნიშნული, როგორც ფაქტობრივი გარემოება თავად მას არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია. აღნიშნული საკმარისია საიმისოდ, რომ ექსპერტიზის დასკვები არ ჩაითვალოს სათანადო მტკიცებულებებად, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, დადასტურდა, რომ მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებული შენობის დემონტაჟისათვის არ გამოუყენებია მძიმე ტექნიკა. აღნიშნული გარემოება საბოლოოდ საკმარისი საფუძველი იყო საიმისოდ, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ მიჩნეულიყო ვალიდურ მტკიცებულებად. ცხადია ეს გარემოება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვისაც ნათელი იყო, ამიტომაც სასამართლომ ექსპერტის დაკითხვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმის გარკვევას, მოპასუხის მიერ მის საკუთრებაში არსებული შენობის დემონტაჟი რომ არ განხორციელებულიყო მძიმე ტექნიკის გამოყენებით, მოპასუხის მიერ განხორციელებული დემონტაჟი გამოიწვევდა თუ არა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებას. ამ კითხვაზე ექსპერტმა განაცხადა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანება იმ შემთხვევაშიც მოხდებოდა, მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებული შენობის დემონტაჟი მძიმე ტექნიკით გამოყენებით რომც არ განეხორციელებია. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნა იმ ნაწილში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება გამოიწვია მოპასუხის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების მძიმე ტექნიკით დემონტაჟმა, არ არის დასაბუთებული. მოპასუხე მხარეს კი მიაჩნია, რომ შეუძლებელია ექსპერტის დაკითხვით დასაბუთებული გახდეს ექსპერტიზის დასკვნა, რადგან ექსპერტის ჩვენებით ექსპერტიზის დასკვნის ცალკეული ნაწილები კი არ ივსება ან არ განიმარტება, არამედ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულისაგან საერთოდ განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები დგინდება. ამიტომ, რადგან ექსპერტის ჩვენებით დადგინდა ექსპერტიზის დასკვნისაგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები, თუ რა შედეგები გამოიწვია ამ ფაქტობრივმა გარემოებებმა, კასატორის მოსაზრებით, უნდა დადგინდეს არა ექსპერტის ჩვენებით, არამედ თავად ექსპერტიზით, რის გამოც მოპასუხე დამატებითი ექსპერტიზის დანიშნვას ითხოვდა, თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

6.1.3. კასატორის მოსაზრებით დაუსაბუთებელია ასევე, ექსპერტიზის დასკვნა იმ ნაწილში, რომლის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება გამოიწვია მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობით გრუნტზე გადაცემულმა დატვირთვებმა. კასატორის მითითებით, ამ ნაწილში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობის შედეგად არც ქვაბული ამოღებულა და არც ხიმინჯივანი საძირკველი მოწყობილა, რადგან მოპასუხის მიერ აშენდა სამსართულიანი შენობა, რომლის მხოლოდ პირველი და მეორე სართულია კაპიტალური, ხოლო მესამე სართული არის არაკაპიტალური კონსტრუქციის. კასატორის განმარტებით, როდესაც ექსპერტს დაესვა კითხვა მასზედ, მოპასუხის მიერ აშენებული შენობის მოცულობისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ პირველი სართულის იატაკის დასხმის ფილა მოეწყო გრუნტზე, რა დატვირთვები შეიძლება გადასცემოდა მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობით, ექსპერტმა კონკრეტული პასუხი კი არ გასცა, ზოგადად აღნიშნა, რომ ნებისმიერი მშენებლობა, მიმდებარედ არსებულ შენობებზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა. უფრო მეტიც, სხვა საკითხებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე ჩვენების მიცემისას, ექსპერტმა აღნიშნა, რომ როდესაც იგი იმყოფებოდა ადგილზე, მოპასუხეს მხოლოდ ერთი სართული ჰქონდა აშენებული. ამ მოცემულობაში, ცალსახად დგინდება, რომ დაუსაბუთებელია ექსპერტიზის დასკვნა იმ ნაწილში, რომლის თანახმად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანება გამოიწვია მოსარჩელის მიერ განხორციელებული მშენებლობით გრუნტზე გადაცემულმა დატვირთვებმა. ანუ, კასატორის მოსაზრებით, ამ შემთხვევაშიც, ექსპერტის ჩვენებით დადასტურდა ექსპერტიზის დასკვნისაგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საჭიროებდნენ კვლევას და შეფასებას, ეს კი შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ ექსპერტიზის ფარგლებში. იმ ფონზე, როცა ექსპერტიზის დასკვნა არის დაუსაბუთებელი, მას არ შეიძლება ეყრდნობოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამ მოცემულობაში გამოდის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების დაზიანება დადგენილად ჩათვალა მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგადად ნებისმიერი მშენებლობა ნებისმიერ შემთხვევაში გავლენას ახდენს მიმდებარედ არსებულ შენობებზე. ეს პრინციპი გასაგებია და ამ პრინციპს არც მოპასუხე მხარე უარყოფს, მაგრამ სადავო საკითხის რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადასაწყვეტად მხოლოდ ეს პრინციპი არ არის საკმარისი, არამედ ზუსტად უნდა დადგინდეს, რა გავლენა მოახდინა მშენებლობამ მიმდებარედ არსებულ შენობებზე. ეს კი უნდა დადგინდეს მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნით. მოპასუხე მხარე თანახმა იყო დაკისრებოდა მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურება, თუმცა იმ ფარგლებში, რაც მოპასუხემ მიაყენა მოსარჩელეს და არა იმ ოდენობით, რამდენსაც მოსარჩელე ითხოვდა და რომელიც მისი მოსაზრებით, ვერ მტკიცდება დასაშვები მტკიცებულებებით.

6.1.4. კასატორის განმარტებით, იმის გამო, რომ ექსპერტიზის დასკვნებით ვერ დგინდება მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობებზე ზემოქმედების ზუსტი ფარგლები, ანუ განსაზღვრული არ არის ის დაზიანებები, რაც გამოიწვია მოპასუხის მშენებლობამ, საფუძვლიანად ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი, რადგან ეს დოკუმენტი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი კაპიტალური შენობის აშენებას და კაპიტალური რემონტის ჩატარებას. ამ შეფასებას არ ცვლის ის გარემოება, რომ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ საწინააღმდეგო მტკიცებულება არ არის წარდგენილი. ეს კითხვა სასამართლო სხდომაზეც დაისვა, რაზეც მოპასუხე მხარის პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ სანამ არ დადგინდება მოპასუხის მიერ განხორციელებული სამშენებლო საქმიანობით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე ზეგავლენის ფარგლები, მანამ დაზიანების აღმოფხვრის სახარჯთაღრიცხო დოკუმენტი არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ხოლო როცა დადგინდება ხსენებული ზეგავლენა, სახარჯთაღიცხვო დოკუმენტიდან გამოყენებული უნდა იქნას ის ნაწილი, რომლებიც ითვალისწინებს დადგენილი ზაგევლენის აღმოფხრას, ხოლო თუ ასეთი გამოცალკევება შეუძლებელია, უნდა დაინიშნოს დამატებითი ექსპერტიზა.

6.1.5. კასატორის მოსაზრებით, გარდა იმ გარემოებისა, რომ სანამ მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობაზე ზეგავლენის ფარგლები დაუდგენელია, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ვერ ჩაითვლება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის საკმარის მტკიცებულებად, აღნიშნული დოკუმენტი ამის გარეშეც უსაფუძვლოა. კერძოდ, კასატორის განმარტებით, ზიანის ანაზღაურება ნიშნავს, რომ ზიანის მიმყენებელმა უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც არ იარსებებდა, ზიანის მიყენების ფაქტი რომ არ დამდგარიყო. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობაზე ზიანი რომც არ მიყენებულიყო მოპასუხის მიერ ნაწარმოები მშენებლობით, ამ შენობის სიცოცხლისუნარიანობა რამოდენიმე წელს შეადგენდა, რომელიც ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ორნიშნა ციფრი, ამასთან, ეს შენობა-ნაგებობა ბზარების გარეშეც საჭიროებდა კაპიტალურ რემონტს, რადგან არსებული რემონტი იყო ძალიან დიდი ხნის, რის გამოც მთლიანად გაცვეთილი იყო რემონტი. გარდა ამისა, ეს შენობა ისე იყო აშენებული, რომ მას არც საძირკველი ჰქონდა, არც მონოლითური სვეტები და არც მონოლითური რიგელები. დაზიანებული შენობის დიდი ნაწილი იყო ტერასა, რომლის გადახურვაც მწყობრიდან იყო გამოსული, რაც ყოველგვარი გარე ფაქტორის ზემოქმედების გარეშე, ხანდაზმულობით მიყენებულ დაზიანებებს წარმოადგენდა. წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი კი, ახალი შენობის მშენებლობას ითვალისწინებს მონოლითური საძირკვლის მოწყობით, ასევე ითვალისწინებს მონოლითურ სვეტებს და რიგელებს, ორმაგი არმირების დასხმის ფილის მოწყობას, ტერასის გადახურვას მაღალი ხარისხის თუნუქის ფურცლებით და რემონტის ჩატარებას მაღალი ხარისხის მასალის გამოყენებით. ანუ, ამ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტით ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა კი არ ხდება, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ხორციელდება. ამიტომაც, აუცილებელი იყო, რომ პირველ რიგში დადგენილიყო მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სახლზე ზეგავლენის ფარგლები, ხოლო შემდეგ, ზუსტად განსაზღვრულიყო ის სამშენებლო სამუშაოები, რაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის იქნებოდა საჭირო და არა პირვანდელ მდგომარეობაზე ბევრად უკეთესი მდგომარეობის აღდგენისათვის. მათ შორის, სავალდებულო იყო დადგენილიყო, რომ არა მოპასუხის მიერ ნაწარმოები მშენებლობის ზეგავლენა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, რამდენი წელს შეადგენდა ამ შენობის სიცოცხლისუნარიანობა და უნდა შეფასებულიყო მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ხარჯები, ხოლო, უფრო კარგი და კომფორტული შენობის ასაშენებლად საჭირო დამატებითი ხარჯები კი, თავად მოსარჩელემ უნდა გაიღოს.

6.1.6. კასატორის განმარტებით, იმ ზიანის აღმოსაფხვრელად, რაც შეიძლება მოსარჩელეს მისდგომოდა მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობის შედეგად, საკმარისი იყო 15000-დან 20000-მდე ლარამდე ანაზღაურება, რასაც ადასტურებს თავად მოსარჩელის თავდაპირველი მოთხოვნაც, რომლითაც მოსარჩელე 15000 ლარის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით მოსარჩელისათვის 35000 ლარის გადახდა შესთავაზა, მოპასუხე მხარე თანახმაა მოსარჩელეს გადაუხადოს აღნიშნული ოდენობის თანხა. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას კასატორი დარჩენილ - 38641 ლარის ნაწილში ასაჩივრებს.

6.1.7. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ასევე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილის დასაბუთება ძირითადად ეფუძნება პროცესუალურ ნორმებს, რომ მოპასუხე მხარეს პირველ ინსტანციაში არ ჰქონდა წარმოდგენილი მსგავსი მოთხოვნები. კასატორის მითითებით, საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას თავად ექსპერტის ჩვენებით რომ არ დადასტურებულიყო მის მიერვე შედგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულის საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები, გამართლებული იქნებოდა დამატებითი ექსპერტიზის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების დასაბუთება ძირითადად პროცესუალური ნორმებით, მაგრამ, რადგან თავად ექსპერტის ჩვენებით დადგინდა, მის მიერვე შედგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულის საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები, სავალდებულო გახდა ამ გარემოებების კვლევა და შეფასება, რაც შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზის ფარგლებში. ამ მოცემულობაში არანაირ პროცესუალურ-პროცედურულ ნაწილს მნიშვნელობა აღარ აქვს, მათ შორის არც იმას, მოპასუხე მხარემ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას დააყენა თუ არა შუამდგომლობები დამატებითი ექსპერტიზების დანიშვნის თაობაზე. მეტიც, თუ დადასტურდა, რომ საქმეზე დასანიშნია ექსპერტიზა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მხარემ არათუ პირველ ინსტანციაში, არამედ საერთოდ სასამართლოს წინაშე დააყენა თუ არა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, თუ არსებობს მსგავსი საჭიროება, სასამართლო თავად, საკუთარი ინიციატივით ნიშნავს ექსპერტიზას. კასატორის მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, ქ.კ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელნი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

13. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: №ას- 15-29-1443-2012; №ას-973-1208-04; №ას- 664-635-2016).

14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მეზობელ ნაკვეთზე განთავსებული შენობის დემონტაჟისა და მშენებლობის შედეგად, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე (I) (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან), 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408-ე (I) (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ შექმნილიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები წარმოადგენს.

15. ამდენად, განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ საქმეზე №ას-72-72-2018, 15.02.2018 წ.) შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.

16. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ ზიანი მოპასუხის ქმედებითაა გამოწვეული (მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის)

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გაცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, არ უნდა მიჩნეულიყო ვალიდურ მტკიცებულებად, რადგან დასკვნა იმ ნაწილში, რომელიც ადგენდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება გამოიწვია მოპასუხის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების მძიმე ტექნიკით დემონტაჟმა ან/და მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობით გრუნტზე გადაცემულმა დატვირთვებმა, არ იყო დასაბუთებული, რამეთუ აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებები, დასკვნის შემდგენი ექსპერტის ჩვენებითვე დასტურდებოდა, თუმცა, ამ პოზიციის მიუხედავად, ამავე საკასაციო საჩივრით, კასატორმა ექსპერტიზის დასკვნებში აღწერილი დაზიანებების მიმართ საკუთარი ბრალეულობა ნაწილობრივ აღიარა და მიუთითა, რომ იმ ზიანის აღმოსაფხვრელად, რაც შეიძლება მოსარჩელეს მისდგომოდა მის მიერ განხორციელებული მშენებლობის შედეგად, საკმარისი იყო 15000-დან 20000-მდე, თუმცა თანახმაა მოსარჩელეს გადაუხადოს 35000 ლარი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასაჩივრებს 38641 ლარის ნაწილში, იმაზე მითითებით, რომ დასადგენია მოსარჩელეთა კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის ქმედებების შედეგად განხორციელებული ზემოქმედების ფარგლები. აქედან გამომდინარე, სადავო საკითხია მოსარჩელეთა კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის ქმედებების შედეგად განხორციელებული ზემოქმედების ფარგლები და მოპასუხისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობის მართლზომიერება.

18. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი მოპასუხის მიერ განხორციელებული დემონტაჟისა და მშენებლობის შედეგად მოსარჩელეთა კერძო საკუთრებაზე ზიანის მიყენების ფაქტს ნაწილობრივ ადასტურებს, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გამორკვევის მიზნით, აუცილებელია სრულად შეფასდეს საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები.

18.1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 09 იანვრის N000101619 დასკვნაში ექსპერტი ცალსახად და იმპერატიულად ადასტურებს, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანებები (რაც ასახულია თავად ექსპერტიზის დასკვნებში) გამოწვეულია ქ. ბათუმში, ...... მდებარე შენობის მიშენებული ნაწილის მძიმე ტექნიკით დემონტაჟის დროს გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით და უშუალოდ მომიჯნავედ მდებარე მშენებარე სამსართულიანი შენობიდან გრუნტზე გადაცემული დატვირთვებით. ამ დასკვნასთან სრულ შესაბამისობაშია ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით მომზადებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 06 დეკემბრის N008450119 დასკვნა.

18.2. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა პ.მ–მა (2019 წლის 9 იანვრის N000101619 დასკვნის და 06 დეკემბრის N008450119 დასკვნის ავტორი) დაადასტურა მის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და დაადასტურა სადავო შენობის აღდგენის შეუძლებლობა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის სხდომის ოქმი, დრო - 16:36:34, 16:59:53). მნიშვნელოვანია ასევე ამავე ექსპერტის მითითება იმაზე, რომ ხელითაც რომ განხორციელებულიყო დემონტაჟი, დასანგრევად საჭირო ვიბრაციული დარტყმების გარეშე დემონტაჟის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რაც ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანება გამოიწვია როგორც მეზობელი შენობის ნაწილის დემონტაჟმა, ისე, ახალი სახლის მშენებლობით გამოწვეულმა გრუნტის შეუსაბამო დატვირთვამ.

18.3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნებთან შესაბამისობაშია ასევე მოპასუხე ქ.კ–ძის დაკვეთით ჩატარებული, ქ. ბათუმში, .... ქ. N57-ში და N59-ში განთავსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის შენობების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 9 ივნისს შედგენილი საექსპერტო დასკვნაც, რომლის თანახმად, შენობებზე ჩატარებული კვლევისას, ძირითადად დაფიქსირდა შემდეგი სახის დაზიანებები და ბზარები: 1) ბზარი N1 შენობის (მოსარჩელის საკუთრება) გარე კედელზე, არსებულ და მიშენებულ ნაწილებს შორის, რომელიც წარმოადგენს ჯდენის ნაკერში განვითარებულ ბზარს, რაც ლოგიკურია და შენობის საერთო მდგრადობაზე გავლენას არ ახდენს; მოსალოდნელია მისი შემდგომი განვითარება სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად და მისი და ახალი ჯდენის პროცესის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს მათი აღმოფხვრა, გარემონტების ხარჯზე; 2) ბზარი N1 შენობის შიდა კედელზე და კედლის ხის ჭერთან შეერთების ადგილას, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია მეზობელი N2 შენობის ნაწილის დემონტაჟით. მოსალოდნელია აღნიშნული ბზარის შემდგომი პროგრესირება და საჭიროა ჭერის შეცვლა, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ; 3) ბზარები და დაზიანებები N2 შენობის (მოპასუხის საკუთრება) მომიჯნავე და გვერდითი კედლის წყობაში, რაც გამოწვეულია ახალი მშენებლობით და მოსალოდნელია მათი შემდგომი განვითარება და საჭიროა აღმოფხვრა განხორციელდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ (ტ.1 ს.ფ.72-75).

18.4. ნიშანდობლივია ზემოაღნიშნული დასკვნის ავტორის, ექსპერტის - რ.კ–ძის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ, 2018 წლის 9 ივნისის საექსპერტო დასკვნის შედგენა იმ დროისთვის არსებული შენობის ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე მოხდა, მაშინ, როდესაც განხორციელებული იყო შენობის დემონტაჟი და მიმდინარეობდა ლენტური საძირკვლის მოწყობა. მან დასკვნაში გარკვევით მიუთითა, რომ მოსალოდნელი იყო აღნიშნული ბზარის შემდგომი პროგრესირება, შესაბამისად, თუ 2018 წლისთვის შენობის საერთო მდგრადობა და სიმყარე შენარჩუნებული იყო, წელიწადნახევრის შემდეგ სრულიად შესაძლებელი იყო, დაზიანებების ისე განვითარება, რომ დემონტაჟისა და ახალი მშენებლობის გარეშე შეუძლებელი გამხდარიყო არსებული ნაგებობის აღდგენა (იხ. 2021 წლის 01 ივნისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, დრო - 13:39:47, 13:52:18).

18.5. იგივეს ადასტურებს შპს „ს.კ.ქ–ის“ მიერ, 2019 წლის 09 აპრილს შედგენილი, ქ. ბათუმში, ..... ქ. N57-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟზე განმარტებითი ბარათი, რომელიც შედგენილია პროექტის ავტორის, სპეციალისტის გ. ც–ის მიერ და რომელშიც აღნიშნულია, რომ: „შენობაზე ვიზუალურად შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს მზიდი კედლებისა და კონსტრუქციების დაზიანებები, ბზარები, შენობის ნაწილი გადახრილია და დამჯდარია, რამაც გამოიწვია შენობის დაზიანებები, საცხოვრებლად შენობა შეუსაბამოა და სეისმურადაც და კონსტრუქციული თვალსაზრისით შენობის დამკავებლებისთვის წარმოადგენს სასიცოცხლო საფრთხეს, შენობის ეს ნაწილი არ ექვემდებარება გამაგრებას და საჭიროა დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი და მისი ხელახლად აშენება“ (ტ.2, .ს.ფ. 17).

18.6. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციული აქტის გამომცემმა ორგანომ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ქ.კ–ძემ მშენებლობის ნებართვის გაცემა მოითხოვა 2018 წლის 25 ივნისს, მას შემდეგ, რაც სარეკონსტრუქციო ფართზე განახორციელა უკანონო მშენებლობა. დადგენილია, რომ მოპასუხის სახელზე მშენებლობის ნებართვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 ივნისის N383 ბრძანებით გაიცა, თუმცა, 2018 წლის 06 ივლისს, დაუყოვნებლივ შეჩერდა ზემოაღნიშნული ბრძანების მოქმედება ერთი თვის ვადით. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების მოქმედების შეჩერების მიუხედავად, მოპასუხემ სამშენებლო სამუშაოები მაინც გააგრძელა, რაც 2018 წლის 27 და 31 ივლისს, შსს მთავარი სამმართველოს შესაბამისი განყოფილების მხრიდან რეაგირების ოქმის შედგენის საფუძველი გახდა, რითაც მოპასუხის მხრიდან უკანონო მშენებლობის განხორციელების (გაგრძელების) ფაქტი დადასტურდა. დადგენილია ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 09 აგვისტოს N2502 ბრძანებით, ნაწილობრივ ბათილად გამოცხადდა 2018 წლის 28 ივნისის N383 ბრძანება - მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე და მესამე სტადიისათვის გათვალისწინებული დოკუმენტაციის ნაწილში. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ უკანონო მშენებლობა (რეკონსტრუქცია) დაიწყო და გააგრძელა შესაბამისი ნებართვის გარეშე. მოპასუხის მიერ დემონტაჟის/მშენებლობის დაწყებისა და განხორციელების დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 35-ე მუხლის თანახმად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელი იყო, რომ მოპასუხეს, როგორც დამკვეთს, მომიჯნავედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა გამოეკვლია, დაზიანებები დაეფიქსირებინა და მშენებლობის პროცესის ტექნიკური მონიტორინგი განეხორციელებინა (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 წლის №139 დადგენილებით), თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდება მსგავსი კვლევის ჩატარების ფაქტი. ყოველივე ეს მოპასუხის მტკიცების ტვირთზე უარყოფით გავლენას ახდენს და უსაფუძვლოს ხდის პრეტენზიას მასზედ, რომ ექსპერტიზის დასკვნებით ვერ დგინდება მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობებზე ზემოქმედების ზუსტი ფარგლები.

18.7. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია შპს „ს.კ.ქ–ის“ მიერ, 2019 წლის 09 აპრილს შედგენილი, ქ. ბათუმში, ...... ქ. N57-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟისა და აღდგენა-რეკონსტრუქციის ღირებულების შესახებ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 17590 ლარს, აქედან: 12550 ლარი არის პირდაპირი დანახარჯი, ზედნადები ხარჯები -1255 ლარი, სახარჯთაღრიცხვო მოგება - 1104 ლარი, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადი - 2680 ლარი. საცხოვრებელი სახლის მიშენების აღდგენა-რეკონსტრუქციის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაა შეადგენს 85640 ლარს, აქედან: პირდაპირი დანახარჯი - 61091 ლარი, ზედნადები ხარჯები - 6109 ლარი, სახარჯთაღრიცხვო მოგება - 5376 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი 13060 ლარი (ტ.2 ს.ფ. 8-58).

19. პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი, სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, რომელსაც მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების დადასტურება ევალებოდა, წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომელთა ურთიერთშეჯერების შედეგად, უტყუარად დგინდება, რომ მოსარჩელეთა კუთვნილმა საცხოვრებელმა სახლმა მეზობელ (მოპასუხის) მიწის ნაკვეთზე შესაბამისი გამოკვლევებისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული შენობის დემონტაჟისა და მშენებლობის გამო იმგვარი დაზიანება მიიღო, რომ დემონტაჟისა და ახალი მშენებლობის გარეშე შეუძლებელია არსებული ნაგებობის აღდგენა. ამასთან, მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის მიზნით, საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები. ხსენებული მტკიცებულებები, მხარეთა და ექსპერტთა განმარტებებთან ერთად, საკასაციო პალატას უქმნის გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება სწორედ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა და მას მართებულად დაეკისრა 73641 ლარის ანაზღაურება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაკისრებული 73641 ლარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განისაზღვრა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებში დათვლილი დემონტაჟისა და აღდგენა-რეკონსტრუქციის ღირებულების შემცირების შედეგად. ამის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ოდენობა სრულად მის მიერ გადასახდელ თანხას არ წარმოადგენს. ამ კუთხით, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დაანგარიშებული ზიანის ოდენობა საქმეში არსებული სხვა სახის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის და თავის მხრივ, მოპასუხეს (კასატორს) რაიმე სახის საპირისპირო მტკიცებულება, რომელიც საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანების ღირებულებას სხვაგვარად გამოთვლიდა, არ წარმოუდგენია. საქმეში საწინააღმდეგო მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში კი, სასამართლოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა შპს „ს.კ.ქ–ის“ სპეციალისტმა ნ.დ–ძემ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა და განმარტა ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ თითოეული კომპონენტი და გასაწევი დანახარჯის საბაზრო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ საქმეში წარმოდგენილი იქნებოდა სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც გაქარწყლდებოდა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები, საკითხის სწორად შეფასების მიზნებისათვის, სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლზე დაყრდნობით დანიშნავდა ექსპერტიზას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება მეორე მხარემ სარწმუნოდ ვერ გააქარწყლა და არც სასამართლოს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი დოკუმენტების არასარწმუნოობასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში, ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა არ არსებობდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად არაერთი მტკიცებულება წარმოადგინა, მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადავიდა და სწორედ იგი გახდა ვალდებული რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით ემტკიცებინა, რომ ზოგადად ზიანის ანაზღაურების მასზე დაკისრების ანდა შესაბამისი ოდენობით დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ განხორციელებულა.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიყენებული ზიანის დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ მის მტკიცების საგანში შემავალი ყველა ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვერც მისი ბრალის გამომრიცხველი გარემოებების დადასტურება და ვერც ზიანის ოდენობის გამაქარწყლებელი ან მის მიერ მითითებულ ოდენობამდე შემცირების აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.

21. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ასევე ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. კასატორი განჩინების უსაფუძვლობას ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, თავად ექსპერტის ჩვენებით დადასტურდა იმის საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები, რაც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული. კერძოდ, ექსპერტმა განაცხადა, რომ უშუალოდ მას არ დაუდგენია რა მეთოდით და რა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განახორციელა მოპასუხემ მის საკუთრებაში არსებული შენობის დემონტაჟი. ანუ, ექსპერტმა დასკვნაში კატეგორიულად კი განაცხადა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება გამოიწვია მოპასუხის მიერ მის საკუთრებაში არსებული შენობის მძიმე ტექნიკით დემონტაჟმა, მაგრამ აღნიშნული, როგორც ფაქტობრივი გარემოება თავად მას არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია. ამდენად, რადგან თავად ექსპერტის ჩვენებით დადგინდა, მის მიერვე შედგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულის საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები, კასატორის მოსაზრებით, სავალდებულო გახდა ამ გარემოებების კვლევა და შეფასება, რაც შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზის ფარგლებში. ამ მოცემულობაში კასატორის მითითებით, არანაირ პროცესუალურ-პროცედურულ ნაწილს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მათ შორის, არც იმას, მოპასუხე მხარემ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას დააყენა თუ არა შუამდგომლობები დამატებითი ექსპერტიზების დანიშვნის თაობაზე.

21.1. კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც განმარტებულია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეს განჩინება, მართალია, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ დასაშვებ მტკიცებულებას, რომლის წარდგენის ვალდებულება, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესბამისად, ეკისრება მხარეს. სასამართლო, პროცესის შეჯიბრებითობის გამო, არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს მტკიცებულებათა შეგროვების პროცესში, მას მხოლოდ მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია გამოითხოვოს იგი. ამასთან, გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:

ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის საკითხს და ამოსავალი პრინციპი ამ დროს არის ის, რომ საქმის გადაწყვეტისათვის საკვლევი საკითხის დადგენას უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ხოლო სასამართლოს არ უნდა გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა.

ბ) საპროცესო კანონმდებლობა ადგენს შეზღუდული აპელაციის პრინციპს (იხ. სსსკ-ის 380.2 მუხლი), რომლის თანახმადაც, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ახალი ფაქტებისა თუ მტკიცებულებების მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში დაიშვება (იხ. სუსგ საქმეზე №ას-928-893-2016, 09/12/2016 წ.).

21.2. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 09 იანვრის N000101619 და 2019 წლის 06 დეკემბრის N008450119 დასკვნები, რომლებიც მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანებების მიზეზად ქ. ბათუმში, ....ქ. N59-ში მდებარე შენობის მიშენებული ნაწილის მძიმე ტექნიკით დემონტაჟის დროს გამოწვეულ ვიბრაციულ დატვირთვებსა და უშუალოდ მომიჯნავედ მდებარე მშენებარე სამსართულიანი შენობიდან გრუნტზე გადაცემულ დატვირთვებზე მიუთითებდნენ, წარდგენილ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნებში არსებული მითითება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ შენობის მიშენებული ნაწილის დემონტაჟი მძიმე ტექნიკის გამოყენებით განახორციელა, მოპასუხისათვის ცნობილი იყო საქმის პირველი ინსტანციით განხილვის დროისათვისაც, მანამ სანამ სააპელაციო სასამართლოში დაიკითხებოდა ექსპერტი და დასკვნებში შენობის მძიმე ტექნიკით დემონტაჟზე მითითებასთან დაკავშირებით პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მოპასუხეს შეეძლო ანალოგიურ საკითხზე შუამდგომოლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარედგინა, თუმცა, დადგენილია, რომ მოპასუხემ შუამდგომლობით სასამართლოს მხოლოდ სააპელაციო ინსტანციით განხილვის ეტაპზე მიმართა, რის გამოც, უსაფუძვლოა კასატორის მსჯელობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევის შესახებ.

21.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული ექსპერტის პ.მ–ის (2019 წლის 9 იანვრის N000101619 დასკვნის და 06 დეკემბრის N008450119 დასკვნის ავტორი) განმარტებაზე - ხელითაც რომ განხორციელებულიყო დემონტაჟი, დასანგრევად საჭირო ვიბრაციული დარტყმების გარეშე დემონტაჟის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ექსპერტის ეს განმარტება გამორიცხავს კასატორის მიერ მითითებული საფუძვლით დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროებას.

21.4. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ის გარემოებები და მტკიცებულებები რაც საქმეშია წარმოდგენილი, საკმარისი იყო საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად და დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილშიც დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება; დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მისცა და გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, მტკიცების ტვირთის მართებული განაწილების საფუძველზე, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1932.05 ლარის (საგადახდო დავალება 0, გადახდის თარიღი 08.11.2021) 70% – 1352.43 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ქ.კ–ძეს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1932.05 ლარის (საგადახდო დავალება 0, გადახდის თარიღი 08.11.2021) 70% – 1352.43 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი