საქმე №ას-958-2020 31 იანვარი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ჩ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ო–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.2020წ. გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
1. გორის რაიონული სასამართლოს 17.01.2019 წლის გადაწყვეტილებით მ.ჩ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე" ან „კასატორი“) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ.ო–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე") მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1502.27 აშშ დოლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.2020 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოპასუხის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ ემყარება არგუმენტს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დგინდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 2000 აშშ დოლარის სესხად გადაცემის ფაქტი.
3.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 623-ე, 624-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სესხის ხელშკრულების არსებობის დადასტურების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს, ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი - მსესხებელს. ამასთან, ზეპირი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში სასესხო ურთიერთობის არსებობას მოსარჩელე მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, სხვა მტკიცებულებების გარეშე, ვერ დაადასტურებს.
3.3. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების არსებობა უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის არახელსაყრელი შედეგი.
3.4. მოსარჩელის განმარტებით, მასსა და მოპასუხეს შორის დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან მოპასუხეს ასესხა 2000 აშშ დოლარი, რომლის დაბრუნების ვალდებულება ამ უკანასკნელს არ შეუსრულებია.
3.5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობა, რომ მოპასუხე, რომელიც შსს გორის რაიონულ სამმართველოში დაიკითხა მოწმის სახით, წარმოადგენს მხარეს და მის მიერ გამოძიების პროცესში მიცემული განმარტება ვერ განიხილება მოწმის ჩვენებად. თუმცა ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენელმა სადავოდ არ გახადა ამ ჩვენების შინაარსი, იგი შეიძლება შეფასდეს როგორც მხარის წერილობითი განმარტება. რაც შეეხება ქ.მ–ის ჩვენებას, მხარეებს არ მოუთხოვიათ მითითებული პირის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვა, თუმცა არც ამ ოქმის შინაარსი გაუხდიათ სადავოდ და შეფასება მისცეს მას. მოპასუხე მოწმის სახით დაკითხვის ოქმში აცხადებს, რომ მისი მეუღლის დეიდაშვილს - მოსარჩელეს, დაეხმარა თანხის გასესხებაში... მსესხებლებს შეექმნათ ფინანსური პრობლემები, რის გამოც მოსარჩელე ადანაშაულებს მას. რაც შეეხება ქ.მ–ს, მისი განმარტებით, მოსარჩელეს და მოპასუხეს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მაგრამ მოსარჩელეს შეექმნა პრობლემა გასესხებული ფულის დაბრუნებაზე და დაიძაბა ურთიერთობა. ამდენად, დაკითხვის ოქმებიდან არ დგინდება, რომ მოპასუხეს პირადად ჰქონდა მოსარჩელისგან სესხად თანხა მიღებული. ამასთან, აპელანტის განმარტებით, ოქმებში მითითებული სასესხო ურთიერთობა ეხებოდა მოსარჩელეს და მესამე პირებს შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო მოპასუხის დახმარებით (იხ. 30.06.2020წ. სხდომის ოქმი, 16:47:59 სთ). აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს ასევე მოპასუხის დაკითხვის ოქმიდან, ვინაიდან იგი მიუთითებს, რომ დაეხმარა მოსარჩელეს თანხის გასესხებაში, რაც არ უნდა იქნეს გაგებული იმ შინაარსით, რომ თავად ისესხა თანხა. ქ.მ–იც მიუთითებს, რომ უთანხმოების მიზეზი გასესხებული თანხაა და არ აკონკრეტებს, თუ ვინ იყო სასესხო ურთიერთობის მოვალე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ზემოხსენებებული მტკიცებულებები, ასევე მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დახმარების მიზნით გადარიცხული თანხა (30.06.2020წ. სხდომის ოქმი, 16:47:07 სთ) არ შეიძლება მიჩნეულიყო სასესხო ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად.
3.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არცერთი წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 2000 აშშ დოლარის გადაცემისა და ამ უკანასკნელის მიერ ამ თანხის დაბრუნების შესახებ ვალდებულების აღების ფაქტი. კერძოდ, არ არსებობს სსკ-ის 623-ე მუხლის შემადგენლობისთვის აუცილებელი წინაპირობები, ერთი მხრივ, გამსესხებლის მიერ თანხის გადაცემა და, მეორე მხრივ, მსესხებლის მიერ ვალდებულების აღება, რომ დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. გარდა ზემოაღნიშნულისა, არ დგინდება ხელშეკრულების არსებით პირობაზე - თანხის ოდენობაზე, მხარეთა შეთანხმების არსებობა.
3.7. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები, რომ მან მოპასუხეს სესხად გადასცა 2000 აშშ დოლარი და ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება დაებრუნება იმავე რაოდენობის ფულადი თანხა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. სესხის სახით გადაცემული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლი. შესაბამისად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის დაბრუნების მოთხოვნა, თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას (სუსგ №ას-895-2021, 23.12.2021წ.).
9. სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი) (სუსგ №ას-895-2021, 23.12.2021წ.), თუმცა მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის მართებულად განაწილება. ამასთან, კანონმდებელი ზეპირი ფორმით დადებული სასესხო ვალდებულების ნამდვილობისათვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს. თუმცა არც გამორიცხავს ამგვარი მტკიცებულების არსებობასაც, არამედ სავალდებულოდ ადგენს მოწმეთა ჩვენებებთან ერთად სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას, რომელიც ერთობლივად, მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს სასესხო ურთიერთობის შესახებ (მტკიცების საგანი) (სუსგ Nას-683-683-2018, 27.11.2018).
10. მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ საპროცესო ვალდებულების გამიჯვნის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო ურთერთობის მარეგულირებელ როგორც მატერიალურ ისე, საპროცესო სამართლებრივ ნორმაზე, სახელდობრ, სსკ-ის 624-ე მუხლის მე-2 წინადადებაზე, რომელშიც სწორედ ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების თავისებურებებზეა ყურადღება გამახვილებული და დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. იმავე საპროცესო ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს სსსკ-ის 102-ე მუხლიც, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა მტკიცების ტვირთის განსხვავებულ განაწილებას არ გვთავაზობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მატერიალური და საპროცესო ნორმები თანხვედრაშია, რადგან განსახილველ დავაში ისინი მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს არ გვიდგენენ, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია მიუთითოს (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც (მტკიცების ტვირთი) (სუსგ Nას-127-119-2015, 22.07.2015წ.).
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება უშუალოდ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა (სესხის ხელშეკრულების დადება). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება - სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რაც სესხის სახით გადაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ გააბათილა სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, საკასაციო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჩ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. მ.ჩ–ას (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №10006534252, გადახდის თარიღი 21.10.2020წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია