15 ივნისი 2022 წელი
საქმე №ა-1789-გან-3-2022 ქ. თბილისი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ ა.ო–ნი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)
განმცხადებლის მოთხოვნა _ ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხის სასამართლოს განჩინებით დაბრუნება
დავის საგანი _ საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ.ჯ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, კ.ჯ–ძე ცნობილი იქნა ა.ო–ნის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან მდებარე: ქ. თბილისი, ........ 49.28 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის და 13.47 კვ.მ. ფართის მესაკუთრედ (ი/მ ა.ყ–ის მიერ 02.03.2017 წელს შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად). ა.ო–ნის შეგებებული სარჩელი, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით ა.ო–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ა.ო–ნის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. კ.ჯ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კ.ჯ–ძეს ა.ო–ნის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 5 854.03 ა.შ.შ. დოლარის გადახდა და ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ ცნობილი იქნა ა.ო–ნის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. თბილისში ........ (ს/კ ........) 49.28 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის და 13.47 კვ.მ. ფართის მესაკუთრედ (ი/მ ა.ყ–ის მიერ 02.03.2017 წელს შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად). უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება ა.ო–ნის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
4. 2020 წლის 31 ივლისს კ.ჯ–ძემ ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ა.ო–ნის სასარგებლოდ განათავსა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული საკომპენსაციო თანხა - 5 854.03 ა.შ.შ. დოლარი.
5. 2022 წლის 18 თებერვალს ა.ო–ნმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე მის სასარგებლოდ განთავსებული თანხის 5 854.03 ა.შ.შ. დოლარის სასამართლოს განჩინებით გადაცემა.
6. ა.ო–ნის განცხადება სამოქალაქო საქმესთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა 2022 წლის 12 აპრილს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებასა და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4.2, მე-5 და მე-10 მუხლები ადგენს, რომ საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის განთავსების საბუთი.
8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ.ჯ–ძის სარჩელი. კ.ჯ–ძეს ა.ო–ნის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 5854.03 ა.შ.შ. დოლარის გადახდა და ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ იგი ცნობილი იქნა ა.ო–ნის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. თბილისში ....... (ს/კ .......) 49.28 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის და 13.47 კვ.მ. ფართის მესაკუთრედ (ი/მ ა.ყ–ის მიერ 02.03.2017 წელს შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად).
9. დადგენილია, რომ 2020 წლის 31 ივლისს, კ.ჯ–ძემ ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ა.ო–ნის სასარგებლოდ განათავსა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული საკომპენსაციო თანხა - 5 854.03 ა.შ.შ. დოლარი (ტომი 2, ს.ფ. 200).
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან.
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 435-ე მუხლის მიხედვით, დეპონირებული ქონება მოსამართლემ ან ნოტარიუსმა უნდა გადასცეს კრედიტორს.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, კ.ჯ–ძემ, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ა.ო–ნის სასარგებლოდ განათავსა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული საკომპენსაციო თანხა და ა.ო–ნი მოითხოვს აღნიშნული თანხის გადაცემას, განცხადება სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხის კრედიტორისათვის გადაცემის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ო–ნის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. ს.ს.ი.პ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ი.ჯ–ძის (პ/ნ ........) მიერ განთავსებული თანხა - 5854.03 ა.შ.შ. დოლარი (ხუთიათასრვაასორმოცდათოთხმეტი დოლარი და სამი ცენტი) (სალაროს შემოსავლის ორდერი #3591086899, თარიღი 31.07.2020წ.) გადაეცეს ა.ო–ნს (პ/ნ ......).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი