31 მაისი, 2022 წელი
№ას-952-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. ,,ქ.კ.კ–ა"
II კასატორი - შ.პ.ს. ,,ქ.კ.კ–ა"
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“) სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“) მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 70 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს შორის 2014 წლის 30 ივნისს გაფორმდა №488 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებაზე. ხელშეკრულების 15.1. პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა) მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით.
3. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლოს გადახდა 13.01.2015 წლის № 488-5 აქტით 10000 ლარის, №488-6 აქტით 10000 ლარის, 22.01.2015 წლის №488-7 აქტით 10000 ლარის, №488-8 აქტით 10000 ლარის, №488-9 აქტით 10000 ლარის, №488-10 აქტით 10000 ლარის, №488-11 აქტით 10000 ლარის ოდენობით.
4. მოსარჩელის განმარტებით, შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს გაეგზავნა შეტყობინება დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღურების თაობაზე, თუმცა მოპასუხეს თანხა დღემდე არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი:
5.1. შემოწმების №227 აქტში აღნიშნული ეტიკეტირების წესის დარღვევით წარმოებული მაკარონისა და ვერმიშელის შემთხვევის შესახებ მოსარჩელე შემოწმებამდე იყო წერილობით ინფორმირებული, პროდუქტი ერთი და იგივე პარტიით იქნა შეტანილი ყველა სამხედრო ბაზაზე, რის შესახებაც მწარმოებელი გაფრთხილებულ იქნა და პროდუქტი შეიცვალა გამართული ეტიკეტის მქონე ნაწარმით. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 2015 წლის 09 იანვარს;
5.2. შემოწმების №230 აქტში დაფიქსირებულ ყველის ნორმირებულ გაცემას 2014 წლის 11 დეკემბერს ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან „მზარეულის ფორმის“ მიხედვით, ყველის ულუფის რაოდენობა გაიხარჯა არანორმირებულად, კერძოდ, გაიცა 23 სამხედრო მოსამსახურეზე, როცა სასადილოს საქვაბე კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს 20 სამხედრო მოსამსახურეს; ამასთან, შემსყიდველს 2015 წლის 09 იანვრის წერილით განემარტა ყველის შეზღუდული რაოდენობით მიწოდების შესახებ და მოთხოვნილ იქნა, აღნიშნული გარემოება ჩათვლილიყო ხელშეკრულების 13.1. პუნქტით გათვალისწინებულ შესრულების შეფერხებად;
5.3. შემოწმების №230 აქტში განმარტებული ხორცპროდუქტების გამოსავლიანობა არ წარმოადგენს დარღვევას, რაც შეეხება მაკარონისა და ვერმიშელის ეტიკეტირების წესის დარღვევას, აღნიშნული განმარტებული უნდა იქნეს, როგორც ხელშეკრულების შესრულების შეფერხება, რის შესახებაც ეცნობა შემსყიდველს;
5.4. დაჯარიმების აქტი №488-5 და №488-10 გამოცემულია ერთსა და იმავე შემოწმების აქტის (№227) საფუძველზე, ანუ ერთსა და იმავე შემოწმებაზე გამოწერილია ორი სხვადასხვა ჯარიმა, რისი უფლებაც შემსყიდველს არ ჰქონდა;
5.5. №488-7 და №488-9 დაჯარიმების აქტებთან მიმართებით მოპასუხემ განმარტა, რომ არ წარმოადგენდა რუსთავის სასამართლოს განსჯად მოთხოვნებს.
5.6. შემოწმების №234 აქტთან მიმართებით მოპასუხემ განმარტა, რომ კერძები (ვაშლი და თევზი) გაწერილია კვირის მენიუში საამისოდ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით, მენიუ თანხმდება სამხედრო ნაწილის მეთაურთან 1 კვირით ადრე, რაც გულისხმობს შემსყიდველის თანხმობას მენიუში გაწერილ კერძებთან მიმართებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს მიმართ, პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 5500 ლარის გადახდა: - №448-5 აქტიდან გამომდინარე 500 ლარის გადახდა; - №448-6 აქტიდან გამომდინარე 1000 ლარის გადახდა; -№448-7 აქტიდან გამომდინარე 1000 ლარის გადახდა; -№ 448-8 აქტიდან გამომდინარე 1000 ლარის გადახდა; -№ 448-9 აქტიდან გამომდინარე 500 ლარის გადახდა; -№ 448-10 აქტიდან გამომდინარე 500 ლარის გადახდა; -№ 448-11 აქტიდან გამომდინარე 1000 ლარის გადახდა.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-მ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9.1. შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2014 წლის 30 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №488 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“ უზრუნველყოფდა სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, საკუთარი კვების პროდუქტებით (ტრანსპორტირებითა და შენახვის პირობების დაცვით) და მომსახურე პერსონალით, მათ შორის საველე პირობებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 01 თებერვლის №31, 2007 წლის 26 სექტემბრის №560, 2013 წლის 20 ივნისის №629 ბრძანებებისა და ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
9.2. 30.06.2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №488 ხელშეკრულების:
- 8.1.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებელი სამხედრო ნაწილებში არსებული სამხედრო მოსამსახურეთა კვებისთვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით, საველე პირობებში კვების საჭიროების შემთხვევაში საველე სამზარეულოთი, საველე სამზარეულოს დანადგარის ტექნიკური მომსახურებით და საველე სამზარეულოსთვის საჭირო ტექნიკური უზურნველყოფით, რაზედაც მხარეები აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს. მიღება-ჩაბარების აქტში აღწერილი უნდა იყოს გადაცემული სასადილო-სამზარეულო, სამზარეულო ინვენტარის და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარების ძირითადი კვანძების მდგომარეობა, კომპლექტაცია და არსებული დეფექტები;
- 8.2.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი სახსრებით აწარმოოს გადაცემულ კვების ობიექტზე არსებული მატერიალური ქონების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, ასევე უფლებამოსილია შეისყიდოს სამზარეულოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ელექტრო, სანტექნიკური და სამეურნეო დანიშნულების მატერიალური საშუალებები, სამზარეულო ინვენტარისა და მოწყობილობა-დანადგარების შესაკეთებლად საჭირო საქონელი, რომელთა ღირებულება შემსყიდველის მხრიდან არ ანაზღაურდება;
- 8.2.5. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით სასადილოს და სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან მის მიერ მომსახურების გაწევის დროს დაგროვილი საკვები ნარჩენების გატანა;
- 8.2.6. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- 15.1. პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა) მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით.
- 15.4 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისაგან.
9.3. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, ხარისხის კონტროლის სამმართველოს, სანივთე ქონების, საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების თანამშრომელთა მიერ:
9.3.1. 2014 წლის 10 დეკემბერს განხორციელდა დაბა გაჩიანში დისლოცირებული შეიარაღების, საბრძოლო მასალების და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზის მე-4 განყოფილების სასადილო და სასადილოს საწყობის შემოწმება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ვერმიშელის და მაკარონის ტომარაზე მიმაგრებულ ეტიკეტზე მითითებული არ არის პროდუქტის დასახელება, ხოლო ქიშმიში არის უხარისხო (ყურძნის მარცვალი წვრილი და დაშლილია, აღენიშნება მტევნის მყარი მინარევები);
9.3.2. 2014 წლის 11 დეკემბერს განხორციელდა დედოფლისწყაროში დისლოცირებული შეიარაღების, საბრძოლო მასალების და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზის მე-3 ქვეგანყოფილების სასადილო და სასადილო საწყობის შემოწმება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ კომპანიის ზემდგომი პირების მიწერილობით სასადილოში ყველი გაიცემა მათ მიერ დადგენილი ნორმით - 60გრ, რაც ეწინააღმდეგება თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის №629 ბრძანებას; ქათმის ხორცისგან (ბარკალი) მომზადებული კერძები მაღალი პირველადი დანაკარგის გამო წამგებიანია სამხედრო მოსამსახურისთვის, ვინაიდან იღებს ნაკლებ ხორცს; კომპანიას მენიუში ვახშამზე გაწერილი აქვს ფუნთუშა, რომელსაც აღნიშნულ ქვედანაყოფში გაურკვეველი მიზეზით არ იღებს (არც ხდება მისი ჩანაცვლება) სამხედრო მოსამსახურე; სასადილოს მომსახურე პერსონალს არ აქვს გაცემის ხაზისთვის საჭირო თეთრი ფერის უნიფორმა; სასადილოს ესაჭიროება სხვადასხვა ზომის ქვაბები (არსებული მოძველებულია), ტაფები, კონტეინერები, ჯამები, შესანახი კარადა (პური ინახება ხის ყუთში) და წყლის გამაცხელებელი მოწყობილობა; სასადილოს აქვს ცხელი წყლის პრობლემა, წყალი ცხელდება ქვაბებში;
9.3.3. 2014 წლის 28 ნოემბერს განხორციელდა მცხეთაში დისლოცირებული 1-ლი ქვეითი ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობის შემოწმება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სასადილოს შენობაში მომრავლებულია ტარაკნები, მწყობრიდან არის გამოსული: ელექტრო ღუმელი, 250 ლიტრი ტევადობის ელექტრო ქვაბი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ინვენტარის რეცხვა ხდება ხელით. სამზარეულოში ხანძრის შედეგად დაზიანებულია მეტალოპლასტმასის ჭერი (ელექტრო ქვაბის ზევით) და არის ღია მდგომარეობაში (შესაცვლელია დაახლოებით ჭერის ნახევარი);
9.3.4. 2014 წლის 15 დეკემბერს განხორციელდა დაბა კრწანისში დისლოცირებული თავდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“-ს სასადილო და სასადილოს საწყობის შემოწმება, რომლის დროსაც დაფიქსირდა, რომ მაკარონის და ვერმიშელის ეტიკეტზე არ არის მითითებული პროდუქტის დასახელება. ასევე დადგინდა, რომ: სასადილოს ესაჭიროება მაგიდის ნაკრები (სამარილე, საპილპილე); გამოიყენება ღია ტიპის პოლიეთილენის პატარა კონტეინერები; სამრეცხაო არის სარემონტო; დაზიანებულია კაფელი და მეტლახი; მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა; ინვენტარის რეცხვა ხდება ხელით (ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოსულია მწყობრიდან); სამხედრო მოსამსახურეები გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ სასადილოს შენობაში და ნაწილ ყაზარმებში არ არის გათბობის სისტემა მოწესრიგებული და არ აქვთ გათბობა საქვაბე დანადგარის არარსებობის გამო. სასადილო დარბაზში დაფრინავენ ჩიტები, ხოლო სამხედრო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე მომრავლებულია ძაღლები და კატები;
9.3.5. 2014 წლის 16 დეკემბერს განხორციელდა სოფელ კრწანისში დისლოცირებული პირველი ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სასადილო და სასადილოს საწყობის შემოწმება, რა დროსაც დაფიქსირდა: 6-6 ტომარა 25 კგ-იანი მაკარონი და ვერმიშელი, რომლის ეტიკეტებზეც მითითებული არ არის პროდუქტის დასახელება; სასადილოს ესაჭიროება ინვენტარი: სხვადასხვა ზომის ქვაბები, ჯამები, სათლები, გაცემის ხაზის და პურის კონტეინერები (არსებული არის მოძველებული და დაზიანებული), იმის გამო, რომ არ აქვთ სათანადო ზომის და მზა საკვების გადასატანად შესაბამისი ინვენტარი, გამოიყენება მეორადი პოლიეთილენის (არაჟნის) სათლები; სასადილო დარბაზში სკამები დაზიანებულია (საზურგეები არ აქვს); მოსაწესრიგებელია საკანილაციო სისტემა, ხოლო სავენტილაციო სისტემა არ არსებობს. სამზარეულოს ფართში დამონტაჟებულია ორი გამწოვი, ხოლო სარდაფში, სადაც განთავსებულია სასაწყობე მეურნეობა და ბოსტნეულის, თევზის და ხორცის დასამუშავებელი სექციები, ვენტილაცია ხდება ბუნებრივი გზით - განიავებით, რაც არ არის საკმარისი და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო დგას არასასიამოვნო სუნი. ასევე დადგინდა, რომ სასადილოში და სამხედრო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე საგანგაშოდ მომრავლებულია ტარაკნები, კატები და ძაღლები; სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე (30-40 მ-ის დაშორებით) განთავსებულია ორი ნაგვის კონტეინერი, რომელიც არის გადავსებული და ნაგავი მიმოფანტულია ირგვლივ;
9.3.6. 2014 წლის 19 დეკემბერს განხორციელდა ქ. თბილისში დისლოცირებული საინჟინრო ბრიგადის სასადილოსა და სასადილოს საწყობის შემოწმება, რა დროსაც დაფიქსირდა: 3 ტომარა ვერმიშელი და 3 ტომარა მაკარონი, რომლის ეტიკეტებზე არ იყო მითითებული პროდუქტის დასახელება: სასადილო დარბაზში ჩამოსაწმენდია ჭერი და კედლები, მოსახეხია იატაკი; სასადილოს სამრეცხაოში სინესტის გამო ჭერი და კედლები დაობებულია, ესაჭიროება რემონტი; არ მუშაობს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რის გამოც ჭურჭელი ირეცხება ხელით და არ ხდება მისი სათანადოდ გამშრალება.
ზემოაღნიშნული შემოწმებები და შესაბამისი აქტების შედგენა ხდებოდა შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს სასადილოს მენეჯერების თანდასწრებით.
9.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ მომსახურების გაწევის თითოეულ ობიექტზე არსებული დარღვევების თაობაზე მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შემოწმების აქტები, რომელთა შედგენა ხორციელდებოდა შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს მიერ დასაქმებული სასადილოს მენეჯერების თანდასწრებით, აპელანტს შემოწმების აქტებში მითითებული დარღვევების არსებობა სადავოდ არ გაუხდია, იგი აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ: დაშვებულ ხარვეზებს რაიმე ზიანი არ გამოუწვევია, ხარვეზების აღმოჩენისთანავე არ მომხდარა კომპანიისთვის შეტყობინების გაგზავნა და სასადილოში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამოსწორება კომპანიის ვალდებულება არ ყოფილა, ვინაიდან კომპანიას სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა მხოლოდ სამზარეულოს ინვენტარი და არა შენობა-ნაგებობები. აპელანტმა განმარტა, რომ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა კომპანიის უზრუნველყოფა კეთილმოწყობილი სასადილო შენობით, ინვენტარით და ა.შ. რაც არ სრულდებოდა.
9.5. აპელანტის არგუმენტებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 30.06.2014 წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებელი სამხედრო ნაწილებში არსებული სამხედრო მოსამსახურეთა კვებისთვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით, რომლის თაობაზედ დგება მიღება-ჩაბარების აქტი. 8.2.5. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით სასადილოს და სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან მის მიერ მომსახურების გაწევის დროს დაგროვილი საკვები ნარჩენების გატანა; 8.2.6. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
9.6. პალატამ მიუთითა, რომ კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა ხდებოდა მათთვის გადაცემულ სპეციალურ შენობა-ნაგებობაში, სადაც მოწყობილი იყო სამზარეულო და სასადილო. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მიმწოდებლის მითითება, რომ კომპანიას შენობა არ გადასცემია მფლობელობაში, ვინაიდან მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ სწორედ სასადილოდ და სამზარეულოდ გამოყოფილ შენობებში ოპერირებდნენ შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს მიერ დასაქმებული პირები კვებითი მომსახურების გაწევისას, შესაბამისად დგინდება, რომ კონკრეტული შენობა-ნაგებობები მათ მფლობელობაში იმყოფებოდა.
9.7. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს ევალება სასადილოს რემონტი და მოპასუხეს ევალება მხოლოდ კვებითი მომსახურებით უზრუნველყოფა, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 30 ივნისის №488 ხელშეკრულების 8.2.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი სახსრებით აწარმოოს გადაცემულ კვების ობიექტზე არსებული მატერიალური ქონების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, ასევე უფლებამოსილია შეისყიდოს სამზარეულოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ელექტრო, სანტექნიკური და სამეურნეო დანიშნულების მატერიალური საშუალებები, სამზარეულო ინვენტარისა და მოწყობილობა-დანადგარების შესაკეთებლად საჭირო საქონელი, რომელთა ღირებულება შემსყიდველის მხრიდან არ ანაზღაურდება.
9.8. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-სთვის სამზარეულოს, სამზარეულო ინვენტარისა და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარების გადაცემის თაობაზე უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღიწერებოდა გადაცემული სასადილო-სამზარეულო, სამზარეულო ინვენტარის და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარების ძირითადი კვანძების მდგომარეობა, კომპლექტაცია და არსებული დეფექტები. ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სამზარეულო და მისი ინვენტარი კომპანიას თავიდანვე მომსახურებისთვის შეუსაბამო მდგომარეობაში გადაეცა, პალატამ მიიჩნია აპელანტის მტკიცების ტვირთად, რომელიც დაძლეული ვერ იქნა შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენით.
9.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს მხრიდან შემოწმების აქტებში აღწერილ თითოეულ შემთხვევაში განხორციელდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევა, თუმცა დადგენილ დარღვევათა სიმძიმე და სიხშირე პალატამ გაითვალისწინა დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას.
9.10. სანიტარულ ჰიგიენური სახის დარღვევები მისი ხასიათის და მნიშვნელობის გამო სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია ვალდებულების უხეშ დარღვევად, რადგან სასამართლოს შეფასებით (რაც, ასევე დასტურდება მოთხოვნის საფუძვლად არსებული შეფასების აქტებით) ამ დარღვევას გავლენა არ მოუხდენია ხელშეკრულების მთავარი პირობის და მიზნის შესრულებაზე – სამხედრო მოსამსახურეებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის კვებითი მომსახურების გაწევაზე. დარღვევათა უმნიშვნელო ხასიათის გამო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება განხორციელდა გონივრულ ოდენობამდე.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ისე შ.პ.ს. ,,ქ.კ.კ–ა"-მ. შემსყიდველის მოთხოვნაა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, მიმწოდებლის საკასაციო მოთხოვნას წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
11. შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:
11.1. ხარვეზი, რომელიც სასამართლომ მიიჩნია ხელშეკრულების პირობების არაჯეროვან შესრულებად, ზიანის მომტანი არ ყოფილა, შესაბამისად, ხარვეზის აღმოფხვრაც შეუძლებელია, რამეთუ იგი არ არსებობს. მოსარჩელემ სრულად მიიღო ე.წ. „არაჯეროვანი“ შესრულება და დარღვევების გამოვლენიდან 2-3 თვის შემდეგ შეატყობინა მიმწოდებელ კომპანიას დარღვევის ფაქტების შესახებ, როცა კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად, შეეძლო აღმოჩენისთანავე შეეტყობინებინა კომპანიისთვის და მოეთხოვა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება. დუმილი მიუთითებს ხარვეზის არარსებობაზე, მის არასაზიანოობასა და უმნიშვნელობაზე.
11.2. ხელშეკრულების საფუძველზე სარემონტო სამუშაოების განხორციელება კომპანიას ევალებოდა მხოლოდ გადაცემულ მატერიალურ საშუალებებზე, სამინისტროს მხრიდან გადაცემის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. კომპანიას სარგებლობაში ჰქონდა მხოლოდ სამზარეული ინვენტარი და არა შენობა-ნაგებობები, ამდენად, მათი რემონტი მიმწოდებლის ვალდებულება ვერ იქნებოდა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სამხედრო მოსამსახურის კვებითი უზრუნველყოფის ყოველდღიური საფასური შეადგენს 9.5 ლარს (პროდუქტის, პერსონალის მომსახურების, პროდუქტის ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით), რაც იმდენად მწირია სამჯერადი კვებისთვისაც კი, რომ ვერ გასწვდება ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრას. კეთილმოწყობილი სასადილოს შენობისა და ინვენტარის გადაცემა შემსყიდველის ვალდებულებაა, რაც არ სრულდებოდა, კერძოდ, სასადილოები არ არის დაცული, არ არის მოწყობილი საკანალიზაციო სისტემები, რის გამოც არის ანტისანიტარია და ჰიგიენური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც მიმწოდებლის შესაძლებლობებს სცდება.
11.3. შემსყიდველს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა მომსახურების ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე, თუ იგი უხარისხოა. სამინისტროს მომსახურება მიღებული აქვს სრულად, გადახდილი აქვს ანაზღაურებაც, შესაბამისად, მან არ მიიჩნია მიღების და ანაზღაურების ეტაპზე მომსახურება ხარისხთან შეუსაბამოდ.
11.4. სარჩელის განსაზღვრული აქტი არ იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადი, რაზეც მოპასუხემ შუამდგომლობაც დააყენა და მოითხოვა, არაგანსჯადი აქტები განსჯად სასამართლოს გადასცემოდა, თუმცა ქვედგომ ინსტანციათა მხრიდან განსჯადობის შესახებ მოპასუხის პოზიცია გათვალისწინებული არ ყოფილა.
11.5. ხელშეკრულების პირობების დარღვევას ან არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა კვალიფიციური შედავების არარსებობის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, ძალაში დატოვა პიველი ინსტანციის სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
12. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიას: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის ფაქტი, თუმცა დაუსაბუთებლად შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რომელიც მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში იქნა შეთანხმებული, არ გამოკვლეულა საქმის გარემოებები სრულყოფილად, მათ შორის, მოვალის ქონებრივი მდგომარეობა, უზრუნველყოფილი ვალდებულებისა და პირგასამტეხლოს ურთიერთთანაფარდობა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორები სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სადავოა დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში, პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის, ხოლო შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს შემთხვევაში, შემოწმების აქტებში მითითებულ გარემოებათა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევად კვალიფიკაციის საკითხს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
19. უწინარესად, საკასაციო პალატა შეაფასებს შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს საკასაციო პრეტენზიების მიმართებას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ წინაპირობებთან, ხოლო მსჯელობის მეორე ნაწილი დაეთმობა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის საკითხს.
20.1. კასატორის პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსჯადობის წესების მხედველობაში მიუღებლობით საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაზე. პალატა მიუთითებს, რომ პროცესუალური ნორმების დარღვეულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, ავტომატურად არ იქმნება საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი საპროცესო ნორმის დარღვევას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობად განიხილავს მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევას, სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საპროცესო დარღვევისა და შედეგის ურთიერთმიმართების დასაბუთება კასატორის ვალდებულებას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი, მართალია, უთითებს განსჯადობის წესების უგულვებელყოფაზე, თუმცა ვერ ასაბუთებს აღნიშნულის ზეგავლენას საქმის შედეგზე.
20.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებით მხარეზე ზეგავლენას ახდენს ერთი მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, მეორე მხრივ, საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მიმართულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენისაკენ. ასეთად კი განიხილება მტკიცებულების მოპოვების, საქმეში წარდგენის, მათი დასაშვებობისა და შეფასების მიმართ მოქმედ საპროცესო წესთა ერთობლიობა. ტერიტორიული განსჯადობის წესების დარღვევა, თუ აღნიშნულმა არ შექმნა სასამართლო აქტის გაუქმების აბსოლუტური საფუძველი ან არ გამოუწვევია საქმის ფაქტობრივ გარემოებათა არასწორად/არასრულად დადგენა, განხილული ვერ იქნება საქმის განხილვის შედეგზე არსებითი ზემოქმედების მქონედ. ამრიგად, მითითებული საკასაციო პრეტენზია არ ქმნის საჩივრის დასაშვებობის საფუძველს.
21. ზიანის არარსებობის საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრების უკანონობაზე მითითება არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არც 417-ე მუხლის სიტყვა-სიტყვითი გაგებიდან და არც საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკისგან - სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად, თუმცა ზიანის მასშტაბი მხედველობაში მიიღება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას (იხ: სუსგ. №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ. №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.; №ას-1056-2021, 17.12.2021წ.).
22. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მყისიერად წერილობით შეუტყობინებლობის გამო დაარღვია კეთილსინდიერების ვალდებულება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილია შემოწმების აქტები (ტ.1, ს/ფ 40, 45, 48, 53, 56, 60), რომლებიც შეიცავს მითითებას, რომ შემოწმებას ესწრებოდნენ შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს შესაბამისი სასადილოს მენეჯერები, აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე. გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ კომპანიის თანამშრომლის ინფორმირებულობა კი საფუძველს აცლის კასატორის პრეტენზიას შემსყიდველის კეთილსინდისიერებასთან მიმართებით.
23. სამზარეულოს მიმდინარე რემონტის ვალდებულების მიმწოდებლისათვის დაკისრების შესახებ საკასაციო პრეტენზია პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების 8.2.4 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს ვალდებულებას, საკუთარი სახსრებით აწარმოოს მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გადაცემულ კვების ობიექტზე არსებული მატერიალური ქონების მიმართ. ამავე ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გადაცემულ მატერიალურ ქონებაში მოიაზრება სამზარეულო, სამზარეულოს ინვენტარი და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარები. ამრიგად სამზარეულოს ტერიტორიის მიმდინარე რემონტის წარმოება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით, სწორედ შემსყიდველის ვალდებულებად განიხილებოდა. ცხადი და არაბუნდოვანი პირობის შინაარსის სხვაგვარი განმარტება მარტოოდენ სახელშეკრულებო ფასის სიმცირეზე აპელირებით ეწინააღმდეგება მხარეთა სახელშეკრულებო ავტონომიისა და ნების თავისუფლების უზოგადეს პრინციპებს.
24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. ამრიგად, კანონმდებელი კრძალავს კრედიტორის მიერ მოვალისთვის იმ ვალდებულების შესრულების მოთხოვნას, რომლის შეუსრულებლობით (არაჯეროვანი შესრულებით) მოვალეს პირგასამტეხლო დაეკისრა. კასატორი მიუთითებს, რომ კრედიტორს, რომელმაც კვებითი უზრუნველყოფა მიიღო სრულად და აღნიშნულის საფასურიც გადაიხადა, უფლება არ ჰქონდა, მიმწოდებლისთვის მოეთხოვა პირგასამტეხლოც.
24.1. პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობათა დიდი ნაწილი, გარდა ძირითადი ვალდებულებისა, ითვალისწინებენ მხარეთა არაძირითად ვალდებულებებსაც, რომლებიც, გამიზნულნი არიან ძირითადი ვალდებულების სრულფასოვანი შესრულებისაკენ. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების საგანს, ესე იგი, ძირითად ვალდებულებას წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ სამხედრო მოსამსახურეთათვის საკვები პროდუქტების დადგენილი ოდენობით მიწოდება. ყველა სხვა დანარჩენი ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების ძალით დაეკისრა მიმწოდებელს, მეორადი ხასიათის, არაძირითადი ვალდებულებაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ემსახურება კვებითი უზრუნველყოფის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. ასეთია, მაგალითად, ხელშეკრულების 5.1. პუნქტით გათვალისწინებული სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან, კვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის ვალდებულება; დროებით გადაცემულ ქონებაზე ზრუნვის ვალდებულება (ხელშეკრულების 8.2.1-8.2.3 პუნქტები); მიმდინარე რემონტის წარმოების ვალდებულება (8.2.4. პუნქტი); საკვები ნარჩენების გატანის ვალდებულება (8.2.5 პუნქტი) და ა.შ..
24.2. საგულისხმოა, რომ მიმწოდებელზე პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება მხარებს სახელშეკრულებო დათქმებით არ შემოუფარგლიათ იმგვარად, რომ მისი გადახდევინების უფლება წარმოშობილიყო მხოლოდ ძირითადი ვალდებულების (კვებითი უზრუნველყოფის) დარღვევისას, არამედ, ხელშეკრულების 15.1. პუნქტით უფლება პირგასამტეხლოზე გავრცელდა როგორც ძირითადი, ისე არაძირითადი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.
24.3. პალატა შენიშნავს, რომ საჯარიმო აქტებს ძირითად შემთხვევაში, საფუძვლად დაედო არა ძირითადი (საკვების მიწოდების) ვალდებულების დარღვევა, არამედ მეორადი ხასიათის მოვალეობათა შეუსრულებლობა - პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევა, ნედლეულის უხარისხობა, შესაბამისი უნიფორმის არქონა, გადაცემული ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაუცველობა. საკვებად გამზადებულ პროდუქტებთან მიმართებით (ყველის ნორმირებულად გაცემა, ფუნთუშის გაუცემლობა) ჯარიმა დაკისრებულია მხოლოდ №234 შემოწმების აქტით.
24.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილი, პირგასამტეხლოს გადახდევინებასთან ერთად კრძალავს არა შესრულების უნაკლო ნაწილის მიღების უფლებას, არამედ პირგასამტეხლოს დაკისრების თანადროულად შეუსრულებელი ან არასრულად შესრულებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობას. საკასაციო პრეტენზია მასზედ, რომ შემსყიდველს ხელშეკრულების ფარგლებში უნაკლოდ განხორციელებული შესრულებაც არ უნდა მიეღო და არც შესაბამისი საფასური უნდა გადაეხადა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან.
25. მხარეთა ხელშეკრულების 6.3. პუნქტი ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგის უფლებამოსილებას შემსყიდველს აძლევდა შესრულების ნებისმიერ ეტაპზე - როგორც მომსახურების მიღებისას, ისე მიღების შემდეგ, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არსებობის პერიოდში. ამდენად, საფუძველს მოკლებულია საკასაციო პრეტენზია მასზედ, რომ მომსახურების მიღებისა და ანაზღაურების ეტაპზე პრეტენზიის განუცხადებლობით შემსყიდველმა დაადასტურა შესრულების ხარისხთან შესაბამისობა.
26. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო განაცხადს პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირების შესახებ, პალატა მიუთითებს შემდეგს:
26.1. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
26.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; №ას-386-2019, 02.04.2021წ.; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
26.3. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ასევე, იმავე მხარეებს შორის მსგავს დავებზე სასამართლო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით (სუსგ. №ას-197-197-2018, 04.05.2018წ.; №ას-1244-1164-2017, 22.12.2017წ.; №ას-294-278-2017, 15.02.2018წ.; №ას-217-217-2018, 18.05.2018წ.; №ას-1411-2018, 19.06.2019წ.; №ას-189-2020, 21.04.2021წ), საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომ ინსტანციათა სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობა შეფასდა თითოეულ დარღვევასთან მიმართებით ინდივიდუალიზებულად, სადავო აქტებში დაფიქსირებული დარღვევების სიმძიმის, მათგან განპირობებული შესაძლო საფრთხეების სერიოზულობისა და ზიანის დადგომის რისკების მხედველობაში მიღებით და შემცირებას დაექვემდებარა სწორედ აღნიშნულ კრიტერიუმთა გათვალისწინებით, ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის არასწორად განმარტების შესახებ.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
29. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. რაც შეეხება შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის 15 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „ქ.კ.კ–ა“-ს (ს/კ ......) დაუბრუნდეს ნ.ზ–ას (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 15.10.2021წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი