Facebook Twitter

15 ივლისი 2022 წელი

საქმე №ას-485-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე _ კ.ბ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. კ.ბ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ამავე სააგენტოს 2020 წლის 30 იანვრის №04-66/კ ბრძანების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის - 36 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. 2009 წლის 09 მარტიდან მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრში, მთავარი სპეციალისტის - იურისტის პოზიციაზე. 2016 წლის 07 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის №04-907/კ ბრძანებით მოსარჩელე დაწინაურდა ამავე სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის, მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად.

3. 2016 წლის 12 დეკემბრიდან - 2017 წლის 01 მაისამდე მოსარჩელე ასევე ასრულებდა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის იურისტის მოვალეობასაც. შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 აგვისტოს №04-589/ო ბრძანებით მოსარჩელეს მიენიჭა გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრის მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება. შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა გამოყენებული არ ყოფილა.

4. 2020 წლის 30 იანვრის №04-66/კ ბრძანებით 2020 წლის 01 თებერვლიდან მოსარჩელე მოპასუხის ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 2 თვის ოდენობით - 1803 ლარი.

5. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩატარდა რამდენიმეწუთიანი გასაუბრება, კომისიის წევრები დაინტერესდნენ მხოლოდ სამუშაო დღის წესრიგით. კომისიას არ შეუდგენია გასაუბრების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი.

6. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია რეორგანიზაცია. მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხის განმარტებები არ იძლევა პასუხებს ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე.

7. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის მეურვეობა-მზრუნველობის სამმართველოში 2020 წლის 01 თებერვლამდე დასაქმებული იყო 8 თანმშრომელი, მათ შორის, არსებობდა მთავარი სპეციალისტის 4 საშტატო ერთეული. გაცხადებული რეორგანიზაცია შეეხო კონკრეტულ თანამშრომლებს და არა საშტატო ერთეულებს - არ შემცირებულა მთავარი სპეციალისტის შტატების რაოდენობა, შესაბამისად, მეურვეობა-მზრუნველობის ფუნქციით დასაქმებული თანამშრომლების ნაწილმა შეუფერხებლად და ფუნქცია-მოვალეობათა შეუცვლელად განაგრძო საქმიანობა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით. ვინაიდან ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელდა რეორგანიზაცია და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებით, გადაეცა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, აუცილებელი გახდა სამუშაო ძალის შემცირება შტატების ლიკვიდაციის სახით. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელეს 2020 წლის 28 იანვარს წერილობითი შეტყობინების სახით მიეცა გაფრთხილება. 2020 წლის 25 თებერვლის №04/5887 წერილით მოსარჩელეს გაეგზავნა წერილობითი დასაბუთება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელეს განემარტა, რომ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მას მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. შესაბამისად, ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დასაბუთებულია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კ.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ.ბ–ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ.ბ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 30 იანვრის ბრძანება №04-66/კ კ.ბ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს კ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 ლარის გადახდა გადასახადების გარეშე.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

12.1. 2009 წლის 9 მარტს, ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და კ.ბ–ძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, დასაქმებული შრომით საქმიანობას ახორციელებდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (იურისტი) თანამდებობაზე.

12.2. 2016 წლის 12 დეკემბერს, ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და კ.ბ–ძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, დასაქმებული შრომით საქმიანობას ახორციელებდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

12.3. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 30 იანვრის №04-066/კ ბრძანებით კ.ბ–ძე 2020 წლის 01 თებერვლიდან გათავისუფლდა თანამდებობიდან. ამავე ბრძანებით განისაზღვრა მოსარჩელეზე 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის გაცემის ვალდებულება.

12.4. კ.ბ–ძესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი - „ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“.

12.5. რეორგანიზაციამდე ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულთ ფუნქციები რეორგანიზაციის შემდეგ არ შეცვლილა და სრული მოცულობით გადაეცა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

13. პალატამ მიუთითა, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებულის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.

14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა. რეორგანიზაცია არ უნდა იყოს ფორმალური. ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმოში/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს და მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძველი და მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა არ მოხდეს შტატების ფორმალურად შემცირება და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

15. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კ.ბ–ძის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა მართლზომიერად, ს.ს.ი.პ.-ში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეული ორგანიზაციული ცვლილებების გამო და სააგენტოს მოსარჩელე მხარესთან მიმართებაში ჰქონდა საფუძველი, რომლითაც იგი გამოარჩია სხვა დასაქმებულებისაგან.

16. პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს და შესაბამისად არ არის შესაფასებელი დამსაქმებელი კომპანიის მიერ ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა არსებობდა თუ არა. დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს რეორგანიზაციის შედეგად ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები ხომ არ იყო ფორმალური და ამ ცვლებებს შედეგად მოჰყვა თუ არა შტატების, ანუ სამუშაო ძალის შემცირება. ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა. სამუშაო ძალის შემცირება, როგორც შედეგი, არის აუცილებელი ელემენტი და კუმულაციურად უნდა არსებობდეს ან „ეკონომიკურ გარემოებებთან“, ან „ტექნოლოგიური ცვლილებებთან“ ან „ორგანიზაციულ ცვლილებებთან“ ერთად.

17. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები (მეურვეობის, მზრუნველობისა და შვილად აყვანის ფუნქციები) შესაბამისი რესურსით გადაეცა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, რომელიც ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე და სამართალმემკვიდრე გახდა გადაცემულ/გადასულ ფუნქცია-მოვალეობებში. აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალურ მუშაკებს უფლებამოსილებები არ შეცვლიათ და მათ არ დამატებიათ ვალდებულებები.

18. პალატამ დამატებით ყურადღება გაამახვილა 2019 წლის 11 დეკემბერს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებაზე, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლზე, რომლითაც: 1. განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს; 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი−სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ჩაითვალა საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში; 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სოციალური მომსახურების სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის- სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანისა და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება; 4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

19. სააპელაციო სასამართლოს მოტივაციის თანახმად, კანონმდებელმა გააკეთა დათქმა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. ამასთან მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რომ ორივე სააგენტო შედიოდა ერთი სამინისტროს დაქვემდებარებაში და ახლად ჩამოყალიბებული სააგენტო დარჩა იმავე სამინისტროს დაქვემდებარებაში. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო არ იყო უფლებამოსილი მიერ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რადგან კანონმდებლობით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყო ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. შესაბამისად კანონი ითვალისწინებდა სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანას და არა თავიდან დანიშვნას.

20. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სშკ-ის 37.1 (ახალი რედაქციის 47.1) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გამოცემული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას სასამართლოს კვლევის საგანს, გარდა სამუშაო ძალის შემცირებისა და მისი გამომწვევი მიზეზებისა, წარმოადგენს ასევე, ამ პირობებში უშუალოდ აპელანტის (მოსარჩელის) მიმართ გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერების საკითხი, რადგან კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის დროს სამუშაო ძალის შემცირების პირობებშიც, ასეთი საფუძვლით გათავისუფლებული თანამშრომლისათვის ნათელი უნდა იყოს შერჩევის რა კრიტერიუმით ისარგებლა დამსაქმებელმა, ასევე ნათელი უნდა იყოს თუ რატომ არ შესთავაზა დამსაქმებელმა ტოლფასი სამსახური ან სხვა პოზიცია.

21. პალატამ მიუთითა, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება. პალატის განმარტებით, დამსაქმებელს არ წარმოუდგენია კ.ბ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აპელანტმა მიუთითა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რამაც სააპელაციო სასამართლოს მისცა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა არაკეთილსინდისიერად, არამართლზომიერად გაათავისუფლა კ.ბ–ძე დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან პალატამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დამსაქმებელმა კ.ბ–ძეს არ შესთავაზა ტოლფასი სამსახური ან სხვა პოზიცია და არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია რაიმე, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში ტოლფასი თანამდებობა, ან სხვა პოზიცია ვაკანტური არ იყო.

23. პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და ამ საკითხის განსაზღვრას სასამართლოებს მიანდობს. შესაბამისად, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. სშკ არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.

24. ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად, დადგენილი სასამართლო პრაქტიკისა და მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ასევე, კ.ბ–ძის სამუშაო გამოცდილებისა და იმ მატერიალური დანაკარგის გათვალისწინებით, რაც მან უკანონოდ დათხოვნით განიცადა, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ სააპელაციო პალატამ დააკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 7000 ლარის ოდენობით, გადასახადების გარეშე.

25. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

25.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 01-237/ო ბრძანებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისის 04-1429/ო ბრძანებით, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წლის 11 დეკემბერს შესული ცვლილებებით, რომლითაც განხორციელდა ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობა-მზრუნველობის, საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებით გადაეცა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, ცალსახად დგინდება, რომ ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რაც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას მეურვეობა-მზრუნველობისა და საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში დასაქმებულებთან მიმართებით.

25.2. ანალოგიური დავების განხილვისას, სადაც გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა აღნიშნული რეორგანიზაცია, მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა როგორც ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტო, ისე ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, ხოლო განთავისუფლების კანონიერების შესწავლისას, სასამართლო იკვლევდა, არსებობდა თუ არა ტოლფასი სამუშაო მეორე მოპასუხე ორგანიზაციაში, შესაბამისად, განთავისუფლების კანონიერების საკითხის შესწავლა ამ მიმართულებით ხდებოდა, სადავო გარემოება კი რეორგანიზაციის პროცესი არასდროს გამხდარა, ხოლო თუ სასამართლო დაადგენდა, რომ მეორე მოპასუხე ორგანიზაციაში არსებობდა ის თანამდებობები, რომლებზეც მოსარჩელეები იყვნენ დასაქმებულები, ახდენდა მათ აღდგენას და კომპენსაციით უზრუნველყოფას, არცერთ ანალოგიურ დავაზე არ დამდგარა ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილებებიდან ამოღებული იქნა მეურვეობისა და მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრის და მინდობით აღსაზრდელთა/აღმზრდელთა მონაცემთა ბაზის წარმოება და მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციის უზრუნველსაყოფი სხვა უფლებამოსილებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა ამ მიმართულებით დასაქმებული კადრი განთავისუფლდა ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რაც დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი საშტატო ნუსხითაც, შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია, რატომ ჩათვალა სასამართლომ გათავისუფლება უკანონოდ და რის საფუძველზე დააკისრა კომპენსაციის ანაზღაურება მოპასუხეს. თუ რატომ არ მოხდა მოსარჩელის დასაქმება დამსაქმებლის უფლებამონაცვლე ორგანიზაციაში, არ წარმოადგენს ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციას.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

30. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა, ეკისრება თუ არა დამსაქმებელს რაიმე პასუხისმგებლობა რეორგანიზაციის საფუძვლით განთავისუფლებული თანამშრომლის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებების ძალით, უფლებამოსილებათა სფერო, რომელშიც საქმიანობდა დასაქმებული, გადავიდა სხვა ორგანიზაციის კომპეტენციაში.

30.1. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს, რომ რეორგანიზაცია დასაქმებულთა სამსახურიდან განთავისუფლების თავისთავადი საფუძველი არ არის, არამედ, საჭიროა, ცვლილებები წარმოშობდეს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას (იხ. სუსგ. №ას-224-224-2018).

30.2. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომელიც შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს - შრომითი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.

30.3. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: ის აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1329-2018, 22.02.2019წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.

30.4. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაციის წარმართვას საფუძვლად დაედო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მეურვეობა-მზრუნველობისა და საერთაშორისო შვილად აყვანის კომპეტენციები ამოღებულ იქნა აღნიშნული სააგენტოს უფლებამოსილების სფეროდან და გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. პალატისათვის საგულისხმოა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წლის 11 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების განმარტებითი ბარათი, რომელიც რეორგანიზაციის პროცესის აუცილებლობას ასაბუთებს არა საკადრო რესურსის შემცირების აუცილებლობით, არამედ მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში მინიჭებული უფლებამოსილებების სხვადასხვა უწყებებისთვის გადანაწილების გზით ეფექტიანობის გაზრდის ინტერესით. ხაზგასასმელია ისიც, რომ კანონმდებელს აღნიშნული ცვლილების განხორციელების დაგეგმვის ეტაპზე, საკადრო ოპტიმიზაცია, როგორც სავარაუდო შედეგი, არ გაუთვალისწინებია, არამედ მოსალოდნელ ეფექტად დასახა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციების ოპტიმიზაცია და შესაბამისად, მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა. მეტიც, საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან მიმართებით შეფასებისას საკანონმდებლო ორგანომ ერთმნიშნველოვნად მიუთითითა შემდეგი: „იმავდროულად, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ მეურვეობა-მზრუნველობის ფუნქციის შემსრულებელი თანამშრომლების რაოდენობა შემცირდება 334 ერთეულით, რომლის ადმინისტრაციული ხარჯი თვეში შეადგენს 308 ათას ლარს. შესაბამისად, დასაქმებულთა შესაბამისი რაოდენობითა და ადმინისტრაციული ხარჯით გაიზრდება სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ბიუჯეტი. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში აღინიშნა, რომ „კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც კანონპროექტი არ უკავშირდება მოცემული მიმართულებით დასაქმებული პირების შემცირებას“.

30.5. საგულისხმოა, რომ კანონმდებლის ნება - თანამშრომელთა განთავისუფლების ნაცვლად მათ მიერ საქმიანობის ახლადფორმირებულ სააგენტოში გაგრძელების შესახებ, ნორმატიულადაც აისახა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2019 წლის 11 დეკემბრის კანონის მეორე მუხლის მეოთხე პუნქტში შემდეგი ფორმულირებით: საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

30.6. ამრიგად, კანონმდებელს, რეორგანიზაციის დაგეგმვისას, ამავე რეორგანიზაციის მიზნების გათვალისწინებით, ერთმნიშვნელოვნად ჰქონდა გაცხადებული, რომ ორგანიზაციული ცვლილებები საკადრო შემცირებებს საფუძვლად არ უნდა დადებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, რეორგანიზაციის განმახორციელებელი სუბიექტის - ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიცია, რომ ორგანიზაციულმა ცვლილებებმა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირება, დაუსაბუთებელია.

30.7. კასატორი საკუთარ საკასაციო პრეტენზიას აყრდნობს იმ გარემოებაზე, რომ მეურვეობა-მზრუნველობისა და საერთაშორისო გაშვილების უფლებამოსილების ჩამორთმევამ ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ობიექტურად გაუქარწყლა ამ სფეროში დასაქმებულთა ყოლის საჭიროება, ამრიგად, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა ერთადერთ გამართლებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. პალატა ითვალისწინებს, რომ კასატორის უფლებამოსილების სფეროდან კანონმდებელმა ზემოაღნიშნული ფუნქციები ნამდვილად ამოიღო, მაგრამ არა ამ უფლებამოსილებათა გაუქმების, არამედ მესამე პირზე გადაცემის გზით.

30.8. პალატა მოიხმობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

30.9. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად.

30.10. კასატორი სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობაზე აპელირებს მარტოოდენ საკუთარი პერსპექტივიდან - ბუნებრივია, მეურვეობა-მზრუნველობისა და საერთაშორისო შვილად აყვანის ფუნქციების განმახორციელებელი თანამშრომლები უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს აღარ ესაჭიროებოდა, მაგრამ ასეთი საჭიროება წარმოეშვა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, რომელსაც კანონმდებლობით დაუწესდა ვალდებულება, აღნიშნული შრომითი საჭიროება შეევსო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანის გზით შესაბამის თანამდებობებზე.

30.11. ორივე სააგენტო წარმოადგენდა რა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირს, უფლებამოსილებათა გადაცემის პროცესი, პალატის შეფასებით, უნდა დაფუძნებოდა ერთობლივ და კოორდინირებულ საქმიანობას, მათ შორის თანამშრომელთა შენარჩუნების კომპონენტში, მით უმეტეს, რომ საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებულმა თანამშრომლების შენარჩუნების ინტერესმა გარკვეული სამოქმედო გეგმა და ქცევის სტანდარტი დაუსახა როგორც ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს, ისე ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

30.12. კეთილსინდისიერება კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა ქვაკუთხედი და კანონით პირდაპირ განუსაზღვრელ უფლება-მოვალეობათა სამართლიანი ბალანსირების ნორმატიული ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება სამართლიანი შედეგების დადგომას და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებას (იხ. სუსგ №ას-23-18-2011). კეთილსინდისიერების პრინციპი ურთერთობის მონაწილეთა ქცევის მართლზომიერების საზომია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი სუბორდინაციული ურთიერთობების მოწესრიგებისას, როგორიც შრომითი ურთიერთობაა. დამსაქმებელს, რომელიც ისედაც დომინირებულ პოზიციაშია დასაქმებულთან მიმართებით, მართებს შრომითი ურთიერთობის მთელ პერიოდში და განსაკუთრებით, ურთიერთობის დასრულების ეტაპზე, გულისხმიერად ეკდებოდეს დაქვემდებარებულთა შრომით უფლებებს და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იყოს საფუძვლიანად დარწმუნებული, რომ ურთიერთობის შეწყვეტა არის ,,Ultima Ratio", ესე იგი, ერთადერთი გონივრული და უკიდურესად საჭირო ღონისძიება.

30.13. განსახილველ შემთხვევაში, პალატა კეთილსინდისიერების ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევდა იმ შემთხვევაში, თუ კასატორის მხრიდან წარმოდგენილი იქნებოდა მტკიცებულებები, რომ საკუთარ დასაქმებულთა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში უკონკურსო გადაყვანის მიზნებისათვის გარკვეულ ღონისძიებებს მიმართა - შესთავაზა სააგენტოს არსებული კადრები და რეკომენდაცია გაუწია მათ გადაყვანას, ამ მიმართულებით აწარმოა კომუნიკაცია და კონსულტაციები, ხოლო აღნიშნული ძალისხმევის მიუხედავად, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომელთა სრული შემადგენლობით უკონკურსოდ გადაყვანის ნება არ გამოუვლენია. საქმის მასალებში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება ზემოაღნიშნული სტადარტის შესაბამისად კასატორის მოქმედების დასადასტურებლად, ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას კასატორის ქცევის კეთილსინდისიერებასთან შეუსაბამობის შესახებ.

30.14. ამრიგად, კანონიერია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა რეორგანიზაციაზე მითითებით კ.ბ–ძის სამსახურიდან განთავისუფლების არამართლზომიერების შესახებ, შესაბამისად, საკასაციო პრეტენზია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (მოქმედი კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) არასწორ განმარტებაზე, დაუსაბუთებელია.

30.15. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების უკანონოდ მიჩნევა გულისხმობს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით (მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი) გათვალისწინებული იურიდიული შედეგების დადგომასაც - პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ან კომპენსაციის გადახდის სახით.

30.16. კასატორის პრეტენზია, რომ დავის მონაწილე უნდა ყოფილიყო ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოც, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან უფლებამონაცვლე ორგანიზაცია სასარჩელო პრეტენზიათა ადრესატი მხოლოდ თანამდებობაზე აღდგენის, ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში შეიძლება იყოს, წინამდებარე საქმის ფარგლებში კი აღნიშნული მოთხოვნები მოსარჩელის მხრიდან სასამართლოს წინაშე არ წარდგენილა. რაც შეეხება ბრძანების უკანონობის გამო კომპენაციის ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დაკისრებას, აღნიშნული თავად კომპენსაციის ბუნებიდან გამომდინარეობს - შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა, ეს არის პასუხისმგებლობის ზომა არამართლზომიერად შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობისათვის, რაც ეკისრება გადაწყვეტილების მიმღებ დამსაქმებელს (სუსგ. №ას-536-2021).

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

32. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და ბაჟის ნაწილობრივ დაბრუნებაზე მსჯელობის საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი