Facebook Twitter

საქმე №ას-330-2022

14 ივნისი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ტ.ა–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1 სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი, კასატორი“) სარჩელი აღძრა ტ.ა–ის (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ და მოითხოვა საიჯარო ქირის 3164,40 ლარის და პირგასამტეხლოს - 3034.90 ლარის ოდენობით მოპასუხისთვის დაკისრება.

1.2 სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ ტ.ა–ს გადახდილი აქვს საიჯარო თანხიდან 1320 ლარი, შესაბამისად გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენდა 1844.40 ლარს.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (მეიჯარე, მოსარჩელე) და ტ.ა–ს (მოიჯარე, მოპასუხე) შორის, 2015 წლის 5 მარტს, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა დმანისის რაიონში, საზაფხულო საძოვრებზე არსებული 800 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) მიწის ნაკვეთი (ს/კ .....). ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 5 წელი.

2.2 ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 1320 ლარს, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველი წლის 31 დეკემბრამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო – გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2.3 მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შესრულდა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

2.4 2019 წლის 16 იანვარს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისთვის საიჯარო ქირის დავალიანების 1844.40 ლარისა და პირგასამტეხლოს 3034,90 ლარის ოდენობით დაკისრება.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 4 ივნისიდან იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და პატიმრობაში ყოფნის გამო ვერ შეასრულა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

3.2 მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1 ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში გასწორდა დაშვებული უსწორობა და ნაცვლად გადაწყვეტილების თარიღისა 31.10.19წ. მიეთითა 2020 წლის 23 იანვარი) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ტ.ა–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს, ტ.ა–ს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების 1844.40 ლარის და პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 70.33 ლარის გადახდა.

4.2 ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.

5.2 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი პირგასამტეხლის ოდენობა.

5.3 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. (იხ. სუსგ ას-1755-2018 22.02.2019წ.).

5.4 სამოქალაქო საქმეთა პალატამ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაზე, კერძოდ, საკასაციო სასმართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა - „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი, საქმე №ას-708-662-2107, 11.01.2017წ; №ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

5.5 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6.2 კასატორმა მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, „სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება გადაუხდელი თანხის 0.1%-ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული დათქმა, ასევე ასახული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.2 პუნქტში. შესაბამისად, როგორც საიჯარო ქირის, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი გადახდის წესი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები ნათლად და მკაფიოდ განისაზღვრა, როგორც ადმინისტრაციული კანონმდებლობით, ისე ხელშეკრულებით და ამდენად, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების კანონიერება.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

14. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

15. „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ: №ას-176-157-2014).

16. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, კერძოდ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).

17. განსახილველ შემთხვევაში, დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების საგანს სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა წარმოადგენდა, ხოლო საიჯარო ქირის გადაუხდელი თანხა შეადგენს 1844.40 ლარს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო კი ჯამში შეადგენს 3034.90 ლარს, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ სახეზეა შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს 500 ლარის ოდენობით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში მითითებულ წინაპირობებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

8. პროცესის ხარჯები

8.1 კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე