საქმე №ას-360-2022
27 სექტემბერი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ო.შ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ო.შ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“), მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სარჩელი აღძრა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის - 73 157 ლარის, უკან დაბრუნება.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 123-137). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა (ტომი II, ს.ფ. 39-48). მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, ო.შ–ის სასარგებლოდ, 73 157 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
5. 2022 წლის 20 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ მხარეებს შესთავაზა მორიგება და კასატორს დაავალა წერილობითი პოზიციის წარმოდგენა საქმის შესაძლო მორიგებით დამთავრებასთან დაკავშირებით.
6. 2022 წლის 23 სექტემბერს, მოდავე მხარეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება. მორიგების აქტი ხელმოწერილია ერთი მხრივ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის დ.ზ–ის მიერ და მეორე მხრივ, ო.შ–ის (მოსარჩელე) მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
9. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
11. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:
1.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია აკმაყოფილებს ო.შ–ის მოთხოვნას ნაწილობრივ და კისრულობს ვალდებულებას, აუნაზღაუროს მას მოთხოვნილი თანხა, მხოლოდ 57 000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
1.2. თავის მხრივ, ო.შ–ი თანხმობას აცხადებს მის მიერ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე იმ ოდენობით, რაც მითითებულია ამ მორიგების პირველ პუნქტში და უარს ამბობს თანხის დარჩენილი ნაწილის (16 157 ლარის) მოთხოვნაზე;
1.3. ო.შ–ი უარს ამბობს სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ანაზღაურების მოთხოვნაზე პირველ ინსტანციაში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 2 195 ლარის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ანაზღაურებაზე;
1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებულ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, ო.შ–ისათვის გადავადებულ სახელმწიფო ბაჟს - 2926.28 ლარს, აანაზღაურებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია;
1.5. წინამდებარე შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ო.შ–ი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია გამოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი წინამდებარე საქმეზე და შეთანხმების პირობების აღსრულება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
1.6. წინამდებარე მორიგების აღსრულების ვადად განისაზღვროს სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მერიისადმი ჩაბარებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღე. თანხა ჩაირიცხება ო.შ–ის მიერ წერილობით მითითებულ ანგარიშზე;
1.7. მხარეები სრული პასუხისმგებლობით ადასტურებენ და იძლევიან გარანტიას, რომ წინამდებარე მორიგების (ურთერთშეთანხმების) აქტი წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;
1.8. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს ამ შეთანხმებით გათავლისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.
მორიგების პირობების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, თუმცა ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, არ არსებობს ბაჟის უკან დაბრუნების საფუძვლები (იხ. სუსგ №ას-1504-2020, 22 აპრილი, 2021წ.)
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა (მოპასუხე/კასატორი) და მეორე მხრივ, ო.შ–ს (მოსარჩელე/მოწინააღმდეგე მხარე) შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია აკმაყოფილებს ო.შ–ის მოთხოვნას ნაწილობრივ და კისრულობს ვალდებულებას, აუნაზღაუროს მას მოთხოვნილი თანხა, მხოლოდ 57 000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
1.2. თავის მხრივ, ო.შ–ი თანხმობას აცხადებს მის მიერ მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე იმ ოდენობით, რაც მითითებულია ამ მორიგების პირველ პუნქტში და უარს ამბობს თანხის დარჩენილი ნაწილის (16 157 ლარის) მოთხოვნაზე;
1.3. ო.შ–ი უარს ამბობს სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ანაზღაურების მოთხოვნაზე პირველ ინსტანციაში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 2 195 ლარის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ანაზღაურებაზე;
1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებულ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, ო.შ–ისათვის გადავადებულ სახელმწიფო ბაჟს - 2926.28 ლარს აანაზღაურებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია;
1.5. წინამდებარე შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ო.შ–ი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია გამოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი წინამდებარე საქმეზე და შეთანხმების პირობების აღსრულება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
1.6. წინამდებარე მორიგების აღსრულების ვადად განისაზღვროს სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მერიისადმი ჩაბარებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღე. თანხა ჩაირიცხება ო.შ–ის მიერ წერილობით მითითებულ ანგარიშზე;
1.7. მხარეები სრული პასუხისმგებლობით ადასტურებენ და იძლევიან გარანტიას, რომ წინამდებარე მორიგების (ურთერთშეთანხმების) აქტი წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;
1.8. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-360-2022.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე