¹ 3გ/ად-4-გ-02 24 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავა საქმეზე _ სს «ა.-ის» სარჩელის გამო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიმართ, 2001 წლის 28 აგვისტოს შემოწმების აქტის ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2002 წლის 30 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა სს «ა.-მ» მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიმართ, 2001 წლის 28 აგვისტოს შემოწმების აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის «ბ» პუნქტის, 26-ე მუხლის მეორე ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002 წლის 4 თებერვლის განჩინებით სს «ა.-ის» სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის 16 თებერვალს გამოიტანა განჩინება, რომელშიც დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ აღნიშნული საქმე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად, არ წარმოადგენდა თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯადს, მაგრამ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს აზრით, იმავე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, სადავო აქტი იყო ადმინისტრაციული ორგანოს აქტი, რომლის შესრულებითაც სს «ა.-ს» შეიძლებოდა მიდგომოდა 760709 ლარის ოდენობის ზიანი. რადგანაც მოსარჩელე უკანონოდ თვლიდა აღნიშნული შემოწმების აქტს და, შესაბამისად, სადავოდ ხდიდა მასში მითითებულ თანხას, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, ვინაიდან სადავო თანხა აღემატებოდა 500000 ლარს, აღნიშნული დავა იყო თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯადი.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოცემული საქმე განსჯადობის დასადგენად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოტივაციას, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტის თანახმად სს «ა.-ის» სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოთ აღნიშნული ნორმა, რადგანაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით სარჩელს განიხილავენ ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს. კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი არც ადმინისტრაციულ გარიგებას ეხება და არც _ მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის შემოწმებასთან დაკავშირებით მიღებული აქტის კანონიერების საკითხი არ შეიძლება დარეგულირდეს ზემოთ აღნიშნული ნორმით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოტივაციას, რომ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარატმენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგენილი შემოწმების აქტის კანონიერების საკითხის გარკვევა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის საფუძველზე სამართლებრივად არასწორია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს «ა.-ის» სარჩელი მოპასუხე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარატმენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიმართ 2001 წლის 28 აგვისტოს შემოწმების აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს «ა.-ის» სარჩელი მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარატმენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიმართ, არსებითად განსახილველად გადაეცეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.