Facebook Twitter

საქმე №ას-151-2022 27 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ქ.პ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა.პ–ძე

თავდაპირველი მოპასუხეები - მ.პ–ი, ნ.ს–ი

დავის საგანი - ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.პ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ა.პ–ძის, მ.პ–ისა და ნ.ს–ის მიმართ და მოითხოვა 2012 წლის 11 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის (იპოთეკის ნაწილში) და 2013 წლის 3 სექტემბრის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელის უძრავი ნივთების მესაკუთრედ აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.პ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; იპოთეკის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქ.პ–ის კანონიერ წარმომადგენლებს - ნ.ს–სა და მ.პ–ს და ა.პ–ძეს შორის გაფორმებული 2012 წლის 11 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 3 სექტემბრის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებები; ქ.პ–ი ცნობილ იქნა თბილისში, ......, პირველ სადარბაზოში, პირველ სართულზე მდებარე №ა4 ფართისა და ანტრესოლის (ს/კ ......); №ა3 ფართისა (ს/კ .....) და საოფისე ფართის (ს/კ .....) მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება ა.პ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მოემბრის გადაწყვეტილებით ა.პ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.პ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესი გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო „ბავშვთა უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით დადგენილი ნორმები, არ შეაფასა მოსარჩელის, როგორც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით ქ.პ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ქ.პ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს უძრავი ქონებების იპოთეკის და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებების ნამდვილობა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი მოსარჩელე სადავოდ ხდის მისი კანონიერი წარმომადგენლების მიერ მისი სახელით მესამე პირთან დადებული ხელშეკრულებების კანონიერებას და მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ხელშეკრულებების შინაარსი ეწინააღმდეგებოდა მის საუკეთესო ინტერესებს.

უპირველესად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-735-2021 და 2018 წლის 28 დეკემბრის №ას-1687-2018 განჩინებები). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

დადგენილია, რომ 2011 წლის 27 სექტემბერს და 7 დეკემბერს ნ.ს–მა მოსარჩელეს (შვილი) ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე გადასცა უძრავი ქონება - სამი საოფისე ფართი. ხელშეკრულებების გაფორმების დროისთვის, უძრავი ნივთები, რომელიც მჩუქებლის არასრულწლოვანი შვილის საკუთრებაში გადავიდა, გამჩუქბელის - ნ.ს–ის ვადამოსული სასესხო და საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, დატვირთული იყო იპოთეკის უფლებით. კრედიტორებს წარმოადგენდნენ, როგორც კომერციული ბანკი, ასევე ფიზიკური პირი იპოთეკარები. ქ.პ–ის კანონიერ წარმომადგენლებს - ნ.ს–სა და მ.პ–ს და ა.პ–ძეს შორის გაფორმდა 2012 წლის 11 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო 2013 წლის 3 სექტემბერს მ.პ–სა და ა.პ–ძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები (გამოსყიდვის უფლებით) ზემოაღნიშნულ სამ კომერციულ ფართზე, ხელშეკრულებებში აღინიშნა, რომ ფართების გამოსყიდვის ვადაა არაუგვიანეს 2014 წლის 3 მარტი, ხოლო ნასყიდობის ფასი თითოეულზე შეადგენს 53000 აშშ დოლარს. ქ.პ–ი სადავო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას იყო 16 წლის, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებისას - 17 წლის.

საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ ა.პ–ძესთან 2012 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შემდგომ პერიოდში - 2013 წლის 13-14 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერების მომზადების დროისთვის, გაუქმებული იყო ყველა სხვა იპოთეკის უფლება უძრავ ქონებებზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის გარემოებები თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასდეს. სასამართლოს მეშვეობით არ უნდა წახალისდეს ვალდებულების შეუსრულებლობა ისეთი გარიგებიდან გამომდინარე, სადაც არასრულწლოვანი პირი მონაწილეობს, მაშინ როცა კრედიტორს არ აქვს ვალდებულების იმთავითვე დარღვევის მოლოდინი. სასამართლოს მიერ იმგვარი განმარტება, რომ კრედიტორის კანონიერ მოთხოვნასთან შედარებით არასრულწლოვანის ქონების უპირატესი და უპირობო დაცვა უნდა მოხდეს იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანის მშობლები გარიგებას ხელს აწერენ და გარკვეულ ვალდებულებას იღებენ, რაც ოჯახის კეთილდღეობას ემსახურება, საფრთხეს შეუქმნიდა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. ასეთი მიდგომა არასრულწლოვანის ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისგან თავის არიდებისკენ განაწყობდა შესაძლო კონტრაჰენტებს და საბოლოოდ, გარკვეულ შემთხვევებში არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესიც კი შეილახება. სესხის მიზნობრივად გამოყენების მტკიცების ტვირთის კრედიტორისათვის დაკისრება სრულიად გაუმართლებელი და უშედეგო იქნებოდა, საწინააღმდეგოს დამტკიცება სწორედ მოსარჩელის პროცესუალური მოვალეობაა ..., (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის №ას-944-2018 განჩინება).

განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების მომენტში ქ.პ–ის მშობლებს უკვე გააჩნდათ სასესხო და საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე არაერთი ფულადი ვალდებულება, რომელთა უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იყო მოსარჩელისთვის შემდგომში საჩუქრად გადაცემული უძრავი ნივთები. ნიშანდობლივია, რომ სწორედ სადავო ხელშეკრულებების დადების შემდგომ პერიოდში მოხდა უძრავი ქონებების სხვა იპოთეკებისგან გათავისუფლება, რაც შედეგობრივი თვალსაზრისით გულისხმობს არასრულწლოვანი მესაკუთრის მიერ გარკვეული სარგებლის მიღებას. ამასთან, სადავო არ არის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ქ.პ–ი მშობლების გარეშე, დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლითაც დატვირთული იყო მისთვის საჩუქრად გადაცემული უძრავი ნივთები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გაუმართლებელია მოპასუხე ა.პ–ძეს დაეკისროს ნასყიდობის საფასურის არასრულწლოვანი მესაკუთრის სასარგებლო მიზნებისთვის გამოყენების დადასტურების მტკიცების ტვირთი. პროცესუალურსამართლებრივი თვალსაზრისით აღნიშნული სწორედ მოსარჩელის მოვალეობაა, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გარიგებების არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ მიჩნევის საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველ კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზეა შესაძლებელი იმგვარი დასკვნის გაკეთება, წარმოშობს თუ არა გარიგება ბათილობის წინაპირობებს, მათ შორის, კეთილსინდისიერების, გულისხმიერების, მართლზომიერების, კანონსაწინააღმდეგო თუ, ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების საფუძვლებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის №ას-944-2018 განჩინება). პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის სადავო ხელშეკრულებების არაკანონიერად მიჩნევის და ბათილად ცნობის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, კასატორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1800 ლარის ოდენობით (გადასახდელი ბაჟის 30%), დარჩენილი 4200 ლარის გადახდა კი - გადაუვადდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გათვალისწინებით, აღარ არსებობს კასატორისთვის დამატებით ბაჟის გადახდის დავალების, ან გადახდილი ბაჟის ნაწილის უკან დაბრუნების წინაპირობები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.პ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე