Facebook Twitter

საქმე №ას-257-2022 27 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ა(ა)იპ „თბილისის №155 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №80 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №216 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №181 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №62 საბავშვო ბაგა-ბაღი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ე–ი“

დავის საგანი - საბანკო გარანტიის თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

I აღწერილობითი ნაწილი:

1. შპს „ე–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ა(ა)იპ ბაგა-ბაღების მიმართ და მოითხოვა გაწეული მომსახურების ღირებულების, პირგასამტეხლოს და საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურება. ა(ა)იპ ბაგა-ბაღებმა შეიტანეს შეგებებული სარჩელები და მოითხოვეს ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით: შპს „ე–ის“ სასარგებლოდ ა(ა)იპ „თბილისის №155 საბავშვო ბაგა-ბაღს“ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების - 8405.95 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 1751 ლარის და პირგასამტეხლოს - 588 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №80 საბავშო ბაგა-ბაღს“ - გაწეული მომსახურების ღირებულების - 21615.30 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 3372 ლარის და პირგასამტეხლოს - 1680 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №216 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - გაწეული მომსახურების ღირებულების - 27072.05 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 4539 ლარის და პირგასამტეხლოს - 2079 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №181 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - გაწეული მომსახურების ღირებულების - 23 969.55 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 3840 ლარის და პიგასამტეხლოს - 2070 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „თბილისის №62 საბავშვო ბაგა-ბაღს“ - გაწეული მომსახურების ღირებულების 15129.25 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 2443 ლარის და პიგასამტეხლოს - 1200 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „ე–ს“ ა(ა)იპ „ქ. თბილისის №155 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 57.42 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „ქ. თბილისის №80 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ -პირგასამტეხლოს - 110.56 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „ქ. თბილისის №216 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ - პირგასამტეხლოს - 148.84 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „ქ. თბილისის №181 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ - პირგასამტეხლოს - 125.93 ლარის გადახდა; ა(ა)იპ „ქ. თბილისის №62 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ - პირგასამტეხლოს - 80.10 ლარის გადახდა; შეგებებული სარჩელები ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხების შპს „ე–ისთვის“ დაკისრების მოთხოვნათა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2017 წლის 17 აგვისტოს, ა(ა)იპ „ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს შპს „ე–ს“ და მოპასუხე ა(ა)იპ ბაგა-ბაღებს შორის დაიდო ხელშეკრულებები. ხელშეკრულების საგანი იყო სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვება და კვებითი მომსახურება ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით;

3.2. ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილი რისკის თავიდან ასაცილებლად, გამოყენებული იყო უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის. ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში;

3.3. 2017 წლის 14 სექტემბერს, ერთი მხრივ, შპს „ე–ს“ და მეორე მხრივ: ა(ა)იპ „ქ. თბილისის №155 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №80 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №216 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №181 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და ა(ა)იპ „ქ. თბილისის №62-ე საბავშვო ბაგა-ბაღს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს „ე–ის“ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვლიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე;

3.4. 2017 წლის 14 სექტემბერს, მოსარჩელე ბაგა-ბაღებს და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყფის მიზნით სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტიები გაიცა, რომლის თანახმადაც, პრინციპალი იყო შპს „ე–ი“, ხოლო ბენეფიციარები – ბაგა-ბაღები;

3.5. ბაგა-ბაღებმა უარი განაცხადეს შპს „ე–თან” ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო. საქალაქო სასამათლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „ე–ის“ მიერ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული პროდუქტი - ყველი ნაცვლად პასტერიზებული რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ასევე დადგენილია, რომ კასატორებმა მიიღეს ზემოაღნიშნული პროდუქცია - გააფორმეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის საკითხი და მიიჩნია, რომ იმგვარ შეუსრულებლობას, რაც შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავდა, მოსარჩელის მიერ ადგილი არ ჰქონია. ამ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა საბანკო გარანტიის თანხების გაცემის სამართლებრივი საფუძველი და ისინი უსაფუძვლოდ იქნა გადახდილი ყოველ მოპასუხესთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე საბანკო გარანტიის ბენეფიციარების - მოპასუხეების ხელში უსაფუძვლოდ აღმოჩნდა საბანკო გარანტიის გამოთხოვის შედეგად მიღებული თანხები.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება ბაგა-ბაღებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოითხოვეს შპს „ე–ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მათი შეგებებული სარჩელების სრულად დაკმაყოფილება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ბაგა-ბაღების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ, მიიჩნია, რომ სახეზეა შპს „ე–ის“ მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ შპს „ე–მა“ ბაგა-ბაღებს ხელშეკრულებით განსაზღვრული პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველის მაგივრად, აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი მიაწოდა.

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას. ამასთან, საბანკო გარანტია ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, ვალდებულების შესრულების ჩანაცვლების მაკომპენსირებელი საშუალებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბაგა-ბაღებისთვის მოსარჩელის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტის არარსებობის პირობებში, სახეზეა ბაგა-ბაღების მიერ უსაფუძვლოდ გახმობილი საბანკო გარანტიების თანხების შპს „ე–ისთვის“ ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ე–ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მათი შეგებებული სარჩელების სრულად დაკმაყოფილება.

10. კასატორების მტკიცებით, იმ პირობებში, როდესაც შეთანხმებით გათვალისწინებული ხარისხის ყველი არ მიუღიათ, არც საფასურის გადახდის ვალდებულება გააჩნიათ, რაც, თავის მხრივ, მათთვის ზიანის მიყენებას განაპირობებს. კასატორების განმარტებით, დაუსაბუთებელია მსჯელობა, რომ ნაკლიანი შესრულების მიღება, მხარეთა შორის ახალი გარიგების დადებას გულისხმობს. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების გაფორმების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან მომსახურებისას შეთანხმებული ხარისხის ყველის მიუწოდებლობისთვის.

11. კასატორები განმარტავენ, რომ შპს „ე–ი“ მათ აწვდიდა პროდუქციას მზა სახით, იმგვარად, რომ მათ უშუალოდ პროდუქტთან შეხება არ ჰქონიათ. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მიმწოდებლის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული იყო ბაგა-ბაღების მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიების გამოთხოვა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ „თბილისის №155 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №80 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №216 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №181 საბავშვო ბაგა-ბაღისა“ და ა(ა)იპ „თბილისის №62 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით ა(ა)იპ „თბილისის №155 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №80 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №216 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №181 საბავშვო ბაგა-ბაღისა“ და ა(ა)იპ „თბილისის №62 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი მიწოდებული საქონლის ღირებულების, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინება საქონლის ღირებულების, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა არსებითად განსახილველად მხოლოდ ნაწილობრივ - საბანკო გარანტიის თანხების დაკისრების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.

II სამოტივაციო ნაწილი:

16. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ ბაგა-ბაღების საკასაციო საჩივარი, არსებითად განსახილველად დაშვებულ ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში, ბენეფიციარების მხრიდან საბანკო გარანტიის თანხების გამოთხოვის კანონიერება წარმოადგენს.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასების საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 881-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

19. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები ადგენს საბანკო გარანტიის ლეგალურ დეფინიციას და განსაზღვრავს საბანკო გარანტიის სამართლებრივ კონსტრუქციაში მონაწილე პირების უფლება-მოვალეობებს.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასების საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლზე, რომლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის №ას-1048-2021 განჩინება).

21. განსახილველ შემთვევაში დადგენილია, რომ შპს „ე–მა“ ბაგა-ბაღებს ხელშეკრულებით განსაზღვრული პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველის მაგივრად, აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი მიაწოდა, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს.

22. ბაგა-ბაღების მხრიდან საბანკო გარანტიის თანხის გამოთხოვის გამო წარმოშობილი დანაკლისის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორების შედავებას, კერძოდ საბანკო გარანტიის სამართლებრივი თავისებურება გულისხმობს მის არააქსესორულობას პრინციპალს და ბენეფიციარს შორის არსებული ძირითადი მოთხოვნებისგან, ამიტომ კრედიტორი (ბენეფიციარი) ნებისმიერ დროსაა უფლებამოსილი გარანტისგან მოითხოვოს შესრულება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის №ას-749-709-2015 განჩინება).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის მოთხოვნის წარდგენის წინაპირობა არ არის ვალდებულების დარღვევის შედეგად ბენეფიციარისათვის ზიანის მიყენება. უფრო მეტიც, ბენეფიციარი, საგარანტიო თანხის მოთხოვნისას, გარანტორის წინაშე არაა ვალდებული, დაასაბუთოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების უტყუარობა. ბენეფიციარის მოთხოვნა მოწმდება მხოლოდ საგარანტიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახისა და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის №ას-1057-2020 განჩინება).

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბაგა-ბაღების, როგორც ბენეფიციარების უფლება შპს „ე–ის“ მიერ დაირღვა სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით. პალატა მიიჩნევს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების მოქმედება საბანკო გარანტიის გამოთხოვის ნაწილში კანონშესაბამისია და არ შეიძლება დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას. პალატის მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საბანკო გარანტიის თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში შპს „ე–ის“ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის საფუძველზე, კასატორების მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს საბანკო გარანტიის თანხების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილეს.

25. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მხარეებს ერთმანეთის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარჩელსა და საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებული ნაწილების პროპორციულად.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 394-ე, 401-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა(ა)იპ „თბილისის №80 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №155 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №216 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №181 საბავშვო ბაგა-ბაღისა“ და ა(ა)იპ „თბილისის №62 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი (არსებითად განსახილველად დაშვებულ ნაწილში) დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინება არსებითად განსახილველად დაშვებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ე–ის“ სარჩელი მოპასუხეებისთვის საბანკო გარანტიის თანხების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ე–ს“ ა(ა)იპ „თბილისის №155 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 157,59 ლარის ანაზღაურება;

5. შპს „ე–ს“ ა(ა)იპ „თბილისის №80 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 303,48 ლარის ანაზღაურება;

6. შპს „ე–ს“ ა(ა)იპ „თბილისის №216 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 408,51 ლარის ანაზღაურება;

7. შპს „ე–ს“ ა(ა)იპ „თბილისის №181 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 345,6 ლარის ანაზღაურება;

8. შპს „ე–ს“ ა(ა)იპ „თბილისის №62 საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 219,87 ლარის ანაზღაურება;

9. ა(ა)იპ „თბილისის №155 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 270,47 ლარის ანაზღაურება;

10. ა(ა)იპ „თბილისის №80 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 699,84 ლარის ანაზღაურება;

11. ა(ა)იპ „თბილისის №216 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 874,83 ლარის ანაზღაურება;

12. ა(ა)იპ „თბილისის №181 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 773,8 ლარის ანაზღაურება;

13. ა(ა)იპ „თბილისის №62 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 490,71 ლარის ანაზღაურება;

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე