Facebook Twitter
საქმე №ას-283-2022 27 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.დ–ი

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

თ.დ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.დ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 დეკემბრის №13359/კ ბრძანება თ.დ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. თ.დ–ი აღდგენილ იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოში გერმანული ენის თარჯიმნის პოზიციაზე. მოპასუხეს თ.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 19 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ხელფასის, 990 ლარის (დარიცხული) ოდენობით, ხელფასის სახით მიღებული 22381.46 ლარის გათვალისწინებით (გამოკლებით).

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ თ.დ–მა ჩაიდინა არსებითი სამსახურეობრივი გადაცდომა, რამაც გამოიწვია დამსაქმებელი ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ამდენად, დასაქმებულის მიერ დაშვებული შეცდომა სასამართლოს უნდა შეეფასებინა შრომითი ვალდებულების „უხეშ“ დარღვევად, რაც წარმოადგენს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერ საფუძველს. ამასთანავე, კასატორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციაში მოსარჩელის მიერ დასაკავებელი თანამდებობა (იგივე ან ტოლფასი) ვაკანტური არ არის. ამდენად, სასამართლოს ამ ნაწილშიც უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, გათავისუფლების ბრძანების არაკანონიერად მიჩნევის შემთხვევაში, მოსარჩელის გათვისუფლებამდელ თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა და იძლებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლიანობა.

საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მოქმედი 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი) შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომისსამართლებრივი ვალდებულების დარღვევის „უხეშად“ მიჩნევისთვის შეფასებულ უნდა იქნას ჩადენილი დარღვევის ხასიათი, სიმძიმე, შედეგი, დასაქმებულის პიროვნება და შემთხვევის ინდივიდუალური თავისებურებები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავის განხილვისას, აუცილებელია „Ultima Ratio“-ს („უკიდურესი საშუალება“) პრინციპის გათვალისწინება. „Ultima Ratio“-ს პრინციპის მიხედვით, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა მისი კანონიერი ინტერესი. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების „უხეში“ დარღვევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის ანდა ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის №ას-949-2021 განჩინება).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. ამდენად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. „თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის №ას-891-2015 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, შეწყდა 2017 წლის 18 დეკემბერს. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების „უხეშ“ დარღვევად და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების წინაპირობად დამსაქმებლის მიერ მიჩნეული იქნა მოსარჩელის მიერ სამუშაო დოკუმენტის თარგმანში დაშვებული შეცდომა.

დადგენილია, რომ სააგენტოს აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურს, 2017 წლის 10 ოქტომბერს, №1303359 განცხადებთ მიმართა მოქალაქე ე.ყ–მა, რომელმაც მოითხოვა დოკუმენტების, მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის 6 ივლისს გაცემული №01/44317 ცნობის გერმანულ ენაზე თარგმნა და აპოსტილით დამოწმება. აღნიშნული ცნობის გერმანულ ენაზე თარგმანში, დაშვებული იქნა შეცდომა, რომელმაც შეცვალა დოკუმენტის სამართლებრივი შინაარსი, კერძოდ ცნობაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების თანახმად „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 3 აპრილის №8 სხდომის გადაწყვეტილებით, მოქალაქის მოთხოვნა მ.გ–ის მკურნალობის დაფინანსების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული №01/44317 ცნობა სააგენტოს აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის მიერ გერმანულ ენაზე თ.დ–ის მიერ ითარგმნა 2017 წლის 9 ოქტომბერს, რომელშიც შინაარსი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მოქალაქის თხოვნა მ.გ–ის მკურნალობის დაფინანსებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ არ დასტურდება დასაქმებულის შეცდომის შედეგად განმცხადებლისთვის ან დამსაქმებელი ორგანიზაციისთვის არსებითი ზიანის მიყენება, გარდა სოციალურ ქსელში გაკეთებული უკმაყოფილო მომხმარებლის კომენტარისა, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვინაიდან დამსაქმებელს ეკისრება მოსარჩელის სამსახურიდან კანონიერად გათავისუფლების მტკიცების ტვირთი, სწორედ მასვე უნდა დაედასტურებინა შეცდომის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, რაც არ განუხორციელებია.

დასაქმებული მიერ შრომითი საქმიანობის ფარგლებში დაშვებული შეცდომის სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჩადენილი ქმედება, ვერ შეფასდება იმგვარ სამსახურეობრივ გადაცდომად, რომელიც აუცილებელს ხდიდა მოსარჩელის მიმართ ყველაზე მძიმე და უკიდურესი ზომის - დაუყოვნებლივ გათავისუფლების გამოყენებას. საკასაციო პალატა დამატებით ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაიმე დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. შედეგობრივი თვალსაზრისით, არ დასტურდება არასწორი თარგმანის შედეგად გამოუსწორებელი ზიანის დადგომის ფაქტი. ამასთან, მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ შეცდომის აღმოჩენიდან მოკლე დროში მოხდა შეცდომის გასწორება და შესწორებული ცნობის სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ასახვა.

ზემოაღნიშნული არგუმენტაციის და საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 დეკემბრის N13359/კ ბრძანება არამართლზომიერია და ამდენად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 38-ე მუხლი) თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება თ.დ–ის სამსახურში აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა, ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან მიმართებით მართებულად დაკმაყოფილდა.

სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, იძულებითი განაცდურის მიღება დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის თანმდევი სამართლებრივი შედეგად განიხილება. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი ორგანიზაციის ბრძანება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიჩნეულია არამართლზომიერად, ასევე დადგინდა მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი, რაც საერთო ჯამში, ქმნის არამართლზომიერად გათავისუფლების გამო აღდგენილი დასაქმებულისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველს. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 990 ლარის (დარიცხული) ოდენობით, გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე დროის მონაკვეთში, ხელფასის სახით უკვე მიღებული 22381.46 ლარის გათვალისწინებით (გამოკლებით).

რაც შეეხება თ.დ–ის შემოსავლებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხს. პალატა მოსარჩელის განმარტებას მის მიერ პედაგოგიური საქმიანობიდან გამომდინარე, გარკვეული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით, რაც მას არ ეზღუდებოდა დამსაქმებელი ორგანიზაციაში მუშაობის პირობებშიც. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამრიგად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 662.92 ლარის (საგადახდო დავალება №26596, გადახდის თარიღი 31.03.2022 წ.) 70% - 464.04 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე