Facebook Twitter

საქმე №ას-342-2022 27 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ა(ა)იპ ს.გ.ს–ო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ.ს–ი

თავდაპირველი მოპასუხე - სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ზ.ს–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ა(ა)იპ ს.გ.ს–ოს და სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 8914.25 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ზ.ს–ის სარჩელი მოპასუხეების მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა(ა)იპ ს.მ.პ.მ.ს–ოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით 8914.25 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება ა(ა)იპ ს.გ.ს–ომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ა(ა)იპ ს.გ.ს–ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ს.გ.ს–ომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ ს.გ.ს–ო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებდა ფერმერებისთვის აგროდაზღვევის საფასურის თანადაფინანსებას, თუმცა სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოსარჩელე პროგრამის ბენეფიციარად. ზ.ს–ს საკუთრებაში არ გააჩნდა მიწის ნაკვეთი, ამიტომ იგი ვერ აკმაყოფილებდა აგროდაზღვევის პროგრამით გათვალისწინებულ პირობებს, რაც გამორიცხავდა მისთვის მოპასუხის მხრიდან აგროდაზღვევის საფასურის თანადაფინანსებას.

კასატორმა საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 24 მაისის შეთანხმებასთან მიმართებით აღნიშნა, რომ მართალია შეთანხმებით განსაზღვრულია ა(ა)იპ ს.გ.ს–ოს მხრიდან, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, გადასახდელი თანხის ოდენობა, თუმცა სააგენტოს აღნიშნული ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე დაადასტურებდა მისი განაცხადის აგროდაზღვევის პროგრამის პირობებთან შესაბამისობას, რაც არ განუხორციელებია. ამდენად, მოპასუხე არ იყო ვალდებული შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ნაწილი გადაეხადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ ს.გ.ს–ოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ს.გ.ს–ოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. დასახელებული კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელია, დადასტურდეს მოვალის მიერ კანონის დანაწესებისა ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რაც კრედიტორისთვის ზიანის მიყენების პირდაპირი და უშუალო საფუძველი გახდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს ზემოთ მითითებულ სამართლებრივ ნორმებზე და აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია კუმულატიურად არსებობდეს შემდეგი ელემენტები: 1. ვალდებულების დარღვევა; 2. ზიანი; 3. მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 4. მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის; 5. ბრალეულობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის №ას-482-2022 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენს საკითხი თუ რამდენად წარმოეშვა მოპასუხეს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ზ.ს–ის სასარგებლოდ სადაზღვევო პრემიის ნაწილის გადახდის ვალდებულება და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ეკისრება თუ არა მოპასუხეს წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

დადგენილია, რომ მოსარჩელეს, გორის რაიონის სოფელ ........, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფაქტობრივ მფლობელობაში ჰქონდა 2,5 ჰა ფართის მიწის ნაკვეთი (ს/კ ....), სადაც გაშენებული აქვს ვაშლის ბაღები. მოსავლის დაზღვევისა და აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით 2018 წლის 24 მაისს სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ მიერ მოსარჩელის მიმართ გაიცა სადაზღვევო პოლისი (ხელშეკრულება) №18020013186. აღნიშნული პოლისის საფუძველზე კი, ა(ა)იპ ს.მ.პ.მ.ს–ოსთან გაფორმდა შეთანხმება აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.

სადაზღვევო პოლისის მიხედვით, დაზღვეული კულტურის სახეობას წარმოადგენდა ვაშლი, დაზღვეულ რისკს - სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეადგენდა 5000 ლარს, საიდანაც მოსარჩელის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის წილი შეადგენდა 1500 ლარს, რაც მოსარჩელემ გადაიხადა, ხოლო სადაზღვევო პრემიის სუბსიდური წილი - 3500 ლარს. დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 24 მაისიდან 2018 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდი.

აგროდაზღვევის პროგრამის შესაბამისად, დამზღვევი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში, ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ზ.ს–ი შპს „მ–თან“ 2016 წლის 5 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა და სარგებლობდა 2,5 ჰა ფართის მიწის ნაკვეთით. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის დადებულ 2018 წლის 24 მაისის შეთანხმების შინაარსს, კერძოდ შეთანხმების მე-2 პუნქტში განსაზღვრულია ა(ა)იპ ს.მ.პ.მ.ს–ოს ვალდებულება ზ.ს–ის სასარგებლოდ, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, განახორციელოს სადაზღვევო პრემიის ნაწილის სუბსიდირება. შეთანხმებით ასევე გათვალისწინებულია მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა - 3500 ლარი.

დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ივლისს, 18 აგვისტოს, 18 სექტემბერს, 25 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, ქარიშხალმა დააზიანა დაზღვევის ობიექტი, ვაშლის ბაღი. სადაზღვევო კომპანიის მიერ მოხდა დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერება და გაიცა დათვალიერების აქტები. აქტების მიხედვით ჯამურმა ზარალმა შეადგინა 12734.64 ლარი, საიდანაც სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს აუნაზღაურა ზარალის თანხის 30% - 3820 ლარი, 8914.25 ლარის ანაზღაურებაზე კი განაცხადა უარი, იმ მიზეზით, რომ სააგენტომ არ გადაიხადა სადაზღვევო პრემიის სუბსიდური ნაწილი - 3500 ლარი.

სადაზღვევო რისკის რეალიზაციის ფაქტთან მიმართებით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ზ.ს–სა და სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (პოლისის) პირობებზე, რომლითაც განისაზღვრებოდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების წესი. კერძოდ, ხელშეკრულების 1.4. პუნქტის „ვ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მომენტისათვის მზღვეველს სააგენტოს მხრიდან ანგარიშგების შესაბამისი პერიოდის სადაზღვევო პრემია არ აქვს მიღებული, სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა განხორციელდება დამზღვევის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის პროპორციულად, ხოლო ამავე პუნქტის „ვ.ბ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევში, თუ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მომენტისათვის მზღვეველს სააგენტოს მხრიდან პროგრამით განსაზღვრული წესით მიღებული აქვს შესაბამისი სადაზღვევო პოლისისთვის სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულებაზე უარის გაცხადების შესახებ წერილობითი შეტყობინება, მზღვეველის მიერ გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა შემცირდება იმ პროპორციით, რა პროპორციითაც მზღვეველს მიღებული აქვს ამავე სადაზღვევო პოლისით. ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება (პოლისი) მოსარჩელემ წარუდგინა სააგენტოს და ამდენად, მიაწოდა ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო რისკების თაობაზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მითითებული დოკუმენტის შინაარსი პალატას არწმუნებს, რომ ზ.ს–ი წარმოადგენდა აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარს და სააგენტოს ზ.ს–ის სასარგებლოდ წარმოეშვა სადაზღვევო ორგანიზაციისთვის პრემიის თანხის ნაწილის გადახდის ვალდებულება.

პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ 2018 წლის 24 მაისის შეთანხმებით განსაზღვრული თანხა არ გადაიხადა, რაც უნდა შეფასდეს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ მიერ სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი ზარალის ნაწილის ანაზღაურებაზე უარის თქმა, მაშასადამე, კრედიტორისთვის ზიანის მიყენება განპირობებულია სწორედ სააგენტოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით.

ზემოთ მითითებული ფაქტების და მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში სახეზეა სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი კანონით დადგენილი ყველა ელემენტი და შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს თანხის გადახდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ ს.გ.ს–ოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება;

3. ა(ა)იპ ს.გ.ს–ოს (ს/კ .....) დაუბრუნდეს 2022 წლის 15 მარტის №06847 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 445.71 ლარის 70% - 312 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე