საქმე №ას-357-2022 27 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.ძ–ძე
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ცალმხრივი გარიგების ბათილად ცნობა, კომპენსაციის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:თ.ძ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ას“ მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, კომპენსაციის და ორი თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით თ.ძ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ას“ დირექტორის 2020 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება (შეთანხმება GBG262) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოპასუხეს თ.ძ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 54000 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით. თ.ძ–ძის მოთხოვნა ორი თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ამ“ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, ხოლო თ.ძ–ძემ მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით თ.ძ–ძის და სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ას“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
კასატორი განმარტავს, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების გათვალისწინებული ვადის ამოწურვით, ვინაიდან დამსაქმებელს ორგანიზაციას აღარ გააჩნდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი. ამიტომ მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით გააფრთხილა თ.ძ–ძე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. რაც შეეხება 2020 წლის 1 დეკემბრის აქტს, აღნიშნული დოკუმენტით არ მომხდარა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება, არამედ სადაო დოკუმენტი წარმოადგენს ცალმხრივად, მხოლოდ დამსაქმებლის მხრიდან ხელმოწერილი შეთანხმების პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შედეგად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტის დადასტურებას. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ა“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება და ბრძანების უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში, განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის მართებულობა.
საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის) თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.
განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად ხელშეკრულების ვადის გასვლა მიიჩნია, თუმცა მოსარჩელე სადავოდ ხდის აღნიშნულ გარემოებას და მიუთითებს, რომ ხელშეკრულება ავტომატურად კიდევ ერთი წლით გაგრძელდა, ვინაიდან დამსაქმებელმა არ დაიცვა შრომითი ურთიერთიბის შეწყვეტისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინების სპეციალური წესი.
დადგენილია, რომ 2019 წლის 1 დეკემბერს სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ას“ და თ.ძ–ძეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების №1 დანართის 1.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის სამსახურებრივ პოზიციად განისაზღვრება - კორპორატიული გაყიდვების განყოფილების უფროსი, ხოლო 4.1. პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება ძალაში შედის 2019 წლის 1 დეკემბრიდან და ძალაშია 1 წლის ვადით. ამავე დანართის 4.2. პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება ხდება ავტომატურად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საწინააღმდეგოზე არ შეთანხმდნენ მხარეები ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია შეატყობინოს შეწყვეტის ნების თაობაზე დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულების და ხელშეკრულების №1 დანართის შესაბამისად, მხარეებმა განსაზღვრეს შრომითი ხელშეკრულების ერთწლიანი ვადა და ვადის გაგრძელების პირობები, კერძოდ შრომითი ხელშეკრულება ვადის ამოწურვის შემდეგ გრძელდებოდა ავტომატურად, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელს არ ექნებოდა შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი, იგი ვალდებული იყო შეწყვეტის ნების თაობაზე დასაქმებულისთვის შეეტყობინებინა ხელშეკრულების შეწყვეტამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურის დაცვა. აღნიშნულთან მიმართებით, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, კერძოდ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა თ.ძ–ძესთან დადებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ამდენად ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 1 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების ვადა 2020 წლის 1 დეკემბერს ავტომატურად გაგრძელდა.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს დამსაქმებლის მიერ თ.ძ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების ფორმის საკითხს. დადგენილია, რომ დამსაქმებელმა თ.ძ–ძეს წარუდგინა 2020 წლის 1 დეკემბრის შეთანხმების პროექტი, რომელიც ხელმოწერილი იყო მხოლოდ დამსაქმებელი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ. პროექტის მიხედვით, მხარეები ადასტურებდნენ შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო შრომითი ურთიერთობის დასრულებას და თანხმდებოდნენ უარი ეთქვათ შესაძლო ურთიერთპრეტენზიებზე. წარმოდგენილი შეთანხმების პროექტი პალატის მოსაზრებით, მოიცავს დასაქმებლის ნებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშრებით, რაც თავის მხრივ, დაადასტურა მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე. ზემოთ მითითებული გარემოების და დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის დადგენილი ვადის დაუცველობის პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ.ძ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ას“ 2020 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება არაკანონიერია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის (სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი) თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის №ას-1161-2018 გადაწყვეტილება).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა გამართლებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას, რომელიც ადეკვატურად უზრუნველყოფს უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულების შეძლებისდაგვარ კომპენსირებას. საკასაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელის უფლებებში რესტიტუციის მიზნით მოპასუხეს კომპენსაციის სახით მართებულად დაეკისრა 1 წლის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია, რაც შეადგენს 54000 (ხელზე ასაღები) ლარს.
ამრიგად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამასთან, ვინაიდან კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 2894 ლარის ოდენობით. მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 194 ლარი და დარჩენილი თანხის (2700 ლარის) 70% - 1890 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინება;
3. სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ას“ (ს/ნ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2894 ლარიდან (საგადახდო დავალება №1646634882, გადახდის თარიღი 7.03.2022წ.) ზედმეტად გადახდილი 194 ლარი და დარჩენილი 2700 ლარის 70% - 1890 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე