Facebook Twitter
საქმე №ას-380-2022 27 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელეები) - ა.კ–ძე, ს.ა–ია, მ.გ–ი, ნ.ნ–ი, ა.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- შპს „ს.ი–ი“

დავის საგანი - შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ს.ი–ის“ მიმართ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ა.კ–ძის, ს.ა–იას, მ.გ–ის, ნ.ნ–ისა და ა.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. აპელანტებმა მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეეებმა, რომლებმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება. მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლება არ მომხდარა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პროცედურის დაცვით, ამდენად მათ კომპენსაციის სახით, ერთი თვის ხელფასის ოდენობის ნაცვლად, ორი თვის ხელფასის ოდენობით ანაზღაურება უნდა გადასცემოდათ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ა.კ–ძის, ს.ა–იას, მ.გ–ის, ნ.ნ–ის და ა.მ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის პირობებში, დამსაქმებლის მიერ გაცემული კომპენსაციის ოდენობის კანონიერება და შრომითი ანაზღაურების ვალდებულების დადგენის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობა.

საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის, შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

ზემოთ მითითებული შრომისსამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის საწარმოს რეორგანიზაციის პირობებში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში, კანონი განსაზღვრავს დასაქმებულების ინფორმირების და კომპენსაციის გადახდის სპეციალურ წესს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების სადავოდ ხდიან დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილების ფაქტს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით, დამტკიცდა შპს „ბ.ნ“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს „ს.ი–ის“ რეაბილიტაციის მმართველად შპს „ბ.ქ.კ–ის“ დანიშვნის თაობაზე, აღნიშნული განჩინების კანონიერება მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

2020 წლის 4 აგვისტოს რეაბილიტაციის მმართველმა გამოსცა №ს/გ002-04/08/20 ბრძანება შპს „ს.ი–ის“ სტრუქტურული რეორგანიზაციის და ფინანსური ოპტიმიზაციის თაობაზე. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგი ფორმულირებით: „დაეგზავნოთ წინასწარი წერილობითი შეტყობინებები და გაფრთხილებულ იქნას კომპანიის ყველა შტატიანი თანამშრომელი საშტატო განრიგში ცვლილებისა (რეორგანიზაციისა) და მათ მიერ დაკავებული თანამდებობების შესაძლო გაუქმების გამო, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე.“ ბრძანება გაეგზავნა ყველა თანამშრომელს (სულ 149 დასაქმებულს), მათ შორის, მოსარჩელეებს. 2020 წლის 11 სექტემბერს რეაბილიტაციის მმართველმა გამოსცა №ს/გ003-11/09/20 ბრძანება შპს „ს.ი–ის“ რეორგანიზაციის და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად თანამშრომელთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებს შესახებ.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს №ს/გ002-04/08/20 ბრძანების შინაარს, კერძოდ ბრძანების აღწერილობით ნაწილში წარმოდგენილია ინფორმაცია კომპანიისთვის პანდემიით გამოწვეულ სირთულეების და განცდილი ფინანსური ზარალის შესახებ, რაც საერთო ჯამში განაპირობებს ხარჯები ოპტიმიზაციის აუცილებლობას. ბრძანების ტექსტში ასევე მითითებულია შრომისსამართლებრივი ნორმა (სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელიც აწესებს რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულების წინასწარი გაფრთხილების სავალდებულოობას. №ს/გ002-04/08/20 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი კი შეიცავს თანამშრომელთათვის კონკრეტულ მითითებას დაკავებული თანამდებობების შესაძლო გაუქმების გამო, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ №ს/გ002-04/08/20 ბრძანების გამოცემით და მისი მოსარჩელეებისთვის გაცნობის უზრუნველყოფით დამსაქმებელმა დაიცვა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურა. ასეთ შემთხვევაში, კანონი დამსაქმებელს ავალდებულებს მხოლოდ ერთი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის გაცემას, რაც მოპასუხემ მოსარჩელეების სასარგებლოდ განახორციელა. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დამსაქმებელი ორგანიზაციისთვის დამატებით ერთი თვის ოდენობებით კომპენსაციის დაკისრების საფუძველი.

საქართველოს შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორება დაყოვნების ყოველი დღისათვის, გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მიერ შეიძლება დაყოვნდეს ის ანაზღაურება თუ ანგარიშსწორება, რომელიც დასაქმებულისათვის გარკვეულ დროს უნდა გადახდილიყო, მაგრამ ეს ვალდებულება არ შესრულდა.

კასატორები დამატებით მოითხოვენ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. აღნიშნულთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამორიცხავს მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კასატორები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.კ–ძის, ს.ა–იას, მ.გ–ის, ნ.ნ–ის და ა.მ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე