თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „გ–ია“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.ა–ია
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის და ბონუსის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:გ.ა–იამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „გ–იას“ მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის და ბონუსის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ა–იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ბ.გ–იას“ 2020 წლის 2 მაისის ბრძანება №GGBM-000298 გ.ა–იასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. სარჩელი სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შპს „გ–იას“ დაეკისრა კომპენსაციის სახით 14112 ლარის (გადასახადების გარეშე) და ბონუსის სახით 148 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ–იამ,“ აპელანტმა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს „გ–იას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ გ.ა–იასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განპირობებული იყო ქვეყანაში შექმნილი მძიმე პანდემიური ვითარებით, რამაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად დააზარალა დამსაქმებელი ორგანიზაცია. ამასთანავე, დამსაქმებელმა მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად მიიღო 2021 წლის 12 ივნისის ბრძანება, რითაც საკუთარი ინიციატივით გააუქმა გ.ა–იას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება. აღნიშნული მიუხედავად, მოსარჩელემ თავად განაცხადა უარი შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს „გ–იას“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „გ–იას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, ბრძანების უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში, განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის მართებულობა და ბონუსის თანხის დაკისრების საფუძვლიანობა.
საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომი კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა, იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნას მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის №ას-1334-2021 განჩინება).
განსახილველ შემთვევაში, მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, შეწყდა 2020 წლის 22 ივნისს. გ.ა–იას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებელმა მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დღეს მოქმედი რედაქციით საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) გათვალისწინებული ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც განპირობებული იყო კოვიდ პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებით.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის არგუმენტაციაზე კოვიდ პანდემიით გამოწვეულ ვითარებასთან დაკავშირებით. მართალია, საკასაციო სასამართლო კოვიდ პანდემიის შედეგად ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეიუდიციულ ფაქტად მიიჩნევს, თუმცა შრომისსამართლებრივ დავებში დამსაქმებელმა უნდა დაადასტუროს, პანდემიის შედეგად ორგანიზაციისთვის ეკონომიკური მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რომელმაც კადრების შემცირების აუცილებლობა გამოიწვია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანია საგანგებო მდგომარეობის დროს ახორციელებდა ელექტრონულ ვაჭრობას და ადგილზე მიწოდების სერვისს, რის გამოც იგი სრულად შემოსავლების გარეშე არ დარჩენილა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა, მასზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვერ უზრუნველყო უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარმოდგენა, რაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა დამსაქმებელ ორგანიზაციაში სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას. ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.ა–იასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შპს „ბ. გ–იას“ 2022 წლის 2 მაისის №GGBM-000298 ბრძანება არაკანონიერია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სადავო ბრძანების საკუთარი ინიციატივით გაუქმების გამო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლის არარსებობასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის განმარტებას, კერძოდ დასაქმებული მიუთითებს, რომ ხელშეკრულების არსებითი პირობების შეთანხმება ვერ მოხერხდა, რასაც ადასტურებს მხარეთა შორის ელექტრონული მიმოწერის შინაარსი. ამასთან, როდესაც გ.ა–იამ შეატყობინა, მენეჯერთან უთანხმოების შესახებ, მოპასუხე კომპანიას მასთან ურთიერთობის პირობები აღარ დაუზუსტებია. პალატა განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მიღებამ განაპირობა დამსაქმებელი ორგანიზაციის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, ხოლო იმავე მხარეებს შორის სამომავლოდ შრომითი ურთიერთობის აღდგენა საჭიროებდა შრომითი ხელშეკრულების პირობების ხელახალ შეთანხმებას, რაც საქმის დადგენილი გარემოებებიდან არ იკვეთება.
საკასაციო პალატა მიუთითებს შრომისსამართლებრივი დავების განხილვისას, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე და აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, სწორედ დამსაქმებელ ორგანიზაციას ეკისრება ხელშეკრულების კონკრეტული პირობებით დადების მტკიცების ტვირთი. რისი დადასტურებაც პალატის მოსაზრებით დამსაქმებელმა ორგანიზაციამ, მოცემულ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო.
საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის (სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი) თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა და ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის №ას-1161-2018 გადაწყვეტილება).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა გამართლებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას, რომელიც ადეკვატურად უზრუნველყოფს უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულების შეძლებისდაგვარ კომპენსირებას. საკასაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის მიზნით მოპასუხეს კომპენსაციის სახით მართებულად დაეკისრა 1 წლის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის გადახდა, რაც შეადგენს 14112 ლარს (გადასახადების გარეშე).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობებში ბონუსი არის ფულადი დანამატი, რომელიც გაიცემა დასაქმებულის სასარგებლოდ სამუშაოს წარმატებით შესრულებისთვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის №ას-6-2020 განჩინება). მოსარჩელის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით, ირკვევა რომ გ.ა–ია ყოველთვიურად იღებდა ბონუსებს სხვადასხვა ოდენობებით, კერძოდ, 2020 წლის 1 იანვარს მიიღო ნოემბრის ბონუსი 352 ლარის ოდენობით; 4 თებერვალს - 272.92 ლარი დეკემბრის ბონუსი; 13 მარტს - 148 ლარი იანვრის ბონუსი. მოსარჩელეს იანვრის შემდეგ ბონუსი აღარ მიუღია მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივად შეასრულა თავისი სამუშაო დამსაქმებელი ორგანიზაციის მაღაზიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, მხარეებს შეთანხმებული ჰქონდათ პირობა ყოვალთვიურად ბონუსის გადახდის თაობაზე. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივად იმუშავა 2020 წლის თებერვლის თვეში, მას ხელფასთან ერთად, ასევე უნდა მიეღო ბონუსიც, რაც დასაბუთებულს ხდის მოპასუხის სასარგებლოდ აუნაზღაურებელი ბონუსის სახით - 148 ლარის დაკისრებას.
ამრიგად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შპს „გ–იას“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ–იას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. შპს „გ–იას“ (ს/ნ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 705.6 ლარის (საგადახდო დავალება №1649072201, გადახდის თარიღი 4.04.2022წ.) 70% - 493.92 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე