Facebook Twitter

საქმე №ას-589-2020 23 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ა-ის უფლებამონაცვლე ო. ა-ის წარმომადგენელ გ. ჯ-ის შუამდგომლობა უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ლ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ა-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ა. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2400 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აოქტომბრის განჩინებით ა. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და კასატორს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

2022 წლის 28 ივნისს ა. ა-ის უფლებამონაცვლე ო. ა-ის წარმომადგენელმა გ. ჯ-ემ წარმოადგინა ა. ა-ის გარდაცვალების მოწმობა და სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით ა. ა-ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი შვილი - ო. ა-ნი და იშუამდგომლა ა. ა-ის უფლებამონაცვლედ ო. ა-ის ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ დაიბრუნოს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. (სარჩელის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე; გადაწყვეტილების გამოტანიდან მის კანონიერ ძალაში შესვლამდე; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე).

საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლება მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე თავისი წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს.

განსახილველ შემთხვევაში ა. ა-ის უფლებამონაცვლე ო. ა-ის წარმომადგენელმა გ. ჯ-ემ სასამართლოს წარმოუდგინა ა. ა-ის გარდაცვალების მოწმობა და სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით ა. ა-ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი შვილი - ო. ა-ნი, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ა. ა-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას მისი შვილი - ო. ა-ნი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ა-ის წარმომადგენელ გ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ა. ა-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას ო. ა-ნი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი