Facebook Twitter

3გ-ად-4-გ-03 28 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატასა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

კასპის რაიონის კულტურის განყოფილებამ და კასპის რაიონის ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის ფონდმა სარჩელით მიმართეს კასპის რაიონულ სასამართლოს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდისა და ამ ფონდის კასპის რაიონული ფილიალის მიმართ და მოითხოვეს კასპის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე ეკლესია “...-ის” უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.

კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ ჩაითვალა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდის და ამ ფონდის კასპის რაიონული ფილიალის მიერ სოფ. ...-ში მდებარე ძეგლი-ეკლესია “...-ის” მფლობელობა და სარგებლობა. მოპასუხეებს აეკრძალათ “...-ის” მფლობელობა და სარგებლობა, ამ ეკლესიის ტერიტორიაზე მგზავრების მიერ დაყრილი ფულის ნებისმიერი წესით აკრეფა და აღნიშნული ფონდის ან მისი ფილიალის სახელზე შეტანა. მათვე დაევალათ ზემოთაღნიშნული ეკლესიის ტერიტორიის განთავისუფლება და მისი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალათ 1891 ლარი და 75 თეთრის გადარიცხვა “ა.-ში” გახსნილ ანგარიშზე, აგრეთვე იმავე ანგარიშზე “...-დან” და მისი ტერიტორიიდან აკრეფილი თანხის გადარიცხვა, რომელიც შეტანილი იქნება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის კასპის რაიონული ფილიალის ანგარიშს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდის და ამ ფონდის კასპის რაიონულმა ფილიალმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, (გარდა პოლიტიკური ან რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კონონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

3. სააპელაციო პალატის აზრით, მოსარჩელე _ კასპის რაიონის გამგეობის კულტურის განყოფილება ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც მოქმედებს საჯარო ინტერესებისათვის. მოპასუხე-საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდი და ამავე ფონდის კასპის რაიონული ფილიალი წარმოადგენენ კერძო სამართლის პირს, მაგრამ წარმოდგენილი წესდებიდან ირკვევა, რომ მისი საქმიანობაც საჯარო ინტერესების დაცვას ემსახურება.

4. სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა სუბიექტების მიხედვით საქმე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ დავებს სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო წესით იხილავს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განხილული უნდა იქნას თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ და 2002წ. 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდის და ამ ფონდის კასპის რაიონული ფილიალის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება, ადმინისტრსციულ ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. სასამართლოში წარდგენილი სასარჩელო განცხადებით და საქმეზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს კასპის რაიონის სოფ. ...-ში არსებული “...-ის” უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა. ამდენად, დავა არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას, არის კერძო სამართლებრივი ხასიათის და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე მიუთითა, რომ მოპასუხე მხარე საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდი და ამავე ფონდის კასპის რაიონული ფილიალი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია მოსარჩელის მოთხოვნა ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, წარმოადგენს კერძო სამართლის იურდიულ პირს და ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული საქმიანობა თუნდაც მოიცავდეს საჯარო ინტერესების დაცვას, ვერ შეცვლის დავის ბუნებას, ამდენად განსახილველი დავა თავისი ბუნებით მაინც კერძო-სამართლებრივი და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათისაა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებებს განსჯადობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს მიერ წარდგენილია ვინდიკაციური სარჩელი, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანო-კასპის რაიონის კულტურის განყოფილება და კასპის რაიონის ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის ფონდი სარჩელით ითხოვს კერძო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდის კასპის რაიონული ფილიალისათვის ნივთის, სოფ. ...-ში მდებარე “...-ის” ჩამორთმევას და მის საქმიანობაში ხელშეშლის აღკვეთას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

აღიშნულიდან გამომდინარე მხარეებს შორის არსებული დავა არ მიეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, რადგან არ გამომდინარეობს აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობებიდან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის ძირითად ფაქტორს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარე არის კერძო სამართლის იურიდიული პირი და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გარკვეული ქმედების განხორციელების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოეშობა. საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხის მიერ არ არის აღძრული შეგებებული სარჩელი, შესაბაისად არ არის მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსათვის რაიმე ქმედების განხორციელების დაკისრების თაობაზე, რაც საქმის ადმინისტრაციულად მიჩნევის საფუძველი იქნებოდა. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, არ ცვლის დავის სამართლებრივ ბუნებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 დეკემბრის განჩინებას და თვლის, რომ დავა კერძო სამართლებრივი ხასიათისაა და საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდისა და ამ ფონდის კასპის რაიონული ფილიალის სააპელაციო საჩივარი განხილული უნდა იქნეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლითა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ს მე-11 და 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდისა და ამ ფონდის კასპის რაიონული ფილიალის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს გადაეგზავნოთ დადგენელი წესით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.