Facebook Twitter

საქმე №ას-254-2021 26 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ქ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.მ–ვი (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.მ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ქ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2020წ. გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საადვოკატო ჰონორარის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.07.2019 წლის გადაწყვეტილებით თ.ქ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „წარმომადგენელი“ ან „ადვოკატი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ს.მ–ვს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მარწმუნებელი“) დაეკისრა მოსარჩელისთვის 5 176 აშშ დოლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2020 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დღეს არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის 26.08.2015 წელს დაიდო საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში „ხელშეკრულება“) რომლის საგანია ვალის დაბრუნების საკითხზე სამოქალაქო საქმეზე საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და სხვა ორგანიზაციებში. ადვოკატის მომსახურება იწყება ხელშეკრულების დადების დღიდან და მთავრდება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისთანავე. საადვოკატო მომსახურების ჰონორარია 500 აშშ დოლარი, რაც მოპასუხემ გადაიხადა. ხელშეკრულების მე-7 პუნქტით გათვალისწინებულია კლიენტის ვალდებულება, ადვოკატს გადაუხადოს საქმის დადებითი შედეგის დამთავრებისთანავე დაბრუნებული ვალიდან და ქონებიდან 50%. 26.08.2015 წელს სანოტარო ფორმით გაფორმებული რწმუნებულებით, მოპასუხემ მოსარჩელეს მიანიჭა სასამართლოში წარმომადგენლობის ფართო უფლებამოსილება, მათ შორის სააღსრულებო ფურცლის მიღების და აღსრულების პროცესში მონაწილეობის უფლება.

3.2. მოსარჩელე, როგორც მოპასუხის წარმომადგენელი, მონაწილეობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვაში. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვ.ხ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 70 000 აშშ დოლარის გადახდა, სარჩელი ვ.ხ–ის მიმართ 15 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შეწყდა საქმის წარმოება აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში. სარჩელი 24.07.2008 წლის ნასყიდობის და 28.12.2010 წლის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სარჩელი უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. გარდაბანი, ....., საკადასტრო კოდი: .... ვ.ხ–ის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა სარჩელი უძრავი ქონების, მდებარე ქ. გარდაბანი, ....., ს/კ ....., თანამესაკუთრედ ვ.ხ–ვის ცნობის მოთხოვნით. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

3.3. მოსარჩელე, როგორც მოპასუხის წარმომადგენელი, მონაწილეობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდის ბრძანების აღსრულების პროცესში, რომლითაც ვ.ხ–ს დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის გადახდა. აღსრულების მიზნით 2017 წლის დეკემბერში განხორციელდა მოვალის უძრავი ქონების რეალიზაცია, ქონება გასხვისდა 519 ლარად, რაც ჩაირიცხა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე. მოსარჩელეს ამის შესახებ მარწმუნებლისათვის არ უცნობებია, არც თანხა გადაუცია.

3.4. 23.07.2018 წელს მოპასუხემ გააუქმა 26.08.2015 წელს მოსარჩელისთვის წარმომადგენლობის მინიჭების შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

3.5. უდავოა, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე მოპასუხის მოვალემ, ვ.ხ–მა დადგენილი წესით აღიარა მოპასუხის მიმართ ვალი 70 000 აშშ დოლარის ოდენობით. მიუხედავად ვალის აღიარებისა, მოპასუხემ ქონების არარსებობის გამო ვერ ამოიღო დავალიანება. სწორედ ამით ხსნის იგი ადვოკატის აყვანის აუცილებლობას. საქმეზე მოწმედ დაკითხულმა კ.ბ–მა დაადასტურა, რომ მოპასუხე საჭიროებდა ადვოკატის დახმარებას დავალიანების ამოღების მიზნით და მან ამ მიზნით გააცნო მოსარჩელე. ნიშანდობლივია, რომ მხარეებმა ხელშკრულების საგნად საგანგებოდ მიუთითეს, რომ ადვოკატის იურიდიული მომსახურება მიმართული უნდა ყოფილიყო ვალის დაბრუნებისკენ.

3.6. ხელშეკრულება ადვოკატის გასამრჯელოსთან დაკავშირებით მოიცავს ორ კომპონენტს. პირველი კომპონენტი, რომელიც ხელშეკრულების მე-6 პუნქტშია ასახული, ითვალისწინებს საადავოკატო ჰონორარის სახით ფიქსირებულად 500 აშშ დოლარის გადახდის ვალებულებას (ამ ნაწილში ვალდებულება შესრულებულია და სადავოც არ ხდება), მიუხედავად საქმის დასრულების შედეგებისა. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, იგი წარმოადენს ე.წ. წარმატების ჰონორარს, რომელიც მხარეებმა იმ შემთხვევისათვის გაითვალისწინეს, თუკი საქმე (სამოქალაქო დავა) დასრულდებოდა დადებითი შედეგით. მხარეთა შორის სადავოს სწორედ ეს ნაწილი წარმოდგენს, რომელსაც მხარეები უკავშირებენ განსხვავებულ შინაარსს და ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებს აკეთებენ.

3.7. მოპასუხის პოზიცია, რომ წარმატების ჰონორარის გადახდის ვალდებულება მას მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა, თუკი ადვოკატი რეალურად განახორციელებდა მოვალისაგან, ვ.ხ–ისაგან 70 000 აშშ დოლარის ამოღებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით არ გაიზიარა. სააპელაციო პალატის განმარტებით, ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა დასაბუთებულია. სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ ადვოკატის მიერ ე.წ. წარმატების ჰონორარის მიღება, კონკეტულ შემთხვევაში, არ არის დამოკიდებული გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების გარემოების დადგომაზე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოვალეს თანხა არ გადაუხდია, მოპასუხეს ადვოკატის წინაშე წარმატების ჰონორარის გადახდის ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს.

3.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 710-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ნაწარმოებ სამოქალაქო საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და მოვალისთვის 70 000 აშშ დოლარის დაკისრება ე.წ. წარმატების ჰონონრართან დაკავშირებით არსებული პირობის მხედველობაში მიღებით, იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ გარდა ფიქსირებული 500 აშშ დოლარისა, მოპასუხეს ასევე წარმოეშვა ე.წ. წარმატების ჰონორარის გადახდის ვალდებულებაც. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია, თავად მოპასუხის პოზიციაც, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდა 500 აშშ დოლარისა, მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს დამატებით თანხებიც (დაახლოებით 3574 აშშ დოლარი). აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმის ჩვენება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის 500 დოლარის ზევით დამატებითი თანხების გადახდასთან დაკავშირებით არ შეიცავს საკმარის სარწმუნო, თანმიმდევრულ და დამაჯერებელ ინფორმაციას, რის გამოც ამ მტკიცებას სასამართლო საფუძვლიანად ვერ განიხილავს. მეორე მხრივ, თავისთავად, ის მოცემულობა, რომ მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ ნაწილობრივ, თანხის - 70 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში (რა ნაწილშიც მოვალის მხრიდან ვალის აღიარების პირდაპირ მტკიცებულებას ემყარებოდა სარჩელი და დიდი ძალისხმევა არ ჭირდებოდა ამ შედეგის მიღწევას), უკვე საკმარის საფუძველს იძლევა, ასევე იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ადვოკატი სრული ოდენობით ვერ მოითხოვს ე.წ. წარმატების ჰონორარის ანაზღაურებას. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით შენიშნა, რომ ადვოკატს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა 35 000 აშშ დოლარის (ე.ი. დაკისრებული თანხის 50%-ის) ოდენობით ჰონორარის ანაზღაურების უფლება, თუკი სარჩელი, რომლითაც თანხის დაკისრებასთან ერთად, ასევე მოთხოვნილი იყო მოვალის მიერ განხორციელებული ტრანზაქციებისა (სადავო ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებები) გაბათილება და სამ უძრავ ნივთზე მოვალის საკუთრების უფლების დადგენა, სრულად დაკმაყოფილდებოდა. მხოლოდ ამ შედეგის პირობებში, ესე იგი საქმის სრული - 100 %-ით დადებითი შედეგით დასრულების შემთხვევაში წარმოეშობოდა მოსარჩელეს სრული ოდენობით ჰონორარის მოთხოვნის უფლება.

3.9. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მისი მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად მომზადებული სარჩელი თავად მეტყველებს, რა იგულისხმეს მხარეებმა დავის დადებითად დამთავრებაში. ის ფაქტი, რომ მიკუთვნებით მოთხოვნასთან ერთად, ასევე მოთხოვნილი იყო უძრავ ნივთებზე გაფორმებული ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და სამ უძრავ ნივთზე მოვალის საკუთრების უფლების დადგენა, თავისთავად მიუთითებს, რომ სარჩელის ძირითადი ინტერესი მოვალის აქტივის შექმნაში მდგომარეობდა, რომ მომხდარი დავალიანების ამოღება. ეს იყო ის ძირითადი მოლოდინი, რაც ადვოკატის მიერ ნაწარმოები სამოქალაქო საქმიდან გააჩნდა მარწმუნებელს. სწორედ ამ შედეგის დადგომის შემთხვევაში წარმოეშვებოდა ადვოკატს ამ ოდენობის ჰონორარის მიღების უფლება. ადვოკატისთვისაც და მარწმუნებლისთვისაც ხელშეკრულების გაფორმების მომენტშივე ცნობილი იყო ის, რომ მხოლოდ თანხის დაკისრების შესახებ სარჩელი შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა და ძირითადი ძალისხმევა სწორედ მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ უნდა მიმართულიყო. ბუნებრივია, რომ სარჩელიც სწორედ ამ სულისკვეთებითაა შედგენილი.

3.10. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ (მოპასუხის ინტერესების დასაცავად) 01.05.2018 წელს აღძრულია ახალი სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია კომლის ქონებაზე ვ.ხ–ის საკუთრების უფლების დადგენა. სარჩელის განხილვა დასრულებული არ არის. თუკი მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიერ ნაწარმოებ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით უკვე დადგა დადებითი შედეგი და უკვე წარმოშობილი ჰქონდა 35 000 აშშ დოლარის ოდენობით ჰონორარის მიღების უფლება, გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ახალი სარჩელის შედგენა და ახალი მოთხოვნით ვ.ხ–ის მიმართ სასარჩელო წარმოების დაწყება. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს უდავო ფაქტი ირიბად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დადებითი შედეგით დასრულდა ადვოკატის მიერ ნაწარმოები ძირითადი საქმე (სააპელაციო პალატა აქვე შენიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს მოსარჩელემ დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაასაჩივრა 13.04.2017 წლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში).

3.11. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 52-ე მუხლზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული წარმატების ჰონორარის შესახებ პირობის განმარტებისას პირველ რიგში განსაზღვრულ უნდა იქნეს თუ რა ინტერესს ემსახურებოდა ხელშეკრულება და რა ნაწილში მოხდა ადვოკატის მიერ მისი წარმატებით შესრულება. სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ წარმატების ჰონორარი წარმოადგენს არა ძირითად გასამრჯელოს საადვოკატო მომსახურებისთვის, არამედ ე.წ. „ბონუსს“ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, შესაბამისად, მისი ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც ხელშეკრულების გაფორმების მიზანი და მარწმუნებლის ინტერესი, ისე შესრულებული სამუშაოს შედეგი და რწმუნებულის მიერ ვალდებულებათა კეთილსინდისიერად განხორციელება.

3.12. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასარჩელო წარმოებისა და ადვოკატთან დავალების ხელშეკრულების გაფორმების მთავარ მიზანს მოპასუხისთვის მისი მოთხოვნის რეალურად დაკმაყოფილება წარმოადგენდა, რაც გულისხმობდა დაკმაყოფილებული თანხის აღსრულებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, გადაწყვეტილებით მიღებული შედეგი, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დავის იმ დადებითი შედეგით დასრულებად, რა პირობებშიც ადვოკატს ექნებოდა უფლება სრული ოდენობით მოეთხოვა წარმატების ჰონორარი (სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ სააღსრულებო წარმოებისას განხორციელებულ ქმედებებზე, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელე, როგორც მოპასუხის წარმომადგენელი მონაწილეობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული გადახდის ბრძანების აღსრულების პროცესში, რომლითაც ვ.ხ–ს დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის გადახდა. აღსრულების მიზნით 2017 წლის დეკემბერში განხორციელდა მოვალე ვ.ხ–ის უძრავი ქონების რეალიზაცია, ქონება გასხვისდა 519 ლარად, რაც ჩაირიცხა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე. მოსარჩელემ ამის შესახებ მარწმუნებელს არ აცნობა და არ გადასცა მიღებული თანხა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადვოკატის მიერ მარწმუნებლის სახელზე მიღებული ქონების/თანხის თაობაზე ინფორმაციის დამალვა და აღნიშნული ქონების მარწმუნებლისთვის არგადაცემა წარმოადგენს ადვოკატის ვალდებულებათა არაჯეროვან შესრულებას და საფუძველს აცლის ნდობაზე დამყარებულ სამართალურთიერთობას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადვოკატის განმარტება, რომ მისთვის უცნობი იყო თუ რა მიზნით ჩაირიცხა მის ანგარიშზე თანხა და ამასთან, მოპასუხეს იგი არც მოუთხოვია, ვინაიდან 519 ლარი არ წარმოადგენს იმ ოდენობის თანხას, რომელის შესაძლოა შეუმჩნევლად ჩაირიცხოს პირის ანგარიშზე და ამასთან ყველა საბანკო ტრანზაქციას ახლავს ინფორმაცია მისი განმახორციელებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირის შესახებ, შესაბამისად, მოსარჩელის განმარტება, რომ მისთვის უცნობი იყო აღნიშნული თანხის შესახებ, არადამაჯერებელია. რაც შეეხება მოპასუხის მიერ თანხის გადაცემის მოთხოვნას, ინფორმაციისა და მიღებული ქონების მარწმუნებლისთვის გადაცემა ადვოკატის ვალდებულებას წარმოადგენს, მიუხედავად მარწმუნებლის შემდგომი ქმედებებისა).

3.13. იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა მიღწეული მოპასუხის მთავარი ინტერესი - მოვალის საკუთრებაში ქონების აღრიცხვა, რათა მომხდარიყო მისი საკმაოდ სოლიდური მოთხოვნის საბოლოოდ დაკმაყოფილება - სასამართლო მიიჩნევს, რომ ადვოკატის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად მიღწეულ იქნა დასახული მიზნის მხოლოდ 10%, რაც გამოიხატა მოვალის მიერ ისედაც აღიარებული ვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებაში, რომლის აღსრულების რეალური ბერკეტი არ არსებობს მოვალის საკუთრებაში ქონების არარსებობის გამო. ამგვარად, წარმატების ჰონორარის ოდენობა ხელშეკრულების საფუძველზე უნდა განისაზღვროს 3500 აშშ დოლარით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების მიზნის სრულად მიღწევის და სრული დადებითი შედეგის მიღწევის შემთხვევაში მისაღები 35 000 აშშ დოლარის 10%-ს.

3.14. ადვოკატისთვის კუთვნილი წარმატების ჰონორარის გადახდის ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. მოპასუხის განმარტებით, მან მოსარჩელეს გარდა დავალების ხელშეკრულების გაფორმებისას გასამრჯელოს სახით გადაცემული 500 აშშ დოლარისა, ასევე გადასცა 5000 აშშ დოლარი, რომლის ნაწილი მიექცა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, დანარჩენი კი დარჩა მოსარჩელეს. მოსარჩელე უარყოფს მისთვის 5000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს, შესაბამისად, მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ეს ფაქტობრივი გარემოება. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის 5 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს. ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა მოპასუხე, არის მოწმე კ.ბ–ის მიერ მიცემული ჩვენება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოწმემ არათანმიმდევრული განმარტებები გააკეთა, რის გამოც მის მიერ სარწმუნოდ ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელისთვის 5000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რაც მოპასუხის სასარგებლოდ გაამყარებდა მის ჩვენებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მას ნაწილობრივ მაინც შესრულებული აქვს წარმატების ჰონორარის - 3 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, მოპასუხე სსკ-ის 316-ე და ასევე ამავე კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ვალდებულია მოსარჩელეს ე.წ. წარმატების ჰონორარის სახით გადაუხადოს 3 500 აშშ დოლარი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ. I საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს. II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნაა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების საფასურის დაკისრება. მოთხოვნა გამომდინარეობს, როგორც იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან, ასევე, დავალების მარეგულირებელი ნორმებიდან (სსკ-ის 709-710-ე მუხლები) (სუსგ Nას-894-2021, 23.12.2021წ., პ.51). სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლით, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობის ინსტიტუტს საფუძვლად უდევს კონკრეტული პირის (ან პირთა) უფლება სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგინოს სხვა პირი (ან პირები) - წარმომადგენლობის უფლებამოსილება. სსსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა მინდობილობის საფუძველზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011, გვ.425,426).

10. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

11. მხარეთა შორის სადავოა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება ანაზღაურების წესის და პირობების შესახებ. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, გათვალისწინებით იმისა, რომ მის მიერ წარმოებული სამოქალაქო საქმე დადებითად გადაწყდა და მარწმუნებლის მოვალეს დაეკისრა 70 000 აშშ დოლარის გადახდა, იგი მოვალეა ადვოკატს გადაუხადოს ხელშეკრულებით მე-7 მუხლით გათვალიწინებული („საქმის დადებითი შედეგით დამთავრებისთანავე დაბრუნებული ვალიდან და ქონებიდან 50%“) წარმატების ჰონორარი 35 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელის მსჯელობის საპირისპიროდ, მოპასუხე განმარტავს, რომ არ ეკისრება მოთხოვნილი თანხის გადახდა, ვინაიდან მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებით 70 000 აშშ დოლარის დაკისრებისა, რეალურად არ მომხდარა თანხის ამოღება მოვალის საკუთრებაში ქონების არარსებობის გამო. ამასთან, იგი უპერსპექტივო საქმეზე დაჰპირდა მოპასუხეს დადებით შედეგს. ამდენად, დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, სასამართლომ სწორად შეაფასოს ხელშეკრულებაში გამოხატული მხარეთა ნება ხელშეკრულების პუნქტებთან მიმართებაში.

12. სსკ-ის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ “ნების გონივრული განსჯა” ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა.

13. ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება (სუსგ Nას-894-2021, 23.12.2021წ., პ.58).

14. ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების გონივრული და არა გამოთქმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლომ „ბოლომდე უნდა იფიქროს“ იმასთან დაკავშირებით, თუ სავარაუდოდ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მხარეთა სურვილი. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება [10.11. 1999 – I ZR 183/97 – NJW 2000, 743]: „ხელშეკრულების დამატებით განმარტების არსი მდგომარეობს ხარვეზის შემცველი გარიგების მხარეთა ჰიპოთეტური სურვილის შესაბამისად განვრცობაში. ამასთან, სასამართლო უნდა ამოვიდეს იქიდან, თუ რაზე შეთანხმდებოდნენ მხარეები, როგორც კეთილსინდისიერი ხელშეკრულების მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მათი ინტერესების ჯეროვანი შეჯერების პირობებში, თუ მათ არ გამორჩებოდათ ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტი. არსებული ხარვეზები უნდა შეივსოს ხელშეკრულების დამატებით განვრცობის გზით იმგვარად, რომ „ბოლომდე იყოს ნაფიქრი“ კონკრეტული ხელშეკრულების ძირითადი პუნქტები (შდრ. BGHZ 84, 1, 7; 90, 69, 77; 135, 387, 392). აქედან გამომდინარე, მხარეთა ჰიპოთეტური ნების გამორკვევისას ხელშეკრულების დანარჩენი შინაარსისა და ხელშეკრულების დადების მომენტში არსებული სხვა გარემოებების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მხარეთა ფაქტობრივ ნებას, რამდენადაც შესაძლებელია მისი დადგენა....“ (სუსგ Nას-1161-1116-2016, 12.10.2017წ., პ.17.4).

15. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის წარმომადგენლობით ნაწარმოებ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და მოვალისთვის 70 000 აშშ დოლარის დაკისრება იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ გარდა ფიქსირებული 500 აშშ დოლარისა, მოპასუხეს ასევე წარმოეშვა ე.წ. წარმატების ჰონორარის გადახდის ვალდებულებაც. სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ ადვოკატის მიერ ე.წ. წარმატების ჰონორარის მიღება, კონკრეტულ შემთხვევაში, არ არის დამოკიდებული გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების გარემოების დადგომაზე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოვალეს თანხა არ გადაუხდია, მოპასუხეს ადვოკატის წინაშე წარმატების ჰონორარის გადახდის ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს (შდრ. სუსგ Nას-1161-1116-2016, 12.10.2017წ.). ამ კუთხით სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება მოპასუხის პოზიციაზე, რომელიც მიუთითებს მოსარჩელისთვის 500 აშშ დოლარის გარდა დამატებით სხვა თანხების გადახდაზე. ის მოცემულობა, რომ მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ თანხის დაკისრების ნაწილში (რა ნაწილშიც მოვალის მხრიდან ვალის აღიარების პირდაპირ მტკიცებულებას ემყარებოდა სარჩელი და დიდი ძალისხმევა არ ჭირდებოდა ამ შედეგის მიღწევას), უკვე საკმარის საფუძველს იძლევა დასკვნის გასაკეთებლად, რომ ადვოკატი სრული ოდენობით ვერ მოითხოვს ე.წ. წარმატების ჰონორარს. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადვოკატს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა 35 000 აშშ დოლარის ოდენობით ჰონორარის ანაზღაურების უფლება, თუკი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და უძრავ ნივთებზე მოპასუხის მესაკუთრედ ცნობის ნაწილშიც.

16. წარმომადგენლის მიერ მომზადებული სარჩელი თავადვე მეტყველებს, თუ რა იგულისხმეს მხარეებმა დავის დადებითად დამთავრებაში. ის ფაქტი, რომ მიკუთვნებით მოთხოვნასთან ერთად მოთხოვნილი იყო ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და უძრავ ნივთებზე მოვალის საკუთრების უფლების დადგენა, თავისთავად მიუთითებს, რომ სარჩელის ძირითადი ინტერესი მოვალის აქტივის შექმნაში მდგომარეობდა, რომ მომხდარიყო დავალიანების ამოღება. სწორედ ეს იყო ის ძირითადი მოლოდინი, რაც სამოქალაქო საქმიდან გააჩნდა მარწმუნებელს.

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების სადავო ჩანაწერის განსხვავებულად განმარტება სცილდება გონივრული განსჯისა და კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტს. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განამტკიცებს კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - კეთილსინდისიერების პრინციპს, რომლის ძალითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვერ იქნა მიღწეული მოპასუხის მთავარი ინტერესი - მოვალის საკუთრებაში ქონების აღრიცხვა, რათა მისი რეალიზაციის გზით დაეკმაყოფილებინა მოპასუხეს მოთხოვნა, გონივრული და კანონშესაბამისია მსჯელობა, რომ ადვოკატის ქმედებებით მიღწეულ იქნა დასახული მიზნის მხოლოდ 10%, რაც გამოიხატა ისედაც აღიარებული ვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალისთვის დაკისრებაში, რომლის აღსრულების რეალური ბერკეტი არ არსებობს მის საკუთრებაში ქონების არარსებობის გამო. ამგვარად, თანაზომიერი და გონივრულია სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმატების ჰონორარის ოდენობად 3500 აშშ დოლარის განსაზღვრა.

18. რაც შეეხება II საკასაციო საჩივრის ავტორის მსჯელობას მის მიერ მოსარჩელისთვის 500 აშშ დოლარის გარდა დამატებითი თანხების გადახდის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, I საკასაციო საჩივრის ავტორს უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2021 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1575 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30%-ის, 472,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. რაც შეეხება I საკასაციო საჩივრის ავტორს, მას უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 599,06 ლარის 70% – 419.34 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ს.მ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. თ.ქ–ძეს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2021 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1575 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30%-ის, 472,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

4. ს.მ–ვს (პ/ნ ....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 599,06 ლარის (საგადახდო დავალება 10735605886, გადახდის თარიღი 13.04.2021წ.) 70% – 419.34 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია