Facebook Twitter

საქმე №ას-407-407-2018 9 დეკემბერი, 2020 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. გ-ლი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „-------- ბანკი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „------- ბანკსა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კრედიტორი“ ან „ბანკი“) და ა. გ-ლს (შემდგომში - „მოპასუხე“, „მსესხებელი“, „მოვალე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) შორის 2014 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა №------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6700 ლარის ოდენობით. ხელშეკრულება დაიდო შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14,5%; კრედიტის ვადა - 1467 დღე, 2018 წლის 28 ოქტომბრამდე; კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 28 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად; ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ ----- - ში (იხ. ტ. I, ს.ფ. 14-24, 37, 40).

2. მხარეთა შორის 2015 წლის 12 თებერვალს დაიდო №------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3600 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14,5%; კრედიტის ვადა - 1454 დღე, 2019 წლის 05 თებერვლამდე; კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 05 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად; ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ასევე, ყოველდღიური პირგასამტეხლო დავალიანების 0,5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ ----- - ში (იხ. ტ. I, ს.ფ. 25-36).

3. 22.10.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება, 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით, შეადგენს - 5 910,81 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 5 616,27 ლარი, პროცენტი - 180,76 ლარი, პირგასამტეხლო - 104,96 ლარი და დაზღვევა - 8,82 ლარი (იხ. ტ. I, ს.ფ. 37-38, 40).

4. 12.02.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება, 2015 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით, შეადგენს - 3 348,98 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 3 184,85 ლარი, პროცენტი - 92,4 ლარი, პირგასამტეხლო - 67,22 ლარი და დაზღვევა - 4,51 ლარი (იხ. ტ. I, ს.ფ. 39-40).

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: 22.10.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5 910,81 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 5 616,27 ლარი, პროცენტი - 180,76 ლარი, პირგასამტეხლო - 104,96 ლარი და დაზღვევა - 8,82 ლარი; 22.10.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 5 616,27 ლარზე წლიური 14,5% (ყოველთვიურად 67,86 ლარი) სარგებლის გადახდის დაკისრება, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან, 2015 წლის 17 ნოემბრიდან აღსრულებამდე; 12.02.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3 348,98 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 3 184,85 ლარი, პროცენტი - 92,4 ლარი, პირგასამტეხლო - 67,22 ლარი და დაზღვევა - 4,51 ლარი; 12.02.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 3 184,85 ლარზე წლიური 14,5% (ყოველთვიურად 38,48 ლარი) სარგებლის გადახდის დაკისრება, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღიდან, 2015 წლის 17 ნოემბრიდან აღსრულებამდე.

6. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს/მსესხებელს 2015 წლის სექტემბრის შემდეგ აღარ შეუსრულებია 22.10.2014წ. და 12.02.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება, რის გამოც მას ბანკის მიმართ ერიცხება დავალიანება. გარდა ამისა, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელემ დაკარგა ის სარგებელი, რომელიც უნდა მიეღო ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებისა და მიღებული სარგებლის შემდგომი დაკრედიტების შემთხვევაში.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, მართალია, მან არ განახორციელა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რამდენიმე გადახდა, თუმცა, ვინაიდან მოსარჩელეს ხელშეკრულებებზე უარი არ უთქვამს, იგი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს სესხის მთლიანი თანხა. მოპასუხემ ასევე მიუთითა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 22.10.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების: სესხის ძირითადი თანხის - 5 616,27 ლარის, პროცენტის - 180,76 ლარის, პირგასამტეხლოს - 104,96 ლარისა და დაზღვევის - 8,82 ლარის გადახდა; დავალიანების ძირითად თანხაზე - 5 616,27 ლარზე წლიური 14,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 67,86 ლარს, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან, 2015 წლის 17 ნოემბრიდან აღსრულებამდე; 12.02.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების: სესხის ძირითადი თანხის - 3 184,85 ლარის, პროცენტის - 92,4 ლარის, პირგასამტეხლოს - 67,22 ლარისა და დაზღვევის - 4,51 ლარის გადახდა; დავალიანების ძირითად თანხაზე - 3 184,85 ლარზე წლიური 14,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 38,48 ლარს, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან, 2015 წლის 17 ნოემბრიდან აღსრულებამდე.

9. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო კრედიტის თანხები შეადგენდა 6700 ლარსა და 3600 ლარს, ხოლო ზემოაღნიშნული პირგასამტეხლო გრაფიკის დარღვევისთვის გამოყენებული იყო სულ 9 ჯერ. ამასთან, საქმეში წარდგენილი გადახდების ისტორიების მიხედვით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს (0,5%) ჯამმა, ორივე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგინა 34,63 ლარი.

13. სააპელაციო პალატის მითითებით, ბანკის მიერ მსესხებლისთვის 2015 წლის 29 სექტემბერს გაგზავნილი წერილის თანახმად, ეს უკანასკნელი გაფრთხილებულ იქნა, რომ თუ 2015 წლის 28 სექტემბრამდე სრულად არ შეასრულებდა 22.10.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, პრობლემური აქტივების მართვის განყოფილებაზე სესხის გადაცემის შემდეგ, ბანკი მიმართავდა სასამართლოს სესხის მთლიანი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების მოთხოვნით. ბანკი, ასევე, მოითხოვდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული/დაგირავებული ქონების რეალიზაციას ან/და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ბანკის მიერ მსესხებლისთვის 2015 წლის 29 სექტემბერს გაგზავნილ წერილში დაშვებულ იქნა ტექნიკური ხასიათის შეცდომა და ვალდებულების შესრულების თარიღად მითითებულ იქნა წერილის გაგზავნამდე პერიოდი, რაც ზეგავლენას ვერ მოახდენდა ზემოაღნიშნული წერილის დანიშნულებაზე - გაეფრთხილებინა მოვალე ვალდებულების შეუსრულებლობის უარყოფით შედეგებზე, მიუხედავად იმისა, რომ თარიღში შეცდომის გამო დამატებითი ვადა კონკრეტულად განსაზღვრული არ იყო.

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით და აღნიშნა, რომ, მართალია, ბანკის მიერ მოვალე მხოლოდ ერთ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იყო გაფრთხილებული ვალდებულების შეუსრულებლობის უაროფითი შედეგების თაობაზე, თუმცა, ბუნებრივია, რომ მოვალისთვის ცნობილი იყო ორივე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება. ბანკმა სარჩელი აღძრა 2015 წლის 14 დეკემბერს. გადახდის ისტორიების მიხედვით, 2015 წლის სექტემბრიდან მოვალემ შეწყვიტა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რომელიც არ შემცირებულა. სესხის ნაშთი 22.10.2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 5 616,27 ლარს, ხოლო 12.02.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3 184,85 ლარს. ამდენად, აპელანტის მოსაზრება, რომ მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელო იყო, უსაფუძვლოა, ხოლო ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრამდე მოვალისთვის დამატებითი ვადის კვლავ განსაზღვრა ან მისი გაფრთხილება საფუძველს მოკლებული, ვინაიდან საქმის მასალებიდან ცხადია, რომ კრედიტორის 29.09.2015წ. გაფრთხილების წერილს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, კრედიტორს შეეძლო უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე.

15. სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტი მიუთითებს, რომ ბანკი არ იღებს მისგან შეთავაზებულ შესრულებას, თუმცა აღნიშნული გარემოება საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

17.1. მოპასუხეს დაეკისრა ორგვარი პირგასამტეხლოს გადახდა, რომლებიც ჯამში ქმნის წლიურ 294,5%-ს (20 ლარიანი პირგასამტეხლო - წლიური 112% და ყოველდღიური პირგასამტეხლო - წლიური 182,5%). ამ ოდენობის პირგასამტეხლოს გამოყენება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი დაშვება იმ მოტივით, რომ რაოდენობრივად მცირე თანხაზეა საუბარი, ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს და იმ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც გატარდა სამოქალაქო კოდექსში 2016 წლის 29 დეკემბრის ცვლილებების შეტანით. აღნიშნული კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის ახალი რედაქცია მიუთითებს, რომ სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო, მსესხებლისთვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150%-ს;

17.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა 22.10.2014წ. და 12.02.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობა. როგორც სარჩელზე დართული გადახდების ისტორიებიდან ირკვევა, ბანკმა მოპასუხის მიმართ ჯამში 9-ჯერ გამოიყენა 20-ლარიანი პირგასამტეხლო, ყოველდღიური პირგასამტეხლოს პარალელურად. აღნიშნული პირგასამტეხლო ბანკმა მოპასუხის ანგარიშიდან ჩამოჭრა უაქცეპტო წესით. იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლო, სასამართლოს ის უნდა შეემცირებინა. მოპასუხეს საერთოდ არ უნდა დაეკისროს 20-ლარიანი პირგასამტეხლო, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს დღეში 0,07%-მდე. ბანკის მიერ მოპასუხის ანგარიშიდან ზედმეტად ჩამოჭრილი პირგასამტეხლოს თანხა კი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში;

17.3. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ 05.04.2017წ. მოსამზადებელ სხდომაზე წარდგენილი წერილი ეხება მხოლოდ 2014 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებას. შესაბამისად, ცალსახაა, რომ 2015 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ბანკს არ მოუშლია კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება 2014 წლის 22 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოშლას (წარდგენილი წერილის საფუძველზე), უკანონოა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი მხოლოდ მას შემდეგ აძლევს ბანკს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, რაც ის მოვალეს განუსაზღვრავს ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით ვადას (თუ მოვალე არღვევს ვალდებულებას). მოცემულ შემთხვევაში ბანკმა წარადგინა 2014 წლის 29 სექტემბრით დათარიღებული გაფრთხილების წერილი, სადაც მოვალეს დამატებით ვადა განუსაზღვრა 2014 წლის 28 სექტემბრამდე, ანუ გაფრთხილებამდე ერთი დღით ადრე პერიოდით, რაც ალოგიკურია. შესაბამისად, ბანკს მოპასუხისთვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა არ განუსაზღვრავს;

17.4. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ მოვალის მიმართ არ იყო აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, ვინაიდან მას არავითარი შედეგი არ ექნებოდა. როგორც ზემოაღნიშნული გაფრთხილების წერილიდან ირკვევა, იმ დროისათვის მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა ნულ ლარს, ხოლო ვადაგადაცილებული დავალიანება 210,09 ლარს. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკიდან ჩანს, რომ ამ თანხიდან 188,50 ლარი იყო 28 ოქტომბერს გადასახდელი თანხა, ანუ მიმდინარე დავალიანება. შესაბამისად, ბანკის მიერ გაფრთხილების წერილის შედგენისა და მოვალისთვის გაგზავნის მომენტისათვის ვადაგადაცილებული დავალიანება იყო მხოლოდ 21,59 ლარი, ანუ სახეზე იყო ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ასაბუთებს იმას, რომ ბანკის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმა იყო უკანონო;

17.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულებები იყო ძალაში და ბანკს არ ჰქონდა უფლება, მსესხებლის მხრიდან შესრულება არ მიეღო.მიუხედავად ამისა, ბანკი დღემდე არ იღებს შესრულებას. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახეზეა კრედიტორის მხრიდან ვადის გადაცილების შემთხვევა, ხოლო იმავე კოდექსის 393-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბანკის მიერ პროცენტის მოთხოვნა უკანონოა;

17.6. გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას, რომლის თანახმად პირგასამტეხლოს დღიური ოდენობა მერყეობს 0,01%-დან 0,1%-მდე.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

20. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შეწყდა თუ არა მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები. კასატორი მიიჩნევს, რომ ბანკი არ იყო უფლებამოსილი შეეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულებები, ვინაიდან მას მსესხებლისთვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა არ განუსაზღვრავს. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ასევე, მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, რომლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

22. დასახელებული სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ, აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული - კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (იხ. სუსგ საქმე №ას-145-135-2015, 23 აპრილი, 2015 წელი). ანუ, მითითებული ნორმა ეხება საბანკო-საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას კრედიტის არა მიმღების, არამედ გამცემის მიერ და ეს შესაძლებელია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. ასეთ საფუძვლად კი მიჩნეულია კრედიტის ამღების მხრიდან კრედიტის ნაწილის, სულ ცოტა, ორი ვადით გადახდის გადაცილება მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება განსაზღვრულ ვადაში (იხ. სუსგ საქმე №ას-910-972-2014, 04 მარტი, 2015 წელი).

23. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, კრედიტორის მიერ საკრედიტოს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის უნდა არსებობდეს აღნიშნული სამართლებრივი ნორმის წინაპირობები.

24. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მსესხებელმა 2015 წლის სექტემბრიდან შეწყვიტა 22.10.2014წ. და 12.02.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული (გრაფიკით განსაზღვრული) თანხის გადახდა. ბანკმა სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2015 წლის 14 დეკემბერს, შესაბამისად, ვინაიდან სარჩელზე დართული სესხის გადახდის გრაფიკების მიხედვით, მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტი ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად დაეფარა, სარჩელის აღძვრის დროისათვის მსესხებელს გადახდის სამი ვადა ჰქონდა დარღვეული (იხ. ტ. I, ს.ფ. 23-24, 35-36). აქედან გამომდინარე, ვინაიდან მსესხებელმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, გადახდის ორ ვადას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 873-ე მუხლიდან გამომდინარე, ბანკს წარმოეშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შეწყვეტის უფლებამოსილება. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების 3.3.8. პუნქტის თანახმად, ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დაარღვევს ბანკთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას ან/და ბანკი ჩათვლის, რომ შესაძლოა კლიენტმა ვერ უზრუნველყოს რომელიმე ვალდებულების დროულად ან/და ჯეროვნად შესრულება (იხ. ტ. I, ს.ფ. 19, 31).

25. როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორი დავობს, რომ ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის დაწესების გარეშე, ბანკი არ იყო უფლებამოსილი შეეწყვიტა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს ბანკის მიერ მსესხებლისთვის გაგზავნილ 29.09.2015წ. გაფრთხილების წერილზე, რომლითაც მსესხებელს ეცნობა 22.10.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის, ვადაგადაცილებული დავალიანების ოდენობისა და დავალიანების გადაუხდელობის შედეგების შესახებ. მსესხებელი, ასევე, გაფრთხილებულ იქნა, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკი მიმართავდა სასამართლოს სესხის მთლიანი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების მოთხოვნით (იხ. ტ. I, ს.ფ. 96). სადავო არ არის, რომ აღნიშნული წერილი ადრესატს ჩაბარდა. ამდენად, პრეზუმირებულია, რომ მოვალემ, რომელმაც გადააცილა სესხის გადახდას, იცოდა, რომ სწორედ სახელშეკრულებო პირობის 3.3.8. პუნქტით შეთანხმებულ პირობას გამოიყენებდა მოსარჩელე და მისთვის ეს სავსებით ცხადი და მოსალოდნელი იყო.

26. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი კეთილსინდისიერების პრინციპის განუხრელ დაცვას განამტკიცებს. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. დასახელებული ნორმის მოწესრიგება თანაბრად მიემართება როგორც მოსარჩელეს, ისე მოპასუხეს. შესაბამისად, იმ დაშვებითაც, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ორ კვირიანი ვადა არ განუსაზღვრავს, რაც 12.02.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნამდვილად არ განუხორციელებია, ეს სარჩელს უსაფუძვლოდ არ აქცევს და მის დაკმაყოფილებაზე უარს ვერ განაპირობებს.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის წარდგენით კრედიტორმა/ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულებების შეწყვეტის ნება გამოავლინა, რომელიც ძალაში სწორედ სარჩელის წარდგენის დროს (14.12.2015წ.) შევიდა (სსკ-ის 873-ე მუხლი). სარჩელის შეტანით არ მომხდარა გაფრთხილება ან/და დამატებითი ვადის დაწესება (ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა იხ., მაგ., სუსგ საქმე №ას-969-2018, 10 აპრილი, 2020 წელი).

28. თუმცა, სარჩელის აღძვრის შემდეგ მოვალეს საკმარისი დრო ჰქონდა, შეესრულებინა ვადამოსული ვალდებულება (თუნდაც დაგვიანებით), რაც კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის ნების გამოვლენას საფუძველს გამოაცლიდა. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია.

29. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოვალის გაფრთხილებას ან მისთვის დამატებითი ვადის დაწესებას აზრი არ ჰქონდა, თუმცა არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ მოვალემ შესრულება სცადა და კრედიტორმა ის არ მიიღო. ასეთ ვითარებაში მოვალეს შეეძლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის შესაბამისად, თანხის ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება.

30. შესაბამისად, ვინაიდან 2015 წლის სექტემბრიდან სარჩელის აღძვრამდე თითქმის სამი თვის განმავლობაში და არც სარჩელის აღძვრის შემდგომ, ვალდებულების შესრულება არ მომხდარა, დაუსაბუთებელია სარჩელის აღძვრის შემდგომ კრედიტორისათვის ხელშეკრულებების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობის შეზღუდვა.

31. კასატორი, აგრეთვე, დავობს, რომ მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესს (2016 წლის 29 დეკემბრის ცვლილების შესაბამისად).

32. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იმავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირების ლეგიტიმურ მიზანს სახელშეკრულებო ურთიერთობაში სუსტი მხარის დაცვა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილება წარმოადგენს. ამასთან, პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი).

33. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა: 22.10.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 104,96 ლარის, ხოლო 12.02.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 67,22 ლარის გადახდა. როგორც საქმეში არებული გადახდების ისტორიებიდან ირკვევა, პირგასამტეხლო, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დარიცხულია მხოლოდ 2015 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით. აღნიშნულის შემდგომ ბანკს მსესხებლისთვის პირგასამტეხლო აღარ დაურიცხავს (იხ. ტ. I, ს.ფ. 37-39). აქედან გამომდინარე, ასევე, ძირითადი დავალიანების მოცულობისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს გონივრულ ოდენობას და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესთან დაკავშირებით (2016 წლის 29 დეკემბრის ცვლილების შესაბამისად), საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს რომ მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებები გაფორმებულია 2014 წლის 22 ოქტომბერსა და 2015 წლის 12 თებერვალს, ხოლო კასატორის მიერ მითითებული დანაწესი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში ამოქმედდა 2016 წლის 29 დეკემბერს შესული ცვლილების შედეგად. დასახელებული სამართლებრივი ნორმის თანახმად, მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 22.10.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან სესხის ძირითადი თანხა შეადგენს - 5 616,27 ლარს, ხოლო 12.02.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3184,85 ლარს. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბანკის მიერ მსესხებლისათვის დარიცხული და მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეადგენს მხოლოდ 104,96 ლარსა და 67,22 ლარს, შესაბამისად, არ აღემატება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150%-ს. ამდენად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შესაბამისობაშია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესთან.

35. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან, თუმცა იგი არ მიუთითებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე/განჩინებებზე, მისი პრეტენზია არის ზოგადი და არაკვალიფიციური, რაც შეუძლებელს ხდის საკასაციო სასამართლოს მიერ მასზე მსჯელობას.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სწორია, რაც მისი ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

38. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების წინაპირობები. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი